საქმე №ბს-143-136(კს-13) 16 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. ბ-ე, შ. ღ-ე, ფ. ჯ-ი, ქ. ტ-ი, ს. ც-ე, ლ. ც-ე, ლ. ჩ-ე, ნ. ო-ი, ამხანაგობა „...“
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. პ-ი, თ. წ-ი, შ. ლ-ე, ე. დ-ე და სხვები; ქ. თბილისის მერია; გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა; შპს „...“
დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ვ. პ-მა, ა. წ-მა, შ. ლ-ემ, ე. დ-ემ, ი. ბ-მა, კ. ყ-ამ, თ. ა-მა, მ. გ-მა, ტ. ბ-ემ, ზ. შ-ამ, ი. ხ-ამ, დ. პ-მა, ა. თ-ამ, შ. შ-მა, დ. ლ-ემ, გ. ს-მა, დ. ქ-ემ, გ. მ-ემ, ზ. ს-ემ, ჯ. უ-ამ, ა. ბ-ემ, ი. მ-მა, დ. გ-ემ, ლ. ჭ-ამ, მ. ც-მა და გ. ა-მა, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 11 აგვისტოს №971 განკარგულების, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის გამგეობის 2008 წლის 19 ნოემბრის №ს-5740, 2008 წლის 12 სექტემბრის №კოლ-5145, 2008 წლის 10 დეკემბრის №კოლ-5963, 2009 წლის 6 აპრილის №კოლ-1284-ის წერილების ბათილად ცნობა, ასევე ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის დავალება.
მოსარჩელეების მითითებით, შპს „...“ სამმართველო, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს „...“, ... მუშაკთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით აწარმოებდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობას. ქ. თბილისში, ... დასახლებაში 1988 წელს დაიწყო ოთხი 54 ბინიანი 9 სართულიანი სახლის მშენებლობა (კორპუსი №204, 205, 225 და 226). 1992-1993 წლებში ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით დაამთავრა აღნიშნული კორპუსების სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ქვეყანაში იმ დროისათვის შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ მოხდა ბინების საბოლოო დამთავრება.
წლების განმავლობაში განმცხადებლები მუშაობდნენ „...“ სამმართველოში. იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეების ბინით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 18 მაისის №11.267.13.1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მათზე საცხოვრებელი ბინის მიღების აღრიცხვის სია. „მშენებარე საცხოვრებელი სახლების შესახლების დროებითი წესების შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის მერიის კოლეგიის 1993 წლის 4 სექტემბრის №09.10.63 გადაწყვეტილებით „...“ ხელმძღვანელობას მიეცა შესაძლებლობა, გაენაწილებინა ზემოთ აღნიშნულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები თავიანთი მუშა-მოსამსახურეებისათვის, მათ შორის მოსარჩელეებისათვის. „...“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბინების განაწილების რიგისა და იმ დროს მოქმედი საბინაო კანონმდებლობის დაცვით მოხდა ... მშენებარე კორპუსების საცხოვრებელი ფართების განაწილება. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2006 წლის 28 ივლისის №1-3/512 ბრძანების საფუძველზე შპს „...“ საწესდებო კაპიტალში ბალანსზე აისახა მშენებარე კორპუსები მე-2 და მე-2ა მიკრორაიონში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი 3117,7 კვ.მ ფართობით ,თითოეული 9 სართულიანი 54 ბინიანი №204, 205, 225, 226 კორპუსებისათვის. საჯარო რეესტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №52375/2006, 52376/2006, 52377/2006, 52378/2006 ამონაწერებით ირკვევა, რომ შპს „...“ იყო აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე. შპს „...“ დირექციამ 2007 წლის 15 თებერვალს მიმართა საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ №10-19/68 წერილით, შპს „...“ საწესდებო კაპიტალში რიცხული ქ. თბილისში, ... II და IIა მიკრორაიონში №204, 205, 225, 226 კორპუსების 9 სართულიანი, 54 ბინიანი სახლების მუშა-მოსამსახურეებისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2005 წლის 12 სექტემბრის №1-3/567 ბრძანებით შექმნილი „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერის, განკარგვისა და გადაცემის, ამ საწარმოთა ლიკვიდაციის საკითხების, მათ შორის, ლიკვიდაციის პროცესების მიმდინარეობის განმხილველი კომისიის“ 2007 წლის 30 მარტის №12 სხდომაზე განხილულ იქნა შპს „...“ დირექციის 2007 წლის 15 თებერვლის წერილი №10-19/68. კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ... II და II ა მიკრორაიონში №204, 205, 225, 226 კორპუსების 9 სართულიანი, 54 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საწარმოო საწესდებო კაპიტალიდან ამოღება და ქ. თბილისის მერიისათვის გადაცემა, საბინაო ფონდში აღრიცხვისათვის.
სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 2 ნოემბრის №1-3/786 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა შპს „...“ საწესდებო კაპიტალში და მის ბალანსზე რიცხული მშენებარე კორპუსები, მდებარე მე-2 და მე-2ა მიკრორაიონში, მიწის ნაკვეთთან ერთად ამოირიცხა საწესდებო კაპიტალიდან და „მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადავიდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში.
მოსარჩელეთა განმარტებით, სარჩელის წარდგენის დროისათვის ისინი წარმოადგენენ ბინების მოსარგებლეებს. 2008-2009 წლებში მათ განცხადებით არაერთხელ მიმართეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების აღიარებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე, კერძოდ, თბილისში, ... დასახლება მე-2 და მე-2ა მიკრორაიონში №204, 205, 225, 226, 9-სართულიან სახლებში განმცხადებლებზე განაწილებულ ბინებზე, რაზეც ეთქვათ უარი.
2009 წლის 9 ივნისს მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა თბილისის მერიის 2009 წლის 11 აგვისტოს №971 განკარგულებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. პ-ის, ა. წ-ის, შ. ლ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის გამგეობის 2008 წლის 12 სექტემბრის, 2008 წლის 10 დეკემბრის, 2009 წლის 6 აპრილის წერილები, ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 11 აგვისტოს №971 განკარგულება, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალამოსარჩელეებზე ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2010 წლის 2 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ნ. ბ-ემ, შ. ღ-ემ, ფ. ჯ-მა, ქ. ტ-მა, ს. ც-ემ, ლ. ც-ემ, ლ. ჩ-ემ და ნ. ო-მა, ამხანაგობა „...“ წევრებმა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად დავაში ჩაბმა მოითხოვეს, როგორც სადაო ქონების მოსარგებლეებმა.
განმცხადებელთა განმარტებით, მოცემული დავის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მეშვეობით. განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ დავა ეხებოდა მათ კანონიერ ინტერესს, რამდენადაც სადავო უძრავ ქონებას ფლობენ და სარგებლობენ ამხანაგობა „...“ წევრები. მათ მიერ საცხოვრებელ ფართებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, გაყვანილ იქნა კომუნიკაციები, ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობით 2009 წლის 28 დეკემბერს ამხანაგობა „...“ სს „...“ დაუმონტაჟა მრიცხველები და გამრიცხველიანების თანხაც მათ დაფარეს სრულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიამ აღიარა კანონიერი სარგებლობის უფლება. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებლებმა მიმართეს ქ. თბილისის მერიასა და გამგეობას ქონების მათ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმა.
ქ. თბილისის მერიამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა საქმეში მესამე პირად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩაბმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით ზ. შ-ას გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება დ. შ-ა; გ. ა-ის უნფლებამონაცვლედ – მ. ა-ი, ხოლო ვ. პ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ი. პ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის, შ. ღ-ის, ფ. ჯ-ის, ქ. ტ-ის, ს. ც-ის, ლ. ც-ის, ლ. ჩ-ის, ნ. ო-ისა და ამხანაგობა „...“ შუამდგომლობა მესამე პირად საქმეში ჩაბმის თაობაზე, რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 12 სექტემბრის, 2008 წლის 10 დეკემბრის, 2009 წლის 6 აპრილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 11 აგვისტოს №971 განკარგულება და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელეთა მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემა.
მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ბ-ემ, შ. ღ-ემ, ფ. ჯ-მა, ქ. ტ-მა, ს. ც-ემ, ლ. ც-ემ, ლ. ჩ-ემ, ნ. ო-მა და ამხანაგობა „...“, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში და საქმეში მესამე პირებად ჩაბმა.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, 2005 წლიდან ისინი ფლობდნენ და სარგებლობდნენ ქ. თბილისში, ... მე-2 მიკრორაიონში მდებარე №204 და 205 კორპუსებით, თავად ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები. ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე 2009 წლის 28 დეკემბერს ამხანაგობა „...“ ს/ს „...“ დაუმონტაჟა მრიცხველები. აღნიშნულით ქ. თბილისის მერიამ იმ დროისათვის მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე კანონიერად ცნო ამხანაგობა „...“ წევრების მიერ ქონების ფლობა და სარგებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ის, შ. ღ-ის, ფ. ჯ-ის, ქ. ტ-ის, ს. ც-ის, ლ. ც-ის, ლ. ჩ-ის, ნ. ო-ისა და ამხანაგობა „...“ კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმების დარღვევას, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქმის მასალების თანახმად, ფიზიკური პირები - ი. კ-ძე, თ. წ-ი, შ. ლ-ე და სხვები სარჩელით ითხოვდნენ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღლასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად, ... ტერიტორიაზე მდებარე №204, 205, 225, 226 კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას იმ საფუძვლით, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ შპს „...“, თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის №06.16.157 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 29 აგვისტოს №30-70/92 გადაწყვეტილებისა და „...“ თხოვნის შესაბამისად, ამ უკანასკნელს დაუმაგრდა ... ტერიტორიაზე №204, 205, 225, 226 კორპუსები, ხოლო „...“ ადმინისტრაციის პროფკომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებზე განაწილდა საცხოვრებელი ფართები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა მიმართ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში სავალდებულო მესამე პირებად ჩაბმაზე. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ისინი ჩაბმულ უნდა იქნენ საქმეში მესამე პირებად, რამდენადაც 2005 წლიდან ფლობენ და სარგებლობენ ქ. თბილისში, ... მე-2 მრ/რ-ში მდებარე №204 და 205 საცხოვრებელი კორპუსებით, მათ მიერ საცხოვრებელ ფართებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობით 2009 წელს სს „...“ მიერ დამონტაჟდა მრიცხველები და გამრიცხველიანების თანხაც მათ დაფარეს სრულად. 2011 წელს შპს „...“ და კერძო საჩივრის ავტორებს შორის დაიდო ხელშეკრულება გაზმომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. 2012 წელს ხელშეკრულება დაიდო შპს „...“ გაზით მომარაგების თაობაზე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ისინი სადავო ქონების კანონიერ მოსარგებლეებს წარმოადგენენ და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება ქ. თბილისში, ... დასახლებაში მდებარე №204 და №205 კორპუსებთან დაკავშირებით, შეეხება მათ კანონიერ ინტერესს, შესაბამისად, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მოცემული დავის განხილვაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესს, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზების პროცესუალური საშუალებაა. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თვიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას - მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირთა მარტივი მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მოწვევა - სასამართლოს ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია კერძო საჩივრის ავტორები - ამხანაგობა „...“ და მისი წევრები სავალდებულო მესამე პირებად, რამდენადაც ისინი არ წარმოადგენენ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, სავალდებულო მესამე პირებად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა განმარტება იმის თაობაზე, რომ გამრიცხველიანების მოთხოვნით სს „...“ მიმართვა მოხდა ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობით, ასევე კერძო საჩივრის ავტორები ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართავდნენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებსაც მათი გამოსახლება და ფართის გამოთავისუფლება არ მოუთხოვიათ, შესაძლოა საფუძვლად დადებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მათ საქმეში მარტივი ფორმით ჩაბმას, თუმცა აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დავა არსებითად არ გადაუწყვეტია და საქმე ფაქტობრივად წარიმართა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახილველად, აღნიშნული საკითხი უნდა დადგეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს მითითებული პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის, შ. ღ-ის, ფ. ჯ-ის, ქ. ტ-ის, ს. ც-ის, ლ. ც-ის, ლ. ჩ-ის, ნ. ო-ისა და ამხანაგობა „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე