Facebook Twitter

¹1916აპ ქ. თბილისი

8 მაისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ოშხარელი, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე ლ. რ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის განაჩენით ლ. რ-ი, _ დაბადებული .. წლის .., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სხეულის დაზიანება, ე.ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის ფუნქციის დაკარგვა მარჯვენა თვალიდან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათზე, გორის რაიონის სოფელ ..... მცხოვრები, მთვრალი ლ. რ-ი მივიდა სოფელში არსებულ ე.წ. „ხალხის თავშეყრის ადგილზე”, სადაც ამავე სოფელში მცხოვრები ლ. ზ-ი და დ. ო-ძე, რომლებიც ასევე მთვრალები იყვნენ, ერთმანეთს ხმამაღლა ეკამათებოდნენ. ლ. რ-ი ჩაერია მათ საუბარში და უმისამართოდ, ხმამაღლა შეიგინა უცენზურო სიტყვებით. ამ დროს იქვე მდებარე მაღაზიიდან გამოვიდა ნ. ე-ძე, რომელსაც მსჯავრდებულთან წინათ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. მან თავისად მიიღო ლ. რ-ის მიერ წარმოთქმული უცენზურო სიტყვები და მისცა შენიშვნა, რის გამოც ლ. რ-მა მას მიმართა ლანძღვა-გინებით. აღნიშნულის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ჩხუბის დროს ლ. რ-მა მუშტის დარტყმით ნ. ე-ს მარჯვენა თვალის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მხედველობის ფუნქციის დაკარგვა. იქ შეკრებილმა სოფლის მოსახლეობამ ისინი გააშველა, ხოლო დაზარალებული მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება.

აღნიშნული ქმედებისათვის ლ. რ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 14 დეკემბრიდან 2007 წლის 4 ივნისამდე. დაკმაყოფილდა დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულს ნ. ე-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6 ათასი ლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. ხ-მ. მან ითხოვა სასჯელის ნაწილში განაჩენის გაუქმება და ლ. რ-სათვის სასჯელის გამკაცრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ლ. რ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

კასატორი _ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ. ლ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში ლმობიერია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ ჯეროვნად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და დამდგარი მძიმე შედეგი, მიყენებული ზიანის ოდენობა, ის, რომ დაკისრებული სამოქალაქო სარჩელის ნახევარი ასანაზღაურებელია; მართალია, სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მორალურადაა მძიმე, ჩადენილია ქალბატონის წინააღმდეგ, ნასვამ მდგომარეობაში, რაც დამნაშავეს უარყოფითად და საზოგადოებისათვის საშიშ პირად წარმოადგენს; ლევან რაჟამაშვილისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი მ. ლ-ძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულ ნ. ე-ს, მოწმეების _ თ. ე-ს, ლ. ზ-ის, ი. გ-ის, თავად მსჯავრდებულის და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ლ. რ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოებები, რომ ლ. რ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც ასევე ნაწილობრივ აუნაზღაურა ზიანი. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი ან მსუბუქი და, შესაბამისად, აშკარად უსამართლო. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია.

ამასთან, მსჯავრდებულს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან ლ. რ-ძე სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილა. იგი არ გაცნობია დადგენილებას სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ (ს.ფ. 76). სსსკ-ის 472-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, განსასჯელს არ განემარტა წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველი და ოდენობა (ს.ფ 117).

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი ან პროკურორი მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს, რომელსაც განემარტება სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობები. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ლ. რ-სათვის დაზარალებულ ნ. ე-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

პროკორორ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს ლ. რ-სათვის დაზარალებულ ნათელა ეგაძის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.