საქმე ¹ბს-207-199(კ-13) 27 ივნისი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.13წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 10.08.12წ. №76 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიმართ. ლ.გ-მა სასარჩელო მოთხოვნის რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საკონკურსო კომისიის 30.08.12წ. №2 და 07.09.12წ. №4 სხდომის ოქმების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ 10.09.12წ. №80/2012 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (კ. ქ-ას არჩევის ნაწილში) და მოპასუხის დავალდებულება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში 19.06.12წ. გამოცხადებულ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტაციის სრულად და ობიექტურად გამოკვლევის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. დაზუსტების შედეგად მოპასუხედ მიეთითა ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.10.12წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა კ. ქ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.12წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.13წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.12წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო კომისიის 30.08.12წ. №2 სხდომის ოქმი ლ. გ-ისათვის პრეტენდენტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის და კ.ქ-ასთვის პრეტენდენტის სტატუსის მინიჭების ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 07.09.12წ. №4 შემაჯამაბელი ოქმი სოციოლოგიის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე გამოცხადებულ კონკურსში კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად კ. ქ-ას ცნობის ნაწილში, საკონკურსო კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 10.09.12წ. №80/2012 დადგენილება ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სოციოლოგიის მიმართულებით კ. ქ-ას არჩევის შესახებ და მისი მოქმედების შეწყვეტა დადგინდა საკონკურსო კომისიის მიერ ახალი აქტის გამოცემის დღიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.02.13წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.13 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე