საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-302-293(კ-13) 14 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა (39 პირის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს პარლამენტის მიმართ.
2011 წლის 7 ივლისს ვ. ც-მა, ე. ჯ-ემ, ლ. ა-მა და სხვებმა (37 პირმა) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, ხელფასისა და დანამატის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის, ასევე იძულებითი განაცდურისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
2011 წლის 25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ასევე მ. გ-მა და მ. დ-მა, რომლებმაც მოითხოვეს სახელფასო დავალიანების, სადეპუტატო დანამატის, ზიანის, იძულებითი განაცდურისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის - ი. კ-ის ნაწილში მისი გარდაცვალების გამო, ამ უკანასკნელის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე და საქმე ამ ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა (38 პირის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-მა, ე. ჯ-ემ, ლ. ა-მა და სხვებმა (39 პირმა), რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ი. კ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა (38 პირის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-მა, ე. ჯ-ემ, ლ. ა-მა და სხვებმა (39 პირმა), რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი 2013 წლის 23 აპრილს გაეგზავნა კასატორთა წარმომადგენელს - ზ. ს-ეს საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., .. კვარტალი, კორპ .., ბინა ...) და კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა ზ. ს-ის ოჯახის წევრს - ჯ. ს-ას 2013 წლის 24 აპრილს (ტ. III, ს.ფ. 132). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 16 მაისს წარადგინა კასატორთა წარმომადგენელმა - ზ. ს-ემ (ტ. III, ს.ფ. 134).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების ასლი ზ. ს-ისათვის გადასაცემად 2013 წლის 24 აპრილს ჩაბარდა მის ოჯახის წევრს, გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 25 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21 დღიანი ვადა 2013 წლის 15 მაისს (ოთხშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა (საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 16 მაისს წარადგინა), რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
გარდა ზემოთ მითითებულისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი ი. კ-ის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც მის ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა და ცალკე წარმოებად გამოიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით. საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისს გადაწყვეტილება ი. კ-ის ნაწილში არ მიუღია და იმსჯელა მხოლოდ 38 პირის ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო საჩივარი მოსარჩელეთა წარმოადგენელმა წარადგინა ი. კ-ის სახელითაც, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით ი. კ-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი დაუშვებლობის გამო. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაზე კვლავ წარმოდგენილია 39 პირის, მათ შორის ი. კ-ის სახელით, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ი. კ-ის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე