#ბს-884-866(კს-12) 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
თავდაპირველი მოსარჩელე - რ. გ-ე
წარმომადგენელი - გ. წ-ე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელის უფლებამონაცვლე) _ გ. გ-ე
წარმომადგენელი - არ ჰყავს
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;
წარმომადგენელი - მ. კ-ე
2. ამხანაგობა ,,...“; თავმჯდომარე - მ. ც-ე
წარმომადგენელი - კ. ფ-შვილი
მესამე პირი - ქ. ბათუმის მერია
წარმომადგენელი - მ. კ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა; საპროცესო უფლებამონაცვლეობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 28 იანვარს რ. გ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ამხანაგობა ,,...“, ქ. ბათუმის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურისა და ქ. ბათუმის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
- ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის: 1) 2007 წლის 11 აპრილის №01-22/147 არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ ბრძანების, 2) 2007 წლის ბრძანების, რომლითაც შეთანხმებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. №51-ში ასაშენებელი სახლის პროექტი, 3) 2007 წლის 11 აპრილის №84 არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, 4) 2010 წლის 02 დეკემბრის ბრძანების №1407 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ, 5) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 2007 წლის 12 ივნისის №01-22/273 ბრძანების, 6) 2007 წლის 20 ივნისის მშენებლობის ნებართვის №99/07 ბათილად ცნობა;
- ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ნოემბრის №20-6 დადგენილების ბათილად ცნობა;
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 19 აპრილის №122 ბრძანების ბათილად ცნობა;
- ამხანაგობა ,,...“ ქ. ბათუმში, ... ქ. №51-ში ამხანაგობის მიერ აშენებული სახლის პირველი სართულის, მოსარჩელის მოსაზღვრე მხარეს არსებული, არამზიდი კედლებისა და საკანალიზაციო მილების დემონტაჟის დავალება; მხოლოდ საყრდენი (მზიდი) კედლების დატოვება და საკანალიზაციო მილების ამხანაგობის მიერ აშენებული სახლის სივრცეში მონტაჟის დავალება (იხ. ს.ფ 54-63).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს ინიციატივით, მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია (იხ. ს.ფ 165-166).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 ივლისის განჩინებით სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ნოემბრის №20-6 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1 “ პუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ 228-229).
მოპასუხე - ამხანაგობა ,,...“ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მისი დაუკმაყოფილებლობა უსაფუძვლობის გამო; მოპასუხე - ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ 69-76; 101-109).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე, ამხანაგობა ,,...“ დაევალა მშენებარე სახლის პირველი სართულის სამეზობლო საზღვრის მხარეს კედელზე დამონტაჟებული შიდა საკანალიზაციო მილების დემონტაჟისა და სახლის პროექტის შესაბამისად, კედლის შიდა მხარეს მათი გადატანის შესახებ. რ. გ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, ქ. ბათუმის მერიისა და ამხანაგობა ,,...“ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ 232-244).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...“ თავმჯდომარემ მ. ც-ემ, რომლითაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება რ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 249-257 ).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა რ. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 259-267).
2011 წლის 26 ოქტომბერს აპელანტმა ამხანაგობა ,,...“ თავმჯდომარემ მ. ც-ემ და აპელანტ რ. გ-ის წარმომადგენელმა გ. წ-ემ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს რ. გ-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ (იხ. ს.ფ 298-299).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა წარმოება №3/ბ-711-11წ. ადმინისტრაციულ საქმეზე რ. გ-ის გარდაცვალების გამო, რ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. (იხ. ს.ფ 305-307).
2012 წლის 09 აგვისტოს რ. გ-ის წარმომადგენელმა გ. წ-ემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებდა რ. გ-ის ქალიშვილის - გ. გ-ის მიერ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის განცხადებით მიმართვის ფაქტს (იხ. ს.ფ 325-326).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება და განუხილველად დარჩა რ. გ-ისა და ამხანაგობა ,,...“ სააპელაციო საჩივრები, შემდეგი მოტივით: სადავო-სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვები იყო უფლებამონაცვლეობა, შესაბამისად, საქმის განხილვა შეჩერდა აპელანტ - რ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 26 ოქტომბრის საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. ასევე, მიუთითა, რომ თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველი დარჩება.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 07 ნოემბერს ჩაბარდა რ. გ-ის წარმომადგენელს გ. წ-ეს; 2012 წლის 05 სექტემბერს გ. წ-ეს და რ. გ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს გაეგზავნათ მიმართვა, რათა წარმოედგინათ რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობასთან დაკავშირებით მტკიცებულება, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობა, თუმცა რაიმე მასალები სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, ვინაიდან ერთი წლის ვადაში საქმეში არ ჩაერთო რ. გ-ის უფლებამონაცვლე და არც ვადის გაგრძელების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოსათვის არავის მოუმართავს, სახეზეა რ. გ-ის სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (იხ. ს.ფ 336-340).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. გ-ის შვილმა გ. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სამკვიდროს მიღების შესახებ წარდგენილი სანოტარო ცნობის საფუძველზე საქმეში რ. გ-ის უფლებამონაცვლედ დაშვება, შემდეგი მოტივით: მან მიმართა ნოტარიუს ნ. ბ-ეს და მიიღო რ. გ-ის სამკვიდრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხოლო ნოტარიუსის მიერ გაცემული ცნობა წარადგინა სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 279-ე და 280-ე მუხლებში, რომლებიც არეგულირებს უფლებამონაცვლეობის საკითხებს, არ არის განსაზღვრული თუ რა ფორმით უნდა დადგინდეს უფლებამონაცვლეობაზე პრეტენდენტი პირის უფლებამოსილება. კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლომ მის მიერ წარდგენილი სანოტარო ცნობა რეაგირების გარეშე, მაშინ, როცა კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, რომ უფლებამონაცვლეობა მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მხოლოდ სამკვიდრო მოწმობით (იხ. ს.ფ 351-352).
2013 წლის 21 იანვარს კერძო საჩივრის ავტორმა გ. გ-ემ საკასაციო სასამართლოში დამატებით წარადგინა სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ გ. გ-ე არის რ. გ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე და მან სამკვიდრო სრულად მიიღო საკუთრებაში (იხ. ს.ფ. 368-373).
მოწინააღმდეგე მხარეებს მოსაზრებები კერძო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო კანონის არასწორად გამოყენებისა და შეფასების შედეგად საქმეზე არსებითად არასწორი განჩინება მიიღო. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას საქმეში გ. გ-ის უფლებამონაცვლედ არ ცნობისა და საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე, რის გამოც სახეზეა მისი სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლები.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სამართალწარმოების სტადიაზე 2011 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა აპელანტი რ. გ-ე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დასაშვებობასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აპელანტ რ. გ-ის წარმომადგენლის გ. წ-ის მიერ ს.ფ. 326-ზე წარმოდგენილი მტკიცებულება - ნოტარიუს ნ. ბ-ის გაცემული ცნობა, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, ანუ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1421 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომელიც განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების მომენტს. სასამართლომ ნოტარიუსის მიერ გაცემული ცნობა არ მიიჩნია საკმარის დოკუმენტად საპროცესო უფლებამონაცვლეობის დასადასტურებლად, რის გამოც სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით განსაზღვრული განჩინების სტრუქტურა, როდესაც სათანადო პროცესუალური კონტექსტის გარეშე ჩამოაყალიბა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, კერძოდ, განუხილველად დატოვა რ. გ-ის სარჩელი, გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე განუხილველად დატოვა აპელანტ ამხანაგობა ,,...“ და აპელანტ რ. გ-ის სააპელაციო საჩივრები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის რედაქცია წარმოადგენს სრულ პროცესუალურ ნონსენსს, ვინაიდან დარღვეულია სასამართლო ინსტანციებს შორის იერარქიული პროცესუალური კონტროლი და მისი მექანიზმების გამოყენების ელემენტარული წესი. რ. გ-ის აპელაცია დარჩა განუხილველად, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ მისი გაუქმების ერთადერთი პროცესუალური ინსტრუმენტი - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებული არ ყოფილა. მეტიც, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, განუხილველად დარჩა ამხანაგობა ,,...“ სააპელაციო საჩივარი. რის გამოც ამხანაგობა ,,...“ შეუზღუდა საპროცესო უფლებები და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზოციურობის პრინციპი. რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მიიღო არასწორი განჩინება. სასამართლოს მითითებული დარღვევა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის არასწორი გაგება-განმარტებიდან, კერძოდ, მითითებული ნორმის რედაქცია: ,,მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები..“ სასამართლომ გაიგო არა იმგვარად, რომ შესაბამის სასამართლო ინსტანციებში საქმის განხილვისას საქმის წარმოების შეწყვეტის მოცემული საფუძვლის არსებობისას, სასამართლო განუხილველად ტოვებს სარჩელს, აპელაციას ან კასაციას, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ინსტანციაში მიმდინარეობს სამართალწარმოება, არამედ სასამართლომ შეასრულა ყველა საპროცესო მოქმედება, დადგენილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოსათვის, რომელიც ნორმაშია მითითებული, ნაცვლად იმისა, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების უტყუარად დადასტურების პირობებში განუხილველად დაეტოვებინა რ. გ-ის აპელაცია, რაც იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის ადეკვატური გაგება-გამოყენება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოქმედებების ამგვარი გამოყენება არ შეესაბამება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას და თვალსაჩინოს ხდის სასამართლო იერარქიის და შესაბამისი საპროცესო ინსტანციების კვალიფიციური გამიჯვნის პროცესუალურ პრობლემას, რაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს საკასაციო სასამართლოს მხრიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ყველა სასამართლო ინსტანციაში საპროცესო ინსტიტუტებისა და საპროცესო წესების გამოყენების ნორმატიული საფუძვლები. იმ შემთხვევაში, როცა კანონმდებელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ I ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი საპროცესო მოქმედებათა შესრულება, იყენებს ,,ნეგატიური დათქმის“ პრინციპს, ასე, მაგალითად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლებით განისაზღვრა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ I ინსტანციის სასამართლოების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შესაძლებლობა, წესი და ფარგლები. იდენტურია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის ფუნქციაც.
ასევე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებით დადგენილია სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები, რომელიც დამოკიდებულია თვით სააპელაციო საჩივარზე, ანუ აპელანტის მიერ გამოვლენილ საპროცესო ნებაზე. სწორედ ამ ნების ფარგლებით არის შებოჭილი სასამართლო, ანალოგიურია საკასაციო სამართალწარმოებაში 404-ე მუხლის დანიშნულება.
სააპელაციო სამართალწარმოების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კოლეგიური წესით ზემდგომი სასამართლო ამოწმებს I ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობას არსებითად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სწორედ სააპელაციო საჩივარი იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების პროცესუალურ საფუძველს. აპელაციის დაკმაყოფილება (სრულად ან ნაწილობრივ) გულისხმობს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას (შესაბამისი მოცულობით), ანუ გადაწყვეტილების გაუქმება აპელაციის დაკმაყოფილების გარეშე პროცესუალური თვალსაზრისით არათავსებადი, უკანონო მოქმედებაა. აპელაციის განუხილველობის პროცესუალური შედეგი უპირობოდ ნიშნავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელობას, რამდენადაც მხოლოდ აპელაციის განხილვა წარმოშობს გადაწყვეტილების შეცვლის, გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სრულად ეწინააღმდეგება საპროცესო ინსტიტუტების სწორი გამოყენების პრინციპს და პროცესუალური თვალთახედვით სრული ნონსენსია, რადგან აპელაციის განუხილველად დატოვება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის განუხილველად დატოვება, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო, სამართლებრივად წინააღმდეგობრივ და შეუთავსებელ მოქმედებათა შეთავსების მცდელობას და ეწინააღმდეგება სამართალწარმოების კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ საპროცესო წესების საფუძველზე განხორციელების პრინციპსა და ვალდებულებას.
შეჯამების სახით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა უნდა გამიჯნონ და იხელმძღვანელონ ინსტანციური იურისდიქციის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ინსტიტუტებისა და წესების მკაცრი დაცვით, რათა არ დაუშვან საქმის პროცესუალურ მონაწილეთა კანონით უზრუნველყოფილი საპროცესო უფლებების შელახვა და იგნორირება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელე რ. გ-ის გარდაცვალების გამო, რ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 07 ნოემბერს ჩაბარდა რ. გ-ის წარმომადგენელს გ. წ-ეს. ასევე, 2012 წლის 05 სექტემბერს გ. წ-ესა და რ. გ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაეგზავნათ მიმართვა, რათა წარმოედგინათ რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობასთან დაკავშირებით მტკიცებულება, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობა.
2012 წლის 09 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ რ. გ-ის შვილმა გ. გ-ემ მიმართა ნოტარიუს ნ. ბ-ეს გარდაცვლილი რ. გ-ის სამკვიდროს მიღების მიზნით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მხარის მიერ, უფლებამონაცვლედ ცნობასთან დაკავშირებით რაიმე მასალები წარდგენილი არ ყოფილა, რომ საქმის წარმოების შეჩერებიდან ერთი წლის ვადაში საქმეში არ ჩაერთო რ. გ-ის უფლებამონაცვლე და არც ვადის გაგრძელების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოსათვის არავის მიუმართავს.
გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,2012 წლის 05 სექტემბერს გ. წ-ესა და რ. გ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს გაეგზავნათ მიმართვა იმის თაობაზე, რომ წარმოედგინათ რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობასთან დაკავშირებით მტკიცებულება, კერძოდ- სამკვიდრო მოწმობა“. საკასაციო სასამართლო აფასებს რა ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ გაცემულ ცნობას, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში აღნიშნული მტკიცებულება სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა. სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ უნდა იქნას მიჩნეული გ. გ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულება საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენისათვის საკმარისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეემოწმება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელიც სასამართლომ შესაძლებელია გამოიყენოს სამართალწარმოებისას. ამასთანავე, 105-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენლი ძალა. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მტკიცებულებები უნდა შეაფასოს შინაგანი რწმენის საფუძველზე, რაც უნდა ეფუძნებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მხოლოდ ამის შემდეგ არის უფლებამოსილი გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, რომლებითაც მოწესრიგებულია საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხები, კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა სახის დოკუმენტით შეიძლება დადგინდეს უფლებამონაცვლეობაზე პრეტენდენტი პირის უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის მიერ მიღებულად ჩაითვლება თუ: 1. იგი მიმართავს სანოტარო ორგანოს და შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან 2. მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება - ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ გაცემული ცნობა, უდავოდ მოწმობს, რომ გ. გ-ემ, მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მისაღებად მიმართა სანოტარო ორგანოს, რაც ზემომითითებული სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს მემკვიდრის სათანადო უფლება-მოვალეობების დადგენით.
საკასაციო სასამართლო აძლევს რა სამართლებრივ შეფასებას გ. გ-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობით დასტურდება გ. გ-ის სამართალმემკვიდრეობის ფაქტი რ. გ-ის ქონებაზე და ის ფაქტი, რომ სანოტარო ბიუროში სამართალმემკვიდრეობის საქმის წარმოება იურიდიულად დასრულებული არ იყო, ანუ სამკვიდრო მოწმობა სააპელაციო სამართალწარმოების მომენტში არ გაცემულა, არ წარმოადგენდა გ. გ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნევის დამაბრკოლებელ გარემოებას. მით უფრო, იმის გათვალისწინებით რომ გ. გ-ემ საკასაციო სასამართლოში წარადგინა ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 368-373).
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გ. გ-ემ სამკვიდრო მოწმობა დამატებითი მტკიცებულების სახით მხოლოდ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა და სააპელაციო სამართალწარმოებისას მტკიცებულების სახით მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული ცნობა იყო წარდგენილი, არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი გ. გ-ის რ. გ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნევისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 06 აპრილის განჩინება საქმეზე №ას-432-410-2012 აყალიბებს იდენტური შინაარსის პრაქტიკას სამკვიდროს მიღების მომენტთან დაკავშირებით. ხოლო საპროცესო უფლებამონაცველობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ,,უფლებამონაცვლედ პირის ცნობისათვის საჭიროა უფლებამონაცვლის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარდგენა, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს უფლებამოსილ პირად ნ.ბ-ძის მიჩნევის საფუძველი, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, მემკვიდრემ ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით მიიღო სამკვიდრო .... მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ნ.ბ-ძეს სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია, იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს და უფლება აქვს, შესაბამისი გარემოებების აცილების შემდგომ მიიღოს სამკვიდრო მოწმობა~.
საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევითაა მიღებული. საქმეზე გამოტანილია არასწორი განჩინება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს უფლებამონაცვლეობის საკითხზე და დასაშვებობის სტადიიდან განიხილოს საქმე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება. შესაბამისად, გ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინება და კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე განცხადების დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე