Facebook Twitter

საქმე ¹ბს-678-664(კ-12) 30 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ს. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მესამე პირები: სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ... მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს მთავრობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს. მ-მა 2011 წლის 27 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც ს. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2011 წლის 11 ნოემბრის #156 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საცხოვრებელი სახლის სანაცვლო კომპენსაციის - 10 000 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარის) და მიყენებული ზიანის -10 000 დოლარის (ეკვივალენტი ლარის) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი არის ... დევნილი. 2009 წელს მან ოჯახის სახელით განცხადებით მიმართა ...მუნიციპალიტეტის გამგეობას და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ახლად აშენებული, რეაბილიტირებული ან შესყიდული ფართების სანაცვლო კომპენსაციის - 10000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ... მუნიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ს. მ-ის მონაცემები 2009 წლის 16 იანვარს გაიგზავნა, მაგრამ მიუხედავად ამისა თანხის ჩარიცხვა არ მოხდა. აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ ს. მ-მა კომპენსაციით დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს, მაგრამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა მოპასუხე სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება. საქართელოს მთავრობის 2011 წლის 1 სექტემბრის #412 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამინისტროს დაევალა საკითხის შესწავლა. საქართველოს მთავრობის დავალების შემდგომ, სამინისტროში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და 2011 წლის 11 ნოემბრის #156 ბრძანებით ს. მ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლეად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-ი მის ოჯახთან ერთად 2008 წლის აგვისტოს საომარ მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ... რაიონის სოფელ ... საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ... მუნიციპალიტეტის 2009 წლის 16 იანვრის №32 მიმართვით მისი ოჯახის მონაცემები 4 პირის შემადგენლობით (ს. მ-ი, ნ. მ-ი, გ. მ-ი და ა. მ-ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გადაიგზავნა, როგორც კომპენსაციის მიმღები ოჯახი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში, ს. მ-ი რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ... მე-6 მ/რ, კორპ. 27, ბ. №37. მისი მშობლები ა. მ-ი და თ. მ-ი დაკმაყოფილებულები არიან საცხოვრებელი ფართით მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ... რიგი ..., სახლი №78. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 01 სექტემბრის №412 ბრძანებით ს. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა განიხილოს ს. მ-ის, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარლებული ოჯახის საკითხი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანებით ს. მ-ის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტით ლარებში) ოდენობით კომპენსაციით დაკმაყოფილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მათზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს საკითხის განხილვას, თუ რამდენად კანონიერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანება ს. მ-ის მოთხოვნის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტით ლარებში) ოდენობით კომპენსაციით დაკმაყოფილების თაობაზე, რამდენად მართებულია, დაევალოს სამინისტროს ს. მ-ისათვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომპენსაციით 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტით ლარებში) ოდენობით გადახდა და უკანონო მმართველობითი ღონისძიების განხორცილების გამო ზიანის ანაზღაურება. პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915 განკარგულების პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით საკომპენსაციო თანხის ოდენობა განისაზღვრა ერთ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ამავე განკარგულების მე-3 პუნქტით, თუ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის შემადგენლობაში აღმოჩნდება სამ სულზე ნაკლები – აღნიშნული ფაქტის სისწორე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის მისაღებად. ამავე განკარგულების მე-6 პუნქტის თანახმად, ეთხოვა ქურთის, ერედვის, თიღვის, ... და ... (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები - სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები. იგივე ღონისძიებები იქნა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 03 ივლისის №856 განკარგულებებით. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიას, რომ ოჯახების კომლებად აღრიცხვის სიები არ შეიძლებოდა გადამოწმებულიყო, მაშინ, როცა მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულება შეიცავს მითითებას სიების გადამოწმების აუცილებლობის თაობაზე, რაც არ გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უპირობო ვალდებულებას გასცეს საკომპენსაციო თანხა. სიების გადამოწმების ვალდებულება გამომდინარეობს იმ მოვლენებიდან, რომ პირი შესაძლოა არასწორად მოხვედრილიყო სიაში, ისევე როგორც, არასწორად ყოფილიყო სიაში გამოტოვებული (ამოღებული). იმ პირობებში, როდესაც პირი სადავოდ ხდის კომპენსაციის გაუცემლობის ფაქტს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაადასტუროს იმ გარემოების არსებობა, რაც შესაბამისი ნორმის საფუძველზე გამორიცხავს კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას. სწორედ ამ გარემოების გამოკვლევა - დადგენას ემსახურება სიების გადამოწმების ნორმატიული ვალდებულება. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდებოდა, მოსარჩელის, როგორც ცალკე ოჯახის არსებობის ფაქტი. საქმის მასალების თანახმად ს. მ-ი წარმოადგენდა მისი მშობლების ოჯახის წევრს, რომელიც დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, შესაბამისად, მისთვის, როგორც დამოუკიდებელი ოჯახისათვის, საკომპენსაციო თანხის გაცემის დავალდებულება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, შესაბამისად არ არსებობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანების ბათლიად ცნობის საფუძველი. პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის არამართლზომიერებაზე და მიუთითა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრული იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო”. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეული ქმედება (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) დადგენილი არის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში გათვალისწინებულია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ბრალის არსებობის გარეშე. აღნიშნული სახეზეა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიულ სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება – მმართველობითი ღონისძიების სათანადო წესით და მართლზომიერად გავრცელება, უზრუნველყოფილი არ არის, რაც იწვევს დაინტერესებული პირისთვის არახელსაყრელი ვითარების დადგომას. მოცემულ შემთხვევაში ს. მ-ი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სამინისტროსაგან იმ არგუმენტებით, რომ სამინისტრომ უკანონოდ უთხრა უარი კომპენსაციის ანაზღაურებაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყოველთვის უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მმართველობითი ღონისძიების გამოვლენის ან მმართველობითი ღონისძიებით პირის დაცული უფლებების ხელყოფის დადასტურებულ აღიარებას კანონით დადგენილი წესით და ფორმით. მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა სამინისტროს მიერ ს. მ-ის მიმართ უკანონო მმართველობითი ღონისძიების განხორციელება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მმართველობითი ღონსიძიების გამოყენების გამო ს. მ-ისათვის მიყენებული ზიანი არ იქნა დადგენილი და აღიარებული კანონით განსაზღვრული წესით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პირობები. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლობის გამო არ იქნა გაიზიარებული სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა, რომლითაც გასაჩივრებული განცინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #195, 2009 წლის 24 ივლისის #534 და 2010 წლის 3 ივლისის #856 განკარგულებებით, ასევე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა მთავრობის დადგენილებები, გამოიყენა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ თითქოს ს. მ-ი ცალკე ოჯახად არ ცხოვრობდა. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ არის დაფუძნებული შესაბამის მტკიცებულებებზე, რადგან ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გ. ბ-შვილმა დაადასტურა ს. მ-ის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი. მან განაცხადა, რომ ს. მ-ისა და მისი მშობლების სახლებს ცალ-ცალკე შესასვლელი ჰქონდათ, საკომლო წიგნებითაც ცალ-ცალკე კომლებად იყვნენ რეგისტრირებულნი. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ის დოკუმენტებიც, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ არის გაცემული სხვადასხვა წლებში. იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების დროს საკომლო წიგნი განადგურდა და მისი წარმოდგენა ან მისი მიხედვით შესაბამისი ამონაწერის გაკეთება ვერ ხერხდება შეფასებას მოითხოვს საქართველოს მთავრობის ის განკარგულებები, რომლებიც კომპენსაციის გაცემის საკითხს არეგულირებს. მათში აღნიშნულია, რომ კომპენსაცია გაიცემა ოჯახზე. ამიტომ უნდა განისაზღვროს, აღნიშნული აქტები ვის მოიაზრებს ოჯახად და ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი რა მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს.

კასატორმა აღიშნა, რომ ოჯახის ცნება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულებებით არ არის განმარტებული, რის გამოც სხვა აქტებიდან გამოდინარე უნდა მოხდეს ოჯახის ცნების განმარტება. ოჯახში ზოგადად მოიაზრება პირთა გაერთიანება, რომლებიც ერთად ეწევიან საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას და აქვთ საერთო შემოსავალი. საქართველოს კანონი “სოციალური დახმარების შესახებ“ ოჯახს განმარტავს, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ პირს ან პირთა წრეს, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას. გარდა ამისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახად ითვლება „განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას“. აღნიშნულ განმარტებებთან სრულ თანხვედრაშია „საქართველოში იზულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ“ სახელმძღვანელოში მოცემული ოჯახის ცნება. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტით ოჯახად მიიჩნევა „ქორწინებით, სისხლით ნათესაობით ან მის გარეშე დაკავშირებული, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ საერთო შემოსავალი და საერთო ხარჯები“. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 24 ივლისის 534 და 2010 წლის 3 ივლისის განკარგულებების მართებული განმარტებისას, „ოჯახს“ სწორედ მსგავსი დატვირთვა აქვს. ანუ დასახელებული განკარგულებების მიხედვით საკომპენსაციო თანხის მიმღები სუბიექტია პირი, ან პირთა წრე, რომელიც ერთ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს და ეწევა საერთო შინასამეურნეო საქმიანობას. ზემოაღნიშნული განკარგულებები არ იძლევა იმ მტკიცებულებების ამომწურავ ჩამონათვალს რაც დაადასტურებდა პირთა წრის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი მტკიცებულებით - ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით და სხვა. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ მიუთითა, რომ კომლად რეგისტრაციის ფაქტი მხოლოდ საკომლო წიგნით უნდა დადასტურდეს, რაც კასატორის მოსაზრებით არასწორია, რადგან მთავრობის განკარგულებები ოჯახად ცხოვრების ფაქტის დადგენას ასეთ სტანდარტს არ უყენებს სწორედ იმის გამო, რომ ომის დროს საკომლო წიგნები განადგურებულია. საკომლო წიგნიდან გაცემული ამონაწერ, რომ იყოს აუცილებელი პირობა კომპენსაციის მისაღებად, მაშინ ვერცერთი ოჯახი ვერ შეძლებდა მის მიღებას. სწორედ განსაკუთრებული გარემოებების გამო, მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულებები, იმის გათვალისწინებით, რომ საკომლო წიგნები არ არსებობს, ოჯახის შემადგენლობის დადასტურების შესაძლებლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენციაში აქცევს. სწორედ ამას გულისხმობს განკარგულების მე-6 მუხლი - „ეთხოვოთ ქურთის, ერედვის, თიღვის და ... მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მონაცემები - სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები“. კასატორის მოსაზრებით ზემოაღნიშნული განკარგულებების სწორი განმარტების შემთხვევაში, დგინდება, რომ ოჯახს აქვს უფლება მიიღოს საკომპენსაციო თანხა, ხოლო ოჯახის შემადგენლობის დადასტურება ადგილობრივი გამგეობის კომპეტენციაა, რომლის მიერ გაცემული ცნობები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და მათი კანონშესაბამისობის საკითხი სასამართლოში დავის საგანი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლოს არ შეეძლო სადავოდ მიეჩნია მათი შინაარსი. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები არ არის უტყუარი და ეფუძნება განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც გადამოწმების შემთხვევაში ხშირად ექვემდებარება გაუქმებას. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს აღნიშნული განმარტება არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებას, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს ადგენს. ბრძანების მე-3 მუხლი განსაზრვრავს ოჯახის იდენტიფიკაციის წესს, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები განმცხადებელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კი არ ეფუძნება, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს, არამედ, ეს არის მთელი რიგი ინფორმაციის დამუშავების შედეგი, რომელსაც ადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი. კასატორმა აღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი მოწმობები (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ) გაცემულია არა ერთ წელს, არამედ ეს არის 2006, 2007, 2008 წლებში გაცემული. ამით დასტურდება, რომ როგორც მინიმუმ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამჯერ აქვს გადამოწმებული აღნიშნული მონაცემების უტყუარობა. ამდენად სასამართლოს შეფასება, რომ „აღნიშნული მონაცემები ხშირ შემთხვევაში ექვემდებარება გაუქმებას“ არ შეიძლება იმ ოჯახის საზიანოდ იქნეს გამოყენებული, რომლის შემთხვევაშიც მსგავსი რამ არ დადასტურებულა. ამასთან, სასამართლოს მითითება „ხშირ შემთხვევაში“ არავითარ ობიექტურ გარემოებაზე არ არის დაფუძნებული.

კასატორმა აღნიშნა რომ სარჩელით ითხოვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ს. მ-ის სასარგებლოდ საცხოვრებელი სახლის სანაცვლო კომპენსაციის 10 000 აშშ დოლარის, მოსარჩელის ოჯახისათვის მიყენებული ზიანის - 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 11 ნოემბრის #156 ბრძანების ბათილად ცნობას. კასატორის მოსაზრებით საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებდნენ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915 განკარგულებით დადგენილ კომპენსაციის გაცემისათვის საჭირო პირობებს, რის გამოც მას სრული უფლება აქვს მიიღოს საკომპენსაციო თანხა. სამინისტრომ ს. მ-ზე საკომოპენსაციო თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ამოწურულია საქართველოს მთავრობის განკარგულებებით კომპენსაციის გასაცემად გამოყოფილი თანხები, მაშინ, როცა ს. მ-ს კომპენსაციის მისაღებად განცხადება დაწერილი ჰქონდა 2009 წელს, ჯერ კიდევ პირველი განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხების არსებობის პერიოდში და მომდევნო სამი განკარგულება არ იყო მიღებული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ... მუნიციპალიტეტის მიერ მოსარჩელის ოჯახის შესახებ მონაცემები გაგზავნილი იყო 2009 წლის 16 იანვარს. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო თანხების ამოწურვის გამო სამინისტროს აღარ დაეკისრება საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება, სამინისტროს მიერ თანხების არსებობის პერიოდში ს. მ-ის კომპენსაციით დაკმაყოფილების ხელოვნურად და უსაფუძვლო შეფერხებით მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი, რადგან მან ვერ მიიღო ის თანხა, რომელსაც მიიღებდა მოპასუხეს, რომ კანონის ფარგლებში ემოქმედა და დროულად მიეცა მისთვის კუთვნილი თანხა. გასაჩივრებულ ბრძანებაში სადავო გარემოებადაა მითითებული ს. მ-ის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე საფუძვლად დასახელებულია თანხების ამოწურვა. განმცხადებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს ფაქტობრივ გარემოებად უთითებდა ს. მ-ისა და მისი მშობლების ოჯახების ცალცალკე ოჯახებად ცხოვრების ფაქტს. ამ გარემოებას ადასტურებს, როგორც ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ასევე ... მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობები, რაზეც სამინისტრომ მიუთითა, რომ ვერც რწმუნებული და ვერც მუნიციპალიტეტი ვერ ადასტურებენ თუ რა გარემოებაზე, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით ადგენენ ხსენებულ ფაქტს. სამინისტროს მოსაზრებით საკომლო წიგნების არარსებობა და ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, სხვა შემთხვევებში მის მიერვე გაცემული ცნობების სადავოდ ქცევის ფაქტები არის იმის მიმანიშნებელი, რომ ს. მ-ი თურმე ცალკე ოჯახად არ ცხოვრობდა. სამინისტროს მსჯელობა, რომ „ამგვარი ცნობები უმეტეს შემთხვევაში მცდარი აღმომჩდარა“ არის სრულიად დაუსაბუთებელი, თუ ჩავთვლით, რომ ეს მართლაც ასეა, ამ ფაქტს მაინც არა აქვს მნიშვნელობა განსახილველი საქმისთვის, რადგან მოცემულ საქმეზე ... მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობების მცდარობა არ დადასტურებულა. კასატორის მოსაზრებით ასევე დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ სოფელ ... ს. მ-ის მშობლებისათვის გადაცემული კოტეჯი გათვალისწინებულია 5-6 სულიანი ოჯახისათვის და შესაბამისად, ის განკუთვნილია ს. მ-ის ოჯახისათვისაც. კოტეჯის ტიპის დასახლებაში ყველა კოტეჯი სტანდარტულია, შესაბამისად, ზოგიერთ მათგანში ცხოვრობს 2, ზოგან 3 და ა.შ. პირი. ამდენად, სამინისტროს რომც მოენდომებინა მოსარჩელის მშობლებისათვის უფრო მცირე ზომის კოტეჯის გადაცემა, ეს შეუძლებელი იქნებოდა კოტეჯების სტანდარტულობიდან გამომდინარე. ამასთან, სამინისტრომ ს. მ-ი დევნილის მოწმობის თანახმად სხვა მისამართზე დაარეგისტრირა ქ. თბილისის ტერიტორიაზე და არა სოფელ ..., რადგან მისი ოჯახი საცხოვრებლით არ არის დაკმაყოფილებული სოფელ .... საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განკარგულებებით გათვალისწინებული ვალდებულება იარსებებს იმ დრომდე, სანამ იარსებებს იმ პირთა წრე, ვიზეც განკარგუკლება ვრცელდება. დაუშვებელია თანხის მიღების უფლების შეზღუდვა თანხების ამოწურვის მოტივით. კასატორი თვლის რომ ეს უთანაბრდება პენსიონერისათვის კუთვნილი პენსიის მიღებაზე უარის თქმას იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული საპენსიო თანხები ამოიწურა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მულები, რის გამოც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. მ-ი მის ოჯახთან ერთად 2008 წლის აგვისტოს საომარ მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ... რაიონის სოფელ ... საკუთარ საცხოვრებელ სახლში. „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915 განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ამ განკარგულების პირველი პინქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა განისაზღვრა ერთ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით და გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის 10 190 000 (ათი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა. ამასთან, ქურთის, ერედვის, თიღვის, ... და ... (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს ეთხოვა საქარ­თველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილე­ბულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის წა­ედ­გინათ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინე­ბული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შეს­ყი­დული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრე­ბელი ფარ­თობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონ­მდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვა­რი, პირადობის მოწმობის მონაცემები - სახელობითი პირადი კოდის მითი­თე­ბით) სიები. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის #534 და 2010 წლის 3 ივლისის #856 განკარგულებების მე-4 პუნქტების შესაბამისად ლტოლვილთა საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოიყო 4 076 000 (ოთხი მილიონ სამოცდათექვსმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და “საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” სა­ქარ­თველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 88 920 (ოთხმოც­დარვა ათას ცხრაას ოცი) ლარი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... მუნიციპალიტეტის 2009 წლის 16 იანვრის №32 მიმართვით ს. მ-ის ოჯახის მონაცემები 4 პირის შემადგენლობით (ს. მ-ი, ნ. მ-ი, გ. მ-ი და ა. მ-ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გადაიგზავნა, როგორც კომპენსაციის მიმღები ოჯახი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში, ს. მ-ი რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ... მე-6 მ/რ, კორპ. 27, ბ. №37. მისი მშობლები ა. მ-ი და თ. მ-ი დაკმაყოფილებულები არიან საცხოვრებელი ფართით მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ... რიგი ..., სახლი №78. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 01 სექტემბრის №412 ბრძანებით ს. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა განიხილოს ს. მ-ის, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარლებული ოჯახის საკითხი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანებით ს. მ-ის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტით ლარებში) ოდენობით კომპენსაციით დაკმაყოფილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“-ე პუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი და გამოტანილია გამოუკვლეველ გარემოებებზე დაყრდნობით. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდნენ ს. მ-ის საცხოვრებელ პირობებზე, კერძოდ: ... თემის ტერიტორიული ორგანოსა და ... მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობები, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი და ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გ. ბ-ძის ახსნა-განმარტება, რომლებში მითითებული გარემოებები შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო პალატა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 24 ივლისის #534 და 2010 წლის 3 ივლისის #856 განკარგულებების საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვიტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე, ხოლო საკომპენსაციო თანხის მიმღები ოჯახებიდან უფლებამისილ პირთა სიების წარდგენა ეთხოვა შესაბამის მუნიციპალიტეტის გამგეობებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს. მ-ის ოჯახი არის 2008 წლის 6 აგვიტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და უარი თქვა სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე, რის შედეგადაც ... მუნიციპალიტეტის 2009 წლის 16 იანვრის №32 მიმართვით ს. მ-ის ოჯახის მონაცემები გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. საყურადღებოა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით ვერ ირკვევა, თუ, რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ ს. მ-ის ოჯახზე კომპენსაციის გაცემის მიზანშეწონილობის შემოწმება, მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული განკარგულების თანახმად კომპენსაციის მიმღებ პირთა სიის შედგენა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობების კომპეტენციას განეკუთვნებოდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისთვის გადაგზავნილ სიებში მითითებული ოჯახების უფლებამოსილ პირებზე კომპენსაციის გაცემის უზრუნველყოფა ევალებოდა.

საკასაციო პალატა საქართველოს ლტლოვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის #124 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა ადასტურებს იძულებით გადაადგილებამდე დევნილის და მისი ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის 39-ე პუნქტის თანახმად სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული და საქმეში წარმოდგენილი საოჯახო ანკეტის მონაცემები (ს.ფ. 89-91). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის დასკვნები არ ემყარება საქმის მასალებს, სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ არ გაუბათილებია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გათვალისწინებული ფაქტები. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ს. მ-ის მისი მშობლების ოჯახის წევრად არსებობის ფაქტს და რომელ მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა მოსარჩელის, როგორც დამოუკიდებელი ოჯახისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის დავალდებულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მოქმედება ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ხოლო მე-4 მუხლის რეგულაციის სფეროს წარმოადგენს საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რაც გამორიცხავს აღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას ს. მ-ის და მისი მშობლების ოჯახების ერთად არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, რადგან ზემოაღნიშნული მთავრობის განკარგულებების თანახმად კომპენსაცია გაიცემა არა მიწის მესაკუთრეზე, არამედ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებზე, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე, ხოლო ოჯახის არსებობა-არასებობისა და მისი შემადგენლობის ფაქტის დადგენა ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების ანალიზის შედეგად შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის განსაკუთრებული უფლებასილების სფეროს განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პლატის განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ, მატერიალურ და პროცესუალურ წინამძღვრებს, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატას არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული ნორმები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ არის დასაბუთებული, საჭიროა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებისა და არსებული ნორმატიული აქტების ერთობლიობაში შეფასება, სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი უარმყოფელი და დამადასტურებელი საქმის ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე