Facebook Twitter

#ბს-142-135 (კს-13) 30 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ შპს „… ჯგუფი“; შპს „…პლიუსი“

წარმომადგენელი - ი. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 16 ივნისს შპს „… ჯგუფის“ და შპს „… პლიუსის“ წარმომადგენელმა ი. ლ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

1. შპს „... ჯგუფის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2012 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2012 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შპს „... პლიუსის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად ცნობა;

3. საქართველოს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 იანვრის #9 საგადასახადო მოთხოვნისა და აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 25 იანვრის #92 ბრძანების შპს „... ჯგუფზე“ გადასახადების დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობა;

4. საქართველოს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 იანვრის #7 საგადასახადო მოთხოვნისა და აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 25 იანვრის #93 ბრძანების შპს „... პლიუს“ გადასახადების დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობა (იხ. ტ.1. ს.ფ. 1-18).

მოპასუხეებმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1. ს.ფ. 128-136; 145-160).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 იანვრის #9 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 25 იანვრის #92 ბრძანება შპს „... ჯგუფზე“ გადასახადების დარიცხვის შესახებ; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 იანვრის #93 ბრძანება შპს „... პლიუსზე“ გადასახადების დარიცხვის შესახებ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 18 ივნისის #4272/2/12 გადაწყვეტილება, შპს „... ჯგუფის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 18 ივნისის #4270/2/12 გადაწყვეტილება შპს „... პლიუსის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ.ტ.1 ს.ფ. 498-508).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. (იხ.ტ.1. ს.ფ. 522-557)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად. (იხ. ტ.2. ს.ფ. 9)

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „... ჯგუფისა“ და შპს „... პლიუსის“ წარმომადგენელმა, შპს „უ...“ ადვოკატმა, ი. ლ-მა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სასამართლოს დასკვნით, აპელანტების მიერ დარღვეულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. (იხ.ტ.2; ს.ფ. 2-5)

თბილისის საპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით, აპელანტ შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

„მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2013 წლის 17 იანვარს; კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით აპელანტებს - შპს „... ჯგუფს“ და შპს „... პლიუსს“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდათ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორგანიზაციის ოფისის მენეჯერის მეშვეობით, 2013 წლის 17 იანვარს. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 01 თებერვალს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩვრების ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 18 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 31 იანვარს.“

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ წარმომადგენელმა ი. ლ-მა საქართველოს უზენაეს სასამარლოში შემოიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩნების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო საჩივრის განუხილველობის საფუძვლად სასამართლო უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლს, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა შეადგენს 14 დღეს, რაც აპელანტების მიერ არ დარღვეულა და სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს. ამის დასტურად, კერძო საჩივრის ავტორმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა შპს „ს...“ 2013 წლის 31 იანვრის #03996 ქვითარი და დამატებით, საკურიერო სამსახურის შპს „ს...“ მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა გზავნილის კურიერისთვის ჩაბარების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თნახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ითვლება. (იხ. ტ.2; ს.ფ. 18-20)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ წარმომადგენლის ი. ლ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2013 წლის 17 იანვარს, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2013 წლის პირველ თებერვალს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით; კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 18 იანვარს და დასრულდა 2013 წლის 31 იანვარს. სააპელაციო სასამართლომ შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ წარმომადგენლის ი. ლ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას გამოიყენა მხოლოდ სსსკ-ის 369-ე მუხლი, რაც არ იყო საკმარისი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევისათვის და შესაბამისი სასამართლო დასკვნის ჩამოყალიბებისთვის (იხ. ტ.2; ს.ფ. 2-5), მაშინ, როცა მითითებული ნორმის გამოყენებისას სასამართლომ უნდა უზრუნველყოს აპელაციის დასაშვებობის ყველა შესაძლო გარემოების გამორიცხვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით დადგენილი ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, ხომ არ არსებობდა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის დადგენილი ვადის დაცვას, რითაც დააბრკოლა ეფექტიანი სამართალწარმოების განხორციელება, ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს ინიციატივის გამოყენების შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვა არ შეფერხდებოდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ყველასთვის გარანტირებული ფუნდამენტური პროცედურული უფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ - შეუფერხებელ და ეფექტიან სამართალწარმოებას.

საკასაციო სასამართლო აფასებს რა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შპს „ს...“ 2013 წლის 31 იანვრის #03996 ქვითარი და დამატებით, საკურიერო სამსახურის შპს „ს...“ მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა გზავნილის კურიერისთვის ჩაბარების შესახებ, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში, მიიჩნევს, რომ მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა შეამოწმოს შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ წარმომადგენლის ი. ლ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა აღნიშნული მტკიცებულება, რომლის გამოკვლევა-შეფასება სხვა პროცესუალურ შედეგს გამოიწვევდა.

საკასაციო სასამართლო ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ აპელანტის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედება, შესრულებულია ვადაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე.

სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ წარმომადგენლის ი. ლ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია თუ არა სსსკ-ის 368-ე მუხლით დადგენილი აპელაციის დასაშვებობის სხვა წინაპირობების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს საკმარის დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დასაბრუნებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 61-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „... ჯგუფის“ და შპს „... პლიუსის“ წარმომადგენელის ი. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქმეზე სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/

/პაატა სილაგაძე/