Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-221-213(კ-13) 24 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _Qსაქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

2012 წლის 18 იანვარს ი/მ „ბ. ჯ-ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 27 ივნისის №1252 ბრძანების, №022-28 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 25 ოქტომბრის №9649 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ იდავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ი/მ „ბ. ჯ-ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „ბ. ჯ-ამ“, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით ი/მ „ბ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „ბ. ჯ-ამ“, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის2013 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ ი/მ „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

Aამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით ი/მ „ბ. ჯ-ას“ დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კასატორს - ი/მ „ბ. ჯ-ას“. A

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინება 2013 წლის 7 მაისს ჩაიბარა ი/მ „ბ. ჯ-ას“ მეუღლემ - მ. ბ-ამ, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინების ასლი ი/მ „ბ. ჯ-ას“ მეუღლემ - მ. ბ-ამ 2013 წლის 7 მაისს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 8 მაისს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2013 წლის 17 მაისს, პარასკევს 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა - ი/მ „ბ. ჯ-ამ“ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება და სახელმწიფო ბაჟის - 2138 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საფოსტო განყოფილებაში 2013 წლის 20 მაისს შეიტანა, სახელმწიფო ბაჟი საბანკო დაწესებულებაში გადახდილ იქნა ასევე 2013 წლის 20 მაისს, საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი/მ „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447.1 მუხლის შესაბამისად, ი/მ „ბ. ჯ-ას“ სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 20 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2138 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი/მ „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი;

2. ი/მ „ბ. ჯ-ას“ სრულად დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 20 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2138 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე