საქმე #ბს-130-123(კ-13) 9 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი - მ. ნ-ე; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი - ო. ჩ-ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ა. ს-ე
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სარჩელის საგანი:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №005-4431 შეტყობინების ბათილად ცნობა;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №8509 ბრძანების ბათილად ცნობა;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 30 ივლისის №03/55196 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: ქ. თბილისში, ... ქ. №11-ში ვ. ს-ის (მოსარჩელის მამა) 1991 წლის გაცემული თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდა შპს ,,...“ იურიდიული მისამართი, რომელმაც ხელახალი რეგისტრაცია გაიარა 1995 წელს და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო მოსარჩელე - ა. ს-ე, ამავდროულად იგი იყო ფირმის დირექტორის მოადგილე და გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლება.
2000 წელს შპს ,,...“ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, რის თაობაზეც ეცნობა საგადასახადო ინსპექციას. ამავე წელს მოხდა ამ საწარმოს წილების გასხვისება, რაზედაც შედგა შესაბამისი სანოტარო აქტი. შემდგომ წლებში საწარმოს არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია.
2012 წლის 18 აპრილს შემოსავლების სამსახურმა შპს ,,...“ მიმართ გამოსცა №005-4431 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შპს ,,...“ არსებულ ქონებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული შეტყობინება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ იგი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
მითითებული ბრძანება მოსარჩელემ ასევე გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2012 წლის 30 ივლისის №03/55196 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლიდან საწარმოს მიმართ შეცილებისა და მოთხოვნის წაყენების ვადა და ამნისტიის წესის გათვალისწინებით რაიმე პრეტენზიის წამოყენება შეუძლებელია.
შპს ,,...“ ქ. თბილისში, ... ქ. №11-ში არანაირი ქონება არასდროს არ ჰქონდა და მისი საწესდებო კაპიტალი 1995 წლის რეგისტრაციის მონაცემებით შეადგენდა 2000 ლარს.
სამართლებრივი: მოსარჩელემ ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე, მე-601 მუხლების შესაბამისად მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაგებელი:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებისა და შპს ,,...“ წესდების შესაბამისად, კი ფირმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც ირჩევა/ინიშნება დამფუძნებლის მიერ იგი დებს ხელშეკრულებებს ფირმის სახელით და გასცემს მინდობილობებს. 1995 წლის კრების ოქმით შპს ,,...“ დირექტორად არჩეულია ლ. მ-ი. მოპასუხის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა ა. ს-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებას.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით (იხ. ს.ფ. 148-156; ტ.1).
საქმის გარემოებები: ქ. თბლისში, ... ქ. №11-ში მცხოვრები ვ. ს-ის მიერ, რომელიც გარდაიცვალა 2000 წელს (მოსარჩელის მამა) 1991 წელს გაცემული თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდა შპს ,,...“ იურიდიული მისამართი, რომელმაც 1995 წელს გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.
შპს ,,...“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო მოსარჩელე - ა. ს-ე, ამავდროულად იგი დანიშნული იყო დირექტორის მოადგილედ და გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
შპს ,,...“ 2000 წლიდან შეწყვიტა ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, რის თაობაზეც აცნობა საგადასახადო ინსპექციას, ასევე განხორციელდა წილების გასხვისება, რაზედაც შედგა სანოტარო აქტი.
2000 წელს ან 2001 წლის მაისამდე შპს ,,...“ საგადასახადო ინსპექციამ წარუდგინა პრეტენზიები, თითქოს ფირმის მიერ განხორციელებული ოპერაციები განეკუთვნებოდა უსაქონლო ოპერაციებს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოტივით მთლიანად ამოიღო მათგან საქმის წარმოებისა და სადამფუძნებლო მასალები, რის შემდეგაც 11 წლის განმავლობაში არანაირი გადაწყვეტილება და პრეტენზია მათთვის არავის არ წამოუყენებია.
2012 წლის 18 აპრილს შპს ,,...“ მიმართ გამოიცა №005-4431 ბრძანება გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ, რომელიც შემდგომ ა. ს-ემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანების შესაბამისად, შპს ,,...“ საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანება ა. ს-ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2012 წლის 30 ივლისის №4653/2/12 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ა. ს-ე არ წარმოადგენდა შპს ,,...“ დირექტორს და მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მის უფლებამოსილებას.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 196-201; ტ.1).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით განხორციელდა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ჩანაწერებით: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,...“, იურიდიული მისამართი - ქ. თბილისი, ... ქ. №11 დამფუძნებელი პარტნიორები - ლ. მ-ი და ა. ს-ე, საზოგადოების დირექტორი - ლ. მ-ი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა ხორციელდებოდა დირექტორის ერთპიროვნული მართვის უფლებამოსილებით.
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,...“ დირექტორია ლ. მ-ი.
2012 წლის 18 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,...“ მიმართ გამოსცა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №005-4431 შეტყობინება, რომელიც 2012 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა საწარმოს დამფუძნებელს - ა. ს-ეს.
ა. ს-ემ 2012 წლის 17 მაისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ამავე სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №005-4431 შეტყობინების გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანებით ა. ს-ის სარჩელი დარჩა განუხილველად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 30 ივლისის №4653/2/12 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა გასაჩივრებული აქტების კანონიერების საკითხი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხლავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო, თუ ვინ უნდა იყოს მიჩნეული საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, აღნიშნულს განსაზღვრავს როგორც საგადასახადო კოდექსი ასევე ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსი გამოყოფს ორი სახის საგადასახადო წარმომადგენლობას: კანონისმიერი წარმომადგენლობა და წარმომადგენლობა უფლებამოსილი პირის მეშვეობით. თუ წარმომადგენლობა პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან ან სადამფუძნებლო დოკუმენტებიდან, მაშინ სახეზეა კანონისმიერი წარმომადგენლობა. ხოლო თუ წარმომადგენლობა წარმოიშობა მარწმუნებლის თავისუფალი ნების შედეგად, სახეზეა წარმომადგენლობა უფლებამოსილი პირის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს პირადად, წარმომადგენლის მეშვეობით ან წარმომადგენელთან ერთად. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საწარმოს ერთ-ერთ სადამფუძნებლო დოკუმენტს წარმოადგენს წესდება (პარტნიორთა შესახებ), რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად მიეთითება, ასევე მონაცემები საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების) შესახებ, საწარმოს მმართველობის ორგანო და სხვა. თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამოდენიმე პირი ჰყავს, უნდა მიეთითოს, რომ ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე. რეგისტრაციისათვის, ასევე წარდგენილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ის სამართლებრივ ურთიერთობაში გამოიყენებს.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,...“ წესდების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ფირმის მართვას ახორციელებს დირექტორი, 6.3 პუნქტის თანახმად, დირექტორი ამტკიცებს ფირმის გეგმებს, განსაზღვრავს სტრუქტურას და შტატებს, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესს, დებს ხელშეკრულებებს ფირმის სახელით, განაგებს ფირმის ქონებას, გასცემს მინდობილობებს, აწარმოებს ოპერაციებს ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში, 6.4 პუნქტის შესაბამისად, კი ფირმის დირექტორი აყალიბებს ფირმის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას, წარმოადგენს ფირმის ინტერესებს სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან, ანუ საზოგადოების წესდება საზოგადების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებას ანიჭებს დირექტორს. საქმის მასალებით, კი დადგენილია, რომ შპს ,,...“ დირექტორია ლ. მ-ი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საწარმოს სახელით მოქმედების, მათ შორის სსპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №005-4431 შეტყობინების გასაჩივრების უფლებამოსილებაც აქვს ლ. მ-ს და არა ა. ს-ეს, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელს და მას საწარმოს დირექტორისაგან არ აქვს მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
სასამართლოს დასკვნები:
გასაჩივრებული აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2010 წლის რედაქცია) 239-ე, 301-ე, 304-ე, 305-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-60 პრიმა მუხლები, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი (იხ. ს.ფ.196-201; ტ.2).
აპელანტი - ა. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები :
ფაქტობრივი: ქ. თბლისში, ... ქ. №11-ში მცხოვრები ვ. ს-ის მიერ, რომელიც გარდაიცვალა 2000 წელს (მოსარჩელის მამა) 1991 წელს გაცემული თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდა შპს ,,...“ იურიდიული მისამართი, რომელმაც 1995 წელს გაიარა ხელახალი რეგისტრაცია. აპელანტის მითითებით, შპს ,,...“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის თვითონ, ამავდროულად დანიშნული იყო დირექტორის მოადგილედ და გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
შპს ,,...“ 2000 წლიდან შეწყვიტა ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, რის თაობაზეც აცნობა საგადასახადო ინსპექციას, მოხდა ასევე წილების გასხვისება, რაზედაც შედგა სანოტარო აქტი.
2000 წელს ან 2001 წლის მაისამდე საგადასახადო ინსპექციამ წარუდგინა პრეტენზიები, თითქოს ფირმის მიერ განხორციელებული ოპერაციები განეკუთვნებოდა უსაქონლო ოპერაციებს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოტივით მთლიანად ამოიღო მათგან საქმის წარმოებისა და სადამფუძნებლო მასალები, რის შემდეგაც 11 წლის განმავლობაში არანაირი გადაწყვეტილება და პრეტენზია მათთვის არავის არ წამოუყენებია, ხოლო 2012 წელს გაეგზავნა შეტყობინება, ფირმის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. რომელიც აპელანტმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანების შესაბამისად, საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანება გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ს-ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანების გაუქმების თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, მას შემდეგ რაც ფირმამ შეწყვიტა საქმიანობა გასულია 12 წელი და მასთან არ ინახება შპს ,,...“ საქმიანობასთან, რეგისტრაციასა და ვალდებულებებთან დაკავშირებული საბუთები, შესაბამისად, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოების აპელირება იმაზე, რომ უნდა წარედგინა რაიმე მტკიცებულება წარმომადგენლობის უფლების დადასტურების მიზნით.
აპელანტის განმარტებით, მან სასამართლოს წარუდგინა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რომლის შესაბამისად, მას გააჩნდა პირველი ხელმოწერის უფლება, წარმოადგენდა ფირმას საბანკო დაწესებულებებში ფულადი ოპერაციების დროს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, მაგრამ საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიღო მხედველობაში აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არ გაიზიარა იგი.
სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, საწარმოს მიმართ საგადასახადო ინსპექციის მხრიდან შეცილების ვადის და ამნისტიის წესის გათვალისწინებით რაიმე პრეტენზიისა და მოთხოვნის წამოყენება უსაფუძვლოა, რადგან ამოწურულია შეცილების ვადა, ამასთან, ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2004 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების მიმართ შეწყვეტილია ყველა სახის სამართალწარმოება (იხ. ს.ფ. 206-215; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით ალექსანადრე სიხარულიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნა, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,...“ წესდების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ფირმის მართვას ახორციელებს დირექტორი, 6.3 პუნქტის თანახმად, კი დირექტორი ამტკიცებს ფირმის გეგმებს, განსაზღვრავს სტრუქტურას და შტატებს, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესს, დებს ხელშეკრულებებს, აწარმოებს ოპერაციებს ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში, 6.4 პუნქტის შესაბამისად, კი ფირმის დირექტორი აყალიბებს ფირმის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას, წარმოადგენს ფირმის ინტერესებს სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ამდენად, საზოგადოების წესდება საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებას ანიჭებს დირექტორს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ შპს ,,...“ დირექტორია ლ. მ-ი. შესაბამისად, საწარმოს სახელით მოქმედებს, მათ შორის სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №005-4431 შეტყობინების გასაჩივრების უფლებამოსილება აქვს სწორედ ლ. მ-ს არა ა. ს-ეს, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელს და მას საწარმოს დირქეტორისგან არ აქვს მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილიება.
კასატორი: ა. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული 2013 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტლების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, თბილისში, ... ქ. №11-ში რეგისტრირებულ იქნა შპს ,,...“ იურიდიული მისამართი, აღნიშნულმა შპს ხელახალი რეგისტრაცია გაირა 1995 წელს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო თვითონ, იმავდროულად იგი იყო ფირმის დირექტორის მოადგილე, ჰქონდა წარმომადგენლობითი და პირველი ხელისმოწერის უფლება.
2000 წელს შპს ,,...“ შეწყვიტა ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, რის თაობაზეც ეცნობა საგადასახადო ინსპექციას, ამავე წელს მოხდა საწარმოს წილების გასხვისებაც, რაზეც შედგა შესაბამისი სანოტარო აქტი. შპს ,,...“ არ ჰქონდა არანაირი ქონება და მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2000 ლარს. 2012 წლის 18 აპრილის შემოსავლების სამსახურის მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, შპს ,,...“ მიმართ წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შპს ,,...“ ქონებაზე, აღნიშნული.
აღნიშნული კასატორმა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანების შესაბამისად, საჩივარი დარჩა განუხილველად მითითებული ბრძანება გაასჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ს-ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანების გაუქმების თაობაზე, იმ მოტივით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ იყო წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორის განმარტებით, მას შედეგ რაც ფირმამ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა გასულია 12 წელი და მასთან არ ინახება არანაირი მტკიცებულება შპს ,,...“ საქმიანობასთან, რეგისტრაციასთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო საბუთების სრული პაკეტი ინახება საგადასახადო ინსპექციაში) კასატორის განმარტებით, შემოსავლების სამსახური უარს ამბობს დამატებით რაიმე დოკუმენტის წარდგენაზე, მას კი არანაირი ვალდებულება არ აკისრია ფირმის საბუთების სამიდღემჩიოდ შენახვაზე.
კასატორის განმარტებით, მის მიერ სასამართლოში წარდენილია მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომელთა შესაბამისად, მას გააჩნია პირველი ხელისმოწერის უფლება, წარმოადგენს ფირმას საბანკო დაწესებულებებში ფულადი ოპერაციების დროს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე და ა.შ., რაც არ გაითვალისწინა საქალაქო და შედგომ სააპელაციო სასამართლომ.
სამართლებრივი: კასატორის აზრით, საწარმოს მიმართ საგადასახადო ინსპექციის მხრიდან შეცილების ვადის და ამნისტიის წესის გათვალისწინებით რაიმე პრეტენზიისა და მოთხოვნის წამოყენება უსაფუძვლოა, რადგან ამოწურულია შეცილების ვადა, ამასთან, ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2004 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების მიმართ შეწყვეტილია ყველა სახის სამართალწარმოება (იხ. ს.ფ. 55-62; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ა. ს-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებისა და შპს ,,...“ წესდების შესაბამისად, ფირმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც ირჩევა/ინიშნება დამფუძნებლების მიერ. იგი დებს ხელშეკრულებებს ფირმის სახელით და გასცემს მინდობილობებს.
1999 წლის კრების ოქმით შპს ,,...“ დირექტორად არჩეულია ლ. მ-ი, ხოლო ა. ს-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.
მოწინააღმდგე მხარის მითითებით, ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახდო ვალდებულებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე.
შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 97-98; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ალექსანადრე სიხარულიძის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (იხ. ს.ფ. 102-103; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია და სწორად დაადგინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დასაბუთებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ, სსსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ: ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით განხორციელდა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ჩანაწერებით: შპს ,,...“, იურიდიული მისამართი - ქ. თბილისი, ... ქ. №11, დამფუძნებელი პარტნიორები - ლ. მ-ი და ა. ს-ე, საზოგადოების დირექტორი - ლ. მ-ი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა ხორციელდებოდა დირექტორის ერთპიროვნული მართვის უფლებამოსილებით (იხ. ს.ფ. 107-108; ტ.1).
სამეწარმეო რეესტრის შესაბამისად, შპს ,,...“ დირექტორია ლ. მ-ი (იხ. ს.ფ. 159; ტ.1).
2012 წლის 18 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,...“ (ს/ნ ...; იურიდიული მისამართი - ძველი თბილისის რაიონი, ... ქ. №11) მიმართ გამოსცა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება №005-44319 (ტ.1; ს.ფ. 105), რომელიც 2012 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა საწარმოს დამფუძნებელს - ა. ს-ეს.
ა. ს-ემ 2012 წლის 17 მაისს №82469/21 საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ამავე სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №005-4431 შეტყობინების გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 მაისის №8509 ბრძანებით ა. ს-ის საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 12-13; ტ.1).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 14-16).
კონკრეტულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელის საფუძველია ის გარემოება, მოსარჩელე ა. ს-ე წარმოადგენს თუ არა შპს ,,...“ სახელზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების მქონე უფლებამოსილ პირს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით (XIII) განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები: ა) ადმინისტრაციული ორგანო სადაც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა და განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო კანონმდებლობის სისტემაში უმნიშვნელოვანესი ნორმატიული აქტია, იგი აწესრიგებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან და პრინციპულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს საგადასახადო სფეროში. არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილეთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათ უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობისას წარმოშობილ დავათა გასაჩივრებისა და გადაწყვეტის წესს და ასევე სხვა საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ საკითხებს.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობისას წარმოშობილ დავათა გასაჩივრებისა და გადაწყვეტის წესს არეგულირებს საგადასახადო კოდექსის XLII თავი. ამავე კოდექსის 300.1 მუხლში ჩამოთვლილია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დავის განმხილველ ორგანოში წარდგენილი საჩივარი, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს მითითებული მუხლით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს ადმინისტრაციული ორგანო საჩივარს დატოვებს ხარვეზზე, რომლის აღმოფხრის შემთხვეაშიც განიხილავს მას. ზემოაღნიშნული თავის ნორმებით ასევე მოწესრიგებულია საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ 301-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის (პუნქტი ,,გ“.), საჩივარი დარჩება განუხილველი.
ნორმატიულ აქტთა დიდ ნაწილში განსაზღვრულია, წარმომადგენლის ინსტიტუტი და მისი რეალიზაციის ფორმები, ასე მაგ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაცულია აგრეთვე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის წარმომადგენლობის უფლება, კერძოდ, 86-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის თუ ვინ წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების მქონე უფლებამოსილ პირს, წესრიგდება საგადასახადო კოდექსითა და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად: ,,გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში“.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლი ადგენს, რომ შესაძლებელია გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ურთიერთობაში მონაწილება მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით, მაგრამ არ განსაზღვრავს წარმომადგენლის ცნებას, სავსებით ლოგიკურად, ვინაიდან წარმომადგენლობა სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტია და შესაბამისად მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, რაც სრულად გამოიყენება ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობებში.
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლი გამოყოფს ორი სახის წარმომადგენლობას: ა) კანონისმიერი წარმომადგენლობა (რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან ან სადამფუძნებლო დოკუმენტიდან და ბ) წარმომადგენლობა უფლებამოსილი პირის მეშვეობით (თუ წარმომადგენლობა წარმოიშობა მარწმუნებლის თავისუფალი ნების შედეგად).
საგადასახდო კოდექსის 37.2 მუხლი ითვალისწინებს საწარმოს კანონისმიერი წარმომადგენლობის ორ ფორმას: წარმომადგენლობა საწარმოს (ორგანიზაციის) მეშვეობით და წარმომადგენლობა საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და ამ საწარმოს (ორგანიზაციის) სადამფუძნებლო დოკუმენტების საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საწარმოების (ორგანიზაციების) წარმომადგენლობის უფლებამოსილების საკითხი განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის შესაბამისად, საწარმოს ერთ-ერთი სადამფუძნებლო დოკუმენტია საწარმოს წესდება, რომელშიც მიეთითება საწარმოს სახელწოდება (საფირმო სახელწოდება), საწარმოს სამართლებრივი ფორმა, საწარმოს იურიდიული მისამართი, მონაცემები საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების) შესახებ, საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი. საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან, წესდებასთან (პარტნიორთა შეთანხმებასთან) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნელ სააგენტოს უნდა წარედგინოს დოკუმენტი, რომელშიც მიეთითება საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები). თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს, უნდა მიეთითოს, ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს.
საგადასახადო კოდექსის 37.4 მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება ასევე პირი, რომელიც გადასახადის გადამხდელის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/ და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მითითებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომ იყოს პირი მას უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონით ანუ იგი უნდა იყოს ან საწარმოს დირექტორი ან უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მითითებული უნდა იყოს სადამფუძნებლო დოკუმენტში - წესდებაში ან დირექტორის მიერ რწმუნებულების საფუძველზე მინიჭებული უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება წარმომადგენლობაზე.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმეში არსებული შპს ,,...“ წესდების VI განსაზღვრულია ფირმის მართვის სამართლებრივი საკითხები, რომლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ფირმის მართვას ახორციელებს დირექტორი, მე-3 პუნტის თანახმად, დირექტორი ამტკიცებს ფირმის გეგმებს, განსაზღვრავს სტრუქტურას და შტატებს, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესს, დებს ხელშეკრულებებს ფირმის სახელით, განაგებს ფირმის ქონებას, გასცემს მინდობილობებს, აწარმოებს ოპერაციებს ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად კი, ფირმის დირექტორი აყალიბებს ფირმის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას, წარმოადგენს ფირმის ინტერესებს სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში, რომელიც დაკავშრებულია მის საქმიანობასთან (იხ.ს. ფ 36-39; ტ. 2).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას იმასთან მიმართებაში, რომ შპს ,,...“ წესდება საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებას ანიჭებს დირექტორს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დირექტორი ლ. მ-ია (იხ. ს.ფ. 107-108; ტ.1), შესაბამისად, იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №005-4431 შეტყობინების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდა სწორედ ლ. მ-ს და არა ა. ს-ეს, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელს და მას საწარმოს დირექტორისგან არა აქვს მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე მართებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 30 ივლისის №03/55196 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ა. ს-ე არ წარმოადგენდა შპს ,,...“ დირექტორს და მას საჩივრის განხილვისას ასევე არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მის უფლებამოსილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს განხილული ნორმების ნამდვილი შინაარსიდან და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის ნამდვილი მიზნიდან; შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობას ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად შეუფარდეს და განმარტეს სამართლის ნორმა, რის გამოც არ არსებობს კასაციის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/