Facebook Twitter

№ბს-656-642(კ-12) 11 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – ზ. შ-ა

წარმომადგენელი – ი. ჭ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესრტის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;

წარმომადგენელი – ს. შ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 7 თებერვალს ზ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2011 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორცილება წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა ზ. შ-ას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებათა რეესტრის ჩანაწერების თანახმად, უფლება რეგისტრირებული არ არის. მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2011 წლის 15 ნოემბრის №172098 გადაწყვეტილებით გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. მოსარჩელეს აღნიშნული გადაწყვეტილებით დაევალა მოთხოვნის დაზუსტება. ამასთან, 9 ნოემბერს განახლდა სარეგისტრაციო წარმოება მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელმაც იმავე თარიღით მიიღო გადაწყვეტილება №882011492906-05 და განმცხადებელს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა და მოთხოვნების დაზუსტება დაავალა. განმცხადებელს აგრეთვე განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო მონაცემები იჭრება უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საზღვრებში, რის გამოც მას უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

მოსარჩელის განმარტებით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში უფლების დამდგენი დოკუმენტი მას უკვე წარდგენილი ჰქონდა და გააჩნდა ასევე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამდენად, მან დამატებით წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის გადაფარვა აღარ ხდებოდა, მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შემცირდა 160 კვ. მეტრით. შესაბამისად, მან დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ახალი ნახაზის მიხედვით უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება, რითაც მოსარჩელის განმარტებით, აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.

მოსარჩელის მითითებით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 გადაწყვეტილებით ისევ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2011 წლის 30 დეკემბერს მიიღო №882011492906-08 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც მან გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის და 25 იანვრის გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა ზ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივარი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის და 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5-ე, 81-ე, 96-ე და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებს, ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც არ იქნა რეალურად შესწავლილი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მისთვის დამატებით მოეთხოვა ისეთი დოკუმენტი, რომლის წარდგენა მას არ ევალებოდა კანონით გათვალისწინებული წესით. აგრეთვე, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მცხეთის სარეგისტრციო სამსახურში ზ. შ-ამ წარადგინა ჯერ კიდევ 2004 წლის 27 ოქტომბერს, რის საფუძველზეც იმავე დღეს დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის დედანი უნდა ინახებოდეს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში, ხოლო მოსარჩელეს ხელთ აქვს მისი კანონით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი. მოსარჩელის აზრით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება უძრავ ნივთზე უფლება და მისი წარმოშობის საფუძველი, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მისთვის ხელმეორედ მოეთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის დედნის წარდგენა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას არ მოუთხოვია საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, არამედ, იგი ითხოვდა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში მხოლოდ ცვლილების შეტანას.

ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 30 დეკემბრის №882011492906-08 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის №8831 და 2012 წლის 25 იანვრის №11853 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2011 წლის 10 ოქტომბრის №882011492906 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის №8831 და 2012 წლის 25 იანვრის №11853 გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის №882011492906-08 გადაწყვეტილება ძალაში შესვლის დღიდან; ამასთან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 გადაწყვეტილება და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 10 ოქტომბერს ზ. შ-ამ განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (სარეგისტრაციო კოდი ...) სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელება. განცხადებასთან ერთად ზ. შ-ამ სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა მომსახურების გადახდის ქვითარი, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 გადაწყვეტილებით ზ. შ-ას მითითებულ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედნის ან/და სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარდგენა.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის №882011492906-08 გადაწყვეტილებით ზ. შ-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის №8831 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 იანვრის №11853 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე დაყრდნობით განმარტა, რომ თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა ან ვიდრე საქართველოს კონონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მონაცემები ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ..., კოდი ..., კვარტლის ნომერი ..., ნაკვეთის №238, ზ. შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მასზე მითითებულია რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. მეტიც საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 9 ნოემბერს მომზადებული ნახაზი, რომელზეც დაფიქსირებულია ზაქრო შემგელიას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იმავე საკადასტრო მონაცემებით, რაც მითითებულია საჯარო რეესტრის ამონაწერში და მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში.

საქალაქო სასამართლომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ზ. შ-ას განცხადების ხელახლა განხილვისას დაავალა ემსჯელა არა საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციაზე, არამედ, 2011 წლის 10 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების მიხედვით, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებაზე, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გამოეკვლია არსებობდა თუ არა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში სააღრიცხვო ბარათის მოუძიებლობისა და სააღრიცხვო ბარათზე სათანადო უფლებამოსილი პირის ხელმოწერის არარსებობის გამო, ზ. შ-ას არ წარმოშობია საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, რამდენადაც საქმის მასალებში წარმოდგენილი მიწის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომლის მე-11 მუხლით ცალსახად იყო განსაზღვრული, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას უსასყიდლოდ, გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველყოფდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა 2004 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო ამ დოკუმენტის კანონიერება მხარეს სადავოდ არ გაუხდია კანონით დადგენილი წესით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისრტაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ნორმის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას უგულველყოფილი იქნა, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ რეალურად იმსჯელა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, მაშინ როდესაც, ზ. შ-ა განცხადებით ითხოვდა უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანას.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. შ-ას სარჩელი მოპასუხე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე) გამოცემის დავალების ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, რამდენადაც ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ცალსახად არის დაკავშირებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისა და შეფასების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია რომ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისრტაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებებით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, რომლის თანახმად, გრაფა „,განაცხადის რეგიდტრაციის N“ და გრაფა „თარიღი“ არ არის შევსებული. საკუთრების განყოფილება: სარეგისტრაციო ზონა მცხეთა, კოდი ...; სექტორი ..., კოდი ..., კვარტალი №..., ნაკვეთის №238, ფართობი-0,098ჰა, დაზუსტებული, ქონების ადგილმდებარეობა: მცხეთის რაიონის ... საკრებულო; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; მესაკუთრის განყოფილება: ზ. შ-ა. ზონის რეგისტრატორი: ხელმოწერილია და დადასტურებულია მრგვალი ბეჭდით. გაცემის თარიღი - 27.10.04. საქმეში წარმოდგენილია ქსეროასლი ამონაწერის საჯარო რეესტრიდან - მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №..., რომლის თანახმადაც, გრაფები „განცხადების რეგისტრაციის N“, „თარიღი“ და „ამონაწერის მომზადების თარიღი“ არ არის შევსებული, ასევე, გრაფა „უფლების რეგისტრაციის განაცხადის რეგისტრაციის N“ არ არის შევსებული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მცხეთის რაიონი, სოფ. ... 20.02.1995 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №434 აქტის ქსეროასლი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტ ზ. შ-ას არ გააჩნია და შესაბამისად ვერ იქნებოდა წარდგენილი ზემოთ მითითებული ქსეროასლების დედანი დოკუმენტები, რომელთა წარუდგენლობის გამოც შეწყდა სარეგისრაციო წარმოება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 1996 წლის „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 28.12.2005წ. N2635 კანონით) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, „მიწის რეგისტრაცია“ - არის მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია; „რეგისტრაცია“ - სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; „სააღრიცხვო ბარათი“ - სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტის გეგმას. ამავე კანონის 7.1. მუხლით ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწისა და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სარეგისტრაციო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2. მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოტივების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად და არარად არ იქნება ცნობილი. მითითებული კანონის 8.3. მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1. მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს(არბიტრაჯის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდალური დღე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს ვადა აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. ამავე კანონის 22. „ბ“ მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავ ნივთზე, მდებარე მცხეთის რაიონის ... საკრებულო, 2004 წლის 27 ოქტომბრიდან ზ. შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ ასეთ მტკიცებულებად, სათანადო იურიდიული ძალის არ ქონის გამო არ მიიიჩნია საქმეში წარმოდგენილ უფლებადამდგენი დოკუმენტის ქსეროასლები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა დადასტურებული, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა უძრავ ნივთზე მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის ფაქტი, ამდენად, მოთხოვნა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მსჯელობა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ანუ ვიდრე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მონაცემები ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიღება-ჩაბარების აქტი) დასტურდება, რომ ზ. შ-ას საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია, რის საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია.

გარდა აღნიშნულისა, კასატორმა მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლების სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ამ დოკუმენტებს.

კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად იმსჯელა როდესაც აღნიშნა, რომ ზ. შ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ზ. შ-ა ითხოვდა უფლების რეგისტრაციას და არა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანას და საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. შ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ზ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 14 თებერვალს 13:30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. შ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეშე არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ზ. შ-ამ 2011 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელება. განცხადებასთან ერთად ზ. შ-ამ სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 გადაწყვეტილებით ზ. შ-ას მითითებულ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედნის ან/და სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარდგენა. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით №882011492906-08 ზ. შ-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილებები ზ. შ-ამ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2012 წლის 18 იანვრის №8831 და 2012 წლის 25 იანვრის №11853 გადაწყვეტილებებით ზ. შ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ზ. შ-ას მიერ წარდგენილი დოკუმნეტაცია წარმოადგენდა თუ არა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ ვერ იქნა რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავ ნივთზე 2004 წლის 27 ოქტომბრიდან ზ. შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობა.

საკასაციო სასამართლო, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტების მტკიცებულებად არ მიჩნევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ საფუძვლით, რომ მათ არ გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 10 ოქტომბერს ზ. შ-ამ განცხადებით მამართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელება. განმცხადებელმა სარეგისტრაციო ბარათს დაურთო: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით; მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ. შ-ას უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება 20.02.1995წ. გაცემული №434 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, 27.10.04წ. მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობისა და კონფიგურაციის შესახებ და 27.10.04წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოშობს ნაკვეთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მცხეთის რაიონის სოფ. ... 20.02.1995წ. №434 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ზ. შ-ას კერძო საკუთრებაში, ... გადაეცა 0.1 ჰა მიწის ნაკვეთი, აქტი შეიცავს ნაკვეთის პარამეტრებს. ამასთან, სადავო ნაკვეთის ზ. შ-ას საკუთრებაში ყოფნას ადასტურებს აგრეთვე 27.10.04წ. მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც იმჟამად მოქმედი „მიწის რეგისრტაციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელშიც აისახებოდა უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაცია. სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემოდა „სასოფლო-სამეურნეო დნიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. შ-ას სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა შეიცავს უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის თანახმად, მცხეთის სარეგისტრაციო ზონაში, ... კოდით, ... სექტორში, კოდით ..., №... კვარტალში, №238 ნაკვეთი 0.098 ჰა ფართობით, ადგილმდებარეობა - მცხეთის რაიონი, ... საკრებულო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ. შ-აზე. მოწმობაში შეტანილი ჩანაწერები შესრულებული და დადასტურებულია 27.10.04წ. რეგისტრატორის მიერ. ზ. შ-ას სახელზე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულია საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე, რომლის მიხედვით მიწის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მითითებული მონაცემებით საჯარო რეესტრში განხორციელებულია 0.098 ჰა მიწის ნაკვეთის დაზუსტებული რეგისტრაცია. 27.10.04წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დასტურდება, რომ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომრით ... მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ზ. შ-ა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აგრეთვე, დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ზ. შ-ას საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზ. შ-ას სახელზე 27.10.2004წ. განხორციელებული რეგისტრაცია მხარეების მიერ სადავოდ არ ქცეულა და ძალაშია ზ. შ-ას სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველი - 20.02.1995წ. გაცემული №434 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2012 წლის 28 ივნისს სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომელმაც განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ფოტო, სადაც კოდით ჩანდა ეს მიწის ნაკვეთი, რაც გადაიგზავნა კადასტრის სამსახურში და დაისვა ეს კოდი, მაგრამ შემდეგ გაუქმდა ეს მონაცემები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება ზ. შ-ას სახელზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, კერძოდ, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, 1996 წლის „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1. მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგიტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში სააღრიცხვო ბარათის მოუძიებლობა, ზ. შ-ას სახელზე წარმოშობილ საკუთრების უფლებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს, რამდენადაც საქმის მასალებში წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომლის მე-11 მუხლით ცალსახად იყო განსაზღვრული, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას უსასყიდლოდ, გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველყოფდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა 2004 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო ამ დოკუმენტის კანონიერება მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ზ. შ-ას განცხადების განხილვისას უნდა ემსჯელა არა საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციაზე, არამედ, 2011 წლის 10 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების შინაარსის მიხედვით, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების საფუძვლიანობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 გადაწყვეტილებით მხარეს ეცნობა, რომ უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად საჭირო იყო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედნის ან/და სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარდგენა, ხოლო 2011 წლის 30 დეკემბრის №882011492906-08 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. მაშინ, როცა ზ. შ-ას მოსაზრებით, მის მიერ წარდგენილი იყო კანონით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმდებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე - პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმეტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული მუხლი არ შეიცავს იმპერატიულად განსაზღვრულ მოთხოვნას თუ რა სახით უნდა იყოს წარდგენილი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგისტრაციო სამსახურში, კერძოდ, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა უნდა მოხდეს დედნის თუ ასლის სახით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ასლის სახით წარდგენილი დოკუმენტისათვის მტკიცებულების მინიჭების საკითხს წყვეტს სასამართლო, რაც იმას გულისხმობს, რომ დოკუმენტის ასლს სასამართლოსათვის გააჩნია მტკიცებულების ძალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენის ვალდებულება, დაუშვებელია განმცხადებლისათვის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ასეთი ვალდებულების დადგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ასეთი ვალდებულების დადგენა გამოიწვევს კანონის არასწორ განმარტებას და ხელოვნური ბარიერების შექმნას უფლებათა რეგისტრაციის პროცესში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან დოკუმენტის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან გადცხადების განხილვაზე უარის თქმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით განმცხადებლისათვის უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედნის წარდგენის დავალებას, ხოლო შემდგომში 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ფაქტს, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედნის წარუდგენლობის გამო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების მიღებისას მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. უფრო მეტიც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას უგულველყოფილ იქნა განმცხადებლის მოთხოვნა, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ რეალურად იმსჯელა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, მაშინ როდესაც ზ. შ-ა განცხადებით უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების შეტანას ითხოვდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 და 2011 წლის 30 დეკემბრის №882011492906-08 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის №882011492906-08 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ზ. შ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ზ. შ-ა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1995 წლიდან დაეუფლა მართზომიერად და იმყოფებოდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში (სარგებლობაში); ხოლო 2004 წლიდან იგი ამ ნაკვეთის მესაკუთრეა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრისა და 25 იანვრის გადაწყვეტილებებზე, რომლითაც ზ. შ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შასაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინსტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის, მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, არ გაუკეთებია სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მხარისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტების დედნის ან/და სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარდგენის დავალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის და 2012 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებათა დასაბუთება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით იდენტურია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის და 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებებისა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის №8831 და 2012 წლის 25 იანვრის №11853 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ზ. შ-ას საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ზ. შ-ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ. შ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 იანვრის №8831 და 2012 წლის 25 იანვრის №11853 გადაწყვეტილებები;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ნოემბრის №882011492906-07 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის №882011492906-08 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ზ. შ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის (200+300) ანაზღაურება.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე