Facebook Twitter

საქმე 3გ/ად-198კ-01 30 მაისი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 19.10.2001წ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ 27.06.2000 წ. სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ი.ი-ის მიმართ, ქ.ქუთაისში … ქ.#8-ში მდებარე 26.07 კვ.მ უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით. მოპასუხე ი.ი-ემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით 29.12.1998 წ. კონკურსის შედეგების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.12.200წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთო მ.ჭ-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.03.2001წ. გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ი.ი-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ქუთაისის სახელმწიფო ქონების მმართვის სამმართველოს 29.12.1998 წ. ჩატარებული კონკურსის შედეგები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.2001 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ი-ის შვილმა ნ. ი-ემ და მოითხოვა საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა, რაც სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის მოტივით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.02.2002 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ი.ი-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მხარეებს 18.07.2002 წ., 14.02.2003 წ., 09.01.2006 წ., 19.03.2008 წ., 30.03.2010 წ., 12.04.2011 წ. გაეგზავნათ მიმართვები ი.ი-ის უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. ამასთანავე, მხარეები გაფრთხილებულ იქნენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტში 28.12.2007 წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მხარის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება ჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, რის შემდეგაც საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი. გარდა ამისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განახლების საკითხის გასარკვევად საქმის ზეპირ განხილვაზე მოწვეულ იქნენ მხარეები, რომლებიც 15.03.2006 წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც საქმის წარმოების განახლებაზე მსჯელობა ვერ მოხდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ი.ი-ე გარდაცვლილია. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სსკ 279-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.02.2002 განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ი.ი-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი, ანუ პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცლე. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ვადა არა უმეტეს 6 თვით.

საკასაციო სასამართლოდან 2002-2011 წლებში მხარეებს არა ერთი მიმართვა გაეგზავნათ ი.ი-ის საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ: მხარეებს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ და არც მათთვის სათანადო წესით ცნობილ 15.03.2006 წ. ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან. ამასთან, მხარეებს არა ერთხელ განემარტათ უფლებამონაცვლის დაუდგენლობის თანამდევი სამართლებრივი შედეგები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 19.10.2001წ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ლ.მურუსიძე