Facebook Twitter

1937აპ 5 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მიხეილ გოგიშვილი, ნუნუ კვანტალიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. დ-ს დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენით თ. დ-ი, _ დაბადებული .. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, ქმარშვილიანი, მცხოვრები დმანისის რაიონის ........ _ ცნობილ იქნა ბრალეულად და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, თ. დ-ს მსჯავრი დაედო მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე ყალბი საანგარიშსწორებო ბარათების დამზადებისათვის გასაღების მიზნით, გასაღებისა და გამოყენებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: დმანისის სატყეო მეურნეობის მოლარედ 1974 წლიდან 2005 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მცხოვრები თ. დ-ი, რომლის სამსახურებრივ ფუნქციებში შედიოდა სატყეო მეურნეობის მიერ რეალიზებული ხე-ტყიდან შემოსული თანხების აღრიცხვა სალაროში და შემდგომ სალაროს გასავლის ორდერებით გადაგზავნა სს ,,სახალხო ბანკის“ დმანისის ფილიალში, ქვემო ქართლის რეგიონული ხაზინის ანგარიშზე, საიდანაც შემდეგ ხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე აღრიცხვა. თ. დ-მა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, რათა გასაღების გზით მიეთვისებინა თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით თანხები. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2000 წლის დასაწყისიდან 2005 წლის 6 ივნისამდე მას დმანისის სატყეო მეურნეობის სალაროში შემოსული თანხები შეჰქონდა სს ,,სახალხო ბანკის“ ანგარიშზე შემცირებული სახით, კერძოდ, ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერების მეორე ეგზემპლარში, რომელიც ივსება ხელით სპეციალურ ასლის გადასაღებ ქაღალდზე და რომლის პირველი პირი რჩება ბანკში, იგი ასწორებდა ან ამატებდა ციფრებს და ნაცვლად იმისა, რომ შეეტანა მთლიანი თანხა, ბანკის ანგარიშზე შეჰქონდა გარკვეული ნაწილი, ხოლო დარჩენილ ნაწილებს ითვისებდა. მან 2000 წლიდან 2005 წლის ექვსი თვის ჩათვლით აღნიშნული ხერხით სულ მიითვისა 18831.42 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლო-საბუღალტრო რევიზიის 2006 წლის 12 ივნისის აქტით: 2000 წლის დასაწყისიდან 2005 წლის 6 თვის ჩათვლით დმანისის სატყეო მეურნეობის ბუღალტერიაში არსებული ბუნებრივი რესურსების გადასახადის სალაროს გასავლისა და ბანკის შემოსავლის ორდერებით მიხედვით, სპეცილურ სალარო ანგარიშზე უნდა შემოსულიყო 104880.78 ლარი, ხოლო ბანკიდან შემოსავლის ორდერები, ქვემო ქართლის რეგიონული ხაზინიდან და დმანისის საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი დოკუმენტებით შემოსულმა თანხამ შეადგინა 86049.36 ლარი, ე.ი. 18831 ლარით ნაკლები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. დ-ის დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ თ. დ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ კი _ სასჯელის დარჩენილი ნაწილის ჩათვლას პირობით მსჯავრად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. დ-ის დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და საქმის გაგზავნას სააპელაციო სასამართლოში ახალი სასამართლო განხილვისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

მსჯავრდებულ თ. დ-ის დამცველი, ადვოკატი ი. გ-ი ითხოვდა საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით, მსჯავრდებულისა და პროკურორის მონაწილეობით, მათ შორის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ თ. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, დმანისის რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ¼ 1/4 –ის პირობით ჩათვლას, შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დანიშვნით იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, არის ავადმყოფი, ქვრივი, ნებაყოფილობით აანაზღაურა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, რომელიც ჩაიდინა უკიდურესი გაჭირვების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა თ. დ-მა ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ. დ-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, რის გამოც ვერ ჩაითვლება უსამართლო ან ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მას საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით _ უნდა გაუნახევრდეს და ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, შესაბამისად, მას უნდა შეუმცირდეს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ თ. დ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. დ-ის დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. დ-ს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით _ გაუნახევრდეს და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, შესაბამისად, თ. დ-ს აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.