Facebook Twitter

საქმე #ბს-438-433(k-12) 16 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.

კასატორი (მოსარჩელე) – ლ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტობოს მომსახურების ცენტრი.

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.12წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ემ 26.12.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მშობლების მ. ზ-ისა და ლ. ზ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მშობლები - მ. ზ-ე და ლ. ზ-ე სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951 №4893-2113წ. დადგენილების საფუძველზე გადასახლებულნი იყვნენ საქართველოს სსრ რესპუბლიკიდან ყაზახეთის სსრ რესპუბლიკაში. სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ 1953 წლამდე. აღრიცხვიდან მოიხსნენ სსრკ მინისტრთა საბჭოს 11.04.1953წ. №1007-430 დადგენილების საფუძველზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.01.12წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.12წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მ.ზ-ემ რეპრესია განიცადა პოლიტიკური მოტივით. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მ.ზ-ის გადასახლების მოტივი არ დგინდება, ხოლო მოსარჩელის განმარტებით არქივში სხვა მასალები დაცული არაა. სასამართლომ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ლ. ზ-ის გადასახლებაში ყოფნის ფაქტი, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილ მასალებში ლ. ზ-ის გადასახლების თაობაზე მითითებული არ იყო. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 11.12.97წ. კანონის მე-2, მე-3, მე-4 მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის სავალდებულოა არსებობდეს პირობათა ერთობლიობა, კერძოდ, პირი რეპრესირებული უნდა იყოს ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე; იგი უნდა იყოს ყოფილი სსრ საქართველოს მცხოვრები; რეპრესია განცდილი უნდა ჰქონდეს 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და რეპრესია განხორციელებული უნდა იყოს პოლიტიკური მოტივით, რაც უნდა უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ შეხედულებას, პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით ან მის მიმართ გატარებული რეპრესია დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად პირის აღიარებისთვის სავალდებულოა დადგინდეს მის მიმართ რეპრესიის გატარების პოლიტიკური მოტივი, რამდენადაც პირის მიმართ გატარებული ყველა სახის რეპრესია არ წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დადგინდა მ. და ლ. ზ-ეების გადასახლებაში ყოფნის პოლიტიკური მოტივი. საჭირო იყო სპეცგადასახლების მდგომარეობაზე გადაყვანის ამსახველი დოკუმენტების გამოკვლება და შეფასება, რაც ვერ მოხერხდა მხარეთა მიერ ხსენებული დოკუმენტების სასამართლოსათვის წარმოუდგენლობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. გ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.12წ. განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.12წ. გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 11.12.97წ. კანონის მე-2, მე-3, მე-4 მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიჩნევისათვის აუცილებელია პოლიტიკური მოტივის არსებობა. კანონმდებელი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას უკავშირებს ადამიანის სიცოცხლის ან სხვა სიკეთის ისეთ ხელყოფას, რაც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა მხოლოდ პოლიტიკური მოტივით. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირი მისი პოლიტიკური შეხედულების გამო უნდა გამხდარიყო რეპრესიის მსხვერპლი. სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ამავე კოდექსის 103.1 მუხლის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ხელყოფა განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებიოთ და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.12წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.12წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.10.11წ. ცნობის მიხედვით, მ. ზ-ე და მისი ოჯახი გადასახლებული იყო არა სასამართლოს განაჩენის, არამედ პოლიტიკური ორგანოს - მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1951 წლის დადგენილების საფუძველზე ადამიანების მასობრივი გადასახლება მიუთითებს გადასახლების პოლიტიკურ მოტივზე. რეპრესიის განხორციელებისას არც ერთი ორგანო არ უთითებს მის პოლიტიკურ ხასიათს. სისხლის სამართლის საქმეშიც (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) პოლიტიკურ მოტივზე საუბარი არ იქნებოდა. კასატორის მითითებით, საქმეში არ არის პოლიტიკური მოტივის არარსებობის გამაბათილებელი მტკიცებულებები. 29.11.1951წ. დადგენილების საფუძველზე გადასახლებული მ. ზ-ის შვილები აღიარებულნი არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება და საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე ლ. გ-ე არის მ. ზ-ისა და ლ. ზ-ის შვილი, მოსარჩელეს ამჟამად მიღებული აქვს მეუღლის გვარი. მ. ზ-ე გარდაიცვალა 27.04.1995წ., ხოლო ლ. ზ-ე 05.12.08წ. გარდაიცვალა. საკასაციო საჩივრის ავტორი ლ. გ-ე მშობლების ლ. და მ. ზ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ხსენებული კანონის მე-7 მუხლი ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიქტებს, ასეთი შეიძლება იყოს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონისმიერი მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. კასატორი სკ-ის 1336-ე მუხლის მიხედვით, არის მ. და ლ. ზ-ეების პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შესაბამისად, კასატორი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილი სუბიექტი.

საქმეში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.10.11წ. AA2011035654-03 ცნობით დასტურდება მ. ზ-ის საქართველოდან გადასახლების ფაქტი სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951 №4893-2113წ. დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე. მ. ზ-ე მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ მინისტრთა საბჭოს 11.04.1953წ. №1007-430 დადგენილების საფუძველზე. მასთან ერთად გადასახლებულნი იყვნენ და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა მ. ზ-ის გადასახლების პოლიტიკური მოტივი, თუმცა თავის მხრივ არ დასტურდება ასეთი მოტივის არარსებობა, თავისი ნებით ყაზახეთში გადასახლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ზ-ის გადასახლება ყაზახეთის სს რესპუბლიკაში განხორციელდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. 4893-2113 დადგენილების საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს საარქივო ფონდში სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. №4893-2113 დადგენილების არარსებობა და შესაბამისად მხარის მიერ ხსენებული დადგენილების ტექსტის წარმოუდგენლობა არ არის დაუსაბუთებლობის გამო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. დადგენილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პუბლიკაციების თანახმად, საკავშირო კპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის წარდგინებით 16.11.1951წ. მიიღო დადგენილება „საქართველოდან მტრული ელემენტების გასახლების შესახებ“. 29.11.1951წ. იმავე საკითხზე სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო №4893-2113 დადგენილება, რომელიც სსრკ უშიშროების სამინისტროს ნებას რთავდა განეხორციელებინა 16.11.1951წ. აქტი. გადასახლება განხორციელდა ნაჩქარევად შედგენილი, შეუმოწმებელი სიებით. ამდენად, თავად დადგენილების სათაურში იკვეთება გადასახლების პოლიტიკური მოტივი. გადასახლების იძულებით ხასიათზე მიუთითებს ასევე გადასახლების მასშტაბები, მისი მასიური ხასიათი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო თავისი ინიციატივით მიეღო ზომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე