№ბს-82-82(კ-12) 18 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორები – ლ. მ-ი და ი. მ-ი
წარმომადგენელი – ა. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი – ს. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 2 თებერვალს ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2010 წლის 4 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე - ქ. მცხეთა, ... ქ. №20) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა ლ. მ-ს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მას უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს და 10 სექტემბრის გადაწყვეტილებებით. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის განმარტებით, არ არსებობდა ახალი გარემოებები, რაც განაპირობებდა მხარისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2011 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების კანონით დადგენილი მოთხოვნები. მხარის განმარტებით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური, ისევე როგორც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გადაწყვეტილების მიღებისას უთითებდა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბათილად არის ცნობილი. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად ბათილად ცნობილი აქტი დაედო, უკანონო და ბათილია.
მოსარჩელემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ სარეგისტრაციო წარმოების დროს წარდგენილ იქნა ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად. განცხადებას თან ერთვოდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი: საკუთრების მოწმობა და მიწის დამაგრების თაობაზე მცხეთის გამგეობის №82 დადგენილება. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმის დასადგენად, რომ იგი ნამდვილად მიწის მართლზომიერი მფლობელია, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
ამდენად, მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის №882010864888-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 3 იანვრის №436 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ლ. მ-ის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ი. მ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 28 ივლისს ლ. მ-მა განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. მცხეთა, ... ქ. №20. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ი. მ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გადაწყვეტილება №2010071407; მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება; 2010 წლის 26 ივლისის საარქივო ცნობა სს 2010012024; მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; საინვენტარიზაციო გეგმა და ელ. ვერსია. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ს უარი ეთქვა 2010 წლის 28 ივლისის №882010719432 განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ 1998 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ“ მე-4 მუხლის თანახმად, მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში განკარგვა უნდა მომხდარიყო კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული უფლების დამდგენი დოკუმენტი კი დათარიღებული იყო 2000 წლის 27 ოქტომბრით, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ზემოაღნიშნულ კანონთან.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის 2010 წლის 26 აგვისტოს განცხადება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხარეს უარი ეთქვა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს №882010719432-06 გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო სამსახურს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
2010 წლის 4 ნოემბერს ლ. მ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. მცხეთა, ... ქ. №20. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ი. მ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გადაწყვეტილება №2010071407; მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება; საარქივო ცნობა; მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; საინვენტარიზაციო გეგმა და ელ. ვერსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ს უარი ეთქვა 2010 წლის 4 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რადგან წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო 2010 წლის 18 აგვისტოს №882010719432-06 გადაწყვეტილების მიღებას, ასევე, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებანი), რომლებიც განაპირობებდა ლ. მ-ისათვის ხელსაყრელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის №882010864888-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დავალდებულების შესახებ.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა მ. მ-ს განცხადება და მას საკუთარი სახლის (მდებარე: ქ. მცხეთა, ... ქ. №20) მიმდებარედ დაუმაგრდა 351 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ეთხოვა ტექდოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა. მცხეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, ქ. მცხეთა, ... ქ. №18-ში (№20) მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალებში, ქ. მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, არც ცვლილება განხორციელებულა ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 31 მაისის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლ. მ-ი და ი. მ-ი წარმოადგენენ მ. მ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეებს, კერძოდ, ი. მ-ი სამკვიდრო ქონების 2/3 წილზე, ხოლო ლ. მ-ი სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.
ამასთან, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ) ლ. მ-ს უარი ეთქვა 2010 წლის 19 ოქტომბრის განცხადებით მოთხოვნილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან 351 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. მცხეთა, ... №20) უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (ცნობა დახასიათების და საინვენტარიზაციო გეგმის) მომზადებაზე, ვინაიდან, მცხეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთის (... ქ. №20) მიმდებარედ მიწის ნაკვეთის 351 კვ.მ. არ ყოფილა აღრიცხული.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთის მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს მართლზომიერი ფლობის ფაქტი. მფლობელობა კი არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.
სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელია მოთხოვნა ემყარებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის განცხადებებს თანდართული ქ. მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება არ შეიძლება ჩაითვალოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად და მის საფუძველზე არ წარმოიშვება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება, რადგან დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ნივთზე საკუთრების უფლება დაექვემდებაროს აღიარებას, რომელზედაც არ დასტურდება ბატონობის ფაქტის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა 2010 წლის 15 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ხოლო თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. მ-ის 2010 წლის 28 ივლისის №882010719432 სარეგისტრაციო განცახდებას არ ერთვოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2010 წლის 26 აგვისტოს №882010760698 და 4 ნოემბრის №882010864888 განცხადებებით მოსარჩელის მიერ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც გამოიწვევდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია რომ, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, სწორად შეაფასა ისინი და მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. მცხეთაში, ... ქ. №20-ში მდებარე უძრავ ნივთზე ლ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. მ-მა და ი. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ლ. მ-ისა და ი. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. მ-მა და ი. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი და უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია აღნიშნული ნორმების შესაბამისობასთან დაკავშირებით. კასატორების განმარტებით, ამ ნორმის აზრს წარმოადგენს ის, რომ როდესაც ვითარება უცვლელია, ანუ გარემოებები იდენტურია, განმეორებით იგივე წარმოების წარმართვა აღარ იყოს აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში კი რეესტრს არსებითი უარი არ უთქვამს საკითხის დაკმაყოფილებაზე, არსებითად საკითხი არც კი განხილულა და არ გადაწყვეტილა.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ შეიძლება მსჯელობა დააფუძნოს და მოქმედება გაამართლოს ისეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დაყრდნობით და მის სისწორეზე აპელირებით, რომელიც ემყარება ბათილად ცნობილი აქტის არსებობას, რომელიც ბათილობის გამო სამართლებრივი თვალსაზრისით არც არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ლ. მ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 21 თებერვალს 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ლ. მ-ი სადავოდ ხდის და მოითხოვს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის №882010864888-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 3 იანვრის №436 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დავალდებულებაზე მიუთითებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ს უარი ეთქვა წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე (რომლითაც იგი ქ. მცხეთაში, ... ქ. №20-ში მდებარე მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოითხოვდა) იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლის თაობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილებაში სარეგისტრაციო სამსახური მიუთითებს, რომ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ლ. მ-ს უარი ეთქვა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოსა და 10 სექტემბრის გადაწყვეტილებებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გასაჩივრებული აქტების კანონიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგნენ და უსაფუძვლო დაბრკოლელები შეუქმნეს მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ლ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ის გარემოება იქცა, რომ მისი საკითხი უკვე განხილული იყო და მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივად ადმინსტრაციულ ორგანოს ლ. მ-ის საკითხი არსებითად არ განუხილავს; არსებითი და დასაბუთებული უარი არ უთქვამს მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ერთ შემთხვევაში მოსარჩელეს დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება; ხოლო შემდგომ, მოსარჩელის განცხადება მის მიმართ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მითითებით არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ შეიძლება მსჯელობა დააფუძნოს და მოქმედება გაამართლოს ისეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე მითითებით, რომელიც თავისმხრივ ბათილად ცნობილ აქტს ემყარება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებისას მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ბათილად იყო ცნობილი, ხოლო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ერთადერთ მოტივს სწორედ 2010 წლის 18 აგვისტოს აქტზე მითითება წარმოადგენდა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაშია, იგი სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს, ვინაიდან, მისი გამოცემის ერთადერთი საფუძველი (მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება) ბათილად არის ცნობილი. შესაბამისად, ლ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს უსაფუძვლოა 2010 წლის 18 აგვისტოსა და 10 სექტემბრის გადაწყვეტილებებზე მითითება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ლ. მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმნეტაცია წარმოადგენდა თუ არა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. მცხეთა, ... ქ. №20) საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 4 ნოემბერს ლ. მ-მა განცხადებას (რომლითაც იგი ქ. მცხეთაში, ... ქ. №20-ში მდებარე მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოითხოვდა) თან დაურთო: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ი. მ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ელ. ვერსია; გადაწყვეტილება №2010071407; ქ. მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება; საარქივო ცნობა; მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; საინვენტარიზაციო გეგმა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმდებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე - პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმეტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს არ უმსჯელიათ და სათანადოდ არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე და რომელიც ლ. მ-ის მიერ წარდგენილ იქნა სარეგისტრაციო სამსახურში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 4 ნოემბრის განცხადებით ლ. მ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა მიწის დამაგრების შესახებ ქ. მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. მცხეთაში, ... ქ. №20-ში მცხოვრებ მ. მ-ს საკუთარი სახლის მიმდებარედ დაუმაგრდა 351 კვ.მ. მიწის ფართი. ამავე დადგენილებით ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს ეთხოვა განეხორციელებინა ცვლილებები ტექდოკუმენტაციაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება წარმოადგენს იმავე ხარისხის იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებას, როგორი იურიდიული ძალაც გააჩნია დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ მსგავსი შინაარსის დოკუმენტებს. აღნიშნული საკითხის განხილვას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა, ვინაიდან, სხვაგვარი განმარტება გამოიწვევს ძველი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტებისათვის სამართლებრივი ფუნქციის დაკარგვას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე; ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა ლ. მ-ის მიერ წარდგენილი ქ. მცხეთის გამგეობის 2000 წლის 27 ოქტომბრის №82 დადგენილება, რომელიც მხარეთა განმარტებით, ძალაშია და სადავოდ არავის გაუხდია. აღნიშნული დადგენილების კანონიერების საკითხი კი სცილდება განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებს. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქ. მცხეთის გამგეობის №82 დადგენილება აღსრულებულია; მასში მითითებული მიწის ნაკვეთი გადაეცა მოსარჩელის მამას მ. მ-ს და 2000 წლიდან დღემდე ... ქ. №20-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილია და ის საკარმიდამო ეზოს ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთა გზას, იგი არც სტრატეგიულ ობიექტს განეკუთვება და არც დაცულ ტერიტორიებში შედის. აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელობის ფაქტი სადავოდ არ ქცეულა და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ყურადღება არ გამახვილებულა რეალურ მდგომარეობაზე, რომ ლ. მ-მა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზი (რისი გამოუსწორებლობაც გახდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი) გამოასწორა და სარეგისტრაციო სამსახურში მოთხოვნსამებრ საინვენტარიზაციო გეგმა და ცნობა-დახასიათება წარადგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ლ. მ-ის განცხადება უნდა განეხილა არსებითად, სათანადოდ უნდა შეეფასებინა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და უნდა ემსჯელა წარმოადგენდა თუ არა ისინი ლ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. მცხეთა, ... №20) საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს; განსაკუთრებით იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებისას მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს №882010719432-06 გადაწყვეტილება ბათილად იყო ცნობილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის №882010864888-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის №882010864888-03 გადაწყვეტილება და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არებულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. მცხეთა, ... ქ. №20, ლ. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მ. მ-ი სადავო მიწის ნაკვეთს ქ. მცხეთის გამგეობის №82 დადგენილების საფუძველზე, 2000 წლიდან როგორც საკუთარს ისე დაეუფლა და დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ... მემკვიდრეთა ფაქტობრივ მფლობელობაშია (სარგებლობაში).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 3 იანვრის №436 გადაწყვეტიკლებაზე, რომლითაც ლ. მ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინსტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის, მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, არ გაუკეთებია სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მხარისათვის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 3 იანვრის №436 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ლ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ. მ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 3 იანვრის №436 გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის №882010864888-03 გადაწყვეტილება და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ლ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე