Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-322-313(კ-13) 14 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ.უ-ის, დ. ხ-ის, ზ. ჭ-ის, ზ. ღ-ის, თ.ზ-ის, კ.თ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ.

2012 წლის 22 ნოემბერს გ. უ-ემ, დ. ხ-მა, ზ. ჭ-ემ, ზ. ღ-მა, თ. ზ-მა, კ. თ-მა და თ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 5 ნოემბრის №146-პ § 07; №146-პ § 08; №146-პ § 09; №146-პ § 10; №146-პ § 11; №146-პ § 12; №146-პ § 13 ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გ. უ-ის, დ. ხ-ის, ზ. ჭ-ის, ზ. ღ-ის, თ. ზ-ის, კ. თ-ისა და თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. უ-ემ, დ. ხ-მა, ზ. ჭ-ემ, ზ. ღ-მა, თ. ზ-მა, კ. თ-მა და თ. ს-ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. უ-ის, დ. ხ-ის, ზ. ჭ-ის, ზ. ღ-ის, თ. ზ-ის, კ. თ-ისა და თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. უ-ემ, დ.ხ-მა, ზ. ჭ-ემ, ზ. ღ-მა, თ. ზ-მა, კ. თ-მა და თ. ს-ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. უ-ის, დ. ხ-ის, ზ. ჭ-ის, ზ. ღ-ის, თ. ზ-ის, კ. თ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი 2013 წლის 24 აპრილს გაეგზავნა კასატორთა წარმომადგენელს - ნ. მ-ეს საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, … ქ. კორპ …, ბინა …) და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მის მეუღლეს - თ. ჩ-ას 2013 წლის 29 აპრილს (ტ. II, ს.ფ. 77). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 24 მაისს წარადგინა კასატორთა წარმომადგენელმა - ნ. მ-ემ (ტ. II, ს.ფ. 79), ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2013 წლის 24 მაისი (იხ. ს.ფ. 90; ტ. II).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინების ასლი კასატორთა წარმომადგენლის - ნ. მ-ისათვის გადასაცემად 2013 წლის 29 აპრილს ჩაბარდა მის მეუღლეს, გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 30 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21 დღიანი ვადა 2013 წლის 20 მაისს (ორშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა (საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 24 მაისს იქნა წარდგენილი), რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. უ-ის, დ. ხ-ის, ზ. ჭ-ის, ზ. ღ-ის, თ. ზ-ის, კ. თ-ისა და თ.ს-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე