#ბს-69-64(კ-13) 11 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 3 ივლისს ო., ზ., ს., ზ., პ. კ-ეებმა, ა., გ., ნ. გ-ეებმა და ა. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მეწყერული პროცესების შედეგად, საგვარეულო სასაფლაოს ჩამონგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების, კერძოდ, ო. კ-ის სასარგებლოდ 41 000 ლარის, ზ. კ-ის სასარგებლოდ - 8 200 ლარის, ს. კ-ის სასარგებლოდ 8 200 ლარის, ზ. კ-ის სასარგებლოდ - 16 400 ლარის, პ. კ-ის სასარგებლოდ - 24 600 ლარის, ა. გ-ის სასარგებლოდ - 41 000 ლარის, გ. გ-ის სასარგებლოდ - 18 400 ლარის, ნ. გ-ის სასარგებლოდ -16 400 ლარისა და ა. შ-ის სასარგებლოდ - 32 800 ლარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის დაკისრება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო საქმე განსახილველად გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ო., ზ., ს., ზ., პ. კ-ეების, ა., გ., ნ. გ-ეებისა და ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 36 350 ლარის, კერძოდ, ო. კ-ის სასარგებლოდ - 5600 ლარის, ზ. კ-ის სასარგებლოდ - 1400 ლარის, ს. კ-ის სასარგებლოდ - 1400 ლარის, ზ. კ-ის სასარგებლოდ - 1400 ლარის, პ. კ-ის სასარგებლოდ - 4700 ლარის, ა. გ-ის სასარგებლოდ - 6750 ლარის, გ. გ-ის სასარგებლოდ - 6400 ლარის, ნ. გ-ის სასარგებლოდ - 3200 ლარისა და ა. შ-ის სასარგებლოდ - 5500 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე სათანადო მოპასუხის დადგენის მიზნით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ მთავრობამ, ასევე ო., ზ., ს., ზ., პ. კ-ეებმა, ა., გ., ნ. გ-ეებმა და ა. შ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით ო., ზ., ს., ზ., პ. კ-ეების, ა., გ., ნ. გ-ეებისა და ა. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე