საქმე ¹ბს-187-180 (2კ-13) 16 მაისი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. პ-ას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.12წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ნ. ბ-ის მიმართ, რომლითაც 30.06.98 წ. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, საიჯარო დავალიანების _ 1034,5 აშშ დოლარის გადახდის დავალდებულება და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ბ-ის, ს. ა-ისა და ი. ჯ-ის განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.06წ. განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.06 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ დ. ბ-ი, ს. ა-ი და ი. ჯ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 08.06.06წ. განჩინებაში აღნიშნა, რომ შეუძლებელია თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელის განხილვა მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ 30.06.98 წ. იჯარა - გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე, ვიდრე არ დადგინდება სადავო ხელშეკრულების უფლება-მოვალეობათა სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 08.06.06 წ. განჩინებით თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელზე საქმის წარმოება შეჩერდა შემდეგი საქმეების განხილვამდე: 1. დ. ბ-ის, ს. ა-ისა და ი. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის ნ. ბ-ის და მესამე პირის – ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ 30.06.1998 წლის იჯარა - გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული საქმის და 2. იმავე მოსარჩელეების სარჩელისა გამო იმავე მოპასუხეების მიმართ შპს ,,...” რეგისტრაციის გაუქმებისა და საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე აღძრული სამოქალაქო საქმის განხილვამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.01.2007 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დ. ბ-ის, ს. ა-ის და ი.ჯ-ის სარჩელი შპს ,,...” რეგისტრაციის გაუქმებისა და შესწორებული მონაცემებით რეგისტრაციით განხორციელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2011 წლის განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოდასახელებული 2 საქმიდან ერთის – დ. ბ-ის, ს. ა-ისა და ი. ჯ-ის სარჩელისა გამო შპს ,,...” რეგისტრაციის გაუქმებისა და საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე აღძრული სამოქალაქო საქმის წარმოება დასრულებულია 11.01.2007 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო მეორე საქმეზე დ. ბ-ის, ს. ა-ისა და ი. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის ნ. ბ-ის და მესამე პირის – ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ 30.06.1998 წ. იჯარა გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ადმინისტრაციული საქმის წარმოება არ დასრულებულა და კვლავ მიმდინარეობს. სასამართლომ აღნიშნული განჩინებით თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩააბა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; მესამე პირის – დ. ბ-ის უფლებამონაცვლედ კი მოწვეულ იქნენ ნ. პ-ა, ა. გ. და ფ. ბ-ები. ამავე განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და ერთ წარმოებად გაერთიანდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის, საიჯარო ქირის დაკისრებისა და ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე აღძრული ადმინისტრაციული საქმე და ა.ბ-ის, გ.ბ-ის, ფ.ბ-ის, ნ.პ-ას, ს. ა-ისა და ი. ჯ-ის სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მესამე პირის – ნ. ბ-ის მიმართ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას 24.02.11წ. სხდომაზე მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.11წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შეწყვეტილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. ბ-ს შორის 30.06.98წ. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება; ნ. ბ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ... გამზ. #67-ში მდებარე ... არასაცხოვრებელი ფართი; ი. ჯ-ს, ს. ა-ს, ნ. პ-ას, ა. გ. და ფ. ბ-ებს უარი ეთქვათ 30.06.98წ. დადებულ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.11 წ. განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.11 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.11 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.12წ. განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.11 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.12წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.12წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი 30.06.98წ. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და ქ.თბილისში, ... გამზ. №67-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის - ... ნ. ბ-ის მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ნ.პ-იამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.პ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.პ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამასთან, ნ.პ-ას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 05.04.2013წ. №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.პ-იას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.12.12წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ნ. პ-ას (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 05.04.2013წ. №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე