საქმე ¹ბს-794-778(კ-12) 18 აპრილი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორი – ქ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი ჯ. ყ-ი (16.04.2013წ. №285 მინდობილობა).
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა , სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 04 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გ-მა 01.06.2012წ. სარჩელით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ჩ-ის 02.05.2012 წ. ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2010 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში მთავარ სპეციალისტად, ... დარგში. საგარეჯოს მუნიციაპლტეტის გამგებლის 02.05.2012წ. №486 ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლზე მითითებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ქ. გ-ი მიიჩნევს, რომ ბრძანება მიღებულია კანონდარღვევით: მისი განთავისუფლება მოხდა პოლიტიკური მოტივით, მისი მეუღლის საქმიანობასთან დაკავშირებით და არა პირადი განცხადების საფუძველზე.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 26.06.2012წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა,
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლება განხორციელდა პირადი განცხადების საფუძველზე და არა პოლიტიკური მოტივით, რადგან საქმეში წარმოდგენილია დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ქ. გ-ის განცხადება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ განცხადება დაწერილია 2008 წელს, გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და არა 27.04.2012წ., როგორც ეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიის შტამპზეა დაფიქსირებული. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ უარყო მოსარჩელის მოსაზრება 2008 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის მიმდინარეობის საფუძვლით განცხადების მომზადების და წარდგენის შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ განცხადების შესავალ ნაწილში ქ. გ-ი მიუთითებს თავის თანამდებობას, როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის და არა ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას, არ ცვლის განმცხადებლის მოთხოვნის შინაარსს.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ქ. გ-ის მოსაზრება მეუღლის პოლიტიკური საქმიანობის გამო სამსახურიდან მისი განთავისუფლების შესახებ, რადგან არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მოსარჩელის მ. ქ-ესთან ქორწინების და მეუღლის პოლიტიკური საქმიანობის ფაქტებს.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 26.06.2012წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 26.06.2012წ. გადაწყვეტილება,
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.20013წ. განჩინებით ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო სასამართლოს 18.04.2013წ. სასამართლო სხდომაზე ქ. გ-მა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა ჯ. ყ-მა (16.04.2013წ. №285 მინდობილობა) გამოთქვეს მორიგების სურვილი, წარმოადგინეს მორიგების აქტი, იშუამდგომლეს მისი დამტკიცების და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ჯ. ყ-მა წარმოადგინა 16.04.2013 წ. №285 მინდობილობა, რომლის თანახმადაც იგი უფლებამოსილია მორიგებით დაასრულოს საქმის წარმოება და ხელი მოაწეროს მორიგების აქტს.
ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი: ,,მოსარჩელე - ქ. გ-ი და მოპასუხე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, მისი წარმომადგენელი - ჯ. ყ-ი ვთანხმდებით, რომ ადმინისტრაციული საქმე დავამთავროთ მორიგებით შემდეგი პირობებით:
1. მოსარჩელე - ქ. გ-ი თანახმაა სარჩელით მოთხოვნილი იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს სახით მიიღოს 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგო 1008 ლარის ოდენობით;
2. მოსაპუხე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა თანახმაა მოსარჩელე - ქ. გ-ს გადაუხადოს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს სახით 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგო 1008 ლარის ოდენობით, მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
3. სასარჩელო მოთხოვნებს: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 02 მაისის №486 ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის შესახებ, მოსარჩელე - ქ. გ-ი სადავოდ აღარ ხდის, რადგან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 07 სექტემბრის №1344 ბრძანებით დანიშნული იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსხურის მთავარი სპეციალისტის (... დარგში) თანამდებობაზე;
4. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდეს იძულებითი აღსრულება.“
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო ქ. გ-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელ ჯ.ყ-ს შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს წარმოდგენილი აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მორიგების აქტზე ხელმომწერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელ ჯ.ყ-ს 16.04.2013წ. №285 მინდობილობით მარწმუნებლის მიერ, სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვს საგანმკარგულებო უფლებამოსილება დაასრულოს დავა მორიგებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ქ. გ-სა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელ ჯ.ყ-ს შორის 18.04.2013წ. გაფორმებული მორიგების აქტი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, წარმოდგენილი მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას, ამდენად, შესაძლებელია წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 26.06.2012წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინება;
2. დამტკიცდეს ქ. გ-სა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 18.04.2013წ. გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა შორის მიღწეული მორიგება შემდეგი პირობებით:
2.1 მოსარჩელე - ქ. გ-ი თანახმაა სარჩელით მოთხოვნილი იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს სახით მიიღოს 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგო 1008 ლარის ოდენობით;
1.2. მოსაპუხე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა თანახმაა მოსარჩელე - ქ. გ-ს გადაუხადოს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს სახით 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგო 1008 ლარის ოდენობით, მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
1.3. მოსარჩელე ქ. გ-ი უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 02.05.2012წ. №486 ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის შესახებ, რადგან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 07.09.2012წ. №1344 ბრძანებით დანიშნული იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... საქმეთა სამსხურის მთავარი სპეციალისტის (... დარგში) თანამდებობაზე;
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
3. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე