#ბს-735-719(კ-12) 30 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორები (მოსარჩელეები) _ კ. ყ-ი; თ. კ-ა; მ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი _ ბ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 28 თებერვალს კ. ყ-მა და თ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, კერძოდ, თ. კ-ას სასარგებლოდ – 3 360 ლარის, ხოლო კ. ყ-ის სასარგებლოდ – 2 800 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
2012 წლის 19 მარტს მ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 2 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით საქმე №3/1408-12 და საქმე №3/1069-12 გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მათ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2010 წლის სექტემბრიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია, რასაც იღებდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ი. ლ-ის 2010 წლის 24 ნოემბრის №04/07-2201, №04/07-2202 წერილებით (კ. ყ-ს და თ. კ-ას) და გარდაბნის რაიონული განყოფილების უფროსის 2010 წლის 15 სექტემბრის №05-19-40 წერილით (მ. კ-ს) ეცნობათ, რომ სახელმწიფო კომპენსაცია შეუჩერდათ/შეუწყდათ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე.
მოსარჩელეთა მითითებით, კომპენსაციის შეჩერების საფუძველი გახდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, სადაც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრული იყვნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამდებობის პირები, რომელსაც უნდა დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია არ არსებობდა. მოსარჩელეთა მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ხარვეზი კანონში 2011 წლის 22 მარტს განხორციელებული ცვლილებით გასწორდა, მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო.
მოსარჩელეები მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებდნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობდა, ვალდებული იყო აენაზღაურებინა დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებდა პასუხს.
მოსარჩელეები აგრეთვე მიუთითებდნენ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა შეჩერდებოდა: ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდებოდა ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ კომპენსაცია წარსული დროისთვის გაიცემოდა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრებოდა მინისტრის ნორმატიული აქტით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდებოდა მიმღების მიერ კომპეტენტურ ორგანოში კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის შემდეგ და ანაზღაურდებოდა მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. კ-ას - 2010 წლის 8 სექტემბრიდან (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით), კ. ყ-ს - 2010 წლის 6 სექტემბრიდან (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით), ხოლო მ. კ-ს - 2010 წლის 3 სექტემბრიდან (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით) დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია, თითოეულს - 560 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით თ. კ-ას 2011 წლის 1 იანვრიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაცია; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით კ. ყ-ს 2010 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია; ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით მ. კ-ს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაცია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ი. ლ-ის 2010 წლის 24 ნოემბრის №04/07-2201, №04/07-2202 წერილებით (კ. ყ-ს და თ. კ-ას) და გარდაბნის რაიონული განყოფილების უფროსის 2010 წლის 15 სექტემბრის № 05-19-40 წერილით (მ. კ-ს) მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ სახელმწიფო კომპენსაცია შეუჩერდათ/შეუწყდათ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 წერილით კ. ყ-ს, თ. კ-ას და მ. კ-ს ეცნობათ, რომ მიუხედავად ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 11 მარტს განხორციელებული ცვლილებებისა, რომლის შედეგადაც დაკონკრეტდა ფინანსთა სამინისტროს ხაზით კომპენსაციის დანიშვნის უფლების მქონე პირთა წრე, მიუღებელი თანხის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ გასული პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” (თავდაპირველი რედაქცია) 2005 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ: ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს”; ამავე კანონის მე-8 მუხლით კი დადგენილი იყო სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება. მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდებოდა ფინანსური პოლიციის მოსამსახურეებზე, თუ მათ ჰქონდათ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 4 წელი ფინანსურ პოლიციაში).
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 29 დეკემბრის N4277 კანონით შეტანილი ცვლილებით მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ: „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.ამავე კანონით ცვლილება შევიდა მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“; ხოლო მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებზე, რომლებიც განსაზღვრულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ ჰქონდათ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნებოდა მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები“.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 11 მარტის №4384–Iს კანონით შეტანილი ცვლილებებით მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს“. ხოლო მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე გავრცელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მათ ჰქონდათ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედიოდა ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა“.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ურთიერთობის წარმოშობის მომენტში მოქმედი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებული პირი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებდა, თუ მისი თანამდებობა გათვალისწინებული იქნებოდა მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. დადგენილება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობების ჩამონათვალი, რომლიდანაც გათავისუფლების შემთხვევაში პირს კომპენსაციის მიღების უფლება ექნებოდა საქართველოს მთავრობას არ მიუღია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის მარტამდე, მოსარჩელეებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ ჰქონდათ.
მოსარჩელეები მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებდნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობდა, ვალდებული იყო აენაზღაურებინა დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებდა პასუხს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის გამოყენება არ იყო მართებული, ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მოსარჩელეთათვის ზიანი არ მიუყენებია.
მოსარჩელეები აგრეთვე მიუთითებდნენ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა შეჩერდებოდა: ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდებოდა ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ კომპენსაცია წარსული დროისთვის გაიცემოდა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრებოდა მინისტრის ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდებოდა მიმღების მიერ კომპეტენტურ ორგანოში კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის შემდეგ და ანაზღაურდებოდა მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა შეჩერების პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებას, თუ კომპენსაციის შეჩერება ამავე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული საფუძვლით მოხდა.
დადგენილი იყო, რომ კ. ყ-ს სახელმწიფო კომპენსაციის მიღება შეუწყდა და შეჩერებული არ ჰქონია. რაც შეეხებოდა მ. კ-ს და თ. კ-ას, მათ კომპენსაციის მიღება 30-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე საფუძვლით არ შეჩერებიათ. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მხრიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნისას კანონის 30-ე მუხლზე მითითება არ იყო მართებული.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გასული პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე იყო კანონიერი და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილშიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. ყ-მა, თ. კ-ამ და მ. კ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მაისის განჩინებით კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ყ-მა, თ. კ-ამ და მ. კ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით თ. კ-ას 2011 წლის 1 იანვრიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო კ. ყ-ს 2010 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით მ. კ-ს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაცია.
კასატორების მითითებით, კ. ყ-ს, თ. კ-ას და მ. კ-ს, რომ შეუჩერდათ სახელმწიფო კომპენსაცია, ცალსახად იყო დადგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2010 წლის 24 ნოემბრის №04/07-22001, №04/07-2002 და სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის განყოფილების უფროსის 2010 წლის 15 ოქტომბრის №05/19-40 წერილებით, სადაც ერთმნიშვნელოვნად იყო განმარტებული, რომ კომპენსაცია შეჩერებულ იქნა კანონში არსებული ხარვეზის გამო. სახელმწიფო კომპენსაცია შეჩერებული იყო საკითხის საბოლოო გარკვევამდე. კასატორების მოსაზრებით, რადგან კანონში არსებული ხარვეზი 2011 წლის 11 მარტის კანონის ცვლილებით გასწორდა, გაუცემელი კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა განეახლებინა და გაეცა.
კასატორების მითითებით, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, გარდა 30-ე მუხლისა, კომპენსაციის შეჩერებას არ ითვალისწინებდა, რის გამოც შეჩერების საფუძველი ნებისმიერ შემთხვევაში იყო აღნიშნული კანონის 30-ე მუხლით. კასატორების მითითებით, სასამართლომ არ განმარტა თუ რომელი მუხლის საფუძველზე შეუჩერდათ მათ კომპენსაციის გაცემა.
კასატორების მოსაზრებით, კომპენსაციის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები გვიან გაკეთდა, სწორედ ამის გამო არ ეცნობათ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ და შესაბამისად, არ გადაეცათ მათი ასლი. კომპენსაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ არსებობდა მ. კ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის დროსაც, რისი ნათელი დასტური იყო მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი, რომელშიც სიტყვაც არ იყო ნახსენები კომპენსაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
კასატორების მითითებით, სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეებს 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის მარტამდე სახელმწიფო კოპენსაციის მიღების უფლება არ ჰქონდათ, არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მომსახურების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელი არის სახელმწიფო.
ამდენად, დამსახურებული კომპენსაცია მოსარჩელეებს ყველა შემთხვევაში უნდა მიეღოთ, რადგან აღნიშნული ხარვეზი განაპირობა სახელმწიფოს საჯარო მოხელეთა დანაშაულებრივმა გულგრილობამ, რომ ოთხი წლის განმავლობაში არ მიიღეს მთავრობის შესაბამისი დადგენილება. რამდენიმე თვის მიუღებელი კომპენსაცია კი კასატორებისათვის ნამდვილად მნიშვნელოვან ზიანს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 7 მარტს 13:00 საათზე.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომაზე კასატორებმა - კ. ყ-მა, თ. კ-ამ და მ. კ-მა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, დააკონკრეტეს მიუღებელი თანხების ოდენობა, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელიც (მიუღებელი თანხების ოდენობის ნაწილში) და საბოლოოდ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხის – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის – თ. კ-ას სასარგებლოდ - 3 770.67 ლარის, კ. ყ-ის სასარგებლოდ - 2 763.87 ლარის და მ. კ-ის სასარგებლოდ - 2 797.86 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, თ. კ-ამ, კ. ყ-მა და მ. კ-მა შესაბამისი განცხადებებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების განყოფილებებს და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვეს. აღნიშნული განცხადებებისა და შესაბამისი კანონის საფუძველზე, თ. კ-ას - 2010 წლის 8 სექტემბრიდან (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით), კ. ყ-ს - 2010 წლის 6 სექტემბრიდან (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით), ხოლო მ. კ-ს 2010 წლის 3 სექტემბრიდან (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის სოციალური მომსახურების განყოფილების გადაწყვეტილებით) დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია, თითოეულს - თვეში 560 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ. კ-ას - 2011 წლის 1 იანვრიდან, კ. ყ-ს - 2010 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო მ. კ-ს - 2010 წლის 1 ოქტომბრიდან შეუჩერდათ/შეუწყდათ სახელმწიფო კომპენსაცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ი. ლ-ის 2010 წლის 24 ნოემბრის №04/07-2201, №04/07-2202 წერილებით (კ. ყ-ს და თ. კ-ას) და გარდაბნის რაიონული განყოფილების უფროსის 2010 წლის 15 სექტემბრის №05-19-40 წერილით (მ. კ-ს) კასატორებს ეცნობათ, რომ სახელმწიფო კომპენსაცია შეუჩერდათ/შეუწყდათ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე. წერილების შინაარსიდან გამომდინარე, კომპენსაციის შეჩერების/შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამდებობის პირები, რომელსაც უნდა დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია არ არსებობდა. კასატორების მიერ არაერთი განცხადების წარდგენის (2011 წლის 1 მარტს, 2011 წლის 23 აგვისტოს, 2012 წლის 10 იანვარს) მიუხედავად, მათზე დანიშნული კომპენსაციის გაცემა არ განახლებულა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 11 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების პირობებში (მას შემდეგ, რაც კომპენსაციის მიმღებ სუბიექტებად ცალსახად განისაზღვრნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებული პირები) თ. კ-ამ, კ. ყ-მა და მ. კ-მა განცხადებებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის განყოფილებებს და კომპენსაციის ხელახლა დანიშვნა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვეს. თ. კ-ას, კ. ყ-ისა და მ. კ-ის განცხადებები კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილდა და კ. ყ-ს - 2011 წლის 30 მარტიდან, თ. კ-ას - 2011 წლის 23 ივნისიდან, ხოლო - მ. კ-ს - 2011 წლის 22 მარტიდან (განცხადებების წარდგენის დღიდან) დაენიშნათ კომპენსაცია, თვეში - 560 ლარის ოდენობით. მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 წერილით განმცხადებლებს ეცნობათ, რომ მიუხედავად ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 11 მარტს განხორციელებული ცვლილებებისა, რომლის შედეგადაც დაკონკრეტდა ფინანსთა სამინისტროს ხაზით კომპენსაციის დანიშვნის უფლების მქონე პირთა წრე, მიუღებელი თანხის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, განმცხადებლებს უარი ეთქვათ გასული პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნორმის სწორ განმარტებას, კერძოდ, იმ გარემოების დადგენას, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია (კომპენსაციის პირველად დანიშვნის დროს მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტებად ითვალისწინებდა თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (დეპარტამენტის) საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირებს, თუ მათი კომპენსაციის მიმღებ სუბიექტებად განსაზღვრა, მხოლოდ 2011 წლის 11 მარტს აღნიშნულ კანონში შესული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს _ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კანონმდებლის ნების სწორი განმარტება, აუცილებელია სადავო საკითხთან დაკავშირებით ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ყველა ცვლილების ქრონოლოგიური განხილვა.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” (თავდაპირველი რედაქცია) 2005 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ: ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს”; ამავე კანონის მე-8 მუხლით კი დადგენილი იყო სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება. მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდებოდა ფინანსური პოლიციის მოსამსახურეებზე, თუ მათ ჰქონდათ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 4 წელი ფინანსურ პოლიციაში).
ამასთან, კ. ყ-ის, თ. კ-ასა და მ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დროს მოქმედი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად (2006 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული №4277-რს ცვლილების შედეგად), კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ: „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.
2006 წლის 29 დეკემბრის №4277-რს კანონით ცვლილება შევიდა მე-8 მუხლშიც და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“; ხოლო მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებზე, რომლებიც განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ ჰქონდათ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნებოდა მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები“.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 11 მარტის №4384–Iს კანონით შეტანილი ცვლილებებით მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს“.
ხოლო მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე გავრცელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირებზე, თუ მათ ჰქონდათ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედიოდა ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა“.
ამასთან, ამჟამად მოქმედი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს“.
საკასაციო სასამართლო ,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების დეტალურად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის კასატორებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის პირველად დანიშვნის დროს მოქმედი რედაქცია კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტად ცალსახად მოიცავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, მათ შორის საგამოძიებო სამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირებს.
რაც შეეხება მოცემულ კანონში 2011 წლის 11 მარტს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამის ვადაში არ გამოიცა დადგენილება, რომელიც დეტალურად განსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ნუსხას, კანონმდებელმა დააზუსტა/დააკონკრეტა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე (კომპენსაციის გაანგარიშების წესიც) და მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირებზე, რითიც ხაზი გაუსვა და ნათელი გახადა ის გარემოება, რომ აღნიშნული ნორმა ძველი რედაქციის პირობებშიც ითვალისწინებდა და მოიცავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირებს. ამასთან, მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა კომპენსაციის გაანგარიშების წესში, კერძოდ, ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შევიდა ნამსახურობა შემდეგ ორგანოებში: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა“.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორების უფლების რეალიზება და მათთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კომპენსაციის პირველად დანიშვნა 2010 წლის სექტემბერში ანუ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციის მოქმედების პირობებში განხორციელდა, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებლები კომპენსაციის მიმღებ სუბიექტებად მიიჩნია. თუმცა, კანონის ამავე რედაქციის მოქმედების პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე შეუჩერა/შეუწყვიტა კასატორებს კომპენსაციის გაცემა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ფუნდამენტური პრინციპით _ კანონიერი ნდობის პრინციპით, რა პრინციპიც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ცალსახად დაირღვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი აქტებით ყოვლად გაუგებარია კასატორებისათვის მოხდა სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება თუ შეწყვეტა. ამასთან, საერთოდ არ არის მითითებული იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც კომპენსაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, რადგან მოცემულ შემთხვევაში ცალსახად არ არსებობდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის არც 30-ე და არც 31-ე მუხლის წინამძღვრები. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კომპენსაციის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსარჩელეებს (კასატორებს) არ ჩაბარებიათ (მათ მხოლოდ შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე წერილები გაეგზავნათ), რაც დამატებით მიუთითებს მოცემულ საქმეზე არსებულ მთელ რიგ მატერიალურ და პროცესუალურ დარღვევებზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან, მთავრობის დადგენილებით არ დაზუსტდა ფინანსთა სამინისტროს ხაზით კომპენსაციის დანიშვნის უფლების მქონე პირთა წრე, მოსარჩელეებისათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი არ არსებობდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილების მიღება სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინტერესის სფეროს წარმოადგენდა და მას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ევალებოდა აღნიშნულზე შესაბამისი ინიციატივის წარდგენა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა არ შეიძლება გამხდარიყო პირის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ პირებს კანონიერი ნდობა გააჩნდათ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის წერილში არსებულ განმარტებას, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონმა არ გაითვალისწინა მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების შესაძლებლობა, არ არსებობს მოსარჩელეებისათვის მიუღებელი თანხის ანაზღაურების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონმა ნამდვილად არ გაითვალისწინა არარეალიზირებული უფლების არსებობის პირობებში მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების შესაძლებლობა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც კასატორებს უფლება 2010 წლის სექტემბრიდან აქვთ რეალიზებული და მათთვის კომპენსაციის შეჩერება/შეწყვეტა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე განხორციელდა, იმ პირობებში, როდესაც კ. ყ-ი, თ. კ-ა და მ. კ-ი 2010 წლიდან მოყოლებული სარგებლობენ ყველა იმ სოციალური შეღავათითა და გარანტიით, რომლითაც სარგებლობენ - სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები და მათ პოლკოვნიკისა (თ. კ-ას და კ. ყ-ს) და ვიცე-პოლკოვნიკის (მ. კ-ს) სამხედრო წოდება აქვთ მინიჭებული, მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, კერძოდ, თ. კ-ას სასარგებლოდ - 3 770.67 ლარის, კ. ყ-ის სასარგებლოდ - 2 763.87 ლარისა და მ. კ-ის სასარგებლოდ - 2 797.86 ლარის გაცემა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კ. ყ-ის, თ. კ-ას და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 3 თებერვლის №04/5885 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა კ. ყ-ის სასარგებლოდ - 2 763.87 ლარის, თ. კ-ას სასარგებლოდ - 3 770.67 ლარის და მ. კ-ის სასარგებლოდ - 2 797.86 ლარის ოდენობით;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე