Facebook Twitter

1829აპ ქ. თბილისი

4ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განაჩენით ვ. მ. _ დაბადებული---------,საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და დ. მ. _ დაბადებული ---------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნტით იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 19 მაისს გორის რაიონის სოფელ ..... ვ. მ.-მა არასრულწლოვან დ. მ.-თან ერთად დალია ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც მათ განიზრახეს ამავე სოფელში მცხოვრებ უ.მ.-ს ძროხის ქურდობა. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ. მ.მ სახლიდან აიღო მავთულის საჭრელი მკვნეტარა და დ. მ.-თან ერთად, ღამით, დაახლოებით 00.30 საათზე, მივიდა უ. მ.-ს საცხოვრებელ ბინასთან, გადაჭრა ეზოს მავთულბადე და ორივე ერთად ფარულად შევიდა ეზოში. მათ გააღეს ძროხის სადგომის კარი, უკანონოდ შეაღწიეს, აუშვეს დაბმული ძროხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც მოპარული საქონელი გადამალეს სოფელ ..... მიმდებარე ტერიტორაზე მდებარე ძველი ფერმის შენობაში, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 2000 ლარის ოდენობის ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ვ. მინდიაშვილს მიესაჯა 4 წლით, ხოლო დ. მ.-ს _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. მ.-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 7 დეკემბრიდან, დ. მ.-ს კი _ 2006 წლის 10 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. მ.-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ.-მ და მსჯავრდებულმა ვ. მ.-მ.

ადვოკატმა ი. გ.-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა დ. მ.-ს ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 360-ე მუხლზე და სასჯელის შემცირება, კერძოდ _ 5 ათასი ლარი ჯარიმის დაკისრება, ხოლო მსჯავრდებულმა ვ. მ.-მ _ დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ვ. მ.-სა და დ. მ.-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» და მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებზე და ვ. მ.-ს მიესაჯა 4 წლით, ხოლო დ. მ.-ს _ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 18 მაისიდან 2006 წლის 21 მაისამდე.

კასატორი _ მსჯავრდებული ვ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უ. მ.მ ის და დ. მ. დაიქირავა ჯართის დასაჭრელად, თუმცა გასამრჯელო აღარ გადაუხადა, ამიტომ მათ მისი ძროხა, უ. მ.-ს გასაბრაზებლად, დაუკითხავად წაიყვანეს სადგომიდან, რათა პატრონს ფული გადაეხადა და 2 დღის შემდეგ დაუბრუნეს; სადგომში რამდენიმე ძროხა იყო, მაგრამ მათ მხოლოდ ერთი გაიყვანეს, რადგან ის უკანვე უნდა დაებრუნებინათ და ასეც მოიქცნენ; ამ ფაქტის თვითმხილველი არ არსებობს; მას შემდეგ 12 თვის განმავლობაში ორივე გარეთ იყო და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დააპატიმრეს; მათი ქმედების მიზანი იყო მხოლოდ უ. მ.-ს გაბრაზება.

გარდა აღნიშნულისა, კასატორი პალატას სთხოვს, გაითვალისწინოს მსჯავრდებულების ასაკი, მათი წარსული, გულწრფელი მონანიება, ის, რომ მათ არ მიუთვისებიათ არავის ქონება და მათი ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლიდან გადააკვალიფიციროს 360-ე მუხლზე, ხოლო სასჯელად დაუნიშნოს ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ თავად მსჯავრდებულთა და დაზარალებულ უ. მ.-ს ჩვენებებით, რომლებიც სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების და ¹1 საპყრობილის ადმინისტრაციის მომართვების შესაბამისად, ვ. მ. და დ. მ. გათავისუფლდნენ ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ¹676-ე განკარგულების საფუძველზე.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლსსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

ამდენად, ვ. მ.-სა და დ. მ.-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მათი შეწყალების აქტით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების გამო, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის»დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. მ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულების _ ვ. მ.ს და დ. მ.-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ¹676-ე განკარგულების საფუძველზე მათი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.