Facebook Twitter
¹ბს-27-26(კ-11) 21 ივლისი, 2011 წელი

Nბს-488-482(კ-12) 25 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს ,,…“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვის და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,…“ 2011 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მიმართვა 477/4 (დამოწმების თარიღი 04/05/2010, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება (სააღრიცხვო ბარათი) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ახალციხის მერიის 1998 წლის 31 ივლისის დადგენილებით შ.პ.ს ,,…“ … ქუჩაზე კონოთეატრ ,,…” მახლობლად არქიტექტურის განყოფილების მიერ შედგენილი სქემის მიხედვით გამოეყო სარგებლობის უფლებით 150 მ2 მიწის ფართობი მცირე გაბარიტიანი ავტობუსების სადგურის მოსაწყობად და ნება დაერთო ამავე ტერიტორიაზე ჩაედგა დროებითი ნაგებობის ტიპის მომსახურების სალარო. უძრავი ქონება მდებარე, … ქუჩაზე, კინოთეატრ ,,…” მიმდებარე ტერიტორიაზე: სარეგისტრაციო ზონა … კოდი …; სექტორი … კოდი …, კვარტალი №…, ნაკვეთი №… ფართობი 150 კვმ. 2007 წლის 23 ივლისს საქართველოს კანონის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ” თანახმად, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა შპს ,,…“. 2011 წლის 15 ივლისს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე … ქუჩაზე, კინოთეატრ ,,…” მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,…“ უარი ეთქვა ცვლილებების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, კერძოდ უძრავი ქონება რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებად საკადასტრო კოდით …. 2011 წლის 27 ივლისს მოსარჩელემ მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მათ საკუთრებად რეგისტრირებულ 8759 კვ.მ. მიწის ნაკვეთში განეხორციელებინათ ცვლილებების რეგისტრაცია და 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამოერიცხათ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებიდან.

2010 წლის 04 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ითხოვა ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მერვე თავის 47-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალურ ქონებად დარეგისტრირება ქ. ახალციხეში … ქუჩის მიმდებარედ ცენტრალური პარკის და ... ქუჩის მიმდებარედ სკვერის, წარდგენილი საკადასტრო ნახაზების საფუძველზე. უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია ზონა … …, სექტორი ქ. … …, კვარტალი … , ნაკვეთი …, დაზუსტებული ფართობი 8759.00 კვმ. მისამართი ქ. ახალციხე … ქუჩის მიმდებარედ წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული იქნა … ქუჩის მიმდებარედ მდებარე ცენტრალური პარკი და … ქუჩის მიმდებარე სკვერი.

რაიონულმა სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მულის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. რაიონული სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მის სასარჩელო მოთხოვნებს და მის მიერ ცვლილებების რეგისტრაციისათვის წარდგენილი ელექტრონული ვერსია შეესაბამება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით შპს ,,…“ რეგისტრირებულ მონაცემებს, რადგან შპს ,,…“ საკუთრებას წარმოადგენს … ქუჩაზე კონოთეატრ ,,…” მიმდებარე ტერიტორიაზე : სარეგისტრაციო ზონა … კოდი …; სექტორი … კოდი …, კვარტალი №…, ნაკვეთი №… ფართობი 150 კვმ. მდებარე უძრავი ქონება, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონებას ქ. ახალციხეში … ქუჩის მიმდებარედ ცენტრალური პარკი, რომლის მახასიათებლებია ზონა … …, სექტორი ქ. … …, კვარტალი … , ნაკვეთი … .

სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

მითითებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 04 მაისის მიმართვა №477/4 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, რომლის საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული იქნა … ქუჩის მიმდებარედ არსებული ცენტრალური პარკი და … ქუჩის მიმდებარე სკვერი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია ზონა … …, სექტორი ქ. … …, კვარტალი … , ნაკვეთი …, დაზუსტებული ფართობი 8759.00 კვმ. მისამართი ქ. ახალციხე ქუჩის მიმდებარე ცენტრალური პარკი), გამოცემულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

რაიონულმა სასამართლომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ:

ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;

ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 04 მაისის მიმართვა №477/4 გამოცემულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საქართველოს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, ამიტომ შპს ,,…“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება (სააღრიცხვო ბარათი) მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო პალატამ მოცემულ დავასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა 2010 წლის 15 იანვარის საქართველოს იუსტიციის მინისტრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობებისა (მათ შორის, მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე მუხლის მე-5 ნაწილით საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ნაგებობების, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის შესახებ, ასევე ამ მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო საკუთრების უფლების რეგისტრაცია (მდებარე, ზონა … …, სექტორი ქ. … …, კვარტალი …, ნაკვეთი …, დაუზუსტებელი ფართობი 8759.00 კვმ. მისამართი ქ. ახალციხე, ქუჩა …, მიმდებარე (ცენტრალური პარკი)) განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტეტის გამგეობის მიმართვისა და საკადასტრო ნახაზის საფუძველზე. საქმის მასალების მიხედვით პალატამ არ მიიჩნია დადასტურებულად ის გარემოება, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის, სადავო მიწის ნაკვეთი (150 კვ.მ) წარმოადგენდა საჯარო რეესტრში, მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით, რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რაც გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რეგისტრაცია.

დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში დაადგინა, რომ სადავო რეგისტრაციის მომენტისათვის არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი; ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო წარდგენილი დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელზე. საპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლებოდა სადავო გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გამხდარიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია არ შეესაბამება შპს ,,…“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს, რადგან მოსარჩელის სარეგისტრაციო მონაცემები განსხვავებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებისაგან. კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მოტივაციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მოპასუხე - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვა, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას კასატორის აზრით, ადასტურებენ მოწინააღმდეგე მხარე საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური შესაგებელშიც და სასამართლო სხდომაზეც და ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გადაუფარავს მათი მიწის ნაკვეთი, ასევე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე და მიმართვა, რომლითაც მოხდა მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებად მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მითითებით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ახალციხის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით დადგენილება, რომლითაც გამოეყოთ სადავო მიწის ნაკვეთი და შემდგომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ჩანაწერიც გაუქმდა სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით, დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის მოტივით და არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის გამო. აღნიშნული აქტები გასაჩივრებულია ახალციხის რაიონულ სასამართლოში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ კანონის 47-ე მუხლი და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნას ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 4 მაისის 477/4 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავოდ გამხდარი (150 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავოდ გამხდარი 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს თანაბარწილად დაეკისროთ შპს ,,…“ მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების (სააღრიცხვო ბარათი) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მიმართვის 477/4-ის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (დამოწმების თარიღი 04/05/2010, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2-ე მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ახალციხის მერიის 1998 წლის 31 ივლისის დადგენილებით შ.პ.ს ,,…“ … ქუჩაზე კონოთეატრ ,,…” მახლობლად არქიტექტურის განყოფილების მიერ შედგენილი სქემის მიხედვით გამოეყო სარგებლობის უფლებით 150 მ2 მიწის ფართობი მცირე გაბარიტიანი ავტობუსების სადგურის მოსაწყობად და ნება დაერთო ამავე ტერიტორიაზე ჩაედგა დროებითი ნაგებობის ტიპის მომსახურების სალარო. უძრავი ქონება მდებარე … ქუჩაზე, კინოთეატრ ,,…” მიმდებარე ტერიტორიაზე: სარეგისტრაციო ზონა … კოდი …; სექტორი … კოდი …, კვარტალი №..., ნაკვეთი №… ფართობი 150 კვმ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2007 წლის 23 ივლისს საქართველოს კანონის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ” თანახმად, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა შპს ,,…“. 2011 წლის 15 ივლისს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე … ქუჩაზე, კინოთეატრ ,,...” მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,…“ უარი ეთქვა ცვლილებების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, კერძოდ რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის საკუთრება საკადასტრო კოდით …, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას. 2010 წლის 10 მაისის ამონაწერით დასტურდება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 04 მაისის 477/4 მიმართვის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებულ იქნა … ქუჩის მიმდებარე ცენტრალური პარკი (მიწის საკადასტრო კოდი: …. ზონა … …, სექტორი ქ. … …, კვარტალი..., ნაკვეთი …, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8759.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობი).

საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამასთან საჯარო რეესტრში აღირიცხება უკვე მოპოვებული უფლება. უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მას მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სტაბილურობის და მესამე პირთა ინტერესებისთვის. ამდენად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია, რაც საქმის მასალებით დასტურდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სახეზეა დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება. ერთ-ერთი მათგანის დაზუსტებული მონაცემების რეგსიტრირებამ გამორიცხა შემდგომში მეორე პირის მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემების დარეგისტრირება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,…“ რეგისტრირებული საკუთრების უფლება ხელყოფილ იქნა საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც მიწის ნაკვეთზე ს/კ … (ფართობი - 8759 კვ.მ ) ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლება დაარეგისტრირა 2010 წლის 10 მაისს, იმ პირობებში როდესაც შპს ,,…“ რეგისტრირებული საკუთრების უფლება 2007 წელს უკვე არსებობდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლზე, რომლიც ადგენს თუ რა წარმოადგენს თვითმართველი ერთეულის საკუთრებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია: თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას არ წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზებას, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება ის გარემოება, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის სადავო მიწის ნაკვეთი (150 კვ.მ) წარმოადგენდა საჯარო რეესტრში, მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით, რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რაც გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით 2008 წლამდე ახალციხის რაიონში ელექტრონული ნახაზები არ არსებობდა (24.01.2012 სხდომის ოქმი) საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვის განხილვისას ვალდებული იყო გამოეკვლია ხდებოდა თუ არა მუნიციპალიტეტის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის გადაფარვა. საქმეში არსებული აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიით 18.07.2011 (ტ.I, ს.ფ. 89) დასტურდება, რომ არსებობდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება N882012113880-03 რეგისტრაციის შესახებ; სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების რეგისტრაცია, 2012 წლის 19 მარტის განცხადება, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის წერილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N16 განკარგულება ქალაქ ახალციხის მერიის 1998 წლის 31 ივლისის #7/70 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

საქმეში არსებული მტკიცებულებით - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის N16 განკარგულება და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში. ასევე საქმეში დაცულია 2013 წლის 07 თებერვლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. კასატორისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებით, ახალციხის მუნიციპლიტეტის გამგეობის მიერ სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,…“ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი (ახალციხის მერიის 1998 წლის 31 ივლისის დადგენილება) დღევანდელი მდგომარეობით იურიდიული ძალის მქონეა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადებაზე, რომლის შესაბამისადაც მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციასაც სადავოდ ხდის მოსაჩელე - N… (ფართობი - 8 759) დღეის მდგომარეობით არ არსებობს, ხოლო ის ტერიტორია, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვდა მოსარჩელე ამჟამად მოხვედრილია (ზედდებაში) შემდეგი მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში: 1. N…(ფართობი - 8094 კვ.მ, მესაკუთრე - ახალციხის მუნიციპალიტეტი) 2. N…(682 კვ.მ, მესაკუთრე - ახალციხის მუნიციპალიტეტი) განცხადებას თან ერთვის განცხადებაში მითითებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უგულვებელყოფილ იქნა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს საქმეში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე შპს ,,…“ ახალციხის მერიის 1998 წლის 31 ივლისის დადგენილებით ქ. ახალციხეში, … ქუჩაზე კონოთეატრ ,,…” მახლობლად არქიტექტურის განყოფილების მიერ შედგენილი სქემის მიხედვით გამოეყო სარგებლობის უფლებით 150 მ2 მიწის ფართობი. იმ პირობებში, როცა მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებს ორივე მხარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია განიხილოს განცხადება და საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს და იმსჯელოს, არის თუ არა მოსარჩელისთვის გამოყოფილი და მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იდენტური, კერძოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებულ (ფართობი - 8 094) მიწის ნაკვეთში შედის თუ არა შპს ,,…“ საკუთებაში არსებული 150 კვ. მ მიწის ნაკვეთი (მდებარე: ახალციხე, … ქ. კინოთეატრ … მიმდებარე ტერიტორია) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხის გარკვევისას იხელმძღვანელოს საკადასტრო აზომვითი ნახაზების ელექტრონული ვერსიებით, საიდანაც ცალსახად იკვეთება გადაფარვის ფაქტი. ამ კონკრეტული გარემოების შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმის გარემოებები, აღნიშნული გამოიწვევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური) დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეჭრას.

სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება. ადმინისტრაციული ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნის პირობებში უნდა გადაემოწმებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწაზე იყო თუ არა რეგისტრირებული სხვისი საკუთრების უფლება რაც არ შეასრულა.

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმებისა და შპს ,,…“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას თანაბარწილად უნდა დაეკისროთ შპს ,,…“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნას ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 4 მაისის 477/4 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავოდ გამხდარი (150 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავოდ გამხდარი 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს თანაბარწილად დაეკისროთ შპს ,,…“ მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის გადახდა; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე