საქმე ¹ბს-83-78(3კ-13) 04 აპრილი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.12წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ა-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს და ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეებს დაევალოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე დასვან საკითხი ქ.ქუთაისში, ... გამზირის ბოლო მონაკვეთში მდებარე მიწის ქალაქ ქუთაისის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და თანხმობის შემთხვევაში ამ მიწაზე მოსარჩელესთან დადონ ნასყიდობის ხელშეკრულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.05.2012წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო, ხოლო ამავე სასამართლოს 31.05.2012წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.06.2012წ. გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2012წ. განჩინებით საქმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2012წ. განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.06.2012წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.2012წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თ. ა-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.03.2013წ. განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე