#ბს-118-111(კს-13) 14 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის
ამხანაგობა ,,…“
თავმჯდომარე თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის
ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 23 აგვისტოს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარემ თ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 17 ივლისის №1992 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №000381 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 167-174).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარემ თ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 179-187).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 2-3).
2013 წლის 21 იანვარს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარემ თ. მ-მა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 6-7).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარეს თ. მ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარედგინა სსსკ-ის 177-ე და 368-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 8-10).
2013 წლის 4 იანვარს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარემ თ. მ-მა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ტ.2; ს.ფ. 14).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ტ. 2; ს.ფ. 15-17).
სააპელაციო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარეს თ. მ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად დამატებით 3 დღით. აღნიშნული განჩინება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარეს თ. მ-ს ჩაბარდა 2013 წლის 29 იანვარს (ტ. 2; ს.ფ. 13), ხოლო ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით სააპელაციო პალატას მიმართა 2013 წლის 4 თებერვალს (ტ. 2; ს.ფ. 14) სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარემ თ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ მან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შეავსო ხარვეზი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 24).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 16.01.2013წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებული ხარვეზი ნაწილობრივ იქნა აპელანტის მიერ შევსებული და სააპელაციო სასამართლოს 22.01.13წ. განჩინებით გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის სრულყოფილად შესავსებად. აღნიშნული განჩინება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარეს თ. მ-ს სასამართლოში ჩაჰბარდა პირადად 29.01.13წ. (იხ. ტ. 2; ს.ფ. 13). ხარვეზის შევსებად განსაზღვრული დამატებითი 3-დღიანი საპროცესო ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად აპელანტს ამოეწურა 01.02.2012წ. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სსსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი, მან განცხადება სასამართლოში წარადგინა 04.02.13წ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარემ თ. მ-მა გაუშვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული საპროცესო ვადა, რამდენადაც სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 30 იანვარს და დამთავრდა 2013 წლის 1 თებერვალს, მაშინ, როცა მხარემ საპროცესო უფლების რეალიზაცია მოახდინა 2013 წლის 4 თებერვალს, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის თ. მ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის თ. მ-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ თავმჯდომარის თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე