Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-236-228(2კ-13) 18 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს ,,…“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს ,,…“ თავმჯდომარემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 16 თებერვლის №002-45 ბრძანების ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბათილად ცნობა და საზოგადოების პირად ბარათზე დარიცხული თანხების გაუქმება (იხ. ს.ფ. 1-15; ტ.1).

შესაგებლით სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 96-105; ტ.1).

2012 წლის 20 სექტემბერს შპს ,,…“ წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 30 ივლისის №03/53940 გადაწყვეტილების 95909,47 ლარის დავალიანების ნაწილში, შპს ,,…“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2012 წლის 27 იანვრის №002-45 ბრძანების, რომელიც გავრცელებულია შპს ,,…“ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული 95909,47 ლარის დავალიანების ფარგლებში ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტს დავალებოდა შპს ,,…“ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების, სულ - 95909,47 ლარის ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (იხ.ს.ფ. 201-202; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო (იხ.ს .ფ. 232-233; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 16 თებერვლის №002-45 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,…“ მიმართ (იხ. ს.ფ. 269-277; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 288-300; 303-314; ტ.1).

შპს ,,…“ წარმომადგენელმა სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივრები არ ცნო (იხ.ს .ფ. 13-32; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 52-66; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (იხ. ს.ფ. 74-85; 88-96; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 101-102; ტ.2).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 111-113; ტ.2).

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო შესაგებლით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 117-123; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ საგადასახადო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე არაერთგზის არის გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-426-411(კ-09) თ. ქ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მიმართ; საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-695-681(კ-12) ი/მ ნ. ბ-ის სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ) საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია მითითებული განჩინებით განხილულ დავაზე ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია, თუმცა აღნიშნულ განჩინებაში განმარტებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე მართებულობის სამართლებრივი შეფასებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე