Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-272-264(კ-13) 20 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2013 წლის 13 მაისს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-272-264(კ-13) ლ. კ-ას საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ლ. კ-ას სარჩელი, მოპასუხე ნოტარიუსი ც. ბ-ის მიმართ სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 2013 წლის 26 მარტის №130283672 დადგენილებისა და ამავე ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 8 აპრილს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მისი კანონისმიერი სამკვიდრო წილის განსაზღვრის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ლ. კ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ასევე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, რომლებითაც საქმე არსებითად წყდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს, ანუ საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები; სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, რომლებიც გამოტანილია სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების უცვლელად (ძალაში) დატოვების შესახებ, აგრეთვე, განჩინება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნების შესახებ; სააპელაციო სასამართლოების მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებები, გამოტანილი განმეორებით დაუსწრებლობის გამო.

მოცემულ შემთხვევაში, ლ. კ-ას მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება, რომლითაც მისი სარჩელი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით, რაც გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო იხილავს დავას განსჯადობის შესახებ სასამართლოებს შორის დავის არსებობის შემთხვევაში, როდესაც სასამართლო არ ეთანხმება იმ სასამართლოს მოსაზრებას განსჯადობასთან დაკავშირებით, რომელმაც გადაუგზავნა მას საქმე, ხოლო რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებას- ლ. კ-ას სარჩელისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ არ საჩივრდება, რის შესახებაც აღნიშნული განჩინებით განემარტათ მხარეებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული განჩინება საერთოდ არ ექვემდებარება გასაჩივრებას და მითუფრო, საკასაციო წესით. ამგვარი საპროცესო უფლებამოსილებით მოქმედი პროცესუალური კანონმდებლობით მხარეები აღჭურვილნი არ არიან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. კ-ას სსსკ-ის 447-ე მუხლის ანალოგიით, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; 26-e, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 284-e, 285-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; დ. ტ-ას დაუბრუნდეს ლ. კ-ას საქმეზე 2013 წლის 7 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე