Facebook Twitter

საქმე № ბს-39-34 (კს-13) 18 აპრილი, 2013 წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ი.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სს „...“.

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.12 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

11.01.01წ. სს „...“ სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის, თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის, ასევე გ. და უ. კ-ების მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმაში თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 24.08.97წ., თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 17.08.2000წ. და მიწის მართვის დეპარტამენტის 06.12.2000წ. აქტებით შეტანილი ცვლილებების გაუქმება, გ. და უ. კ-ების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის აღდგენა ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის ჩანაწერების მდგომარეობით, ხოლო სს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმის აღდგენა 23.08.97წ. მდგომარეობით.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.04.01წ. გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“.

საქმის განხილვის მიმდინარეობისას მიწის მართვის სამმართველოსა და ტექინვენტარიზაციის სამსახურის ნაცვლად საქმეში ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გარდა ამისა არქიტექტურის საქალაქო სამსახური შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურით, რომელიც მოგვიანებით მისი უფლებამონაცვლით - ქ.თბილისის მერიითა და თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურით შეიცვალა.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.10წ. გადაწყვეტილებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.04.01წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.10წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიის მიერ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.11წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

31.10.11წ. სს „...“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა სსკ 260-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სიტყვების „სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს“ შემდეგ განმცხადებელმა მოითხოვა მითითება: გაუქმდეს სს „...“ კუთვნილ მიწის გეგმაში თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 24.08.97წ., თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 17.08.2000წ. და მიწის მართვის დეპარტამენტის 06.12.2000წ. აქტებით შეტანილი ცვლილებები; აღდგეს ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის ჩანაწერების მდგომარეობით გ. და უ. კ-ების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა; აღდგეს 23.08.97წ. მდგომარეობით სს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმა და საჯარო რეესტრის მონაცემები 2000 წლის 06 დეკემბრამდე მდგომარეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.12.11წ. განჩინებით სს „...“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.12.11წ. განჩინება 24.01.12წ. კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს „...“ მიერ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.12.11წ. განჩინების მთლიანად გაუქმება და ახალი განჩინების გამოტანა მოითხოვა, რომლის თანახმადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სიტყვების „სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს“ შემდეგ მითითებულ იქნებოდა: გაუქმდეს სს „...“ კუთვნილ მიწის გეგმაში თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 24.08.97წ., თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 17.08.2000წ. და მიწის მართვის დეპარტამენტის 06.12.2000წ. აქტებით შეტანილი ცვლილებები; აღდგეს ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის ჩანაწერების მდგომარეობით გ. და უ. კ-ების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა; აღდგეს 23.08.97წ. მდგომარეობით სს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმა და საჯარო რეესტრის მონაცემები 2000 წლის 06 დეკემბრამდე მდგომარეობით.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.12წ. განჩინებით სს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.12.11წ. განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2010წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ.

29.08.12წ. სს „...“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სსკ 262-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი სიტყვები: „სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს“ გულისხმობდა თუ არა იმას, რომ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა „სს „...“ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: სს „...“ კუთვნილ მიწის გეგმაში თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 24.08.97წ., თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 17.08.2000წ. და მიწის მართვის დეპარტამენტის 06.12.2000წ. აქტებით შეტანილი ცვლილებების გაუქმება; გ. და უ. კ-ების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის აღდგენა ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის ჩანაწერების მდგომარეობით; სს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმის აღდგენა 23.08.97წ. მდგომარეობით და საჯარო რეესტრის მონაცემების აღდგენა 2000 წლის 06 დეკემბრამდე მდგომარეობით.

25.10.12წ. გ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სს „...“ მიერ 29.08.12წ. წარდგენილ მოთხოვნაზე (გადაწყვეტილების განმარტება) უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.12წ. განჩინებით სს „...“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა იმდაგვარად, რომ ,,სს „...“ სარჩელის დაკმაყოფილება“ ნიშნავს იმას, რომ გაუქმდა სს „...“ კუთვნილ მიწის გეგმაში თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების ტექინვენტარიზაციის ბიუროს 17.08.2000წ. და მიწის მართვის დეპარტამენტის 06.12.2000წ. აქტებით შეტანილი ცვლილებები; გ. და უ. კ-ების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა აღდგა ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის ჩანაწერების მდგომარეობით, ხოლო სს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმა 23.08.97წ. მდგომარეობით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 264.2 მუხლის შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 262-ე მუხლზე და განმარტა, რომ დასახელებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობა იქმნება მაშინ, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია და სრულყოფილად არ ასახავს სამოტივაციო ნაწილის დასკვნებს. აღნიშნული ნორმა მიმართულია იმ სამართლებრივი მიზნისაკენ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნას წინააღმდეგობა ანუ მოხდეს მისი აღსრულება. პალატამ გაიზიარა განმცხადებელ სს „...“ მოსაზრება და მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენებისთვის ზემოთ მითითებული პროცესუალური პირობა სახეზე იყო, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები არ ასახავდა დადგენილების სრულყოფილ შინაარს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი დაუბრკოლებლად აღსრულება. ამდენად, პალატის აზრით, მართებული იქნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დასკვნა დადგენილ ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.12წ. განჩინება 26.11.12წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-მა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.12წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმა მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ფაქტიურად შეცვალა სარეზოლუციო ნაწილი და ხელახლა ჩამოაყალიბა - განჩინებაში გადმოწერილია სასარჩელო მოთხოვნები. გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზი მოცემულ შემთხვევაში სულაც არ იყო სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილი იყო, რომ სს „...“ სადავოდ გამხდარი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი არასოდეს გამოყოფია. სს „...“ 1997 წელს ადმინისტრაციული საქმის მასალათა ფალსიფიკაციით სცადა 3,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამაგრება. ის განცხადებაში უთითებდა რომ მას გამოეყო 3,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მაშინ როდესაც არსებობს მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული აქტი 2,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, მეორე 1973 წლის ადმინისტრაციული აქტით სს „...“ ნება დაერთო 1964 წელს გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა სპეციალური კორპუსი ფართო მოხმარების საქონლის წარმოების მიზნით, საამქროს მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო 1,3 ჰა მიწის ნაკვეთზე. 3,5 ჰა მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით, სს „...“ კრებს 2,2 ჰა და 1,3 ჰა მიწის ნაკვეთებს და აცხადებს, რომ მას გამოეყო 3,5 ჰა მიწის ნაკვეთი მაშინ, როდესაც მიწის დამაგრების მიზნით აზომილ იქნა მიწის ნაკვეთი და 3,5 ჰა ფიზიკურად არ აღმოჩნდა. სააპელაციო სასამართლომ ნახაზზე არსებული განმარტება (ამონაწერი ადმინისტრაციული აქტიდან) სხვაგვარად წაიკითხა და სადავო ფართი მიაკუთვნა სს „...“. სარჩელით მხარე ასაჩივრებს საარქივო მასალას, რომელშიც ცვლილების შეტანა შეუძლებელია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შინაარსის გათვალისწინებით. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ უძრავი ნივთი ამ სახით აღარ არსებობდა. სწორედ ეს გარემოებები უშლიდა ხელს კანონიერ ძალაში შესული უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას და არა სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება. აღნიშნულის შესაბამისად არ არსებობდა სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლები და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განემარტა გადაწყვეტილება, ამასთან ფაქტიურად ხელახლა გადაეწერა სარეზოლუციო ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.12წ. განჩინებით სს „...“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.10წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და არ გასულა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად - მისი აღსრულების უზრუნველყოფას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 28.04.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იმგავარად იქნა ჩამოყალიბებული, რომ კონკრეტულად არ მიეთითა აპელანტის რა მოთხოვნები დააკმაყოფილა სასამართლომ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სრულყოფილად არ ასახავდა სამოტივაციო ნაწილის დასკვნებს. აღნიშნული გარემოება ბუნდოვანი გახადა სარეზოლუციო ნაწილი, რაც შესაძლებელია გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც სახეზეა სსსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განემარტა 28.04.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებული გადაწყვეტილებით შეიცვალა განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. კანონიერ ძალაში მყოფი 28.04.10წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ უნდა გაუქმდეს სს „...“ კუთვნილი მიწის გეგმაში თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის 24.08.97წ., ტექინვენტარიზაციის ბიუროს 17.08.2000წ. და მიწის მართვის დეპარტამენტის 06.12.2000წ. აქტებით შეტანილი ცვლილებები; გ. და უ. კ-ების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა აღდგეს ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის ჩანაწერების მდგომარეობით, ხოლო სს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გეგმა 23.08.97წ. მდგომარეობით. აღნიშნულის შესაბამისად იქნა მიცემული განმარტება 30.10.12წ. განჩინებაში (განმარტების ტექსტზე სს „...“ პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას ტექსტის სისრულეზე). ამდენად, მოცემული განმარტებით სასამართლო არ გასცდენია გადაწყვეტილების განმარტების მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, სააპელაციო სასამართლოს 30.10.12წ. განჩინებით მხოლოდ დაზუსტდა 28.04.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. 28.04.10წ. გადაწყვეტილების განმარტებით მისი შინაარსი სააპელაციო სასამართლოს არ შეუცვლია, მოხდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილის დაზუსტება და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილ გარემოებებთან მისი შესაბამისობაში მოყვანა.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტებით კერძო საჩივრის ავტორის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ზიანი არ მისდგომია, მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ განმარტებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ ქმნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საფუძველს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ არ გამორიცხავს მისი განმარტების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.12 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე