Nბს-54-49(კ-13) 16 ივლისი, 2013წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ც. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - პ. კ-ი, ა. პ-ი, ე. ე-ა, ა. ო-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 12 ივლისს ც. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისში, ... ქ.41-ში მდებარე 763 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2010 წლის 10 ივნისის №207 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ც. ს-ის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ პ. კ-ი, ა. პ-ი, ე. ე-ა და ა. ო-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 26 თებერვალს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ც. ს-ემ, რომლითაც ითხოვდა ქ. თბილისში, ... ქუჩა №41-ში მდებარე 763 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიის მიერ 2010 წლის 18 მარტის (ოქმი №186) და 23 აპრილის (ოქმი №194) სხდომებზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. ც. ს-ეს დაევალა წარედგინა ცნობა ტექაღრიცხვის ბიუროდან, თუ რამდენი უძრავი ნივთია აღრიცხული ... №23-ზე, №25-ზე, №27-ზე და 41/ა-ზე, ასევე მათი ტექბიუროში აღრიცხვის შემთხვევაში ც. ს-ეს დაევალა მათი ცნობა-დახასიათებების წარდგენა. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი № 207) ც. ს-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა, რომ ტექ. ბიუროში აღრიცხული და მის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა მიწის ნაკვეთებია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-51.7 მუხლებზე, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა ც. ს-ის განცხადება. თავის მხრივ ც. ს-ის მიერ ვერ იქნა გამართლებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებით დადგენილი მხარის მტკიცების ვალდებულება. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მოსარჩელე ტექაღრიცხვის მონაცემებით, როგორც ... №23, №25 და №27 აღრიცხულია სხვა ფიზიკური პირების სახელზე და არ წარმოადგენდა უფლებრივად თავისუფალ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, სახეზე არ იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, გამოიწვევდა ადმინისტრაციული აქტის ბათილობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ც. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სამართლებრივი დასკვნები და დამატებით აღნიშნა, საქმის მასალების თანახმად, განმცხადებლი ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი ... ქუჩა N41-ში (საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა - 763 კვ.მ-ს.). სააპელაციო პალატის მოსაზრებით აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოთხოვნილი 763 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა N41) თავისი კონფიგურაციით არ მოიცავს ... ქუჩა N23-25-ში პ. კ-ზე (1957 წლიდან), ა. პ-ზე (1990 წლიდან), ე. ე-აზე (1940 წლიდან) (მიწის ნაკვეთის საერ ფართი 621კვ.მ.) (ს.ფ.57) და ... ქუჩა N27-ში (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 410კვ.მ.) ა. ო-აზე (1949 წლიდან) (ს.ფ. 60) (აღნიშნული გარემოებების დასატურდებლად პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენელ ორთოფოტოზე, სიტუაციურ გეგმაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზზე, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებებსა და საინვენტარიზაციო გეგმაზე) საკუთრების უფლებით აღრიცხულ შენობა-ნაგებობებს (საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართს). შესაბამისად, პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითება აღნიშნულზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ს-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ც. ს-ის საკსაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ც. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 10 ივნისის №207 ოქმი ც. ს-ის ნაწილში და მოპასუხე - ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს ც. ს-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ც. ს-ისათვის მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე - ქ. თბილისი, ... ქუჩა N41-ში (763 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ტექბიუროში აღრიცხული ... ქ. №23, №25, №27, №41ა და განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი №41-ში არსებული მიწის ნაკვეთები იყო სხვადასხვა. საქმეში წარმოდგენილია ორთოფოტო, რომელზეც ასახულია ც. ს-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და მაზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, კერძოდ ცნობა-დახასიათებების თანახმად ... ქუჩა №23-25-ში მდებარე უძრავ ნივთი 621 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით აღრიცხულია პ. კ-ის, ა. პ-ისა და ე. ე-ის სახელზე. ... ქ. №27-ში მდებარე უძრავი ნივთი 860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით აღრიცხულია ა. ო-ას სახელზე. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 1 აპრილს გაცემული №TT2010020735-03 გადაწყვეტილების თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთი მისამართით: ... ქ. №41ა არ არის აღრიცხული. შესაბამისად, ინფორმაციას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანო ვერ გასცემდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია სიტუაციური გეგმა, რომელზეც ასახულია ... ქუჩაზე არსებული უძრავი ქონების განლაგება. აღნიშნული გეგმის მიხედვით ... ქ. №41-ში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, არ მოიცავს ამავე ქუჩის 23, 25, 27 ნომრებში არსებულ უძრავ ქონებას. ამასთან, მოცემულ სიტუაციურ გეგმაზე ... №41ა აღნიშნული არ არის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სათანადო შეფასებას საჭიროებს ფაქტი, - ც. ს-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე ასახული ნუმერაცია ... ქუჩის ნუმერაციაა თუ აღნიშნული ასახავს მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნომერს, ან წარმოადგენს სხვა პირობით აღნიშვნას. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია თავის ფუნქციას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ამავე კოდექსის 107.2 მუხლის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი. საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლებოდა შეფასებულიყო ფაქტი - ფარავდა თუ არა ... ქ. №41-ში არსებული მიწის ნაკვეთი ამავე ქუჩის 23,25,27, და 41ა-ში არსებული უძრავ ქონებას ან მათ ნაწილს მაინც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტის მიზნით არათუ მოითხოვოს ესა თუ ის დოკუმენტი, არამედ თავად შეუძლია დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, მოპასუხე ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ნორმის გამოყენებით მოეხდინა ადგილზე დათვალიერება არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით. შესაბამისად, უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მასალაზე და აღნიშნავს, რომ ც. ს-ეს თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შემდეგი დოკუმენტაცია: საკადასტრო რუკა, სიტუაციური გეგმა, ორთოფოტო, აზომვითი ნახაზი, ასევე კომუნალური გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, სატელეფონო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 2 ივლისს მომზადებული ინფორმაცია ქ. თბილისში, ... ქ. №41-ში მდებარე უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ასევე ამავე სამსახურის 2010 წლის 10 თებერვლის №TT2010007107-03 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში უძრავი ქონება ქ. თბილისში, ... ქ. №41-ში არ არის აღიცხული. მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ც. ს-ის ოჯახის მუდმივ საცოხვრებელ ადგილად მითითებულია ... ქ. №41. სააპელაციო სასამართლოში მხარემ ასევე წარმოადგინა სსგს თბილისის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების საინფორმაციო ბარათი პირის საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტები საჭიროებს სათანადო შეფასებას ც. ს-ის მოთხოვნის, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარების საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან მხარეს გააჩნია კანონიერი ინტერესი, ისარგებლოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და წლების განმავლობაში სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება მოაქციოს სამართლებრვი ჩარჩოში.
საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უგულვებელყოფილი იქნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია განიხილოს განცხადება, საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს და იმსჯელოს ც. ს-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლევა თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით განსაზღვრული, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარების საფუძველს და ექვემდებარება თუ არა განცხადება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ... ქ. №41-ზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, დაკმაყოფილებას ან პირიქით დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ც. ს-ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაეკისროს ც. ს-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ც. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ც. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 10 ივნისის №207 ოქმი ც. ს-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს ც. ს-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე