საქმე №ბს-797-781(კ-12) 29 აპრილი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – დ. ს-ე
მოწინააღმდეგე მახარე (მოპასუხეები) _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ს-ემ 2012 წლის 13 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2011 წლის 28 ნოემბრის #02/11-3025 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ემ, რომლემაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით დ. ს-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმების შედეგად სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
საქმის მასალების თანახმად, დ. ს-ე 2012 წლის 13 იანვრის სარჩელით ითხოვდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2011 წლის 28 ნოემბერს მიღებული №02/11-3025 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ს-ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით არ დაკმყოფილდა დ. ს-ის სააპელაციო და კერძო სააპელაციო საჩივრები და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 7 თვით და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2008 წლის 29 თებერვლიდან და სასჯელის მოხდის ვადა 2013 წლის 6 ოქტომბერს იწურებოდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ს-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, რამდენადაც წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის დ. ს-ე გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისაგან, რაც დასტურდება საქმეში დაცული 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინების ასლების გზავნილით, რომლის თანახმად 2012 წლის 27 დეკემბერს დ. ს-ე გამოცხადდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ჩაიბარა სასამართლოს განჩინება, რითაც დგინდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დ. ს-ის გათავისუფლების ფაქტი.
გასაჩივრებული აქტის თანახმად საბჭომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში 2011 წლის 28 ნოემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დ. ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც დებულების მე-12 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად საბოლოო ქულამ 6,5-ზე მეტი - 8 ქულა შეადგინა, რაც დებულების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ შეფასების საბოლოო ქულას, მიაჩნია, რომ დაუსაბუთებლად მოხდა იმაზე მეტი ქულის მინიჭება, რაც პატიმრობის კოდექსის 40.1 მუხლის მე-6 პუნქტისა და დებულების 12-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საკმარისი გახდებოდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისათვის (2012 წლის 25 ივლისამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ მოქმედი რედაქცია). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დ. ს-ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების პროცესუალური წინაპირობა. სადავო აქტის ბათილად ცნობის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესი არ არსებობს, რამდენადაც მოსარჩელე ვადაზე ადრე - 2013 წლის 6 ოქტომბრამდე გათავისუფლდა სისხლისამსართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დ. ს-ე აღარ იხდის სასჯელს და გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო.
რაც შეეხება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ დ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულების რიგითობის მართებულობას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი აქტის კანონიერებასთან ერთობლიობაში მსჯელობის საგანი გახდებოდა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის ეტაპზე, ვინაიდან არ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ საკითხებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 9.3, 262, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განჩინება;
2. დ. ს-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე