#ბს-154-147 (კს-13) 28 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. მ-ი
წარმომადგენელი - არ ჰყავს
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის არ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ზ. მ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის აცილება
გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 და 17 იანვრის განჩინებები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 23 თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ. ქობულეთში, ... #46-ში მდებარე 1030 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარება. (იხ. ტ.1. ს.ფ. 2-9)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ.ტ.3. ს.ფ. 70-77).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე - თ. მ-მა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება. (იხ.ტ.3. ს.ფ. 85-93)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 04 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე თ. მ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი სრული სააპელაციო საჩივრის, მისი ასლისა და სახელმწიფო ბაჟის წარმოდგენის თაობაზე. (იხ. ტ.3. ს.ფ. 95-96)
თ. მ-ს სრული სააპელაციო საჩივრის, მისი ასლისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 5 დღით.
2012 წლის 17 დეკემბერს, აპელანტმა თ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის სრულად გამოსასწორებლად დაგენილი ვადის დამატებით 15 დღით განსაზღვრა, ამასთან, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხარვეზის შევსების ვადა განისაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადით. (იხ. ტ.3; ს.ფ. 103-104)
2013 წლის 14 იანვარს თ. მ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე. აპელანტის მტკიცებით, მოსამართლე ვერ იქნება მოცემულ საქმეზე მიუკერძოებელი და ობიექტური. (იხ. ტ.3; ს.ფ. 108)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით თ. მ-ის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, რადგან მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა აცილებისთვის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. (იხ. ტ.3. ს.ფ. 118-130)
სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით, თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლოს განმარტებით, მხარემ დადგენილ ვადაში სრულად ვერ შეავსო ხარვეზი, ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა არანაირ მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების შესახებ. (იხ. ტ.3. ს.ფ. 131-134)
2013 წლის 04 მარტს თ. მ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 და 17 იანვრის განჩინებების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მომართა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი მოტივით: „გასაჩივრებული განჩინებები უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იმიტომ დატოვა, რომ აცილების შუამდგომლობის გამო აპელანტზე გაბრაზებული იყო.“ კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ასევე უკანონოა აცილების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შესახებ განჩინება, ვინაიდან მოსამართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული და სუბიექტური იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. მ-ის კერძო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 და 17 იანვრის განჩინებები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე მოცემული საქმის განხილვისას იყო მიკერძოებული და სუბიექტური, ვინაიდან მხარემ ვერ დაადასტურა აცილებაგანცხადებული მოსამართლის მიკერძოებულობა, რაც მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია მხარის უფლება სასამართლოს შემადგენლობის აცილების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ზოგადად მართლმსაჯულების განმახორციელებელი ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიკერძოების თავიდან აცილების გარანტიას, სამართალწარმოებაში სასამართლოსადმი მხარეების მაღალი ნდობის დაცვის ვალდებულებას.
აცილების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ და ამომწურავად ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში აცილების მოთხოვნა კანონიერია, შესაბამისად, მოსამართლის აცილების მოთხოვნის საპროცესო უფლების არსებობა არ გულისხმობს მის უპირობო დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით.
საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია მხარეთა საპროცესო უფლებები და მოვალეობები, მათ შორის სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის უფლება გულისხმობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არსებითად გადასინჯვის შესაძლებლობას, რომლის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად კანონმდებლობით დადგენილია აპელანტის ვალდებულება, მიუთითოს, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, რაც გულისხმობს მხარის საპროცესო მოვალეობას, წარადგინოს დასაბუთებული კრიტიკა სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთ-ერთი ძირითადი უფლება შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენის საპროცესო ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში კვლავ არ მიუთითა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ უსწორობებზე, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ. მ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 და 17 იანვრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/
/პაატა სილაგაძე/