#ბს-84-79(კს-13) 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ზ. დ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს
ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - ქ. ქუთაისის მერია;
ე. ლ-ე; ნ. უ-ა; ზ. თ-ა;
ნ. ფ-ე; თ. კ-ე და ა. კ-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 23 მაისს ი. კ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ზ. დ-ას მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 აგვისტოს №882011353281-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხემ გახსნას ი. კ-ის სახლის კედელთან მისასვლელი 14 მეტრის სიგრძის ზოლი და აიღოს ამ ტერიტორიაზე არსებული რკინის ჭიშკარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის საოქმო განჩნებით ზ. დ-ას წარმომადგენლის ზ. ხ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ე. ლ-ე, ნ. უ-ა, ზ. თ-ა, ნ. ფ-ე, თ. კ-ე და ა. კ-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქუთაისის მერია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით ი. კ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის განსახილველად დაბრუნება საქალაქო სასამართლოში.
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 აგვისტოს №882011353281-06 გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა ცვლილება ქ. ქუთაისში, ... ქ. მე-2 ჩიხი, №4-6-ში მდებარე უძრავ ნივთზე ზ. დ-ას სახელზე რეგისტრირებულ უფლებაში, ასევე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, ზ. დ-ას დავალდებულება გახსნას მოსარჩელის სახლის კედელთან მისასვლელი 14 მეტრი სიგრძის ზოლი და აიღოს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული რკინის ჭიშკარი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასკ-ის 22.2 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო აქტით მოწესრიგებული საკითხი აყენებს თუ არა პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეს, რა დროსაც უნდა შემოწმდეს აქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების გავლენის ხარისხი მოსარჩელის სუბიექტური უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი. პ-ე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 აგვისტოს №882011353281-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმ მოტივით, რომ მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე ზ. დ-ამ მიისაკუთრა მის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა, რის შემდეგაც ჩადგა იქ ჭიშკარი და მოსარჩელეს შეუზღუდა ამ გზით სარგებლობის შესაძლებლობა. მოსარჩელე ი. კ-ე ედავება ზ. დ-ას საკუთრების უფლებაში (მიიჩნევს, რომ მას არ გააჩნია საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე და ითხოვს ამ ნაკვეთის გამოთავისუფლებას). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არა იმის დადგენა, თუ რანდენად კანონიერად მოიპოვა ზ. დ-ამ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და შესაბამისად, რამდენად კანონიერია სადავო რეგისტრაცია, არამედ, სასამართლოს მსჯელობის საგანია ი. კ-ის კანონიერი ინტერესი აღნიშნულ ქონებაზე ზ. დ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტით დაფიქსირებული მონაცემები უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს მოსარჩელის უფლება-მოვალეობებზე, შესაბამისად, მას უნდა მიეცეს უფლების დაცვის ადეკვატური პროცესუალური საშუალების - სარჩელის მეშვეობით მისი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხადაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდება კონკრეტული დრო, როდესაც მოსარჩელე მხარეს გაეცნო რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილება და ვარაუდის საფუძველზე დაუძვებლად მიიჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის წარდგენის ერთთვიანი ვადის დარღვევის მოტივით მოსარჩელის საპროცესო უფლებების შეზღუდვა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმირება მხოლოდ რეკვიზიტის დონეზე, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის საკმარისი აქტის ოფიციალური გაცნობის ფაქტის დადასტურებისათვის, რადგან აქტის გაცნობა გულისხმობს მისი მთლიანი ოფიციალური ვერსიის გაცნობას და არა მხოლოდ რეკვიზიტების. შესაბამისად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხარისათვის გაცნობილად ჩაითვალოს, მხარეს გადაცემული უნდა ჰქონდეს საკუთრივ აქტი და არა მისი რეკვიზიტების ამსახველი სხვა რომელიმე დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველია და ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლად ცნობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო ნორმებს, რომლებიც არ ითვალისწინებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სასკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში არასწორად იმსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე და უსაფუძვლოდ შეწყვიტა მასზე საქმის წარმოება სასკ-ის 22-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დასაშვებობის წინაპირობის არარსებობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ზ. დ-ას წარმომადგენლის ზ. ხ-ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ზ. დ-ას წარმომადგენლის ზ. ხ-ას შუამდგომლობა ადმინისტრაციულ აქტის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. კ-ემ და ზ. დ-ამ.
ი. კ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ზ. დ-ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამარლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 და 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი წარმომადგენლის შუამდგომლობები სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ასევე, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩნებით ი. კ-ის საპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ. დ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. კ-ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 აგვისტოს №882011353281-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ასევე ზ. დ-ას დავალდებულებას გახსნას ი. კ-ის სახლის კედელთან მისასვლელი 14 მეტრი სიგრძის ზოლი და აიღოს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული რკინის ჭიშკარი, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. დ-ასთვის სასარგებლო შედეგეს წარმოადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე მსჯელობით გაუარსდებოდა მისი საპროცესო მდგომარეობა, რაც დაუშვებელია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. დ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სსსკ-ის 364 მუხლი არ ითვალისწინებს იმ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების აკრძალვას, რომლის სასარგებლოდაც იქნა იგი გამოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის საფუძვლიანობის განხილვის შედეგად არ დაკმაყოფილდა ი. კ-ის სარჩელი და ასეთი შედეგი მისთვის სასარგებლოა, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, გადაწყვეტილება მაინც უკანონოა იმ მხრივ, რომ დაუშვებელი იყო სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობა და საერთოდ გადაწყვეტილების მიღება, მაშინ როდესაც სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო სარჩელი და მიეღო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი უთხრას არა იმის დასაბუთებით, რომ კანონიერად აქვს მოპასუხეს სადავო მიწის ნაკვეთი თუ არა, არამედ დასაბუთებულად განუმარტოს, რომ იგი არ წარმოადგენს იმ პირს, რომლის რაიმე კანონიერ უფლებას შეიძლება ზიანს აყენებდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი და რომ ადმინისტრაციული აქტის გაუქმების შემთხვევაშიც მას არანაირად არ შეუძლია სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მისი, როგორც მართლზომიერი მფლობელის არსებობის პირობებში მოიპოვოს სარგებლობის ან საკუთრების უფლება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე მსჯელობით არანაირად არ გაუარესდებოდა მისი საპროცესო მდგომარეობა, ვინაიდან სასამართლო ვალდებული იქნებოდა უარი ეთქვა მხოლოდ აპელანტის მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და არ გაუქმდებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მისი სააპელაციო მოთხოვნა ი. კ-ის სარჩელის უსაფუძლობის გამო მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის საფუძველს არანაირად არ იძლეოდა. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული იყო მხოლოდ ის არგუმენტი, რომ რომ გადაწყვეტილება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მიღებული და დავა უნდა დამთავრებულიყო მისთვის უფრო სასარგებლო სამართლებრივი აქტით, კერძოდ, სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების მიღებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. დ-ა ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. დ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. კ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ემ და მოპასუხე ზ. დ-ამ.
ზ. დ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტას დაუშვებლობის მოტივით. ზ. დ-ა ასევე ასაჩივრებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 და 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებებს (იხ. ტ. II; ს.ფ. 4-13).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს ორ ფუნდამენტურ საკითხს ა) სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, ანუ სასამართლოს რომელი გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში და ბ) სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტებს, ანუ ვინ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით სასამართლოს გადაწყვეტილებები.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ: მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეების, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ და აქ ჩამოთვლილ პირთა წარმომადგენლებს, თუ ამის შესახებ პირდაპირაა მითჲთებული მარწმუნებლის სახელზე გაცემულ მინდობილობაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას იმ პირის მიერ, რომლის სასარგებლოდაც იქნა იგი გამოტანილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ შედეგი მართალია მისთვის სასარგებლოა, მაგრამ დავა მისთვის უფრო სასარგებლო სასამართლო აქტით უნდა დასრულებულიყო, კერძოდ: სასამართლოს სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა დაუშვებლობის მოტივით, აღნიშნული ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სსსკ-ის 377.3 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირევლი ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო განმარტავას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული განჩინებების უსწორობაზე შეიძლება მითითებული იყოს მხოლოდ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო საჩივარში ამ განჩინებების დაუსაბუთებულობაზე მითითებას ის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რომ სწორედ მათი მიღების გამო იქნა გამოტანილი დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოს, რომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება ვერ დადასტურდა, რადგან სასამართლომ თავისი არასწორი და დაუსაბუთებელი განჩინებით, რომელიც კანონის დარღვევითაა მიღებული, უარი უთხრა მას შუამდგომლობაზე აცილების შესახებ, სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ და ა. შ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ განჩინებაზე სააპელაციო სასამართლოს არ გამოაქვს ცალკე განჩინება. სააპელაციო საჩივრის ობიექტია სასამართლოს გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ მას გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება. თუ იმ განჩინებებს, რომლებიც წინ უსწრებენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მართლაც შეეძლოთ გამოეწვია მისი ფაქტობრივი თუ იურიდიული დაუსაბუთებულობა, მას გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება) სწორედ ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების და არა მანამდე მიღებული განჩინების მიმართ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. კ-ის სარჩელის დაუშვებლად ცნობის კანონიერების თაობაზე ერთხელ უკვე იმსჯელა ზემდგომმა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის განჩინება ი. კ-ის სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განმეორებითი მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა ი. კ-ის სარჩელის დაუშვებლობის საკითხი (იხ. ტ. I; ს.ფ. 196-206).
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია მოსარჩელე ი. კ-ის მიერაც და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მისცენ ახსნა-განმარტებები და დააფიქსირონ პოზიციები, რომელთა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე საქმეზე უნდა დადგეს კანონიერი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. დ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 377.2-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. დ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/
/პაატა სილაგაძე/