Facebook Twitter

#ბს-163-156(კ-13) 16 მაისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 16 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ სპს ,,…“, გ. ს-ის, მ.მ-ის, შ. მ-ის და დ. ა-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა შ. მ-ის, მ. მ-ისა და სპს ,,…“, ასევე დ. ა-ის, გ. ს-ისა და სპს ,,…“ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობა. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სპს ,,..“ პარტნიორების მ. მ-ის, გ. ს-ის, დ. ა-ისა და შ. მ-ის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ შეემოსავლების სამსახურის შუამგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღა დაედო შ. მ-ისა და დ. ა-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა დანარჩენი მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინება ასევე გაასაჩივრა შ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით შ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ასევე დ. ა-ემ, რაც არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის განჩინებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სსპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადასტურებულად იქნა ცნობილი, რომ შ. მ-ე წარმოადგენს მ. მ-ისა და სპს „…“ ცრუმაგიერ პირს, ასევე დ. ა-ე წარმოადგენს გ. ს-ისა და სპს „…“ ცრუმაგიერ პირს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სპს ,,…“, მ. მ-ემ, შ. მ-ემ, გ. ს-ე და დ. ა-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სპს ,,…“, მ. მ-ის, გ. ს-ის, შ. მ-ის და დ. ა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შ. მ-ის, დ. ა-ის, მ. მ-ისა და გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ნ. სხირტლაძე