#ბს-201-193(კ-13) 27 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი.რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინებისა და 2013 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 5 აპრილს ი.რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს მთავრობის, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს, სს „...“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 იანვრის №33 განკარგულებისა და ამ განკარგულებით მოწონებული ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების ბათილად ცნობა და 2008 წლის 10 ივლისიდან შეწყვეტილი სარჩოსა და შეღავათების აღდგენა მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ საქართველოს მთავრობისთვის 2007 წლის 5 თებერვლის ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სს „...“, როგორც სს „ს...“ სამართალმემკვიდრესა და ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების მყიდველს, შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრამვით მარჩენალდაკარგულ სამართალსუბიექტისათვის 2008 წლის 10 ივლისიდან შეწყვეტილი სარჩოსა და შეღავათების აღდგენის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ი.რ-ის სარჩელი სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს მიმართ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ი.რ-ის სარჩელი 2007 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში; ხოლო ი.რ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2008 წლის 10 ივლისიდან შეწყვეტილი სარჩოსა და შეღავათების აღდგენის შესახებ არ იქნა მიღებული წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი.რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.რ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინებით ი.რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.რ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების (მისი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმებაზე მიუთითებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.რ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების/საოქმო განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ი.რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების (მისი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმებაზე მიუთითებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს აქტების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია გადასინჯოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, თუ წინმსწრები განჩინებების კანონიერება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შესაძლოა იყოს სააპელაციო სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც ი.რ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინება;
4. ი.რ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე