Facebook Twitter

საქმე #ბს-475-469(k-12) 23 მაისი, 2013წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.

კასატორი (მოსარჩელე) – ბ. ხ-ე, მ.ხ-ე, ბ. ხ-ე.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის მომსახურების ცენტრი.

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.12წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ., მ. და ბ. ხ-ეებმა 08.07.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ კ. და ე. ხ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხის საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის მომსახურების ცენტრის მიმართ და მიუთითეს, რომ 1951 წელს კ. და ე. ხ-ეები გადასახლებულნი იყვნენ საქართველოდან ყაზახეთში სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. №4893-2133 დადგენილების საფუძველზე, ხოლო სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნილნი იქნენ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 11.04.1953წ. №1007-430 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისად, კ. და ე. ხ-ეები წარმოადგენდნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.12.11წ. გადაწყვეტილებით ბ., მ. და ბ. ხ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 11.12.97წ. კანონის მე-2, მე-4 მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიმართ გამოყენებული იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, გადასახლება უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივს, იძულება განხორციელებული უნდა იყოს სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან. პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევა-შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დადგინდა კ. ხ-ის მიმართ ყაზახეთის სსრ-ში გადასახლების პოლიტიკური მოტივი, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვვერპლად ასაღიარებლად. ამასთან, არ დადგინდა ე. ხ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იძულების რომელიმე ფორმის გამოყენება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ., მ. და ბ. ხ-ეების მიერ, რომელებმაც მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.12.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და კ. და ე. ხ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.12წ. განჩინებით ბ., მ. და ბ. ხ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 09.09.11წ. №1110289 ცნობით კონკრეტულად არ დგინდებოდა ბრალის წაუყენებლად გადაასახლეს კ. და ე. ხ-ეები თუ რაიმე ქმედების ჩადენის გამო მიესაჯათ მათ გადასახლება. პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად რეპრესირებულად პირი შეიძლება აღიარებულ იქნას შემდეგი პირობების არსებობისას, კერძოდ, პირი, რომელმაც განიცადა რეპრესია, რეპრესირებული უნდა იყოს ყოფილი საქართველოს სსრ მცხოვრები, რეპრესია განცდილი უნდა ჰქონდეს 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამასთანავე, რეპრესია პირის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული უნდა იყოს პოლიტიკური მოტივით. პირის მიმართ გატარებული ყველა სახის რეპრესია არ წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველს, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს წარმოადგენს მხოლოდ ის პირი, ვინც სხვადასხვა ფორმით რეპრესია განიცადა პოლიტიკური მოტივით. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა საქმის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, კერძოდ იმას, რომ კ. და ე. ხ-ეების გადასახლება მოხდა პოლიტიკური მოტივით. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ., მ. და ბ. ხ-ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.03.12წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორებმა აღნიშნეს,რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, სსკ-ის 249-ე და 390-ე მუხლები ადგენენ ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლოს უნდა განემარტა თუ რატომ და რომელ ფაქტებსა და ნორმებზე დაყრდნობით არ იზიარებს თითოეულ სააპელაციო პრეტენზიას. სასამართლომ ვერ დაასაბუთა რატომ არ წარმოადგენს სარჩელზე თანდართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 09.09.11წ. №1110289 ცნობა უტყუარ მტკიცებულებას კ. და ე. ხ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ასაღიარებლად. სასამართლომ არ გამოიყენა და არასწორად განმარტა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის დებულებები, კერძოდ, კანონის მე-2 მუხლი, რომლის პირველი წინადადება არ მოითხოვს გადასახლების პოლიტიკური მოტივის დადგენას, იგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მიიჩნევს საბჭოთა პერიოდში გადასახლებას პოლიტიკურ რეპრესიად. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 08.10.1998წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ხ-ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და იგი მამასთან - კ. ხ-ესთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში. სარჩელზე თანდართული ცნობით დგინდება, რომ კ. და ე. ხ-ეებს ბრალი წაყენებული არ ჰქონდათ. სსკ-ის 407.2 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტორივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის თუ წაყენებული არაა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორების აზრით, წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კ. და ე. ხ-ეები არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლნი.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლომ ბ., მ. და ბ. ხ-ეების საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად საკასაციო საჩივრის ავტორი მ., ბ. და ბ. ხ-ეები კ. და ე. ხ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვენ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ხსენებული კანონის მე-7 მუხლი ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიქტებს, ასეთად შეიძლება იყოს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონისმიერი მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი მ. ხ-ე არის კ. ხ-ის შვილი, ამდენად, სსკ-ის 1336-ე მუხლის მიხედვით, კ. ხ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ხოლო კასატორები ბ. და ბ. ხ-ეები არიან ე. ხ-ის შვილები, ე.ი. ე. ხ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები (დაბადების მოწმობების ასლები - ს.ფ.20-22). საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ე. და კ. ხ-ეები არიან გარდაცვლილები (გარდაცვალების მოწმობები - ს.ფ. 17-19) და ე. ხ-ე არის კ. ხ-ის შვილი. ამდენად, კასატორები არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უფლებამოსილი სუბიექტები.

საქმეში დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს 09.09.11წ. №1110289 ცნობით დასტურდება კ. ხ-ის საქართველოდან გადასახლების ფაქტი სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. №4893-2113 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე. კ. ხ-ე მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 11.04.1953წ. №1007-430 დადგენილების საფუძველზე. მასთან ერთად გადასახლებულნი იყვნენ და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩნება ე. ხ-ის გადასახლებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია, სასამართლო ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ ე. ხ-ის გადასახლებაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, ამასთანავე სასამართლო უთითებს, რომ არ დგინდება ბრალის წაუყენებლად გადაასახლეს ე. და კ. ხ-ეები თუ რაიმე ქმედების ჩადენის გამო მიესაჯათ მათ გადასახლება, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს აგრეთვე, რომ არ დასტურდება მათი გადასახლების პოლიტიკური მოტივი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ შსს 09.09.11წ. №1110289 ცნობით კონკრეტულად არ დგინდება ბრალის წაუყენებლად თუ რაიმე ქმედების ჩადენის გამო მიესაჯათ კ. და ე. ხ-ეებს გადასახლება, არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს. საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე დანაშაულის ჩადენის გამო კ. და ე. ხ-ეების გადასახლება, ამასთანავე პოლიტიკური რეპრესიის გატარება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის მიმართ იძულების გამოყენების სხვადასხვა ფორმა როგორც წესი ხორციელდებოდა სასამართლო ორგანოების აქტების გარეშე, რის თაობაზეც ხაზგასმით აღინიშნა „20-50-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის უფლებების აღდგენის შესახებ“ სსრკ პრეზიდენტის 13.08.1990წ. № 556 ბრძანებულებაში. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის არ არის აუცილებელი მის მიმართ გამოყენებული იძულების ფორმებს საფუძვლად ედოს სასამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურ რეპერსიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა მოსარჩელის მიერ მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი 08.10.1998წ. ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ კ. ხ-ის შვილი, კასატორი მ. ხ-ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. დავის სწორი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს ამ გარემოების შეფასებას, რამდენადაც „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა არა მხოლოდ ის პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია, არამედ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. ამდენად, უკეთუ შვილი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ლოგიკურად დგას მასთან ერთად გადასახლებაში მყოფთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხიც. შესაბამისად, მ. ხ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტის სამართლებრივ შეფასებას მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნულის მიუხედავად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა ამ გარემოებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა კ. და ე. ხ-ეების გადასახლების პოლიტიკური მოტივი, თუმცა თავის მხრივ არ დასტურდება ასეთი მოტივის არარსებობა, თავისი ნებით ყაზახეთში გადასახლება. საქმის მასალების თანახმად უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს კ. ხ-ის გადასახლება ყაზახეთის სს რესპუბლიკაში, რომელიც განხორციელდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. #4893-2113 დადგენილების საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს საარქივო ფონდში სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. №4893-2113 დადგენილების არარსებობა და შესაბამისად მხარის მიერ ხსენებული დადგენილების ტექსტის წარმოუდგენლობა არ არის დაუსაბუთებლობის გამო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. დადგენილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პუბლიკაციების თანახმად, სსრ კავშირის კპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის წარდგინებით 16.11.1951წ. მიიღო დადგენილება „საქართველოდან მტრული ელემენტების გასახლების შესახებ“. 29.11.1951წ. იმავე საკითხზე საკავშირო მინისტრთა საბჭომ მიიღო №4893-2113 დადგენილება, რომელიც სსრკ უშიშროების სამინისტროს ნებას რთავდა განეხორციელებინა 16.11.1951წ. აქტი. ხალხის გადასახლება მოხდა ნაჩქარევად შედგენილი, შეუმოწმებელი სიებით. ამდენად, თავად დადგენილების სათაური მიუთითებს გადასახლების პოლიტიკურ მოტივზე. გადასახლების იძულებით ხასიათზე მიუთითებს ასევე გადასახლების მასშტაბები და მასიური ხასიათი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო თავისი ინიციატივით მიეღო ზომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ., მ. და ბ. ხ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე