საქმე №ბს-106-99(კ-13) 25 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი - შ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ბ-ე
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება; ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ს. ბ-ე; წარმომადგენელი - გ. ბ-ე
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი - მ.მ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელება;
სარჩელის საგანი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის კუთვნილი სამი ცალი პნევმატური იარაღის დაბრუნების დავალება, მოსარჩელის მიერ იარაღის შენახვისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების გარეშე;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 144,75 (ას ორმოცდაოთხი ლარი, სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურების დაკისრება;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მგზავრობის ხარჯის 276 (ორას სამოცდათექვსმეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრება;
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: 2011 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელე ს. ბ-ეს ბელორუსიიდან საქართველოში დაბრუნებისას, აეროპორტში საბაჟო პროცედურების გავლისას მისი კუთვნილი პნევმატური თოფები და მათთან ერთად შეფუთული ნივთები ჩამოართვეს. საბაჟო სამსახურის მოსამსახურეთა ზეპირი განმარტების თანახმად პნევმატური იარაღის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანად საჭირო იყო შსს მომსახურების სააგენტოს ნებართვა.
შსს მომსახურების სააგენტოს განმარტების თანახმად პნევმატური თოფების შემოტანისათვის სპეციალური ნებართვის არსებობა საჭირო არ იყო, მიუხედავად ამისა საბაჟო სამსახურს არც თოფები და არც მათთან ერთად შეფუთული ნივთები მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.
ს. ბ-ემ 2011 წლის 24 დეკემბერს მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 12 იანვარს მას უკან დაუბრუნა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა წონამ შეადგინა 5,65 კგ და რომელთა შპს ,,...“ შენახვისათვის 2012 წელს 12 იანვარს მოსარჩელემ გადაიხადა საწყობში შენახვისათვის დადგენილი საფასური ვადაგადაცილებული დღეების საფასურის ჩათვლით - 144.75 ლარი.
მოსარჩელემ 2012 წლის 28 იანვარს მიმართა ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა პნევმატური იარაღის უკან დაბრუნება. 2012 წლის 7 თებერვლის ფინანსთა სამინისტროს წერილის თანახმად საჩივარი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურს, თუმცა რაიმე რეაგირება საჩივართან დაკავშირებით აღარ მომხდარა.
სამართლებრივი: სასარჩელო მოთხოვნა ემყარება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს. ზიანის ანაზღაურების ნაწილში - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებს, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლს, ამასთანავე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ფაქტობრივი: მოქმედი კანონმდებლობით (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის მე-2, 24-ე მუხლები, ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-14, მე-19, 22-ე მუხლები) მოსარჩელის მიერ დეკლარირებული საქონლისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართული არ არის და მისი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება აკრძალულია.
სამართლებრივი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლი, რომლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა აკრძალული არ არის (იხ.ს.ფ. 42-51; ტ.1).
საქმის გარემოებები:
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით მოსარჩელე - ს. ბ-ეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და 2011 წლის 28 ნოემბერს დაბრუნდა ბელორუსიიდან საქართველოში (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1);
2011 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, საბაჟო პროცედურების გავლისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელებმა ზეპირი განმარტების საფუძველზე, რომ სათანადო ნებართვის გარეშე დაუშვებელი იყო პნევმატური იარაღის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, მოსარჩელეს ჩამოართვეს მისი კუთვნილი სამი ცალი პნევმატური იარაღი, შეფუთულ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, რაც მთლიანობაში იწონიდა 17, 55კგ.-ს (იხ. ს.ფ. 1-11; 84-87; ტ.1);
შემოსავლების სამსახურს რაიმე წერილობითი დოკუმენტი მოსარჩელისათვის ნივთების ჩამორთმევისას არ შეუდგენია, გარდა ფიზიკური პირის დეკლარაციის ბლანკისა, თანდართული დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალით (იხ. ს.ფ. 1-12; 84-87; ტ.1);
2011 წლის 29 ნოემბერს ს. ბ-ის მიერ დეკლარირებული საქონელი გადატანილ იქნა ტერმინალ ,,...“ (იხ. ს.ფ. 12; 84-87; ტ.1);
2011 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯაბა ებანოიძეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მოქმედების განმარტებისა და ნივთების უკან დაბრუნების მოთხოვნით (იხ. ს.ფ. 15-16; ტ.1);
2012 წლის 12 იანვარს მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთები (5, 65კგ.), რომელთა სანაცვლოდ ს. ბ-ემ გადაიხადა საწყობში შენახვისათვის დადგენილი საფასური 144 ლარი და 75 თეთრი (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1);
2012 წლის 28 იანვარს მოსარჩელე ს. ბ-ემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული პნევმატური თოფების დაბრუნება, ასევე ზიანის - 144, 75 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 19-22; ტ.1);
2012 წლის 1 თებერვლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის თანახმად საჩივარი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურს (იხ. ს.ფ. 23; ტ.1);
მიუხედავად ზემოაღნიშნული წერილისა, შემოსავლების სამსახურს საჩივარი არ განუხილავს და არ გამოუცია კონკრეტული (წერილობითი სახით) ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ს. ბ-ის კუთვილ იარაღს ფლობს შემოსავლების სამსახური და ინახება შპს ,,...“ საწყობში.
შპს ,,დ...“ 2012 წლის 27 აპრილის №42 აუდიტორიული დასკვნის თანახმად მგზავრობის ხარჯი ზესტაფონიდან თბილისამდე და თბილისიდან ზესტაფონამდე შეადგენს 69 ლარს (იხ. ს.ფ. 83; ტ.1);
ს. ბ-ის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის 14 სექტემბრის ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრის ექსპერტის ცნობის თანახმად, კვლევაზე წარმოდგენილი 4,5 მმ პნევმატური ზამბარა-დგუშიანი შაშხანა მოდელი ,,H...,, №... (ლულის ენერგია - 6,25 ჯოული) და И... №... (ლულის ენერგია - 3,24 ჯოული) წარმოადგენს პნევმატურ იარაღს (იხ. ს.ფ. 78-82; ტ.1);
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელე ს. ბ-ისათვის მისი კუთვნილი სამი ცალი პნევმატური იარაღის დაბრუნება, მათი შენახვისათვის გაწეული ხარჯების ს. ბ-ისათვის დაკისრების გარეშე; ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელე - ს. ბ-ისათვის მატერიალური ზიანის - 144, 75 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე - ს. ბ-ეს უარი ეთქვა მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მგზავრობის ხარჯის -276 ლარის ანაზღაურების დავალებაზე.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
2011 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს, საბაჟო პროცედურების გავლისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელებმა მოსარჩელეს - ს. ბ-ეს ჩამოართვეს მისი კუთვნილი სამი ცალი პნევმატური იარაღი იმ მოტივით, რომ სათანადო ნებართვის გარეშე დაუშვებელი იყო პნევმატური იარაღის საქართველოს ტერიტორიაზე შეტანა;
მოსარჩელისათვის კუთვნილი პნევმატური იარაღების ჩამორთმევის დროს შემოსავლების სამსახურს არ შეუდგენია რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება მოსარჩელის კუთვნილი იარაღების გამო საზღვარზე არგაშვების თაობაზე;
მოსარჩელის კუთვნილი სამი ცალი პნევმატური იარაღი შეფუთული იყო სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ერთ ფუთად, რომელიც მთლიანობაში იწონიდა 17, 55 კგ.-ს;
მოსარჩელის კუთვნილი პნევმატური იარაღები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები (სულ მთლიანობაში ერთი ფუთა) შემოსავლების სამსახურმა შესანახად გადასცა შპს ,,...“;
მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად, შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 12 იანვარს მოსარჩელეს უკან დაუბრუნა პნევმატურ იარაღთან ერთად ერთ ფუთაში შეფუთული სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც სულ მთლიანობაში იწონიდა 5,65კგ.-ს;
მოსარჩელემ - ს. ბ-ემ კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების დაბრუნების სანაცვლოდ შპს ,,...“ 2012 წლის 12 იანვარს გადაუხადა აღნიშნული ნივთების (მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების) საწყობში შენახვისათვის დადგენილი საფასური, სულ - 144 ლარი და 75 თეთრი;
მოსარჩელე ს. ბ-ისთვის ჩამორთმეულ მის კუთვნილ სამ ცალ იარაღს დღემდე ფლობს შემოსავლების სამსახური, ფაქტობრივად პნევმატური იარაღები შემოსავლების სამსახურის ნების საფუძველზე ინახება შპს ,,...“ საწყობში;
მოსარჩელე ს. ბ-ემ 2012 წლის 1 თებერვალს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა მისი კუთვნილი პნევმატური თოფების უკან დაბრუნება, შემოსავლების სამსახურის ბრალით მის მიერ გაწეული ხარჯის - 144,75 ლარის ანაზღაურება; დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოსარჩელის საჩივარი განსახილველად გადასცა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც არ განიხილა საჩივარი და არ გამოსცა კონკრეტული შინაარსის წერილობითი სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავო ფაქტები საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლოს შეფასება :
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ არც 2011 წლის ნოემბერ-დეკემბრის და არც დღეის მდგომარეობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარემ მის მიერ განხორციელებული ქმედების (მოსარჩელისათვის იარაღის ჩამორთმევის) ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 2010 წლის რედაქციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილიც ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული;
თუმცა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილი შემოსავლების სამსახურს ავალდებულებს, არ დაუშვას საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმ საქონლის გადატანა, რომლის შემოტანა ან გატანა აკრძალულია, მოცემულ სადავო შემთხვევაში მოსარჩელეს, გარდა ზემოთდასახელებული ზოგადი შინაარსის ნორმებისა, ხელთ არ აქვს სხვა, შესაბამისი სახისა და შინაარსის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნებოდა ემტკიცებინა, რომ მოსარჩელე ს. ბ-ის კუთვნილი პნევმატური იარაღების (იარაღის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების გამო) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა აკრძალულია;
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13, მე-14 და 22-ე პუნქტებზე, რომლებიც სასამართლოს მოსაზრებით არ არის დაკავშირებული მოცემულ დავასთან; 24-ე მუხლის ზემოხსენებული პუნქტები შეეხება ცეცხლსასროლი ან/და გაზის, მაგრამ არა პნევმატური იარაღის ნებართვის გაცემის საკითხს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან;
იმ პირობებში, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს შემუშავებული ნორმატიული წესი სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების თაობაზე, მოპასუხის ქმედება - მოსარჩელე ს. ბ-ისთვის პნევმატური იარაღის ჩამორთმევა უკანონო და დაუსაბუთებელია; ვიდრე არ იქნება შემუშავებული და დადგენილი ზემოხსენებული ნორმატიული წესი, ითვლება, რომ ს. ბ-ის კუთვნილი იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების მიუხედავად არ არის აკრძალული მათი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა;
მოპასუხის ქმედებამ - მოსარჩელე ს. ბ-ისთვის მისი კუთვნილი ნივთების - პნევმატური იარაღების ჩამორთმევამ განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა, შელახვა ისე, რომ ეს ქმედება არ იყო დაფუძნებული კანონზე და კანონის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე;
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების ერთდროულობა. კერძოდ, მოპასუხე - შემოსავლების სამსახური ქმედების განხორციელების - მოსარჩელე ს. ბ-ისათვის პნევმატური იარაღების ჩამორთმევისას მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ; ქმედების მართლწინააღმდეგობა იმაში გამოიხატა, რომ პნევმატური იარაღების ჩამორთმევამ განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა, შელახვა ისე, რომ ეს ქმედება არ იყო დაფუძნებული კანონზე და კანონის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე; ანუ 2011 წლის 28 ნოემბერს, როდესაც მოსარჩელე თბილისის აეროპორტში გადიოდა საბაჟო პროცედურებს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა განეხორციელებინა მოსარჩელისთვის იარაღების და მათთან ერთად შეფუთული კუთვნილი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამორთმევა, მასვე ჩამორთმეული ნივთები არ უნდა გადაეცა შესანახად შპს ,,...“; რომ არა მოპასუხის უკანონო ქმედება, არ მოხდებოდა ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა, შესაბამისად მოსარჩელეს არ მოუხდებოდა საწყობში ნივთების შენახვისათვის დადგენილი საფასურის გადახდა;
სასამართლოს დასკვნით, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელეს - ს. ბ-ეს აუნაზღაუროს მატერიალური ზიანის სახით 144,75 (ას ორმოცდაოთხო ლარი, სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი;
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ლ...“ 27.04.2012 წლის №42 აუდიტორიული დასკვნა არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გასწია 276 ლარის ოდენობით ხარჯი; შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 96-104; ტ.1);
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით; 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით; საქართველოს საგადასახადო კოდექსით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (იხ. ს.ფ 96-104; ტ.1);
აპელანტი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი - გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე: ს. ბ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები:
სამართლებრივი: აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელი;
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ დავასთან არა არის დაკავშირებული ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13, მე-14 და 22-ე პუნქტები;
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონისა და ,,იარაღის შესახებ“ 2003 წლის 8 მაისი საქართველოს კანონის ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ დეკლარირებული 4,5მმ-იანი კალიბრის პნევმატური იარაღის, მისი ნაწილებისა და ტყვიების ტექნიკური მახასითებლების დადგენამდე, შეუძლებელია გაირკვეს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ„ საქართველოს კანონის მიხედვით შესაბამისი ნებართვის წარმოდგენის აუცილებლობაა საჭირო თუ ,,იარაღის შესახებ“ საქართველს კანონის შესაბამისად შეზღუდულია ქვეყანაში მისი ბრუნვა. სწორედ ტექნიკური მახასიათებლების დადგენა იძლევა შესაძლებლობას – გაირკვეს მოსარჩელის საქმიანობა ან ქმედება უკავშირდება თუ არა საზოგადოებრივ რისკს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული;
აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე ს. ბ-ისათვის კუთვნილი ნივთების - პნევმატური იარაღების ჩამორთმევამ განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა და მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე;
აპელანტი ასევე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სახეზე არ გვაქვს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირველი და მეორე პირობა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს შემოსავლების სამსახურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახლემწიფო ბაჟის (100 ლარის ოდენობით) დაკისრების ნაწილში (იხ. ს.ფ 110-122; ტ.2);
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
მოწინააღმდეგე მხარემ წერილობითი შესაგებელით არ ცნობს სააპელაციო საჩივარი, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მოცემულ დავასთან არ არის დაკავშირებული ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13, მე-14 და 22-ე პუნქტები; მიუთითებს ამავე კანონის პირველ და მეორე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში პნევმატური იარაღის შესახებ მითითებული არ არის, შესაბამისად, ასეთი სახის იარაღის შემოტანისათვის ნებართვა საერთოდ არ არის საჭირო;
მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნავს, რომ ,,იარაღის შესახებ” 2003 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტში საუბარია არა ყველა სახის პნევმატურ იარაღზე, არამედ მხოლოდ სპორტულ ან სანადირო იარაღზე; ს. ბ-ის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ ექსპერტის ცნობაში კი განმარტებულია, რომ მისი კუთვნილი თოფები წარმოადგენს პნევმატურ იარაღს და არა სპორტულ პნევმატურ ან სანადირო პნევმატურ იარაღს, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც შემოსავლების სამსახურს არ წარმოუდგენია.
2003 წლის 8 მაისის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები ადგენენ, რომ პნევმატურ იარაღზე შესყიდვების დასაწესებლად საჭიროა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ (კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ) ტექნიკური სტანდარტების შემუშავება. აღნიშნული სტანდარტები დღემდე მიღებული არაა. შესაბამისად, რაიმე სახის შეზღუდვა შეუძლებელია დაწესდეს პნევმატურ იარაღზე.
ს. ბ-ე არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მისი კუთვნილი პნევმატური იარაღის ჩამორთმევა მოხდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის არარსებობის გამო და მიუთითებს, რომ საკუთრების შეზღუდვისათვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის არსებობა. ამასთანავე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ პნევმატურ იარაღთან ერთად სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამორთმევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული ქმედებაა და შესაბამისად აპელანტს უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ს. ბ-ე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შპს ,,ლ...“ №42 აუდიტორული დასკვნის არგაზიარების შესახებ და მიუთითებს, რომ მან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გასწია 276 ლარის ოდენობის ხარჯი, რისი ანაზღაურებაც წარმოადგენს არა სასარჩელო მოთხოვნას, როგორც ეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, არამედ საპროცესო ხარჯს, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შემოსავლების სამსახურს (იხ. ს.ფ. 7-18; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც ნორმატიულად დადგენილი არ არის მოსარჩელის მიერ დეკლარირებული 4,5 მმ-იანი კალიბრის პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და მოქმედი კანონმდებლობა ასეთი იარაღის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებას არ უკავშირებს მათ შესაბამისობას ნორმატიულად დეკლარირებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან, აპელანტის პოზიცია საბაჟო გაფორმების დროს 4,5 მმ-იანი კალიბრის პნევმატური იარაღის საზოგადოებრივი რისკის დადგენის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი - მოსარჩელის კუთვნილი სადავო პნევმატური იარაღები ფაქტობრივად რამდენად არიან საფრთხის შემცველნი, გადაიტანა მოპასუხეზე, ვინაიდან მის მიერ სარჩელი უარყოფილ იქნა სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით; აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნა ბალისტიკური და ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ხარჯის წინასწარი გადახდა დაევალა შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს, სსიპ შემოსავლების სამსახურს; საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ექსპერტიზის ხარჯების გადახდა და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარმოდგენა; სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის კუთვნილი იარაღები ფაქტობრივად წარმოადგენენ საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველ იარაღებს, რის გამოც მათი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება დაუშვებელია;
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2003 წლის 8 მაისის ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების სწორი სამართლებრივი განმარტებით დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ვინაიდან ნორმატიულად არ არის დადგენილი მოსარჩელის კუთვნილი 4,5 მმ-იანი კალიბრის პნევმატური იარაღების ტექნიკური მახასიათებლები, მოპასუხის საბაჟო გაფორმებაზე უარი ასეთ მახასიათებლებთან მათი შეუსაბამობის გამო უკანონოა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვიდრე არ იქნება შემუშავებული და დადგენილი ზემოხსენებული ნორმატიული აქტი, ითვლება, რომ ს. ბ-ის კუთვნილი 4,5 მმ-იანი კალიბრის პნევმატური იარაღები კონსტრუქციის ძირითადი მახასიათებლების მიუხედავად არ არის აკრძალული და მათი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა დაშვებულია; შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს. ბ-ესთან მიმართებაში კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ქმედების, საბაჟო გაფორმების განხორციელებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 123-136; ტ.2).
კასატორი (მოპასუხეები) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი - შ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ბ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა (იხ.სფ. 66-73;75-84; ტ.2).
კასაციის მოტივები:
მატერიალური:
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს;
კასატორი საკაცასიო საჩივარს აფუძნებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებაზე, რაც სააპელაციო საჩივარშია მითითებული და დამატებით აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ 2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13, მე-14 და 22-ე პუნქტები შეეხება ცეცხლსასროლი ან/და გაზის და არა პნევმატური იარაღის გამო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ნებართვების გაცემის აუცილებლობას. კასატორის განმარტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით. ამავე კანონის 24-ე მუხლის მიხედვით ნებართვის სახეებია:
13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა.
14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.
2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით (მუხლი მე-3) პნევმატური იარაღი დანიშნულების შესაბამისად განეკუთვნება „სამოქალაქო იარაღის“ სახეს, რომელიც თავის, მხრივ განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისთვის. ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით სპორტული პნევმატური იარაღი სპორტული იარაღის ერთ-ერთი სახეა, ხოლო სანადირო პნევმატური იარაღი კი სანადირო იარაღის სახეა. შესაბამისად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის ზემოხსენებული პუნქტები ეხება პნევმატური იარაღის გამო შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ნებართვების გაცემის საკითხს.
კასატორი უთითებს 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-14 მე-19 და 24-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ნებართვას არ საჭიროებს მხოლოდ ის იარაღი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაშია დაშვებული. ამდენად ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ დეკლარირებული 4,5 მმ-იანი კალიბრის პნევმატური იარაღის, მისი ნაწილებისა და და ტყვიების ტექნიკური მახასიათებლების დადგენამდე, შეუძლებელია გაირკვეს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით შესაბამისი ნებართვის წარმოდგენაა აუცილებელი, თუ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეზღუდულია ქვეყანაში მისი ბრუნვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისთვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული. მოცემული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოსარჩელის მიერ დეკლარირებული საქონლისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართული არ არის და შესაბამისად მისი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება კანონით აკრძალულია.
შემოსავლების სამსახური ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, თითქოს შემოსავლების სამსახურმა ვერ უზრუნველყო ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა და ვერ დასძლია მტკიცების ტვირთი. ექსპერტიზის ხარჯების დაფარვა შემოსავლების სამსახურმა განახორციელა, რადგან ექსპერტიზის ბიურომ არ წარმოადგინა ხარჯების დაფარვის მოთხოვნა.
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ბ-ემ წერილობით შესაგებელში არ ცნო საკასაციო საჩივარი მოითხოვა მისი დაუშვებლად ცნობა და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის პირველ და მეორე მუხლებში ზოგადადაა განმარტებული თუ რა შემთხვევაში თვლის კანონმდებელი ლიცენზიის ან ნებართვის არსებობას აუცილებლად. ასეთად კანონმდებელი თვლის ისეთ საქმიანობას ან ქმედებას, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამასთანავე, კანონმდებელი იქვე აზუსტებს, რომ თავად ეს კანონი განსაზღვრავს ასეთი ლიცენზიების (ნებართვების) ამომწურავ ჩამონათვალს. თუმცა კასატორის განმარტებიდან გამომდინარე ყველაფერი, რამაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, აუცილებლად ნებართვას საჭიროებს. რაც შეეხება ამავე კანონის 24-ე მუხლს შემოსავლების სამსახურს არაერთხელ განემარტა, რომ აღნიშნული ნორმა განსახილველ საკითხთან კავშირში არ არის, რადგან მასში საუბარია ცეცხლსასროლი ან/და გაზის იარაღზე და არა პნევმატურ იარაღზე. ამრიგად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი არ აწესებს არავითარ შეზღუდვას პნევმატურ იარაღთან მიმართებაში და შესაბამისად, პნევმატური თოფების შემოტანა არავითარ ნებართვას ან ლიცენზიას არ საჭიროებს.
ს. ბ-ის განმარტებით, 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონიდანაც ასევე არ გამომდინარეობს პნევმატური იარაღის შემოტანაზე ნებართვის საჭიროება. კასატორი ამტკიცებს, რომ რადგანაც პნევმატური იარაღის კლასიფიკაციის განმსაზღვრელი სტანდარტები არაა მიღებული, ეს ნიშნავს, რომ ყველა პნევმატური იარაღი აკრძალულია. ამგვარი მოსაზრება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა (მუხლი 21-ე) და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს (მუხლი მე-5). ნორმატიული აქტის მიუღებლობა ვერანაირად ვერ იქნება საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი, პირიქით კანონით უნდა იყოს დადგენილი ის შემთხვევები, როდესაც საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შეზღუდვის წესი და ასევე ორგანო, რომელსაც ეს უფლებამოსილება გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში კი ამ სამიდან არც ერთი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და ის მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსოლუტური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის ნორმების სწორი განმარტების საფუძველზე.
წინამდებარე საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა განმარტოს 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ და 2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონების რიგი მუხლები და შეაფასოს კანონის შინაარსთან რამდენად შესაბამისად იყენებს მათ შემოსავლების სამსახური და მის დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო ორგანოები.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი. სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ განმარტოს საბაჟო სამართალურთიერთობათა სფეროში კანონიერი სამართალშეფარდების საკითხი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს რამდენად კანონშესაბამისად ხდება საბაჟო ორგანოების მხრიდან პირის მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო პროცედურების გავლისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა, და ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები და სასამართლო დასკვნები სასარგებლო იქნება, როგორც საბაჟო ორგანოების, მოხელე მებაჟეების მმართველობითი საქმიანობისათვის, ასევე საბაჟო სამართალურთიერთობათა მონაწილეთათვის, რამდენადაც საგადასახადო სამართალი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოიცავს საბაჟო სამართალს, განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებულ ნაწილს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამდენად, აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას.
ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საბაჟო პროცედურების ჩატარებისას საქმის გარემოებათა სწორი გამოკვლევა და კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა სახელმძღვანელო გახდება სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის და მათი პრაქტიკისათვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში შესაბამისი სასამართლო განმარტება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ სასამართლოებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
წინამდებარე საქმე მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:
1. საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საბაჟო სამართალურთიერთობათა სფეროში კანონიერი სამართალშეფარდების საკითხი, რაც მოითხოვს, როგორც საბაჟო სფეროს მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების, ასევე, 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ და 2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონების ნორმების ანალიზს და სამართლებრივი შეფასების მოხდენას, თუ რამდენად არის დაცული სახელმწიფოს ვალდებულება - სამართლებრივი ნორმის სიცხადისა და მისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე;
2. ამ ვალდებულების ვერუზრუნველყოფის პირობებში, საკასაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს ადმინისტრაციული ორგანოების, როგორც ნორმათგამომყენებელი და ნორმათგანმმარტებელი ორგანოების დისკრეციის დიაპაზონი - განმარტონ და გამოიყენონ სამართლის ნორმა სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპების სულისკვეთებით;
3. საბაჟო სამართალურთიერთობის მონაწილე ფიზიკური პირის კანონიერი ნდობის უფლების რეალიზაციის ფარგლები სახელმწიფოს კანონმდებლობის წინააღმდეგობრივი ხასითის და ჰარმონიზაციის პრობლემის პირობებში;
4.ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა.
სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა საბაჟო სამართალურთიერთობის სფეროში, ს. ბ-ესა და საბაჟო სამსახურს შორის, კერძოდ, მოცემულ სამართალურთიერთობაში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს, საბაჟო პროცედურების გავლისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელებმა მოსარჩელეს ჩამოართვეს მისი კუთვნილი სამი ცალი პნევმატური იარაღი იმ მოტივით, რომ სათანადო ნებართვის გარეშე დაუშვებელი იყო პნევმატური იარაღების საქართველოს ტერიტორიაზე შეტანა;
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ, სსსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ:
2011 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, საბაჟო პროცედურების გავლისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ზეპირი განმარტების საფუძველზე, რომ სათანადო ნებართვის გარეშე დაუშვებელი იყო პნევმატური იარაღის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, მოსარჩელეს ჩამოართვეს მისი კუთვნილი სამი ერთეული პნევმატური იარაღი, მათთან ერთად შეფუთულ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, რაც ჯამში იწონიდა 17, 55კგ.-ს (იხ. ს.ფ. 1-11; 84-87; ტ.1);
შემოსავლების სამსახურს არ შეუდგენია ოფიციალური სახის წერილობითი დოკუმენტი მოსარჩელისათვის ნივთების ჩამორთმევისას, გარდა ფიზიკური პირის დეკლარაციის ბლანკისა, თანდართული დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალით (იხ. ს.ფ. 1-12; 84-87; ტ.1);
2011 წლის 29 ნოემბერს ს. ბ-ის მიერ დეკლარირებული საქონელი გადატანილ იქნა ტერმინალ ,,...“ (იხ. ს.ფ. 12; 84-87; ტ.1);
2011 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯაბა ებანოიძეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მოქმედების განმარტებისა და ნივთების უკან დაბრუნების მოთხოვნით (იხ. ს.ფ. 15-16; ტ.1);
2012 წლის 12 იანვარს მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები (5, 65კგ.), რომელთა სანაცვლოდ ს. ბ-ემ გადაიხადა საწყობში შენახვისათვის დადგენილი საფასური 144, 75 ლარი (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1);
2012 წლის 28 იანვარს მოსარჩელე ს. ბ-ემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული პნევმატური თოფების დაბრუნება, ასევე ზიანის - 144, 75 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 19-22; ტ.1);
2012 წლის 1 თებერვლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის მიხედვით საჩივარი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურს (იხ. ს.ფ. 23; ტ.1);
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურს კანონით დადგენილი წესით საჩივარი არ განუხილავს და არ გამოუცია ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ს. ბ-ის კუთვილ იარაღს ფლობს შემოსავლების სამსახური და ინახება შპს ,,...“ საწყობში.
ს. ბ-ის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის 14 სექტემბრის ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრის ექსპერტის ცნობის თანახმად, კვლევაზე წარმოდგენილი 4,5 მმ პნევმატური ზამბარა-დგუშიანი შაშხანა მოდელი ,,H...,, №... (ლულის ენერგია -6,25 ჯოული) და И... №... (ლულის ენერგია - 3,24 ჯოული) წარმოადგენს პნევმატურ იარაღს (იხ. ს.ფ. 78-82; ტ.1);
კასატორის მტკიცება ეფუძნება შემდეგს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ს. ბ-ის მიერ დეკლარირებული საქონლისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართული არ არის და შესაბამისად მისი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება კანონით აკრძალულია; რომ პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანისათვის ნებართვის საჭიროება გამომდინარეობს 2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13, მე-14, 22-ე, 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი, მე-141 მუხლის „ბ“ და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტებიდან (იხ. ს.ფ. ტ.3).
თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის ს. ბ-ის არგუმენტაცია, რომელიც გაიზიარეს ქვემდგომმა სასამართლოებმა, მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს სახელმწიფო მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ლიბერალურ მიდგომას იყენებს იარაღის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებასთან მიმართებით. იმასთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო მიიჩნევს სახიფათოდ, სახელმწიფო იღებს შესაბამის ნორმატიულ აქტებს, რომლებითაც აწესებს გარკვეულ აკრძალვებს თუ შეზღუდვებს, პნევმატურ იარაღზე კანონმდებლობით არავითარი შეზღუდვა არაა დაწესებული სახელმწიფოს მიერ და განსახილველი დავა წარმოშობილია შემოსავლების სამსახურის მიერ კანონის არასწორი განმარტებიდან და არა სახელმწიფოს ნებიდან (იხ. ს.ფ. 40-48, ტ.3).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მისაცემად უნდა გაანალიზდეს იმ ნორმატიულ აქტთა დანაწესები, რომელიც აწესრიგებს სადავო სამართალურთიერთობას, ეს დანაწესები დადგენილია შემდეგი საკანონმდებლო -
2003 წლის 8 მაისის “იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი;
2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
2010 წლის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში -
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №18 დადგენილება „ საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის № 290 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-1104-1056(კ-07) დ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საპროცესო უფლებამონაცვლე ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ, საბაჟო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილ სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, კერძოდ:
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბაჟო პასუხისმგებლობას ახასიათებს იურიდიული პასუხისმგებლობის ყველა ნიშანი. ამასთან, საბაჟო ურთიერთობის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხები საბაჟო სამართალში წარმოიშობა მრავალმხრივი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია სისხლის, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო, საფინანსო, საგადასახადო, საერთაშორისო სამართალთან და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება არა მარტო საბაჟო კანონმდებლობით, არამედ სხვა დარგის სამართლებრივი ნორმებითაც.
საკასაციო სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების საფუძველზე მიაჩნია, რომ საბაჟო ურთიერთობათა სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევები კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათიდან გამომდინარე, იწვევს სისხლისსამართლებრივ, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო სამართლებრივ ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინის მიხედვით საბაჟო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ინსტიტუტი თავისი სტრუქტურით არის ურთიერთდაკავშირებული სამართლის სხვა დარგების ერთობლიობა, რომლებითაც დადგენილია სამართალდარღვევის სახეები საბაჟო ურთიერთობათა სფეროში და მათი ჩადენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლის დარგით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, საბაჟო სამართალი არეგულირებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს, რომლის ერთ-ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.“
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 17 სექტემბერს ამოქმედებული საგადასახადო კოდექსის (რომლის საფუძველზე ძალა დაკარგა საბაჟო კოდექსმა) X კარის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება“ (საკანონმდებლო რედაქცია, 27.03.2012. N5942) ნორმებში ასახვა ჰპოვა საბაჟო ურთიერთობების მომწესრიგებელმა ნორმებმა, კერძოდ, 207-ე მუხლის ,,ტ“ პუნქტის მიხედვით ტერმინი - საბაჟო კონტროლი – განმარტებულია შემდეგი მნიშვნელობით: „შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა (საკანონმდებლო რედაქცია , 27.03.2012. N5942.).
ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმა: „საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული“, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს ამოსავალ წერტილს წინამდებარე დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემომითითებული საკანონმდებლო დანაწესი ემსახურება და შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი უზრუნველყოფს სამართლებრივ ნდობას. საჯარო სამართლის მეცნიერებაში ხელისუფლების თვითშეზღუდვის თეორიის თანახმად, საჯარო სამართლის ძირითადი პოსტულატი არის სახელმწიფოს შეზღუდვა ანუ ბოჭვა სამართლით. ,,რამდენადაც თუ სახელმწიფო არ არის სამართლით შებოჭილი, მაშინ ინდივიდს სახელმწიფოს მიმართ არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს უფლებები, რადგან სახელმწიფოს ინდივიდის მიმართ არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს მოვალეობები. თუ არ არსებობს სამართლით ბოჭვა, ხელისუფლების მიმართება ინდივიდთან არის ძალის და არა - სამართლის მიმართება“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე ევროპული სამართლებრივი ტენდენციის თანახმად, სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტიან კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, რომ არ შეიძლება საუბარი კანონის უზენაესობაზე, როდესაც თავად სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები არ ემორჩილებიან კანონს.
სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ასევე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-11-11(კ-07) ვ. ქ-ა, ლ. მ-ია, ლ. თ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, კერძოდ:
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი უზრუნველყოფს სამართლებრივ ნდობას, რაც თავის მხრივ მოითხოვს კანონის ნორმების სიცხადეს. კანონმდებლობის ,,არაწინააღმდეგობრიობის” პრინციპი კი განაპირობებს კანონმდებლობას, როგორც ჰარმონიულ ურთიერთობას, რომელიც თავისუფალი იქნება შიდა წინააღმდეგობისაგან. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი აწესებს კანონის ნორმების ერთმანეთთან ისე შეხამების ვალდებულებას, რომ ესა თუ ის მოქალაქე არ აღმოჩნდეს დაუცველი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვალეობისაგან. კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებელი შეზღუდულია ნორმატიული, სოციალური, ლოგიკური, ენობრივი და სხვა ხასიათის შეზღუდვებით, კერძოდ, კანონმდებლის ნორმატიული შეზღუდვა კონსტიტუციიდან და სამართლებრივი სისტემის კონსტიტუციით დაცულ ნორმათა კომპლექსიდან გამომდინარეობს.“
წინამდებარე დავის კანონიერად გადაწყვეტისთვის აუცილებელია განიმარტოს რა დასკვნა გამომდინარეობს 2003 წლის 8 მაისის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონისა და 2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების შინაარსიდან.
შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და და მე-141 მუხლებით დადგინდა პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრის აუცილებლობა, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება იარაღის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვების ან არდაშვების საკითხი. რაც შეეხება ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველ ნაწილს, იგი საქართველოში შემოტანის ან გატანისათვის ნებართვის საჭიროებას ადგენს ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო იარაღებზე და არა ყველა სახის სამოქალაქო იარაღზე. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის ჩამონათვალში არ გვხვდება პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტი ცალსახად ადგენს, რომ: ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს კონკრეტული პნევმატური იარაღი დაშვებულია თუ არა სამოქალაქო ბრუნვაში, რადგან ზემოთდასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პნევმატური იარაღი არ არის დაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში, მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს ნებართვას. პნევმატური იარღის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვების ან არდაშვების საკითხი წყდება მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით.
2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში. საქმის გარემოებებით დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ, რომ არც ს. ბ-ის მიერ საბაჟო ორგანოში მისი კუთვნილი პნევმატური იარაღების დეკლარირებისას და არც დღეისათვის ამგვარი ტექნიკური მახასიათებლები არ არის დამტკიცებული. მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული იარაღის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება-არდაშვების საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ნებართვის მისაღებად მისთვის მიმართვის შემთხვევაში ვერ განსაზღვრავს, უნდა გასცეს თუ არა ნებართვა.
აუცილებელია განიმარტოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცებამდე, პნევმატური იარაღის შემოტანა სახელმწიფოში აკრძალულად ითვლება თუ პირიქით დაშვებულად, როგორ უნდა იმოქმედოს ადმინისტრაციულმა ორგანომ და რა უნდა ივარაუდოს პირმა.
2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა აღნიშნული ნორმით გაითვალისწინა შეზღუდვების დადგენის შესაძლებლობა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს იმ პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი მან უნდა დაადგინოს შეზღუდვა, როგორც გამონაკლისი ზოგადი წესიდან. ნორმის ფორმულირება რომ საპირისპირო იყოს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ განესაზღვრა იმ იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, მაშინ გონივრული იქნებოდა დაგვესკვნა, რომ ზოგადი წესის თანახმად ნებართვის გარეშე პნევმატური იარაღის შემოტანა აკრძალულია. 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული ნორმების, კერძოდ მე-141 და მე-19 მუხლის მე-8 ნაწილის ერთობლიობით კი უნდა დავასკვნათ, რომ ზოგადი წესის თანახმად, პნევმატური იარაღი დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში, შესაბამისად საქართველოში მის შემოტანას არ სჭირდება ნებართვა, ხოლო მას შემდეგ რაც განისაზღვრება ტექნიკური მახასიათებლები და დადგინდება თუ როგორი სახის პნევმატური იარაღი არ დაიშვება ბრუნვაში, კონკრეტული იარაღების შემოსატანად საჭირო გახდება ნებართვა.
2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის I მუხლით განისაზღვრა ამ კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ: ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს, ხოლო, მე-2 მუხლით - ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები, რომლის თანახმად: საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საქმიანობის ან ქმედების ლიცენზიით ან ნებართვით რეგულირების მიზანი და ძირითადი პრინციპებია:
ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;
ბ) ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;
გ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.
3. საქმიანობა ან ქმედება, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საზოგადოებრივ რისკს, სახელმწიფოს მიერ თავისუფლდება რეგულირებისაგან ან რეგულირდება მხოლოდ ნაწილობრივ.“
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში პირის ქცევის სახელმძღვანელოდ აღიარებულია პრინციპი, რომ „ის, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია“. განსხვავებით ადმინისტრაციული ორგანოსგან, მოქალაქეს შეუძლია აღნიშნულ პრინციპს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის დროსაც დაეყრდნოს, კერძოდ, ის რისი ნებართვის საჭიროებაც დადგენილი არ არის, ნებადართულია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები – უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურსამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. ასეთი მიდგომა კი, თავის მხრივ, პიროვნული თავისუფლების გამოვლინებაა.
ამავდროულად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლება – შეზღუდვა მისთვის, როგორც ინსტიტუტისათვის, დამახასიათებელი თვისებაა და განუყოფელია მისი სუბსტანციისაგან. საკუთრების სოციალური ფუნქცია მასში ვალდებულებებსაც მოიცავს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. ევროპული კონვენცია უშვებს შესაძლებლობას, სახელმწიფოებმა გარკვეული წინაპირობების არსებობისას, განახორციელონ ქონების ჩამორთმევა ან გააკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა. ევროპული კონვენცია ასევე ითვალისწინებს საკუთრების უფლებაში ჩარევას საჯარო ან საერთო ინტერესის მიზნიდან გამომდინარე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს საჯარო ინტერესის დაცვის პრინციპიდან აქცენტი გადააქვს თანაზომიერების პრინციპზე. თანაზომიერების პრინციპი არის ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული იქნას საკითხისადმი დიფერენცირებული მიდგომა. სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე. ასე, მაგალითად, საქმეზე „მარკსი ბელგიის წინააღმდეგ“ 1979წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის №1 ოქმის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის განმარტებისას აღნიშნა, რომ ნორმა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს აძლევს უფლებას - აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლი საჯარო ინტერესების უზრუნველსაყოფად. ხოლო, საქმეზე „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ 1982 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა, რომ სამართლიანი ბალანსი გამოირიცხება, თუ პირს ეკისრება ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ექნებოდა, ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა - არის არგუმენტი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, დაასაბუთოს საკუთრების ხელყოფა, თუმცა, ეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისაგან, შექმნან საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი და გამჭვირვალე მექანიზმი. ამდენად, ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.
საკუთრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებას. კონსტიტუცია საკუთრების უფლებაში ჩარევის ორ სახეს ადგენს – საკუთრების შეზღუდვასა და ჩამორთმევას. საკუთრების უფლების შეზღუდვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, ვინაიდან იარაღის დეკლარირების მომენტისათვის ტექნიკური მახასიათებლები არ იყო დადგენილი, მას უფლება ჰქონდა ყველა სახის პნევმატური იარაღის შემოტანაზე მოეთხოვა ნებართვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლში განმტკიცებული კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რასაც მას განუსაზღვრავს კანონი და მას არა აქვს უფლება თვითნებურად გასცდეს უფლებამოსილების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განმარტა რომ : „ კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განსაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში, შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვლობას, სისწორესა თუ მართლზომიერებას.“
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თუ კანონი აღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არ შეიძლება მოქალაქეს დავაკისროთ აქედან გამომდინარე რისკების თავიდან აცილების ტვირთი, თუნდაც მიზანშეწონილობის მოტივით. ტვირთი უნდა იკისროს სწორედ ვალდებულმა ორგანომ, რომელმაც დაუშვა კონკრეტული საკითხის მოწესრიგების გარეშე დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნება საფრთხე იმისა, რომ კანონმდებელი თუ კანონქვემდებარე აქტის გამოცემაზე ვალდებული ორგანო მოწესრიგების გარეშე დატოვებს რიგ საკითხებს და ამ არგუმენტით დაუსაბუთებს მოქალაქეს მისი უფლების შეზღუდვის საჭიროებას.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს, კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანისას ნებართვის საჭიროება გამომდინარეობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13, მე-14 და 22-ე ნაწილებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმის ჩამონათვალში არ მოიაზრება პნევმატური იარაღი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კანონით განსაზღვრულია ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავი ჩამონათვალი, ხოლო 24-ე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეა : საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემოსავლების სამსახურის არგუმენტს, ვინაიდან 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი არ იცნობს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ცნებას, ნორმაში კანონმდებელი მოიაზრებს ზოგადად სამოქალაქო იარაღს, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს პნევმატური იარაღიც, შესაბამისად მასზეც ვრცელდება ნებართვის საჭიროება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ტერმინ – სამოქალაქო ცეცხსასროლ იარაღს კანონმდებელი იყენებს იმავე მუხლის მე-15 ნაწილშიც. 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად სამოქალაქო იარაღის სახეებს წარმოადგენს: თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო, სასიგნალო. სამოქალაქო იარაღის თითოეული ეს სახე იყოფა ასევე სახეობებად, მაგალითად, მე-5 მუხლის თანახმად, თავდაცვის იარაღის ერთ-ერთი სახეობაა მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული იარაღის – სპორტული მოკლელულიანი და სპორტული გრძელლულიანი იარაღები. სამოქალაქო იარაღის ზემოთდასახელებული სახეობები ამავე დროს წარმოადგენენ ცეცხლსასროლ იარაღს და სწორედ მათ მიმართ ვრცელდება კანონის 24-ე მუხლის 22-ე ნაწილი და არა ნებისმიერ სამოქალაქო იარაღზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პნევმატურ იარაღზე ნებართვის საჭიროება ასევე არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებიდან. მოცემული ნორმებით გათვალისწინებულია ნებართვის საჭიროება სანადირო და სპორტულ, ასევე ცეცხლსასროლ იარაღებზე, მათში არ მოიაზრება პნევმატური იარაღი, რადგან 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, სანადირო ცეცხლსასროლი და სანადირო პნევმატური იარაღები სანადირო იარაღის ორი სხვადასხვა სახეა, ისევე, როგორც სპორტული ცეცხლსასროლი და სპორტული პნევმატური იარაღები სპორტული იარაღის სხვადასხვა სახეებია, შესაბამისად, ერთ-ერთ მათგანზე ნებართვის საჭიროება არ გულისხმობს, რომ მეორე სახის იარაღის შემოტანასაც ავტომატურად სჭირდება ნებართვა. 24-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილებით კანონმდებელმა დააკონკრეტა სამოქალაქო იარაღის ის სახეები, რომელთა საქართველოში შემოტანა საჭიროებს ნებართვას, ამავე მუხლის 22-ე ნაწილში კიდევ ერთხელ, ჩამონათვალში მიუთითა სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის(აირის) იარაღების თაობაზე, რაც ნათელს ხდის კანონის ნებას. კანონისმიერი ჩამონათვალი არის ამომწურავი და ვინაიდან ნუსხაში არ არის პნევმატური იარაღი, მის მიმართ მითითებული ნორმის გავრცელება არასწორია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მიმართ არსებობს სიზუსტის, განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ კანონის განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის აუცილებლობის თაობაზე აღნიშნა: ,,ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში”.
კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლებელია მოქალაქემ იმგვარად გაიგოს 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ და 2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების ზემოთდასახელებული ნორმები, როგორც ამას შემოსავლების სამსახური განმარტავს. ნორმების ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს და არ შეიძლება საშუალო სტატისტიკური მონაცემების მქონე მოქალაქე დავავალდებულოთ, ამგვარად წაიკითხოს და გაიგოს მათი შინაარსი. თუკი კანონმდებელს სურს, რომ აღნიშნულ ნორმებს სხვაგვარი შინაარსი შესძინოს, მან მკაფიოდ და არაორაზროვნად, ნორმებს შორის წინააღმდეგობის აღმოფხვრით უნდა დაარეგულიროს პნევმატური იარაღის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხები. სამართალშემფარდებელი ორგანო ნორმის შეფარდებისას ხელმძღვანელობს კანონის ნებით და არა მიზანშეწონილობის მოთხოვნით. 2000 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე: „ვლოხი პოლონეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ის ნორმა, რომელიც იმდენად ბუნდოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აბნევს, მართლზომიერების მოთხოვნებთან შეუსაბამოა“.
შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული სახით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე ნაწილის შინაარსის გაგების არამართლზომიერებაზე მეტყველებს ისიც, რომ თავად კასატორიც ადასტურებს ნორმების ამგვარად წაკითხვის შესაძლებლობას, მხოლოდ ორივე კანონის ერთობლიობაში, რაც შეიძლება ჩაითვალოს არაპირდაპირ აღიარებად, რომ ნორმა ცალკე აღებული ვერ აღიქმება შემოთავაზებული სახით. კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნასთან შეუსაბამოა დავავალდებულოთ მოქალაქე სხვადასხვა კანონების წინააღმდეგობრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე აკეთოს დასკვნები იმის თაობაზე, თუ რას უკრძალავს კანონი, მით უმეტეს, რომ ნორმების არც ამგვარი ანალიზი იძლევა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 5.3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლოს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ,საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №18 დადგენილების „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის № 290 ბრძანების „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ნორმების გაანალიზების შედეგად მიაჩნია, რომ გაზიარებული უნდა იქნეს მოსარჩელის მოსაზრება, რომ არც აღნიშნული აქტებით არ არის დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა პნევმატურ იარაღთან მიმართებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება განსახილველ დავაში არ ეფუძნება ნორმატიულ ბაზას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ამკვიდრებს (საჯარო) სამართლის მნიშვნელოვან პრინციპს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, ანუ კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებით, სადაც მოქმედებს ნების ავტონომიის პრინციპი, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია ნების გამოვლენის თვალსაზრისით, კერძოდ, მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან.
ამდენად,საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახელმწიფოს მიერ მკაფიო, განჭვრეტადი კანონმდებლობის შექმნის ვალდებულების ვერუზრუნველყოფის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების, როგორც ნორმათგამომყენებელი და ნორმათგანმმარტებელი ორგანოების დისკრეციის კანონისმიერი ფარგლები - განმარტონ და გამოიყენონ სამართლის ნორმა სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპების სულისკვეთებით, წარმოადგენს აუცილებელ და უპირობო სტანდარტს, საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონიერი მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
განსახილველ დავაში ასევე, შეფასების საკითხია საბაჟო სამართალურთიერთობის მონაწილე ფიზიკური პირის კანონიერი ნდობის უფლების რეალიზაციის ფარგლები სახელმწიფოს კანონმდებლობის წინააღმდეგობრივი ხასითის და ჰარმონიზაციის პრობლემის პირობებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა.
კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება ან ბ) მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა ცოდნოდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის საჯაროსამართლებრივი ვალდებულების განსაზღვრა შეუძლებელია დამოკიდებული იყოს საჯარო მოხელეების განწყობასა და შეხედულებებთან, ასეთ პირობებში არ იარსებებს სამართლებრივი სახელმწიფოს განცდა და აზრი ეკარგება პირის კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა. კერძოდ: „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა (ნაწილი I).
დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა (ნაწილი II).“
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში ნებართვების დადგენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო ამგვარი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობის ვალდებულება _ კერძო ინტერესის _ ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი _ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2012 წლის 28 იანვარს მოსარჩელე ს. ბ-ემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული პნევმატური თოფების დაბრუნება, ასევე ზიანის - 144, 75 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 19-22; ტ.1);
2012 წლის 1 თებერვლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის მიხედვით საჩივარი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურს (იხ. ს.ფ. 23; ტ.1);
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურს კანონით დადგენილი წესით საჩივარი არ განუხილავს და არ გამოუცია ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ს. ბ-ის კუთვილ იარაღს ფლობს შემოსავლების სამსახური და ინახება შპს ,,...“ საწყობში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად.
აღნიშნული დანაწესი არ ნიშნავს, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ ჩაატარონ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე. პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება ემსახურება კერძო ინტერესის _ ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები, ხოლო 298-ე მუხლში ჩამოყალიბებულია საგადასახადო დავის პრინციპები, კერძოდ, დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ უგულებელყოფილია ადმინისტრაციული და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების - საგადასახადო დავის განხილვა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევა, სამართლებრივი შეფასების მოხდენა, კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც ასევე ლახავს პირის კანონიერ მოლოდინს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსაგან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც არ შეესაბამება მმართველობის კანონიერების სტანდარტს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორი შეფასება მისცეს საქმის მასალებს, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზას და კანონიერად და ობიექტურად გადაწყვიტეს დავა, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/