საქმე #ბს-479-473(k-12) 06 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ღ-ის უფლებამონაცვლეები - ნარ. ღ-ე და ჯ. ღ-ე.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის მომსახურების ცენტრი.
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.12წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ღ-ემ 12.08.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიმართ მშობლების შ. ღ-ისა და ე. ღ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მამის ოჯახის 13 წევრი 1952 წლის 08 იანვრიდან 1953 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა გადასახლებაში ყაზახეთში. გადასახლება მოხდა ყოველგავრი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ამიტომ ოჯახის წევრების უმეტესობა აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. მამის შ. ღ-ის გადასახლებაში ყოფნის ფაქტი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 05.07.11წ. №796081 ცნობით, დედის ე. ღ-ის გადასახლების ფაქტი - ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხრეთ ყაზახეთის ოლქის შსს- სამმართველოს 03.10.1953წ. №9/17-3854 ცნობით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 16.01.12წ. გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 11.12.97წ. კანონის მე-2, მე-4 მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიმართ გამოყენებული იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის გადასახლება, უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივს, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან სოციალური, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევა-შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დადგინდა, რომ მოსარჩელის მამის და დედის სპეცგადასახლებაში ყოფნას საფუძლვად დაედო პოლიტიკური მოტივი. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა განამტკიცებს მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბარ განაწილებას. მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს მისი მშობლების პოლიტიკური ნიშნით გადასახლებას, რაც თავისთავად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ღ-ის მიერ, რომელმაც შ. და ე. ღ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.12წ. განჩინებით ნ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. №4893-2113 დადგენილება შსს არქივში დაცული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 05.07.11წ. №796081 ცნობით კონკრეტულად არ დგინდებოდა ბრალის წაუყენებლად გადაასახლეს შ. ღ-ე და მისი ოჯახის წევრები, თუ რაიმე ქმედების ჩადენის გამო მიესაჯათ მათ გადასახლება. პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად რეპრესირებულად შეიძლება აღიარებულ იქნას პირი, რომელმაც განიცადა რეპრესია ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, რეპრესირებული უნდა იყოს ყოფილი საქართველოს სსრკ მცხოვრები, რეპრესია განცდილი უნდა ჰქონდეს 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე. რეპრესია პირის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული უნდა იყოს პოლიტიკური მოტივით. პირის მიმართ გატარებული ყველა სახის რეპრესია არ წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველს. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს წარმოადგენს მხოლოდ ის პირი, ვინც სხვადასხვა ფორმით რეპრესია განიცადა სასამართლოს ან სახელმწიფო ორგანოს მიერ პოლიტიკური მოტივით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა საქმის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, კერძოდ იმას, რომ შ. და ე. ღ-ეების გადასახლება მოხდა პოლიტიკური მოტივით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.04.12წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა მიუთითა, რომ სსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, კერძოდ, ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კასატორმა აღნიშნა, რომ რეპრესიების პოლიტიკური მოტივით განხორცილება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მოსახლეობის გადასახლება და გადასახლებიდან დაბრუნება მოხდა პოლიტიკური მიზეზით, რაც აღწერილია ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში, აღიარებულია „საქართველოს მოქალაქეთა პოლიკიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონით, ამას ადასტურებს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. საქართველოდან პოლიტიკური მოტივით ყაზახეთსა და შუა აზიაში რამოდენიმე ათასი კაცის გადასახლების დასადასტურებლად კასატორი მაგალითისათვის უთითებს 2001წ. გამოცემული მე-9 კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა მტკიცების ტვირთი, ვერც სასამართლომ და ვერც მოსარჩელემ 1951 წლის დადგენილება ვერ მოიძია, რადგან ეს აქტი დღემდე არ არის განსაიდუმლოებული, რაც დამატებით ადასტურებს გადასახლების პოლიტიკურ მოტივს. გადასახლება მოხდა კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად, მიუხედავად ამისა სასამართლომ ვერ დაადგინა გადასახლების პოლიტიკური მოტივი. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებითაც მოსარჩელის ოჯახის წევრები აღიარებულნი არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ამით დადასტურდა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რადგან ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დამტკიცებას არ საჭიროებს. მოსარჩელის განმარტებით, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-18, 42-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, სსკ-ის 393.2 “ა”, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები.
საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას კასატორის გარდაცვალების გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებით ნ. ღ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ღ-ის მეუღლე - ნარ. ღ-ე და კასატორის შვილი - ჯ. ღ-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ღ-ე არის შ. და ე. ღ-ის შვილი (დაბადების მოწმობის ასლი - ს.ფ. 7). შ. ღ-ე ………..წ. გარდაიცვალა (გარდაცვალების მოწმობის ასლი - ს.ფ. 5), ხოლო ე. ღ-ე - ……….წ. (გარდაცვალების მოწმობის ასლი - ს.ფ. 6). ნ. ღ-ემ 12.08.11წ. სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი მშობლების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-4, მე-6, მე-7 მუხლების საფუძველზე. პირველი ინსტანციის 16.01.12წ. გადაწყვეტილებით და სააპელაციო სასამართლოს 05.04.12წ. განჩინებით ნ. ღ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ ნ. ღ-ე 31.05.12წ. გარდაიცვალა (გარდაცვალების მოწმობის ასლი - ს.ფ. 151). საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს კასატორ ნ. ღ-ის გარდაცვალების გამო საქმეში მის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ღ-ის მეუღლე ნარ. ღ-ე და შვილი ჯ. ღ-ე. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიქტებს, ასეთად შეიძლება იყოს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონისმიერი მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ნარ. ღ-ე არ წარმოადგენს ე. და შ. ღ-ეების კანონისმიერ მემკვიდრეს, მაგრამ მითითებული კანონის მე-7 მუხლის მიზნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ასაღიარებელი პირის კანონისმიერი მემკვიდრის მიერ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები წარდგენილ იქნა სწორედ ნ. ღ-ის მიერ, რომელიც სკ-ის 1336 მუხლის მიხედვით, ე. და შ. ღ-ეების პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე იყო. ვინაიდან ნ. ღ-ემ განახორციელა კანონისმიერი უფლება და მიმართა სასამართლოს მისი კანონით მამკვიდრებლების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე მისი გარდაცვალება არის საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველი, გარდაცვალება სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, იწვევს პირის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას უპირველეს ყოვლისა ჰუმანრ., ზნეობრივი დატვირთვა აქვს, საკასაციო პალატა დასაშვებად თვლის მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობას. რაც შეეხება აწ გარდაცვლილი ნ. ღ-ის შვილს - ჯ. ღ-ეს, ის არის შ. და ე. ღ-ეების შვილიშვილი, კანონისმიერი მემკვიდრე, რის გამოც შესაძლებლად უნდა იქნას მიჩნეული კასატორის ნ. ღ-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლედ ჩართვა.
საქმეში დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს 05.07.11წ. №796081 ცნობით დასტურდება შ. ღ-ის საქართველოდან გადასახლების ფაქტი სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951 №4893-2113წ. დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე. შ. ღ-ე მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 11.04.1953წ. №1007-430 დადგენილების საფუძველზე. მასთან ერთად გადასახლებულნი იყვნენ და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები (ოჯახის წევრთა საერთო რაოდენობა - ცამეტი სული). ნარ. ღ-ის სპეც. დასახლებაში ყოფნის ფაქტი დასტურდება ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხრეთ-ყაზახეთის ოლქის შსს-ს სამმართველოს 03.10.53წ. ცნობით, რომლის მიხედვით შ. ღ-ე 1953 წლის 08 იანვრიდან 1953 წლის 02 ოქტომბრამდე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სპეც. დასახლებაში და სსრკ-ის შსს 13.05.1953 წ. დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა სპეც. დასახლებიდან ყოფილ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, არჩეულ საცხოვრებელ ადგილზე გადავიდა ოჯახის ცამეტი წევრი, მათ შორის მეუღლე ე. ღ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა შ. და ე. ღ-ეების გადასახლების პოლიტიკური მოტივი, თუმცა თავის მხრივ არ დასტურდება ასეთი მოტივის არარსებობა, თავისი ნებით ყაზახეთში გადასახლება. საქმის მასალების თანახმად უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს შ. და ე. ღ-ეების გადასახლება ყაზახეთის სს რესპუბლიკაში, რომელიც განხორციელდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. №4893-2113 დადგენილების საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს საარქივო ფონდში სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. #4893-2113 დადგენილების არ არსებობა და შესაბამისად მხარის მიერ ხსენებული დადგენილების ტექსტის წარმოუდგენლობა არ არის დაუსაბუთებლობის გამო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. დადგენილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პუბლიკაციების თანახმად, საკავშირო კპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა, საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის წარდგინებით, 16.11.1951წ. მიიღო დადგენილება „საქართველოდან მტრული ელემენტების გასახლების შესახებ“. იმავე საკითხზე 29.11.1951წ. სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო №4893-2113 დადგენილება, რომელიც სსრკ უშიშროების სამინისტროს ნებას რთავდა აღესრულებინა 16.11.1951წ. აქტი. გადასახლება მოხდა ნაჩქარევად შედგენილი, შეუმოწმებელი სიებით. ამდენად, თავად დადგენილების სათაურში იკვეთება გადასახლების პოლიტიკური მოტივი. გადასახლების იძულებით ხასიათზე მიუთითებს ასევე გადასახლების მასშტაბები და მასიური ხასიათი. პალატა აღნიშნავს, რომ გადასახლების იძულებითი ხასიათი და უკანონობა აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ სსრ კავშირის ნორმატიული აქტებით (მაგ. სსრკ პრეზიდენტის 13.08.1990წ. №556 ბრძანებულება).
სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ შსს 05.07.11წ. №796081 ცნობით კონკრეტულად არ დგინდება ბრალის წაუყენებლად თუ რაიმე ქმედების ჩადენის გამო მიესაჯათ შ. ღ-ეს და მისი ოჯახის წევრებს გადასახლება, არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს. საქმის მასალებით არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის გამო შ. ღ-ისათვის და მისი ოჯახის წევრების გადასახლება, ამასთანავე პოლიტიკური რეპრესიის გატარება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის მიმართ იძულების გამოყენების სხვადასხვა ფორმა როგორც წესი ხორციელდებოდა სასამართლო ორგანოების აქტების გარეშე, რის თაობაზეც ხაზგასმით აღინიშნა „20-50-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის უფლებების აღდგენის შესახებ“ სსრკ პრეზიდენტის 13.08.1990წ. № 556 ბრძანებულებაში. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის დეფინიცია მოცემულია „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებში. ამდენად, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის არ არის აუცილებელი მის მიმართ გამოყენებულ იძულების ფორმებს საფუძვლად ედოს სასამართლო გადაწყვეტილება. გამოძიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე გადასახლება მით უფრო ადასტურებს გადასახლების პოლიტიკურ, რეპრესიულ ხასიათს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა მოსარჩელის მიერ მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებები. 19.02.1998წ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ შ. ღ-ის და ე. ღ-ის შვილი - ნ. ღ-ე აღიარებილ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახისტანის შსს-ს 03.10.1953წ. ცნობა, რომ ნ. ღ-ე 1952 წლის 02 იანვრიდან 1953 წლის 02 ოქტომბრამდე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სპეც. დასახლებაში ყაზახეთის სსრ სამხრეთ ყაზახისტანის ოლქის პახტარალის რაიონში, საიდანაც სსრკ შსს 13.05.1953წ. დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა ოჯახთან ერთად ძველ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით. სასამართლომ აღნიშნული ცნობისა და განმცხადებლის განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელმა განიცადა პოლიტიკური რეპრესია - გამოძიებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე 26.12.1952წ. გასახლებულ იქნა საქართველოდან და 1953 წლის 02 ოქტომბრამდე იმყოფებოდა სპეც. დასახლებაში. კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულნი არიან აგრეთვე ნ. ღ-ის ნათესავები ნრ. და ჯვ. ღ-ეები, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 16.07.1998წ. და 03.08.1998 წ. გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ყაზახეთის სსრ სამხრეთ ყაზახისტანის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს 02.10.1953წ. ცნობა, რომლის მიხედვით, განმცხადებლების მშობლები, ოჯახის წევრები და თვით ნრ. და ჯვ. ღ-ეები 1952 წლის 08 იანვრიდან 1953 წლის 02 ოქტომბრამდე იმყოფებოდნენ გადასახლებაში, საიდანაც გათავისუფლებულ იქნენ სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს 13.05.1953წ. დადგენილების საფუძველზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა ამ გარემოებაზე. დავის სწორი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს ამ გარემოების დადგენას, რამდენადაც „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა არა მხოლოდ ის პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია, არამედ, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. ამდენად, უკეთუ შვილი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ლოგიკურად დგას მასთან ერთად მყოფი მშობლების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხიც. ნ. ღ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტის სამართლებრივ შეფასებას მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სააპელაციო სასამართლოს წარედგინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ნ. ღ-ე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში და განიცადა პოლიტიკური რეპრესია, შესაბამისად, მოსარჩელე აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა შ. და ე. ღ-ეების გადასახლების პოლიტიკურ მოტივს, არ არის დასაბუთებული.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო თავისი ინიციატივით მიეღო ზომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ღ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეების ნარ. ღ-ისა და ჯ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე