№ბს-434-429(კ-12) 20 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი _ ე. ხ-ი
წარმომადგენელი – თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენლები – თ. ყ-ა; ს. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 3 მაისს ე. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას დაბა მესტიაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2009 წლის 4 ნოემბერს აქვს დარეგისტრირებული. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში მისი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაშია.
მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსიით დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართა მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, WGS 84 კოორდინატთა სისტემაში, UTM პროექციაში და SHP ფორმატის ფაილის სახით. თავდაპირველად სარეგისტრაციო სამსახურმა განცხადების მიღებაზე ზეპირი ფორმით უარი განაცხადა, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადება 2011 წლის 8 თებერვალს წარუდგინა. მოსარჩელის მითითებით, განცხადების მიღების ბარათში არ იყო აღნიშნული მის მიერ მიტანილი დოკუმენტების სრული ჩამონათვალი, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და SHP ფორმატის ფაილი. სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლის სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული საბუთები კომპიუტერში იყო ჩატვირთული და განცხადების მიღების ბარათში მათი ჩატვირთვა არ იყო აუცილებელი.
2011 წლი 14 თებერვალს მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურიდან მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ მან სარეგისტრაციო სამსახურში არ წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და SHP ფორმატის ფაილი. სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნული საკითხის გარკვევისას აღმოჩნდა, რომ მითითებული დოკუმენტები ჩატვირთული იყო კომპიუტერში, თუმცა, ამის მიუხედავად, სარეგისტრაციო სამსახურში ვერ ახსნეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მიზეზი.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურს ხელმეორედ წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტები, რის შემდეგაც, მესტიის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანამხად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელის მტკიცებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითება ხაზს უსვამს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობას. ეს ნორმა ბლანკეტური სახისაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“ საფუძვლის მითითება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ 2011 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რაზეც მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 თებერვლის №882011047729-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მესტიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დაბა ... (...) მდებარე ე. ხ-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ე. ხ-ის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - მესტიის რაიონულ სასამართლოს.
მესტიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მესტიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ე. ხ-ის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშნის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქმეზე - ე. ხ-ის სარჩელისა გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელების შესახებ - დაინიშნა ექსპერტიზა; საქმის წარმოება შეჩერდა ექსპერტიზის დასრულებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით განახლდა განსახილველი საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. ხ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა მესტიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 5 ნოემბრიდან, უძრავი ქონება (22789 კვ.მ. მიწის ნაკვეთი), მდებარე დაბა ... (...) საკადასტრო კოდით ..., რეგისტრირებულია ე. ხ-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს მესტიის არქივის მიერ გაცემული საკომლო წიგნის ამონაწერი №24; 28.04.2009 წელი. გადაწყვეტილება აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს მიღებული აქვს 2009 წლის 6 ნოემბერს.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს მესტიის არქივის ცნობით ე. ხ-ის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი) მიწის ნაკვეთი 22 789 კვ.მ. მდებარე „...“.
2011 წლის 8 თებერვალს განცხადებით ე. ხ-მა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. 2011 წლის 14 თებერვლის №882011047729-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე დართული დოკუმენტები/ინფორმაცია არ იყო წარდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითიო ნახაზი წარსადგენი იყო სახელმწიფო გეოდეზიურ კოორფინატთა სისტემაში სახელდობრ WGS 84 კოორდინატთა სისტემაში, UTM პროექციაში და SHP ფორმატის ფაილის სახით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ხ-მა სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმ სახით, რაც მოითხოვა სარეგისტრაციო სამსახურმა №882011047729-03 14.02.2011წ. გადაწყვეტილებით. 2011 წლის 25 თებერვლის №882011047729-05 გადაწყვეტილებით ე. ხ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1 მუხლით, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, „სარეგისტრაციო დოკუმენტი“ განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „სარეგისტრაციო დოკუმენტაციას“ წარმოადგენს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სადავო გადაწყვეტილებით ე. ხ-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა იმავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოებაზე უარი მიღებულია (ზოგადად) 23-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ე. ხ-ს მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და დაზუსტებული მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზში (ელექტრონულ ვერსიაში) აღნიშნული ნაკვეთის კონფიგურაცია არ იყო იდენტური, რის გამოც შეუძლებელი იყო უძრავი ქონების იდენტიფიცირება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად. 14.1 მუხლით, რეგისტრაციის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი. 14.4 მუხლით, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა–მდე ან 50000 კვ.მ–მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა–ზე ან 50000 კვ.მ–ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად. 31.4 მუხლით, თუ საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმების შინაარსი ადასტურებს სარეგისტრაციო სამსახურის ვალდებულებას - განახორციელოს რეგისტრაცია ბოლო საკადასტრო აღწერის საფუძველზე. საკადასტრო აღწერის შედეგია საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საკადასტრო მონაცემების ცნება კი განსაზღვრულია „ინსტრუქციის“ 25-ე მუხლით, სადაც აღნიშნულია, რომ საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია (25.1 მუხლი). საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (25.2 მუხლი). ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს (25.3 მუხლი).
ამასთან, „ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა. აზომვის ზედდება დასაშვებია რეგისტრირებულ მონაცემებთან 0.3 მ-ით. საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წამოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი; დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები; ე) წერტილოვანი ობიექტი; ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები. საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურს არ გააჩნდა რა საკადასტრო მონაცემები, რომელიც შეიცავდა სარეგისტრაციო უძრავი ქონების ადგილმდებარეობისა და საზღვრების კონფიგურაციის შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას, რის გარეშეც შეუძლებელი იყო უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია, მან მართებულად თქვა უარი ასეთი რეგისტრაციის განხორციელებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და უხეშად დაარღვია მისი საპროცესო უფლებები. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაში მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. კასატორის მითითებით, არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოების უარი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არ არის დასაბუთებული.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს და შეფასების გარეშე დატოვეს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის დაზუსტებისას არ დაფიქსირებულა ზედდება, რადგან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები და აზომვითი ნახაზი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიჯნებშია მოქცეული.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სარეგისტრაციო სამსახურის უარს იმ არგუმენტით, რომ თითქოსდა შეცვლილია კონფიგურაცია; თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა არ განმარტა რაში მდგომარეობს კონფიგურაციის არ დამთხვევა.
კასატორის მითითებით, საინტერესოა ის გარემოება, რომ სპეციალური ცოდნის არ ქონის მიზეზით სასამართლომ დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და მისი ჩატარება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაავალა, რომელმაც რთული კლიმატური პირობების გამო ვერ მოახერხა ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნულის შემდეგ კი სასამართლომ, მიუხედავად სპეციალური ცოდნის არქონისა, თავად შეაფასა სადავო საკითხი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 14 ნოემბერს 13:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2009 წლის 5 ნოემბრიდან უძრავი ქონება (22789 კვ.მ. მიწის ნაკვეთი), მდებარე დაბა ... (...) საკადასტრო კოდით ..., რეგისტრირებულია ე. ხ-ის საკუთრებად. გადაწყვეტილება აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს მიღებული აქვს 2009 წლის 6 ნოემბერს. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს მესტიის არქივის ცნობით ე. ხ-ის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი) მიწის ნაკვეთი 22 789 კვ.მ. მდებარე „...“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 8 თებერვალს ე. ხ-მა განცხადებით მიმართა მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. 2011 წლის 14 თებერვლის №882011047729-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე დართული დოკუმენტები/ინფორმაცია არ იყო წარდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. ხ-მა სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმ სახით, რაც სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის №882011047729-03 გადაწყვეტილებით იქნა მოთხოვნილი. 2011 წლის 25 თებერვლის №882011047729-05 გადაწყვეტილებით ე. ხ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შესაბამისად, ე. ხ-ი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 თებერვლის №882011047729-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მესტიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დაბა ... (...) მდებარე მის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულებას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, რომ ვერ დაასაბუთეს ე. ხ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგნენ და სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას ყურადღება არ გამახვილებულა მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან ე. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ის გარემოება იქცა, რომ უტყუარად ვერ დგინდებოდა უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზუსტი იდენტიფიკაცია, ვინაიდან, წარდგენილი დოკუმენტაციით შეცვლილი იყო მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გასაჩივრებული აქტის კანონიერის დასაბუთებისას სრულად გაიზიარეს სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული არგუმენტაცია და მათი მსჯელობის საგნად არ ქცეულა მოსარჩელის არგუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მტკიცებით, მის სახელზე რეგისტრირებული და დაზუსტებული მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსაზრება კი საქმეზე არ დადასტურებულა. მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტი არც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც სასამართლოს არ შეუფასებია.
სასამართლოს მოსარჩელის არც იმ არგუმენტზე უმსჯელია, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა თუ არა სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან ე. ხ-ის მიმართ არაიდენტური მოპყრობა, ვინაიდან, მოსარჩელის მტკიცებით, იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში დაბა ... (...) რეგისტრირდება მიწის ნაკვეთები.
საქმის გარემოებების სათანადოდ დაუდგენლობას ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება. სააპელაციო სასამართლომ კი ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში, ისე, რომ საქმეზე დადგენილი არ იყო ფაქტობრივი გარემოებები, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ე. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული და დაზუსტებული მონაცემებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი სადავო მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ე. ხ-ის სახელზე 2009 წლის 5 ნოემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი (მიუხედავად დაუზუსტებელი რეგისტრაციისა) შეიცავს მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, კერძოდ, სარეგისტრაციო ზონას და სექტორს კოდების მითითებით, ნაკვეთისა და კვარტლის ნომრებს, ფართობს, მისამართს. შესაბამისად, შესაძლებელია ე. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია და დაუსაბუთებელია როგორც სარეგისტრაციო სამსახურის პოზიცია, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვერც სარეგისტრაციო სამსახური და ვერც სასამართლო ვერ უთითებს ე. ხ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებისა და საქმის გარემოებების სათანადოდ დაუდგენლობა ვერ გახდება ე. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სარეგისტრაციო სამსახური სწორედ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების დაუდგენლობის მოტივით ეუბნება უარს მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მისი კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო. სარეგისტრაციო სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონი პირდაპირ ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96.1 მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწა საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; მიწის ნაკვეთზე არსებული დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა. სააღრიცხვო მონაცემებს კი, იქნება ეს დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემების სახით, იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება საკუთრების უფლების უკეთესი დაცვის გარანტი უნდა იყოს და არა საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი.
ამასთან, მართალია სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესებზე დაადასტურა, რომ ისინი სადავოდ არ ხდიან ე. ხ-ის საკუთრებას, მაგრამ სარეგისტრაციო სამსახურმა თავისი ქმედებით ფაქტობრივად ეჭვს ქვეშ დააყენა ე. ხ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულის საპირისპიროდ კი საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ე. ხ-ი 2009 წლიდან სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა და მისი საკუთრების უფლება დღემდე ძალაშია და სადავოდ არავის გაუხდია. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე. ხ-ს სადავო მიწის ნაკვეთი (დაუზუსტებელი მონაცემებით) იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქვს რეგისტრირებული. კანონი კი ნებისმიერ შემთხვევაში იცავს მესაკუთრეს, ახალი წესით აქვს მას ქონება დარეგისტრირებული თუ ძველი წესით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ე. ხ-ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება (22789 კვ.მ. მიწის ნაკვეთი), მდებარე დაბა ... (...) საკადასტრო კოდით ....
ადმინისტრაციული ორგანო და ქვედა ინსტანციის სასამართლოები ერთის მხრივ აღიარებენ მიწის ნაკვეთის მოსარჩელისადმი კუთვნილებას ფორმალურად (ე.ი. ეთანხმებიან რეესტრის ჩანაწერს), ხოლო მეორეს მხრივ მათ გამორიცხეს, ფაქტობრივად უარყვეს ე. ხ-ის საკუთრება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ე. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტის გამოცემამდე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე. ხ-ი თავისმხრივ შეეცადა დაედასტურებინა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და სარეგისტრაციო სამსახურს მოთხოვნისამებრ წარუდგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, WGS 84 კოორდინატთა სისტემაში, UTM პროექციაში და SHP ფორმატის ფაილის სახით. ე. ხ-მა მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს განმეორებით ყველა ის დოკუმენტი წარუდგინა, რაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 თებერვლის №882011047729-03 გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. აღნიშნულის მიუხედავად, სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). თუმცა სარეგისტრაციო სამსახურს განმცხადებლისთვის არ განუმარტავს და არ დაუსაბუთებია კონკრეტულად რა პირობების არსებობის გამო ეთქვა მას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო. სარეგისტრაციო სამსახურს სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ მიუღია ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ე. ხ-ის საკუთრების დაზუსტებით და ახალი წესის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაციით არ ილახებოდა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უფლებები; სახეზე არ იყო ინტერესთა კონფლიქტი. საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ ზედდებას არ აქვს ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ხ-ს დაუზუსტებელი მონაცემებით საკუთრებაში 22 789 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული; ხოლო დაზუსტებული მონაცემებით იგი 19 274 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითხოვს. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი წესით, დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია თავისმხრივ იძლევა იმის ალბათობას, რომ უზუსტობა იყოს მიწის ნაკვეთის ფართობებს შორის. საკუთრების უფლების დაზუსტებაც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ უზუსტობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და განხორციელდეს დაუზუსტებელი მონაცემების დაზუსტება. აღნიშნულზე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის წარმოებას ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა–მდე ან 50 000 კვ.მ–მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა–ზე ან 50 000 კვ.მ–ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ნორმა მიწის ნაკვეთის ფართობის ნაკლებობასთან დაკავშირებით (განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როცა მეტია მიწის ნაკვეთის ფართობი) არანაირ დათქმას არ ითვალისწინებს და შეზღუდვას არ აწესებს დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის. თუმცა აღნიშნული ნორმა იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ საკუთრების უფლების დაზუსტება არ მოხდეს სხვათა საკუთრების უფლების შეზღუდვის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში კი უდავოა ის გარემოება, რომ ზედდება არ ფიქსირდება და სახეზე არ გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, მან არ განიხილა და რეაგირების გარეშე დატოვა ე. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 თებერვლის №882011047729-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 თებერვლის №882011047729-05 გადაწყვეტილება და მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ე. ხ-ი 2009 წლიდან დაბა ... (...) მდებარე 22789 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი) მესაკუთრეა და აღნიშნულს სადავოდ არავინ ხდის. საქმის გარემოებების სათანადოდ დაუდგენლობამ კი (მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის დაუდგენლობამ) არ შეიძლება შეზღუდოს პირის საკუთრების კონსტიტუციური უფლება და გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება არც საჯარო და არც კერძო პირთა ინტერესების არსებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ე. ხ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს ე. ხ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 550 ლარის ოდენობით (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით; სულ – 550 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 თებერვლის №882011047729-05 გადაწყვეტილება და მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე;
5. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს ე. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე