Facebook Twitter

ბს-527-518 (კ-12) 30 მაისი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე

კასატორი ინტერნეტ - გამოცემა „…“ (ააიპ …)

მოწინააღმდეგე მხარე - თვითმმართველ ქალაქ რუსთავის საკრებულო

დავის საგანი - საჯარო ინფორმაციის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.12 წ განჩინება

კასატორის მოთხოვნა - საჯარო ინფორმაციის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

11.11.2011 წ. ინტერნეტ-გამოცემა … სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა საჯარო ინფორაციის გაცემა, კერძოდ ინფორმაცია 2010 წლის და 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით გაცემული ფულადი პრემიების ოდენობებზე, ადრესატებსა და გაცემის თარიღებზე ინფორმაციის, ასევე 2011 წელს შეძენილი ავტომანქანების მარკის, ოდენობის და ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 04.10.2011 წ. ინტერნეტ-გამოცემა „…“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მოპასუხეს ზემოღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ხარჯები გაწერილი იყო „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. რუსთავის საკრებულოს 27.12.2010 წ. №47 დადგენილებაში. რაც შეეხება თვითმმართველობის ავტოპარკის 2011 წელს განახლების საკითხს, მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნული საკითხები მოწესრიგებული იყო ქ. რუსთავისა და სს „ლ…“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმით მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნები.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.02.2012 წ. გადაწყვეტილებით ინტერნეტ-გამოცემა „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სზაკ-ის 27-ე, 28-ე, 37-ე, 41-ე და 44-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ინტერნეტ-გამოცემა „…“ სარჩელი ქ. რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ხელფასის, პრემიისა და მათი გაცემის თარიღების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია დაკავშირებულია პირის ფინანსებთან და წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რომლის მისაღებად საჭიროა თვით ამ პირის თანხმობა, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ქ. რუსთავის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ხარჯები გაწერილია თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 27.12.2010 წ. დადგენილებაში, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსებულია თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rustavi.ge). სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ავტოპარკის განახლების თაობაზე ინფორმაციის გაცემისაგან თავის შეკავებით თვითმმართველობის ორგანოს არ დაურღვევია სზაკ-ის მე-3 თავის მოთხოვნები, რადგან ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებული გარიგების მეორე მხარეს წარმოადგენს სს „ლ…“, რომელიც მოქმედებს „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონის საფუძველზე, შესაბამისად, სზაკ-ის 37-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია შეიძლება გაიცეს მხოლოდ გარიგების მონაწილეთათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნება დახურულ, კომერციულ ინფორმაციას და მისმა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბანკის ინტერესებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.02.2012 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინტერნეტ-გამოცემა „…“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2012 წ. განჩინებით ინტერნეტ-გამოცემა „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.02.2012 წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეჟიმი განსხვავდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების სამართლებრივი რეჟიმისაგან. ხელფასთან და პრემიასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა ფინანსურ და კერძო საკითხებს და შესაბამისად მათ პირად საიდუმლოებას, რომელიც შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე, კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირთათვის და მისი დაცულობა გარანტირებულია კანონით. სააპელაციო პალატამ სზაკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ კანონმდებელმა ხელმისაწვდომი გახადა თანამდებობის პირთა პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული პერსონალური მონაცემები. სასამართლომ მიუთითა, რომ საკრებულოს საჯარო მოხელთა შრომის ანაზღაურების ხარჯები გაწერილია „თვითმმართველ ქალაქ რუსთავის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 27.12.10წ. №47 დადგენილებაში, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსებულია თვითმმართველ ქალაქ რუსთავის ვებ-გვერდზე. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას არ ახლდა შესაბამის პირთა კანონით გათვალისწინებული თანხმობა, რის გამოც საკრებულოს არ გააჩნდა ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოში მომუშავე პირთა მიმართ არსებულ ინფორმაციასთან მიმართებაში მოსარჩელის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროში მათ შესახებ არსებული დეკლარაციების გაცნობით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება იმის შესახებ, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ავტოპარკის განახლების თაობაზე ინფორმაციის გაცემისაგან თავის შეკავებით არ დარღვეულა სზაკ-ის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნები. პალატამ აღნიშნა, რომ საკრებულოს ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით გარიგების მეორე მხარეა არასაჯარო დაწესებულება - სს „ლ…“, გარიგების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს მხოლოდ გარიგების მონაწილეთათვის და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია განეკუთვნება დახურულ, კომერციულ ინფორმაციას და მისმა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბანკის ინტერესებს, ბანკი არ არის თანახმა გახმაურდეს გარიგებასთან დაკავშირებული დეტალები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2012 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინტერნეტ-გამოცემა „…“, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, იწოდება პირის პერსონალურ მონაცემებად, პირის პერსონალური მონაცემი არის ღია. კანონი ითვალისწინებს ასეთი სახის ინფორმაციის გასაიდუმლოების 2 შემთხვევას, სზაკ-ის 271 მუხლის შესაბამისად პერსონალური მონაცემის პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია. მეორე შემთხვევა გულისხმობს ინფორმაციას, რომელიც კანონის შესაბამისად ავტომატურად არის გასაიდუმლოებული. პერსონალური მონაცემის პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს წყვეტს პირი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ პირი არ მოითხოვს პერსონალური მონაცემების გასაიდუმლეობას, აღნიშნული ინფორმაცია ხდება ღია და ხელმისაწვდომი. მოცემულ შემთხვევაში საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოების შესახებ არანაირი მტკიცებულება არ წარმოდგენილა.

კასატორი აღნიშნავს, რომ წერილობით მიმართა საკრებულოს ინფორმაციის გაცემის შესახებ, შესაბამისად პასუხი ინფორმაციის გაცემის შესახებ წერილობით უნდა გაცემულიყო, სზაკ-ი არ იცნობს საჯარო ინფრომაციის გაცემას ვებ-გვერდზე მითითებით, მან მოითხოვა ინფორმაციის გაცემა და არა მითითება საიტზე, მით უფრო, რომ ფულადი პრემიის გაცემის შესახებ ინფორმაცია არცერთ მითითებულ ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამდებობის პირების პერსონალური ინფორმაცია ფულადი პრემიების შესახებ ხელმისაწვდომი იყო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დეკლარაციაში აღნიშნულის შესახებ არაფერი წერია, დავის საგანს შეადგენს ფულადი პრემიები და არა თანამდებობრივი სარგოები, რის გამო დარღვეულია სზაკ-ის 37-ე, მე-40 მუხლების მოთხოვნები. მოთხოვნილი ინფორმაცია არც სასამართლოს მიერ მითითებული საკრებულოს 27.12.10წ. №47 დადგენილებაშია.

უკანონოა აგრეთვე კასატორის აზრით საკრებულოს ავტოპარკის განახლების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი იმაზე მითითებით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია დახურულ კომერციულ ინფორმაციას განეკუთვნება და მისმა გაუმჟღავნებულობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბანკის ინტერესებს. კასატორი აღნიშნავს, რომ საკრებულო არის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია ბიუჯეტი, ბიუჯეტში თანხების მობილიზება ხდება ქ. რუსთავის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახდებით, თვითმმართველობის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. სზაკ-ის 272 მუხლის თანახმად ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ არის კომერციული საიდუმლოება. შესაბამისად თვითმმართველობის ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად, რადგან საბიუჯეტო სახსრებით შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკაასაციო სასამართლო მხარეთა მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 24-ე მუხლი ითვალისწინებს მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმის - მოქმედების განხორციელების თაობაზე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომების (რეალაქტის) განხორციელების მოთხოვნა, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში ქალაქ რუსთავის თვითმმართველი ორგანოს, უფლებამოსილებიდან გამომდინარე ასეთი მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან და თანამდებობის პირებისაგან, ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის საჯაროობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პრინციპი, სზაკ-ის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა.

საქმის მასალების მიხედვით ააიპ კავშირი პრესა - საქართველოს (ინტერნეტ გამოცემა …) მოთხოვნას შეადგენს 2010 წლის და 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით თვითმმართველ ქ. რუსთავის საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემული ფულადი პრემიების ოდენობის, ადრესატებისა და გაცემის თარიღების შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე 2011 წელს ქ. რუსთავის საკრებულოს მიერ ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით შეძენილი ავტომანქანების რაოდენობის, ღირებულებისა და სახეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. საკრებულომ 13.10.11 წ. №2883/1 და 27.10.11 წ. №1/10493 წერილობით პასუხში მიუთითა, რომ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია შესაბამისი ვებ-გვერდის მეშვეობით.

სზაკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა. მოსარჩელეს საჯარო ინფორმაციის გაცემა შესაბამის ვებ-გვერდზე მითითებით არ მოუთხოვია, საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელისათვის ინფორმაციის ოფიციალური დოკუმენტის ან ელექტრონული ვერსიის სახით მიღების შეთავაზების, ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის სახით გაცემის არჩევის დამადასტურებელი დოკუმენტი. სზაკ-ის 38-ე მუხლი უთითებს საჯარო დაწესებულების ვალდებულებაზე უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსის საშუალებით საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის და გაცემის სტანდარტი, სზაკ-ში 25.05.12 წ. კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება 2013 წლის 1 სექტემბრიდან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 04.10.11 წ. №877, 18.10.11 წ. №879 წერილებით განმცხადებელი, ინტერნეტ-გამოცემა …-ის კორესპონდენტი, ითხოვდა ფულადი პრემიების შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას პრემიების მიმღები კონკრეტული პირების შესახებ, კონკრეტულ პირებზე გაცემული თანხების ოდენობას, გაცემის თარიღების მითითებით, აღნიშნული ინფორმაცია მოპასუხის მიერ მითითებულ საიტებზე (rustavi.ge; matsne.gov.ge; declaration.gov.ge) განთავსებული არ არის. ამასთანავე, პროაქტიული გამოქვეყნება, ანუ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსზე განთავსება, სზაკ-ის მე-40.2 მუხლის თანახმად, არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკრებულოს წერილში მითითება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 27.12.2010 წ. №47 დადგენილებაზე არ იძლევა მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა უკავშირდება არა ნორმატიულ, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არსებულ ინფორმაციას, მოპასუხის წერილში მითითებული დადგენილების ელექტრონული ვერსია შეიცავს 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების, მათ შორის შრომის ანაზღაურების, მთლიან თანხებზე მითითებას, მასში არ არის მითითებული პრემიალური თანხების მიმღები პირები, კონკრეტულ პირებზე გაცემული თანხების ოდენობა.

მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას არ იძლევა აგრეთვე მოპასუხის წერილში მითითებული თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს ნორმატიული აქტები, კერძოდ საკრებულოს 04.08.2010 წ. №13 და 08.01.11 წ. №52 დადგენილებები თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ, ხსენებული დადგენილებები არ შეიცავენ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას 2010 წლის და 2011 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით პრემირებული მოხელეების ვინაობის, პრემიების გაცემის თარიღების და პრემიალური თანხების ოდენობის შესახებ, ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს აგრეთვე თვითმმართველი ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შინაარსი არ ეხება ცალკეული მუშაკების ფულადი წახალისების საკითხს.

ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ადასტურებს აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მ.შ. 27.10.11 წ. №1/10493 წერილში მითითება იმაზე, რომ საკრებულოს 04.08.10 წ. №13 და 08.01.11 წ. №52 დადგენილებები მიღებულია „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 29.08.05 წ. №726 ბრძანებულებით განსაზღვრულ ფარგლებში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკრებულოს 04.08.10 წ. №13 და 08.01.11 წ. №52 დადგენილებებში საქართველოს პრეზიდენტის 29.08.05 წ. №726 ბრძანებულებაში საუბარია თანამდებობრივ სარგოებზე და არა პრემიებზე, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს კონკრეტულ პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას.

მოთხოვნილი ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას არ იძლევა აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებულობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა და შესაბამის საიტზე (www.declaration.gov.ge) ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა, ვინაიდან ხსენებული კანონის თანახმად, დეკლარაციაში მიეთითება წინა წლის განმავლობაში ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული საერთო თანხა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესახებ მოსარჩელისათვის ხელმისაწვდომი იყო.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადენილი შემთხვევებისა. მოსარჩელის მოთხოვნა ეხება კონკრეტულ პირებზე გაცემული პრემიალური თანხების შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალებას, მოთხოვნილი ინფორმაცია იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას ანუ ეხება პირის პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, არის პირის პერსონალური მონაცემი, შესაბამისად, ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმი. ვინაიდან პერსონალური მონაცემების დაცვა კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ნაწილია და ამდენად კონსტიტუციური ბუნება აქვს, მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები პრაქტიკულად ყველა დარგში არსებობს. მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულია თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ღიაობა. კერძოდ, სზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის განხილვის პერიოდში მიღებულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 28.12.11 წ. კანონი, პერსონალური მონაცემების დაცვის საბაზო კანონის მიღების გამო სზაკ-ში 25.05.12 წ. კანონით შეტანილი ცვლილებებით, კანონსა და კოდექსს შორის კოლიზიის თავიდან აცილების მიზნით, ძალადაკარგულად გამოცხადდა კოდექსის ზოგიერთი ნორმა (39-ე, 43-ე, 45-ე, 46-ე მუხ.), კოდექსის რიგი ნორმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დებულებებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი. განხორციელებული საკანონმდებლო ნოვაციების შედეგად პერსონალური მონაცემების დაცვა აგებულია მონაცემის კონფიდენციალობაზე. აღნიშნულის შესაბამისად, შეცვლილია სზაკ-ის 271 მუხლის თავდაპირველი რედაქცია, რომელიც პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევისათვის ითვალისწინებდა პირის გადაწყვეტილების საჭიროებას, ნორმის ასეთი რედაქცია ქმნიდა პერსონალური მონაცემების ღიაობის, ხელმისაწვდომობის მტკიცების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელია მისი აგება იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას. აღნიშნულის შესაბამისად, სზაკ-ში 25.05.12 წ. კანონით შეტანილი დამატებებით, ცვლილება განიცადა კოდექსის 271 მუხლის რედაქციამ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პერსონალური მონაცემი არის ღია, ხელმისაწვდომი, სანამ პირი კონკრეტულ სიტუაციაში არ განაცხადებს მონაცემს პირად საიდუმლოებად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემი არის პირადი ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, პერსონალური მონაცემის დაცვაში საბოლოოდ პრიორიტეტი ენიჭება არა მგრძნობიარობის, არამედ იდენტიფიკაციის კრიტერიუმს - მონაცემი დაცვას ექვემდეარება უკეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია. გამონაკლისს შეადგენს შემთხვევა, როდესაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია მონაცემის ღიაობა. „პერსონალური მონცემთა დაცვის შესახებ“ კანონის, აგრეთვე სზაკ-ში 25.05.12წ. კანონით შეტანილი ცვლილებების (მე-2 მუხ. ,,ნ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხ., 99-ე მუხ.) თანახმად, პერსონალური მონაცემი კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება, აგრეთვე სზაკ-ის 44-ე მუხლი შეიცავს საგამონაკლისო დებულებას თანამდებობის პირებისათვის (თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებისათვის). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა იმ შემთხვევაში მოქმედებს, უკეთუ არ არსებობს სპეციალური რეგულირება ცალკეულ, სპეციალურ კანონებში. მონაცემთა დაცვა წარმოადგენს ტიპიურ მაგალითს სხვადასხვა სფეროს მომცველი გამჭოლი საკითხისა, რომელიც არ თავსდება ერთი უნივერსალური საკანონმდებლო აქტის რეგულაციაში, ამასთანავე მხედველობაშია მისაღები, რომ მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციასთან შედარებით მონაცემთა დაცვის სპეციალურ სფეროთა რეგულაციის ნორმებს უპირატესი, პრიორიტეტული ძალა ენიჭება, მონაცემთა დაცვის ზოგადი კანონი ძირითად მნიშვნელობას იძენს მონაცემთა დაცვის განსაკუთრებული რეგულაციის არ არსებობის პირობებში. სზაკ-ი, როგორც მმართველობის სფეროში მონაცემთა დაცვის სპეციალური კანონი, თანამდებობის პირთა მიმართ შეიცავს სპეციალურ რეგულაციას, თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი განსხვავებულია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის ტრანსფორენტობა, გამჭირვალობა (კანონმდებლობა (მაგ. „საჯარო სამსახურში ინერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხ.) ითვალისწინებს არათუ თანამდებობის პირთა, არამედ მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას). ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობის პირის მონაცემები კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ სზაკ-ის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისათვის თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ხსენებული თანამდებობის პირების მიმართ. ამასთანავე, ვინაიდან საკრებულოში მომუშავე ყველა პირი არ არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მოსარჩელის მოთხოვნა საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომლის მიმართ გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე, არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასეთი ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნა უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოსამსახურეების პერსონალურ მონაცემებს, სზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური საიდუმლოება თვით ამ პირის თანხმობის გარეშე.

არ არის დასაბუთებული აგრეთვე სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება საკრებულოს ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში. სზაკ-ის 272 მუხლის თანახმად, კომერციული საიდუმეობა არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსხვავებით პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული რეგულაციისა, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისათვის აუცილებელია პირის გამოხატული ნება, იმისათვის, რომ სზაკ-ის 272.1 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას მიენიჭოს კომერციული საიდუმლოების სტატუსი. სზაკ-ი ადგენს პირის მითითების ვალდებულებას აღნიშნულის თაობაზე (მუხ. 272.3), ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს წყვეტს ადმინისტრაციული ორგანო. განსახილველი სარჩელის აღძვრამდე ბანკს ხსენებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა არ მოუთხოვია, სასარჩელო მოთხოვნა საერთოდ არ ეხება საკრებულოსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსს, ბანკის მიერ გაწეული საბანკო მომსახურების დეტალებს, მოსარჩელე მოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოსაგან, მოთხოვნა ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესყიდული ავტომანქანების ოდენობის და ღირებულების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, მოთხოვნილი ინფორმაცია არ ეხება ბანკის კომერციულ ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრებით შესყიდვების განხორციელების შესახებ ინფორმაცია ღიაა. თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის საჯაროობა, ანგარიშვალდებულება არის თვითმმართველობის განხორციელების ფუძემდებლური პრინციპი, რომლის დაცვაზე უარის პირობას არ ქმნის შესყიდვის განსახორციელებლად ბანკთან ხელშეკრულების დადება. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 48-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით მომსახურების შესყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიხედვით კანონის ერთ-ერთი მიზანი და ფუძემდებლური პრინციპი სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფაა (მუხ. 2, „დ“ ქვეპუნქტი), ამათანავე კანონის 3.1. მუხლის „ა. ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო შესყიდვებს განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით განხორციელებული შესყიდვა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად საბიუჯეტო პროცესის ძირითადი პრინციპი - გამჭირვალობაა, რომელიც გულისხმობს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის (4.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის განუყოფელი ნაწილია (მე-5 მუხ.), კოდექსი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების შესახებ ანგარიშის ყოველთვიური და ყოველწლიური მომზადების ვალდებულებას (84-87-ე მუხ.), ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში, კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. საბანკო საიდუმლოების რეჟიმისათვის დამახასიათებელია კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დაკისრება მხოლოდ მომსახურების გამწევისათვის და არა ინფორმაციის მფლობელობისათვის, საბანკო საიდუმლოების დაცვის ვალდებულება აქვს საკრედიტო ორგანიზაციას და არა კლიენტს, რომელსაც მოცემულ სუბორდინაციულ ურთიერთობაში დომინირებული მდგომარეობა აქვს, შესაბამისად ბანკის პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, ამასთანავე მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციას არა ბანკისაგან, არამედ საკრებულოსაგან, საბანკო საიდუმლოება არის კომერციული საიდუმლოების დაცვის ერთ-ერთი გარანტი, საკრებულოს არ აქვს კომერციული საიდუმლოება, ვინაიდან სზაკ-ის 272 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. ამდენად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კავშირი კერძო საბანკო მომსახურებასთან, ბანკის კომერციულ საიდუმლოებასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა ის, რომ საჯარო მოხელეების ფულადი პრემირების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე, სააპელაციო პალატის მიერ ამ დასკვნის უდავო გარემოებად მიჩნევა არასწორია, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტი სადავოდ ხდიდა ამ გარემოებას, ამასთანავე სასამართლოს მიერ მითითებულ საიტებზე დაცული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია არ შეიცავს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში დაცული მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინტერნეტ-გამოცემა ,,…“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.04.12 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე