Facebook Twitter

№ბს-500-494(კ-12) 20 ივნისი, 2013წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – რ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, წარმომადგენელი ე. ა-ი

მესამე პირები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - ვ. ჯ-ა; დ. მ-ი, წარმომადგენელი - თ. გ-ი

დავის საგანი – აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 5 ოქტომბერს კ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - თბილისის სააღსრულებო ბიუროს, შპს „...“, ნოტარიუს - ე. შ-ის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, სპს „ი...“, აღმასრულებელ ო. ჩ-ის, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. მ-ისა და დ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 23 თებერვალს გ. მ-თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც არასწორად მიეთითა სესხის თანხად 37950 აშშ დოლარი, რამდენადაც მოსარჩელემ გ. მ-ისაგან რეალურად ისესხა 33000 აშშ დოლარი თვიური 5%-ის სარგებლის დარიცხვით, 3 თვის ვადით. ასევე საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების საფუძველზე ხელშეკრულებაში არასწორად მიეთითა იპოთეკის საგნის - მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფართი 170 კვ.მ., რამდენადაც ბინის საერთო ფართია 218 კვ.მ. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით, მისთვის არ იყო ცნობილი ხელშეკრულების მე-9 პუნქტის დათქმის შესახებ, რომ მხარეთა შორის შესაძლო დავა უნდა წარმართულიყო შპს „...“.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია მის მიერ ვალის გადაუხდელობის გამო, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული აუქციონი.

მოსარჩელის მითითებით, აღმასრულებლის მიერ დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რამდენადაც აღმასრულებელს არ შეუდგენია გაანგარიშება გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯების ოდენობის შესახებ. ასევე დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც მოვალეს არ განემარტა აღმასრულებლის აცილების უფლების შესახებ. აღმასრულებელმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, არ აწარმოა მოვალის ქონების აღწერა. გარდა მითითებულისა, დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გარანტირებული უფლება, რამდენადაც კ. ს-ემ სადავოდ გახადა ქონების შეფასება, რის გამოც საჩივრით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, მაგრამ საჩივარი აუქციონის ჩატარების შემდეგ დარეგისტრირდა სააღსრულებო ბიუროში.

მოსარჩელის მითითებით, აღმასრულებელმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, თვითონ არ შეაფასა იპოთეკით დატვირთული მოვალის კუთვნილი ქონება და მიმართა შპს „ი...“, რომელიც უფლებამოსილი არ იყო განეხორციელებინა ქონების შეფასება.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის, აუდიტორული შეფასებისა და იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კ. ს-ის სარჩელიდან ცალკე წარმოებად გამოიყო მოთხოვნები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, სააღსრულებო ფურცლის და აუდიტორული შეფასების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში და განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე ბინა №6-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელე კ. ს-ის გარდაცვალების გამო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კ. ს-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაებნენ ნ. და რ. ს-ეები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. და რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მოდავე მხარეებს შორის მორიგების აქტი, რომლის თანახმად, კ. ს-ემ იკისრა ვალდებულება გ. მ-ისათვის გადაეხადა 39600 აშშ დოლარი 2005 წლის 19 აგვისტომდე, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გ. მ-ს ენიჭებოდა უფლებამოსილება მოთხოვა სააღსრულებო ფურცელი.

2005 წლის 23 აგვისტოს გ. მ-მა მიმართა სააღსრულებო ბიუროს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით. 2005 წლის 23 აგვისტოს მოვალეს - კ. ს-ეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით 5-დღიან ვადაში აღსრულების შესახებ. 2005 წლის 9 სექტემბერს აღმასრულებელმა მიმართა შპს „ი...“ კ. ს-ის კუთვნილი, ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე №6 ბინის შეფასების მოთხოვნით. აუდიტორული დასკვნის თანახმად, მითითებული უძრავი ქონება შეფასდა 85000 აშშ დოლარად. შეფასების შესახებ წერილობით ეცნობა მოვალეს 2005 წლის 12 სექტემბერს, რომელსაც განემარტა, რომ შეეძლო ედავა ქონების ფასზე.

2005 წლის 14 სექტემბერს კრედიტორმა გ. მ-მა განცხადებით მიმართა აღმასრულებელს კ. ს-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე იძლებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ. აღმასრულებლის 2005 წლის 14 სექტემბრის განკარგულებით დაინიშნა პირველი იძულებითი აუქციონი 2005 წლის 27 სექტემბერს. იძულებით აუქციონზე იპოთეკით დატვირთული, კ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა შეიძინა დ. მ-მა 59500 აშშ დოლარის ექვივალენტ თანხად ლარში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 9 სექტემბრის მიმართვის საფუძველზე, შპს „ი...“ მიერ 2005 წლის 12 სექტემბერს კ. ს-ის კუთვნილი, 170 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში, საბაზრო ფასებიდან გამომდინარე შეფასდა 85000 აშშ დოლარად, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვალის მიერ სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის გამო, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, დაინიშნა იძულებითი აუქციონი. აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქყვეყნდა გაზეთ „სიტყვა და საქმეში“, ასევე შეტყობინება ჩაბარდა კ. ს-ის რძალს, 2005 წლის 18 სექტემბერს. 2005 წლის 27 სექტემბერს გამართულ პირველ იძულებით აუქციონზე, კ. ს-ის კუთვნილი ბინა ბოლო შეთავაზებულ ფასად - 59500 აშშ დოლარის ექვივალენტ თანხად ლარში შეიძინა დ. მ-მა, რომელიც 2005 წლის 13 ოქტომბერს ბინის მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის თითოეული დამოუკიდებელი მოქმედება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება აღასრულებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-10, 25-ე, მე-15, მე-17, 47-ე, 63.1 მუხლების დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ არ არსებობდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და რ. ს-ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ნ. ს-ის გარდაცვალების გამო.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამათლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის თითოეული დამოუკიდებელი მოქმედება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ვერ წარმოშობს სარეჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ შეფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელთა თანახმად, აღმასრულებელმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, აღმასრულებელი თავს მთლიანად ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ არ აღუწერია და არ დაუყადაღებია ქონება, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნა. ასევე აღმასრულებელმა აღიარა, რომ მისი მიზანი იყო აუქციონზე ბინის იაფად გაყიდვა კრედიტორის სასარგებლოდ.

გარდა აღნიშნულისა, კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მას სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის თითოეული ქმედება. კასატორის განმარტებით, სარჩელი მოიცავს პრეტენზიას ქონების შეფასების ოდენობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წლის 23 თებერვალს გ. მ-სა და კ. ს-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა კ. ს-ის კუთვნილი, ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე, 170 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა №6. ვალის გადაუხდელობის გამო, მხარეთა შორის დავა წარიმართა სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში, სადაც მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება. მორიგების პირობების თანახმად, კ. ს-ემ იკისრა ვალდებულება 2005 წლის 19 აგვისტომდე გ. მ-ისათვის გადაეხადა 39600 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო საარბიტრაჟო სასამართლოსაგან სააღსრულებო ფურცელი. მოვალის მიერ მორიგების პირობების შეუსრულებლობის გამო, 2005 წლის 22 აგვისტოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და არბიტრაჟის გადაწყვეტილება, კ. ს-ისათვის თანხის დაკისრების შესახებ, მიექცა აღსასრულებლად.

2005 წლის 23 აგვისტოს მოვალე კ. ს-ეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიეცა წინადადება 5 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რაც მოვალის მიერ არ შესრულდა და არბიტრაჟის გადაწყვეტილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად.

2005 წლის 9 სექტემბერს აღმასრულებელმა იპოთეკის საგნის - მოვალე კ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის შესაფასებლად მიმართა შპს „ი...“. 2005 წლის 12 სექტემბრის აუდიტორული შეფასების დასკვნის თანახმად, სარეალიზაციო ბინა შეფასდა 85000 აშშ დოლარად. აღნიშნული შეფასების აქტი აღსრულების მონაწილე მხარეებს - კრედიტორსა და მოვალეს ჩაბარდათ 2005 წლის 12 სექტემბერს.

2005 წლის 14 სექტემბერს აღმასრულებელს იძულებითი აუქციონის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა კრედიტორმა - გ. მ-მა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2005 წლის 14 სექტემბრის განკარგულებით დაინიშნა პირველი იძულებითი აუქციონი 2005 წლის 27 სექტემბერს, რის შესახებაც კ. ს-ეს ეცნობა 2005 წლის 19 სექტემბერს. 2005 წლის 27 სექტემბერს ჩატარებულ პირველ იძულებით აუქციონზე, მოვალის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ბოლო შეთავაზებულ ფასად - 59500 აშშ დოლარის ექვივალენტ თანხად ლარში, შეიძინა მოქალაქე დ. მ-მა და 2005 წლის 13 ოქტომბერს სადავო ბინა დარეგისტრირდა ამ უკანასკნელის სახელზე.

2005 წლის 5 ოქტომბერს აღძრული სარჩელით კ. ს-ემ მოითხოვა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. წარმოდგენილი სარჩელის ძირითად საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებლის მიერ იძულებითი აუქციონი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, აუქციონზე სარეალიზაციო ბინა შეფასდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ნაკლებ ფასად, რითაც მას მიადგა ზიანი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა მოცემული სარჩელის ფარგლებში მხოლოდ ფორმალურად იმსჯელეს ჩატარებული აუქციონის კანონიერებაზე და არ უმსჯელიათ მოსარჩელის მიერ მითითებულ ძირითად არგუმენტებზე, ასევე არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებები. სასამართლოებმა ზოგადად მიუთითეს, რომ მოსარჩელეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის ცალკეული მოქმედებები, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რომელი მოქმედება არ იქნა გასაჩივრებული მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით.

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ ძირითად არგუმენტს, რომ აღმასრულებელი დაეყრდნო სადავო, მოვალის კუთვნილი ბინის ღირებულების არასწორ შეფასებას, რომელიც განახორციელა შპს „ი...“ და შესაბამისად, აუქციონზე ბინა გაიყიდა მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის მოქმედება.

აუქციონის ჩატარების დროისათვის მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფულის ან ქონების გადახდევინებისას აღსასრულებელი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ მოვალისათვის წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას კანონით დადგენილი წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელს არ განუხორციელებია. ამავე კანონის 631-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღადადების აქტის ასლი იგზავნება საჯარო რეესტრში.

მითითებული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას, რომ აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის (აუქციონის ჩატარების დროისათვის მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, უფლებამოსილი იყო სარეალიზაციო ბინის ღირებულების შესაფასებლად მიემართა აუდიტისათვის, რამდენადაც მითითებული ნორმა ანიჭებს უფლებამოსილებას აღმასრულებელს ქონების ღირებულება განსაზღვროს აუდიტის დასკვნის საფუძველზე და არ შეიცავს იმპერატიულ მოთხოვნას აღმასრულებელმა თავად შეაფასოს სარეალიზაციო ქონება. განსხვავებით მითითებული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციისა, რომლის თანახმად, ქონების აღწერის დროს მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, აღწერისა და დაყადაღების აქტში მიეთითება ქონების საბაზრო ღირებულება, ხოლო შეფასებას ახორციელებს სააღსრულებო ბიურო ან სხვა კომპეტენტური პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების ფასის დადგენა შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელმა 2005 წლის 9 სექტემბერს მიმართა შპს „ი...“ მოვალის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის შეფასების მიზნით. 2005 წლის 12 სექტემბრის აუდიტის დასკვნის თანახმად, ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 85000 აშშ დოლარს. მითითებული შეფასების აქტი 2005 წლის 12 სექტემბერს გაეცნო რა მოვალეს, 2005 წლის 17 სექტემბერს კ. ს-ემ თავად მიმართა შპს „ა...“ ქ. თბილისში, ... ქ. №2-ში მდებარე ბინა №6-ის შესაფასებლად. 2005 წლის 21 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ბინის ღირებულება, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენდა 190000 აშშ დოლარს.

ამდენად, მითითებული აუდიტორული დასკვნები სრულიად განსხვავებულ მონაცემებს შეიცავდა შესაფასებელი ბინის მიმართ. შპს „ი...“ დასკვნის თანახმად, ბინა განეკუთვნება ე.წ. „სუფთა ბინების“ კატეგორიას, ძველი რემონტით, ხოლო შპს „ა...“ დასკვნის მიხედვით, რომელიც შედგენილია პირველი აუდიტორული შეფასებიდან 10 დღის შემდეგ, ბინას ჩატარებული ჰქონდა ევრო რემონტი. ამასთან, მართალია შპს „ი...“ ბინის შეფასებისას დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, რომლის თანახმად, შესაფასებელი ბინის ფართი შეადგენდა 170 კვ.მ., ხოლო შპს „ა...“ დაეყრდნო ფაქტობრივ მდგომარეობას და შეფასება განახორციელა ბინის საერთო ფართის - 218 კვ.მ. მიხედვით, თუმცა, ფართებს შორის განსხვავების მიუხედავად, ბინის ღირებულების ნაწილში მითითებული აუდიტორული შეფასებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ასეთ ვითარებაში, მოვალემ აუქციონის ჩატარებამდე, 2005 წლის 26 სექტემბერს განცხადებით მიმართა აღმასრულებელს, სადაც მიუთითებდა, რომ შპს „ი...“ მიერ ჩატარებული შეფასება არ შეესაბამებოდა რეალობას, რაც დასტურდებოდა შპს „ა...“ დასკვნით. შესაბამისად, მოვალემ წარდგენილი განცხადებით მოითხოვა ბინის განმეორებითი შეფასება და 2005 წლის 27 სექტემბერს დანიშნული აუქციონის გადადება.

მოვალის მიერ წარდგენილ განცხადებაზე აღმასრულებელმა აუქციონის ჩატარების შემდეგ, 2005 წლის 29 სექტემბერს წერილით აცნობა, რომ ბინა შეფასდა შპს „ი...“ მიერ, შეფასების შედეგები მას ეცნობა 2005 წლის 12 სექტემბერს და განემარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებები. ასევე მოვალეს განემარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე აღმასრულებელს არ შეეძლო შეეჩერებინა ან შეეწყვიტა აღსრულება, დაებრუნებინა კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთი, სხვა დროისათვის გადაედო სააღსრულებო მოქმედების შესრულება. მითითებული მოქმედებების შესრულება აღმასრულებელს შეეძლო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

აღნიშნულის შესაბამისად, მოვალემ 2005 წლის 5 ოქტომბერს აღძრული სარჩელით აუქციონის შედეგების ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა შპს „ი...“ შეფასების აქტის ბათილად ცნობაც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლოთა შეფასებას, რომ კ. ს-ეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის მოქმედება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.

საქმის მასალების მიხედვით, კ. ს-ეს შპს „ი...“ შეფასების აქტი ჩაბარდა 2005 წლის 12 სექტემბერს, ხოლო სარჩელი აღიძრა 2005 წლის 5 ოქტომბერს, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დაცვით. მით უფრო, რომ სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ აღმასრულებელს მიმართა განცხადებით, რომლითაც სადავოდ ხდიდა ჩატარებული შეფასების სისწორეს.

შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლოთა შეფასება, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის მოქმედება. მან გარდა იმისა, რომ საეჭვოდ მიიჩნევდა რა მისი კუთვნილი ქონების შეფასებას, აუქციონის ჩატარებამდე თავისი ხარჯებით უზრუნველყო დამატებითი აუდიტორული შეფასების ჩატარება, აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობა აღმასრულებელს და წარუდგინა შესაბამისი შეფასების აქტი, ამასთან, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით სასარჩელო წესით გაასაჩივრა აღმასრულებლის ქმედება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრებას, რომ ბინის ღირებულების შეფასება არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განსჯის საგანს, რამდენადაც მოთხოვნის ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სადაც მოსარჩელემ გაიხმო მოთხოვნა შეფასების აქტის გაუქმებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს ჩატარებული აუქციონის კანონიერება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია აღმასრულებლის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა და ქონების ნაკლებ ფასად გატანა იძულებით აუქციონზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოთა შეფასების საგანს წარმოადგენს რეალურ ფასად მოხდა თუ არა ქონების აუქციონზე განკარგვა და შეილახა თუ არა მოვალის - სარეალიზაციო ქონების მესაკუთრის უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების მიზანს წარმოადგენს აღსასრულებელი აქტების სწრაფად და რეალურად აღსრულება. ამ მიზნის მისაღწევად, აღმასრულებელი ახორციელებს იძულებით აღსრულებას კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა აღსრულების მიზანი, სწრაფად და რეალურად აღსრულება, გულისხმობს აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების კანონის ზუსტი დაცვით განხორციელებას, სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა უფლებების დაცვას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ისეთ ძირითად უფლებებს, როგორიცაა საკუთრება, საცხოვრებლის უფლება და სხვა, აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი - წარმოების მონაწილეთა დაცულ პოზიციებს შორის აუცილებელი ბალანსი, ხოლო თავის მხრივ, სასამართლომ უნდა განახორციელოს ეფექტური სასამართლო კონტროლი სააღსრულებო წარმოებაზე.

აღმასრულებლის მოქმედების (უმოქმედობის) გასაჩივრება და სადავოდ გახდა, სააღსრულებო წარმოების მხარეთა და სხვა პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა. მართალია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ანიჭებდა მოვალეს უფლებას სასამართლოში გაესაჩივრებინა აღმასრულებლის მოქმედება, რისთვისაც განსაზღვრული იყო ერთვიანი ვადა, იძულებითი აუქციონი კი ჩატარდა ორ კვირაში იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა მისი უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, მართალია კანონმდებლობა ანიჭებდა მოვალეს უფლებას სადავოდ გაეხადა აღმასრულებლის მოქმედება, თუმცა ფაქტობრივად აღნიშნული უფლების რეალიზაცია აუქციონის ჩატარებამდე ვერ განხორციელდებოდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლების დაცვის შესაძლებლობა მხარეს უნდა მიეცეს სასამართლო კონტროლის განხორციელების ფარგლებში. იმ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აუდიტორული დასკვნა, ერთი, რომელსაც დაეყრდნო აღმასრულებელი, ხოლო მეორე, რომელზეც აპელირებს მოვალე, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და შეუფასებია აღნიშნული მტკიცებულებები დავის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოების დასადგენად - მოვალის ქონების რეალიზაცია იძულებით აუქციონზე განხორციელდა თუ არა რეალურ ფასად და იმ პირობებში, როდესაც აღმასრულებლისათვის ცნობილი გახდა აუქციონის ჩატარებამდე სარეალიზაციო ქონების შეფასებასთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგო დასკვნის არსებობის შესახებ, მის მიერ ყველა ზომა იქნა თუ არა მიღებული მოვალის უფლებების დასაცავად.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის (აუქციონის ჩატარების დროისათვის მოქმედი რედაქცია) თანახმად, სასამართლო აღმასრულებელს გარდა ამავე კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს აღსრულება, დაუბრუნოს კრედიტორს სააღსრულებო საბუთი, სსვა დროისათვის გადადოს სააღსრულებო მოქმედების შესრულება, ამორიცხოს ყადაღადადებული ქონება აღწერის სიიდან, ასეთი მოქმედებები სასმართლო აღმასრულებელს შეუძლია შეასრულოს სასამართლო განჩინების საფუძველზე. მითითებული ნორმა აღმასრულებელს ზღუდავს, გადადოს სააღსრულებო მოქმედების ჩატარება კრედიტორის მოთხოვნის არარსებობისას. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებდა იძულებითი აუქციონის დროებითი შეჩერების შესაძლებლობას კრედიტორის თანხმობის არსებობისას. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს და შეაფასოს, იმ ვითარებაში, როდესაც აღმასრულებელს მოვალემ წარუდგინა აუდიტორული დასკვნა და მოითხოვა აუქციონის გადადება, აღმასრულებელს შეეძლო თუ არა თუნდაც კრედიტორისათვის მიემართა, თანახმა იქნებოდა თუ არა იგი დროებით შეჩერებულიყო აუქციონი არსებული ვითარების გათვალისწინებით და აღმასრულებელს სათანადო ზომები გაეტარებინა სარეალიზაციო ქონების რეალური ღირებულების დასადგენად.

გარდა აღნიშნულისა, კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, სახეზე იყო აუქციონის ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც აღმასრულებლის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აღმასრულებლის მიზანს წარმოადგენდა აუქციონზე ბინის იაფად გაყიდვა კრედიტორის - გ. მ-ის სასარგებლოდ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლში 2010 წლის 24 სექტემბერს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობა აღარ ენიჭება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს. მით უფრო, მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენი მიღებული არ არის.

გარდა აღნიშნულისა, მხოლოდ ის გარემოება, რომ აღმასრულებელი მისი დაკითხვის ოქმში, ასევე სასამართლოზე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომ მისი მიზანი იყო აუქციონზე ქონების იაფად გაყიდვა კრედიტორის სასარგებლოდ, საკმარისი არ არის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, რამდენადაც ადმინისტრაციული სასამართლო იხილავს აუქციონის კანონიერების საკითხს, მისი ბათილად ცნობისათვის არსებითია არა აღმასრულებლის განზრახვის ფაქტის დადასტურება - მისი სურვილი იაფად გაეყიდა სარეალიზაციო ქონება, არამედ შედეგი - რეალურად განხორციელდა თუ არა ქონების საბაზრო ფასზე შედარებით ნაკლებ ფასად გატანა აუქციონზე, რაზეც უნდა იმსჯელოს საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, სასამართლომ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, რომ სათანადოდ არ შეუმოწმებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დასადგენად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე