Facebook Twitter

ბს-297-293(კ-12) 25 ივლისი ,2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. მ-ი, წარმომადგენელი: პ. კ-ე (06.06.2013წ. #130560591 რწმუნებულება)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი: მ.ბ-ი (10.03.11წ. #34123, 28.02.2013წ. #32876 მინდობილობა)

მესამე პირი – ქ.თბილისის მერია (წარმომადგენელი: თ.შ-ა - 01.07.2013წ. #06-17/1318219 მინდობილობა, ნ.მ-ე-06.06.2013წ. #06-17/13157108 მინდობილობა), ხ.ნ-ა (წარმომადგენელი: თ.გ-ი, 27.02.2013წ. #130184580 რწმუნებულება), მ. ფ-ე (წარმომადგენელი: პ.კ-ე, 06.06.13წ. #130560591 რწმუნებულება), მ.ხ-ი, ნ.თ-ი, პ.შ-ი, ლ.ა-ე, ი.ც-ე

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2011წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.02.11 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ-მა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირის ხ. ნ-ას მიმართ, მოპასუხის 29.12.10 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც დაზუსტდა ხ.ნ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის ქ.თბილისში, ... ტერიტორიაზე მდებარე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. აღნიშნულ ნაკვეთზე, რომელიც მეზობელი ნაკვეთისაგან კაპიტალური ღობით არის გამოყოფილი, ნ. მ-ის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია 11.04.03წ. განხორციელდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ახალი სისტემის დანერგვასთან და გეოდეზიური კოორდინატების შემოღებასთან დაკავშირებით განხორციელდა მისი კუთვნილი და მეზობელი მიწის ნაკვეთების საკადასტრო გეგმების დამზადება, რომელთა მიხედვით დაფიქსრდა ცდომილება მიწის ნაკვეთების მდებარეობის თვალსაზრისით, თითოეული ნაკვეთი განთავსებულია ზუსტი საზღვრებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. აღნიშნული უზუსტობის გასწორების მიზნით 09.02.11წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხ. ნ-ას სახელზე არსებული რეგისტრაცია უკანონოდ ზღუდავს მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.11წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ.თბილისის მერია, პ. შ-ი, ლ. ა-ე, ნ. თ-ი, ი.ც-ე და მ. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.11წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო მ. ფ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.11წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხ. ნ-ას 23.12.10წ. განცხადების საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქ.თბილისში, ... მდებარე უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება. სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილების შეტანა წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტუქციის 26-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო - გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საქმეში დაცული სარეგისტრაციო წარმოების მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ნ-ას საკუთრების უფლება მის უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტების და საკადასტრო რუკის საფუძველზე. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მართლზომიერად განხორციელდა ხ. ნ-ასთვის სასურველ კოორდინატებში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით (21-ე, 22-ე, 23-ე) კონკრეტულად არის განსაზღვრული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, ხ.ნ-ას მიერ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადება წარდგენილ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრი ვალდებული იყო თავად გამოეკვლია განცხადების განხილვისთვის საჭირო გარემოებები, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი უპირობოდ არ ავალდებულებს მარეგისტრირებელ ორგანოს, ყველა შემთხვევაში გამოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ორგანო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს წყვეტს მისი საჭიროებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ხ. ნ-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი იყო რეგისტრაციაში ცვლილების განსახორციელებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.11წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.11წ. განჩინებით ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტის – ნ. მ-ის მიერ ვერ იქნა გაბათილებული რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.11 წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ.

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და გამოტანილია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით, კერძოდ, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარკვეულ საკითხებზე სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, ხოლო რიგი გარემოებები არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტებით ირღვევა მისი კანონშესაბამისად და კეთილინდისიერების სრული დაცვით მოპოვებული საკუთრების უფლება, რადგან რეგისტრაციას დაექვემდებარა ის უძრავი ქონება, რომელიც რეალურად კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიას მოიცავს. ნ.მ-მა აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს უტყარობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი ბრუნვაუნარიანი ობიექტია. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში დატოვების შემთხვევაში, მისი საკუთრება, მხოლოდ ფიქციის დონეზე განაგრძობს არსებობას და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას ეჭვქვეშ დააყენებს, რადგან საჯარო რეესტრში საკუთრება ისეთ უძრავ ნივთზე იქნება რეგისტრირებული, რომელიც რეალურად არ იარსებებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის დროს მოქმედი წესების სრული დაცვით და რეგისტრაციის ძველი სისტემის ახალი სისტემით შეცვლის სამართლებრივი შედეგები არ შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ნ. მ-ის სამართლებრივ ინტერესზე. ამასთან, არც ერთი ნორმატიული აქტით არ დადგენილა ძველი რეგისტრაციების ახალ საკოორდინატო სისტემაში გადმოტანის სავალდებულოობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.09.12წ. განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ 08.04.03წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. მ-ს გადაეცა ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე მდებარე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 11.04.03წ. ნ. მ-ის სახელზე განხორციელდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №01.72.14.010.109) პირველადი რეგისტრაცია. საქმეში დაცული მასალებით აგრეთვე დასტურდება, რომ ხ.ნ-ა 20.07.99 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძნა 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში 1200 კვ.მ. ნაკვეთი ხ.ნ-ას სახელზე რეგისტრირებულია 08.12.05წ. განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2010წ. №882010944313-03 გადაწყვეტილებით ნ.მ-ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მოსაზღვრე, ხ. ნ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, WGS საკოორდინატო სისტემაში და UTM პროექციაში შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საზღვრები. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მითითებული რეგისტრაციის არამართლზომიერების შესახებ და აღნიშნავს, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების თანახმად პირველადი რეგისტრაცია ითვალიწინებდა რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების შესაძლებლობას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო - კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე (მე-5 პუნქტი). ამდენად, ნ.მ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ გამორიცხავდა შემდგომში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას. უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია და მათში ცვლილებების შეტანა, მათ შორის პირველადი რეგისტრაციის კორექტირება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და საკადასტრო მონაცემების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკადასტრო რუკა დგება შესაბამის კოორდინატთა სისტემაში განხორციელებული აგეგმვის საფუძველზე და არა ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის ან ღობის გათვალისწინებით, მით უფრო, რომ სადავო ღობის ლეგალიზების თაობაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ მიღებულა (ტ.1, ს.ფ. 61-64). კორექტირებას საფუძვლად უდევს საკადასტრო მონაცემები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. #4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად არის მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის გრაფიკული და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემის ამსახველი დოკუმენტი არის ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც 26.1 მუხლის თანახმად დგება სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრები დაზუსტდა WGS კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რაც გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.10წ. #882010944313-03 გადაწყვეტილებით ხ.ნ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციით ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შედეგად ნ.მ-ის სახელზე რიცხული ნაკვეთის ოდენობა არ შემცირებულა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგისტრაციის გაუქმება არ იწვევს რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას მოწინააღმდეგე მხარის - ხ.ნ-ას სახელზე საკუთრებაში რიცხული ნაკვეთის ოდენობის შემცირების გარეშე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხ.ნ-ას სახელზე რიცხული ნაკვეთის კოორდინატების კორექტირების შედეგად ხ.ნ-ასა და მ.ფ-ეს მიწის ნაკვეთებს შორის წარმოიქმნა თავისუფალი სივრცე - 509 კვ.მ., რომელიც აღირიცხა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე. ნ.მ-მა, რომლის მოთხოვნა სადავო რეგისტრაციის გაუქმებაზე შედეგად იწვევს სადავო რეგისტრაციის განხორციელებმადე არსებული მდგომარეობის აღდგენას, არათუ არ გაასაჩივრა კორექტირების შედეგად წარმოქნილი თავისუფალი სივრცის თვითმმართველობის სახელზე აღრიცხვა, არამედ მიიღო მონაწილეობა მითითებულ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი ორგანოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, გაიმარჯვა და დაისაკუთრა ნივთი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული, მეზობლად მდებარე ნ. თ-ის სახელზე რიცხული 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელებულია UTM კოორდინატთა სისტემაში შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირველადი რეგისტრაციის აღდგენა უკავშირდება ნ.თ-ის დაზუსტებული რეგისტრაციის გაუქმებას, რომელიც სადავო არ გამხდარა და არ წარმოადგენს დავის საგანს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხ.ნ-ას მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებით შეილახა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, პატივსადებ, კანონით დაცულ ინტერესს. სადავო რეგისტრაციით ნ.მ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობა არ შემცირებულა, დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელებამდე და მისი განხორციელების შემდეგ ნ.მ-ის სახელზე საკუთრებაში ირიცხება 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ის გარემოება, რომ საზღვრების დაზუსტებამდე მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონდა მასზე რიცხულ ფართზე (1100 კვ.მ) მეტი ოდენობით ესარგებლა (ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.12.10წ. #12/135.113-16), არ წარმოადგენს სადავო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს, ვინაიდან არ დასტურდება დადგენილ ნორმაზე მეტი ფართის ფლობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო რეგისტრაციით არ შელახულა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და საფრთხე არ შექმნია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და საჯარო წესრიგს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. მ-მა სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა ხ.ნ-ას სახელზე მიწის კორექტირებული რეგისტრაციის არამართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხ.ნ-ამ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განცხადება წარადგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელე თავისი უფლების დარღვევის დასადასტურებლად არც სარჩელში და არც სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ვერ უთითებს სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის ან მის საფუძველზე მიღებული ინსტრუქციის რომელიმე ნორმას, რომლის მოთხოვნებიც დარღვეულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 29.12.10წ. სადავო გადაწყვეტილების მიღებით. ამდენად არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან ხ.ნ-ასგან დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ვალდებულება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, სადავო აქტი, რომლითაც ხ.ნ-ას საკუთრებაში მყოფ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში სარეგისტრაციო სამსახურის 29.12.10წ. გადაწყვეტილებით მოხდა ცვლილების რეგისტრაცია კანონიერია, არ არსებობს სსკ-ის 410-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს 27.12.11 წ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.11 წ. განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე