Facebook Twitter

#ბს-265-257(კ-13) 27 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს ,,…’’ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 24 მაისს სს ,,…’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის საამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 24 აპრილის №A12003598-009/001 მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 3 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნების აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსათვის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ - ჯ. და შ. ფ-ეები.

მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 3 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვიტის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსათვის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,…’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,…’’, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით სს ,,…’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,…’’, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ასევე იშუამდგომლა საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემისა და პროცესის ეკონომიურობის მიზნით, მოცემული საქმის სს ,,…’’ მეორე საკასაციო საჩივართან ერთად განსახილველად გაერთიანების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,…’’ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,…’’ შუამდგომლობები საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემისა და პროცესის ეკონომიურობის მიზნით, მოცემული საქმის სს ,,…’’ მეორე საკასაციო საჩივართან ერთად განსახილველად გაერთიანების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: საქმე თავისი შიანაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ აღძრული შუამდგომლობა დიდ პალატაზე საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ იმ მოტივით, რომ საქმე ეხება მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხს, ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც დიდი პალატისათვის საქმის გადაცემას საფუძვლად უნდა დაედოს ის გარემოება, რომ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვით სასამართლო თავისი შეხედულებით და არა მხარის განცხადების საფუძველზე განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე არ არსებობს მოცემული საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ, იმავე მხარეთა შორის მიმდინარე სხვა ადმინისტრაციულ საქმესთან (№ბს-169-162(კ-13); სს ,,…’’ სარჩელის გამო, მოპასუხე - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირების - შპს „…“, ჯ. და შ. ფ-ეებისა და ხ. ქ-ის მონაწილეობით; ქონების შპს „…“ დარეგისტრირების შესახებ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 17 სექტემბრის №A12003598-007 მიმართვის ბათილად ცნობის; ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული №2/ბ-145-2011წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვის თაობაზე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს დავალების თაობაზე) გაერთიანების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული საქმეების გაერთიანების საჭიროება არ არსებობს მათი უფრო სწრაფად და სწორად გადაწყვეტისათვის, მით უფრო, რომ მითითებული საქმეები ცალ-ცალკე წარმოებად იქნა განხილული ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ და საკასაციო წარმოების ეტაპზე მათი გაერთიანების საფუძველი მით უფრო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე არ არსებობს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს ,,…’’ საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 13 მარტს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,…’’ შუამდგომლობები საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემისა და პროცესის ეკონომიურობის მიზნით, მოცემული საქმის სს ,,…’’ მეორე საკასაციო საჩივართან ერთად განსახილველად გაერთიანების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. სს ,,…’’ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინება;

4. სს ,,…’’ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 13 მარტის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე