Facebook Twitter

№ბს-439-434 (კ-12) 6 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – პ. თ-ა, წარმომადგენელი – გ. ფ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - მ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 9 ნოემბერს პ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 16 სექტემბერს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა №39-ში მდებარე, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დასადასტურებლად განმცხადებელმა წარადგინა ზუგდიდის მერის 1996 წლის 16 თებერვლის №51 განკარგულება, რომლითაც მოსარჩელეს პურის საცხობის მშენებლობისათვის გამოეყო დანგრეული შენობა, ასევე წარდგენილ იქნა ზუგდიდის რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული მშენებლობის პროექტი.

ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის №882011454134-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სარეგისტრაციო სამსახურში მან წარადგინა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნებოდა თვითნებურად დაკავებული მიწების კატეგორიას. მიუხედავად ამისა, სარეგისტრაციო სამსახურმა დადგენილ ვადაში არ მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მაგრამ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ოქტომბრის №882011454134-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პ. თ-ასათვის მის მფლობელობაში არსებულ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების აღიარება.

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად ასევე მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის №157418 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996 წლის 16 თებერვალს პ. თ-ას ზუგდიდის მერის №51 განკარგულებით ნება დაერთო ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე მდებარე, ქალაქის ყოფილი ... ნახევრად დანგრეული შენობის ნაწილში პურის საცხობის მოწყობაზე. ზუგდიდის მერის №51 განკარგულების საფუძველზე მომზადდა პურსაცხობი საამქროს სიტუაციური გეგმა, სარეკონსტრუქციო შენობის აზომვითი ნახაზი, რომელიც შეთანხმდა ზუგდიდის მთავარ არქიტექტორთან. 2011 წლის 14 ოქტომბერს შედგა ქ. ზუგდიდში, ... ქ. №39-ში არსებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

რაიონული სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგელობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში - საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელბაში არსებული მიწა არის სახელწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დაგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ ან კერძო სმართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

რაიონული სასამართლოს განმატებით, კანონის ეს რეგულაცია შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათსარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა უკავშირდებოდა მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ფაქტს, კერძოდ მოსარჩელე პ. თ-ამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არამართლზომიერ მფლობელობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება იგი, ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელობად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლეს გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყო ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.

რაიონულმა სასამართლოს მითითებით, იმისთვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ სამართლებრივი საფუძვლით ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ კანონიერად დაუფლებულია მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტმა მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტში მოიაზრა - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებიელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუებლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, ,,ფიზიკური პირებისა და კერზო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმდებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე - პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმეტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პ. თ-ამ მარეგისტრირებელ ორგანოს ვერ წარუდგინა ქალაქ ზუგდიდში, ... ქ. №39-ში არსებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებში არ არის დაცული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის უფლების არსებობას მითითებულ მიწის ნაკვეთზე.

რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სარჩელზე თანდართული დოკუმენტები განხილულ უნდა იქნეს სწორედ იმ ,,სხვა დოკუმენტებად’’, რაც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პანტელეონ თორდიას მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ იგი მართლზომიერად ფლობდა მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა საკმარის საფუძველს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რესტრის შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, რომლის თანახმად წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს გარემოება, როდესაც განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფირმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სწორად მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნით.

რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცული იყო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

რაიონულმა სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ.

სასამართლომ განმარტა, რომ ამ სახის სარჩელი წარმოადგენდა მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს და სამართლებრივად რეგულირდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალოდ, ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად, სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით პ. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრის და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით და დამატებით განმარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ცალსახად ითხოვდა მითითებული ნორმის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას, რომელიც იქნება უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად მართლზომიერად ფლობდა (სარგებლობს) მიწის ნაკვეთს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება. კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით (საქმე ბს- 859-853 (კ-12)) უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულ იქნა დოკუმენტი (ნასყიდობის ხელშეკრულება), რომელიც მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კანონმდებლობაში სახელდებით არ არის მითითებული. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით (საქმე ბს-1524-1485 (კ-10)) მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეულია საიჯარო ხელშეკრულება.

კასატორის მითითებით, მოცემული პრაქტიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ პურის საცხობის მოწყობისა და სათანადო მშენებლობის განხორციელების ნებართვა და მშენებლობის შეთანხმებული პროექტი ერთობლიობაში წარმოადგენდა იმ სხვა დოკუმენტს, რომელიც მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობას ადგენდა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი დაკვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს იურიდიულად არ დაუსაბუთებია, ნახევრად დანგრეულ შენობაში პურის საცხობის მოწყობის ნებართვის არსებობის პირობებში, რატომ ჩაითვლებოდა ამ პურის საცხობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელობა არამართლზომიერად. ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულების საფუძველზე არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად აშენებული შენობის პირობებში, რატომ ჩაითვლებოდა ამ შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელობა არამართლზომიერად; ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის არათვითნებურად დაკავებულად მიჩნევის პირობებში, რატომ ჩაითვლებოდა, რომ მიწის ნაკვეთის მფლობელობა (სარგებლობა) არამართლზომიერია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. თ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით პ. თ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. თ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 16 სექტემბერს პ. თ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ზუგდიდში, ... ქ. №39-ში მდებარე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ქ. ზუგდიდის მერის 1996 წლის 16 თებერვლის №51 განკარგულება, რომლის თანახმად, პ. თ-ას ნება დაერთო ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე მდებარე, ქალაქის ყოფილი ... ნახევრად დანგრეული შენობის ნაწილში მოეწყო პურის საცხობი. სარეგისტრაციო სამსახურს ასევე წარედგინა ზუგდიდის რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული მშენებლობის პროექტი, რომლის მიხედვით, ასაშენებელი შენობის ფართი შეადგენდა 200 კვ.მ-ს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის №882011454134-03 გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პ. თ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა წარედგინა უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნულის შესაბამისად, პ. თ-ამ სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართვა, რომლის თანახმად, პ. თ-ას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნებოდა თვითნებურად დაკავებული მიწების კატეგორიას, რის გამოც მისი დაკანონება არ განეკუთვნებოდა კომისიის უფლებამოსილებას. სარეგისტრაციო სამსახურს ასევე წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 1 ნოემბრის №21-11/42563 მიმართვა, რომლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, პ. თ-ას პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა ქ. ზუგდიდში, ...ა და ახალგაზრდობის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე, პურის საცხობად გამოყენებულ შენობაზე დამაგრებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი, რომლის დარიცხვა ხორციელდებოდა შესაბამისი რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ წარდგენილი საგადასახადო სიების საფუძველზე. ასევე, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 26 თებერვლის მიმართვის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავდა შენობა-ნაგებობით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობის სანიტარულ-ტექნიკურ ზონას. შესაბამისად, პ. თ-ა მიწის გადასახადით იბეგრებოდა არა მარტო უშუალოდ მისი შენობის ქვეშ არსებული 200 კვ.მ. მიწაზე, არამედ პურის საცხობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მისასვლელი გზები, სანიტარულ-ტექნიკური ზონა) ფართობით. ამავე მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ პ. თ-ას მიწის გადასახადი ერიცხებოდა 1998 წლიდან და გადასახადის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი მონაცემები.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სარეგისტრაციო სამსახურისათვის მითითებული დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, მარეგისტრირებელ ორგანოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 22-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე აქტი – წარმოების განახლების, ან შეწყვეტის შესახებ არ გამოუცია.

პ. თ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ 2011 წლის 18 ოქტომბრის №157418 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ პ. თ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად.

სასამართლოებმა მოცემული საქმის განხილვისას ფაქტობრივად გაიზიარეს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნიეს, რომ პ. თ-ამ მარეგისტრირებელ ორგანოს ვერ წარუდგინა ქ. ზუგდიდში, ... ქ. №39-ში არსებულ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ იგი მართლზომიერად ფლობდა (სარგებლობდა) სადავო მიწის ნაკვეთით და იყენებდა მას, როგორც საკუთარს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე სასამართლოთა პოზიცია ემყარება ნორმის არასწორ განმარტებას, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და განცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა განიმარტება, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც უნდა იქნეს დადასტურებული მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტაციასაც.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ პ. თ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მისი სადავო მიწის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევისათვის.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისის მერის 1996 წლის 16 თებერვლის №51 განკარგულებით პ. თ-ას გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული, ნახევრად დანგრეული შენობა პურის საცხობის მოსაწყობად. მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმდა მშენებლობის პროექტი. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ პ. თ-ა დღემდე სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით, რომელზეც მის მიერ მოწყობილია პურის საცხობი. მითითებული აქტები დღეისათვის ძალაშია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ პ. თ-ას მიერ აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის ფაქტი. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, რომლის კომპეტენციაშიც შედის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, დადასტურდა, რომ პ. თ-ას სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება არ განეკუთვნება თვითნებურად დაკავებულ კატეგორიას და მისი დაკანონება კომისიის უფლებამოსილებას სცილდება. ასევე დადასტურებულია, რომ პ. თ-ა სწორედ მის მიერ დაკავებულ 500 კვ.მ. მიწაზე იხდის გადასახადს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მითითებული დოკუმენტაცია ადასტურებდა არა მიწის, არამედ შენობის მართლზომიერი ფლობის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე უფლების მოპოვებით, უფლება ვრცელდება მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზეც, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს იგი და უსაფუძვლოა მითითება, რომ შენობის მართლზომიერი მფლობელობის მიუხედავად, სადავოა შენობაზე დამაგრებული მიწის ფლობის მართლზომიერება მიწაზე სათანადო დოკუმენტაციის არსებობის გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, სათანადოდ არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, უფრო მეტიც, ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით განცხადებლის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და არ გამოუცია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ პ. თ-ას საჩივრის განხილვისას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა საჩივრის ავტორს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას რატომ არ დასტურდებოდა პ. თ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტებით მიწის მართლზომიერად ფლობის ფაქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინსტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც განცხადებლის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ აქტის გამოცემის შემდეგ წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რაზეც ადმინისტრაციულ ორგანოს რეაგირება არ მოუხდენია და არ შეუფასებია ისინი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონი საჯარო რეესტრს აძლევს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის №157418 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს სადავო საკითხი, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად ადმინისტრაციულ იწარმოება არ ჩაუტარებია, მან მხოლოდ მართლზომიერი ფლობის ფაქტის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დაავალა განცხადებელს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. პ. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. პ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის №157418 გადაწყვეტილება პ. თ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის №882011454134-03 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რეგისტრაციის თაობაზე;

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს პ. თ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პ. თ-ას სახელით პა. თ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 550 ლარის (100-150-300) გადახდა;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე