Facebook Twitter

№ბს-32-28(კს-13) 2 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მესამე პირები) _ ნ.ხ-ე, თ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 13 ივნისს ნ. დ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №882011524042-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც თ. მ-ის სახელზე აღირიცხა ქ. თბილისი, ... ქუჩა №29ა, ბინა 4-ში 146.82 კვ.მ. ფართი (იხ.ს.ფ 1-14).

მოსარჩელემ მესამე პირებად მიუთითა: ნ.ხ-ე, თ. მ-ი და ი/მ ა. გ-ი (იხ.ს.ფ 1-14).

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე და მესამე პირები, კერძოდ, მოპასუხედ მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, მესამე პირებად – ნ.ხ-ე და თ. მ-ი (იხ.ს.ფ 116-121).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი, მესამე პირებად ჩართულ იქნენ ნ.ხ-ე და თ. მ-ი (იხ.ს.ფ 116-121).

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მისი დაუშვებლად ცნობა (იხ.ს.ფ 76-82).

მესამე პირებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №882011524042-03 გადაწყვეტილება თ. მ-ის სახელზე ქ. თბილისი, ... ქ. №29ა ბინა №4 53,71 კვ.მ. ფართის რეგისტრაციის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ.ს.ფ 273-281).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა, თ. მ-მა და ნ.ხ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (იხ.ს.ფ 194-302).

თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ნ.ხ-ისა და თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გადაცილების გამო, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 63-ე მუხლების საფუძველზე შეაფასა აპელაციის დასაშვებობა და საქმის მასალებიდან გამოარკვია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება მესამე პირებს ნ.ხ-ეს და თ. მ-ს ჩაბარდათ 2012 წლის 30 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული „უკუგზავნილით“. ნ.ხ-ე და თ. მ-ი ვალდებული იყვნენ სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანათ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან (2012 წლის 31 ოქტომბრიდან) 14 დღის ვადაში ანუ 13 ნოემბრის ჩათვლით. მათ კი თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2012 წლის 14 ნოემბერს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული (იხ.ს.ფ 307-309).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ.ხ-ემ და თ. მ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოტივით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარეს ოფისის თანამშრომლებმა (ოფისის სახელწოდება და მისამართი გაურკვეველია), თანამშრომლების მიერ მითითებული ჩაბარების თარიღის შესაბამისად, ნ.ხ-ემ და თ. მ-მა 14 დღიან ვადაში წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის თაობაზე ეჭვი არ შეპარვიათ, თუმცა აღმოჩნდა რომ საჩივარი ერთი დღის დაგვიანებით წარუდგენიათ და იმ მოტივით, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მოხდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (იხ.ს.ფ 319).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.ხ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად შეუფარდა იგი, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველი.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. მ-სა და ნ.ხ-ეს ჩაბარდათ 2012 წლის 30 ოქტომბერს (იხ. ს.ფ 288-289), სააპელაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2012 წლის 14 ნოემბერს (იხ. ს.ფ 294).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 369.1 თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც სსსკ-ის 369.1 მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ოფისის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების გამო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობისა და მისი აღდგენის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილად არის დაცული. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს, რაც ასევე უზრუნველყოფილ იქნა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.ხ-ესა და თ. მ-ს ჩაბარდა, კანონის მოთხოვნების დაცვით, პირადად (იხ. ს.ფ 288-289) და არა იმგვარად, როგორც კერძო საჩივრის ავტორები უთითებენ.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორებს არ გაუქარწყლებიათ ისინი კონკრეტული მტკიცებულებებით. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება თ. მ-სა და ნ.ხ-ეს ჩაბარდათ 2012 წლის 30 ოქტომბერს (იხ. ს.ფ 288-289). შესაბამისად, სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2012 წლის 13 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2012 წლის 14 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად აპელანტის მიერ მითითებულია ასევე 2012 წლის 14 ნოემბერი (იხ. ს.ფ 294-302).

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა შეიძლება იყოს ორი სახის: კანონისმიერი და სასამართლოს მიერ განსაზღვრული. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა, მაგრამ სსსკ-ის 59.4 მუხლი იმპერატიულად ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელების და აღდგენის დაუშვებლობას, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა წარმოადგენს სწორედ ამგვარ კანონით დადგენილ იმპერატიულ ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა არ ხდება.

ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ანიჭებს სასამართლოს საპროცესო უფლებამოსილებას საპატიოდ ცნოს და აღადგინოს გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და არ ითვალისწინებს აღნიშნული დათქმიდან გამონსკლისს არანაირი გარემოების არსებობის პირობებში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ.ხ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ხ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე