Facebook Twitter

Nბს-573-563(კ-12) 9 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): საქართველოს მთავრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. პ-მა 2011 წლის 2 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე დააკმაყოფილოს მოსარჩელე საცხოვრებელი ფართის სანაცვლო კომპენსაციით 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტით ლარებში) ოდენობით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოთ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ნ. პ-ის ოჯახისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10 000 აშშ დოლარის (ექვივლენტით ლარებში) ოდენობით; ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს N385-ე ბრძანება, რომლითაც ნ. პ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. პ-ის ოჯახი (ნ. პ-ი, ნი. პ-ი, ნინო პ-ი, დ. ე-ი) წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლადაშენებული საცხოვრებელი ფართობის მიღებაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნ. პ-ის ოჯახი შეყვანილ იქნა საკომპენსაციო თანხის მიღების მსურველთა სიებში. მოსარჩელის ოჯახის კუთვნილი საკომპენსაციო თანხა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში 2009 წლის 8 იანვარს ჩაირიცხა მამის - ნი. პ-ის ანგარიშზე, რომელიც მოგვიანებით, 2009 წლის 6 აპრილს ჩამოიჭრა შესაბამისი საბანკო ანგარიშიდან ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 26 მარტის №888 წერილისა და მისგან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2009 წლის 3 აპრილის წერილის საფუძველზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს №385 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის მისი ოჯახის თავშესაფრით უზრუნველსაყოფად საკომპენსაციო თანხის, 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარის) ორი კვირის ვადაში გაცემის დავალების თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ როგორც საქართველოს მთავრობაში მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ისე საქმის სასამართლო განხილვის პროცესში უარი განაცხადა საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების შესახებ შეთავაზებულ წინადადებაზე.

საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით; საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №915, 2009 წლის 19 თებერვლის №127, 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებებით;

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მიეცეს თავშესაფრის სანაცვლო კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ემყარება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იმ განკარგულებებს (2008 წლის 25 დეკემბრის №915, 2009 წლის 19 თებერვლის №127, 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებებს), რომლებითაც განისაზღვრა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების წესი. აღნიშნული განკარგულებებით მოპასუხე სამინისტროს დაევალა - უზრუნველეყო ამ ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით (10000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარით ერთ ოჯახზე) უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებს ეთხოვათ წარედგინათ სამინისტროსათვის ასეთი ოჯახებისა და ამ ოჯახების სახელით კომპენსაციის მიმღებ პირთა სიები, რომლებსაც მოპასუხე სამინისტრო დააზუსტებდა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებულ დაზარალებულ პირთა სიასთან. ამდენად, საკომპენსაციო თანხის გაცემა სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდებოდა, ვინაიდან ამ თანხების მიმღებ პირთა სიების ფორმირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრეროგატივას წარმოადგენდა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახის ჩანაცვლება საკომპენსაციო თანხის მიღების მსურველი სხვა პირებით განხორციელდა სწორედ უფლებამოსილი ორგანოს - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის საფუძველზე, ვინაიდან ოჯახის სახელზე დარიცხული თანხა მოსარჩელის, ან მისი ოჯახის სხვა უფლებამოსილი წევრის მიერ მოპასუხისაგან დამოუკიდებლად არ იქნა ათვისებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელე ნ. პ-ის ოჯახისათვის საკომპენსაციო თანხის დარიცხვით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კონკრეტული მიზნის მისაღწევად (უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა) განახორციელა შესაბამისი ქმედება კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ განკარგულებათა მიზნობრიობაზე, რომლითაც გათვალიწინებული თანხების ფარგლებში დამატებითი ღონისძიების სახით იქნა გამოყენებული კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით. ამასთან, სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის სამინისტრო განაგრძობს განსახლების პროცესს და სთავაზობს მათ რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს საქართველოს რეგიონებში. საგულისხმოა, რომ ასეთი შეთავაზება მოსარჩელესაც წარედგინა, თუმცა მან უარი განაცხადა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ რაიმე მოქმედების ან კონკრეტული მოქმედების განხორციელებაზე უარის უკანონობა, რაც ამ ტიპის ადმინისტრაციული სარჩელის დაკამყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ზემოხსენებულ განკარგულებებში მითითებული იყო საერთო ოდენობის თანხა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე სამინისტროს უნდა განეხორციელებინა დაზარალებულ პირთა კომპენსირება. ამდენად, განკარგულებები ატარებდა ერთჯერადი ღონისძიების ხასიათს, რომლის მოცულობაც შეზღუდული იყო გარკვეული ოდენობის თანხებით. თვით სამართლებრივი აქტების სახე და მათი შინაარსი მიუთითებს, რომ ისინი წარმოადგენენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რამდენადაც ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტს წარმოადგენს დადგენილება და არა განკარგულება, ამასთან, აღნიშნული აქტებით არ დადგენილა ზოგადი ხასიათისა და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესი.

სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული განკარგულებებით გათვალისწინებული საკომპენსაციო ფონდი მთლიანად ათვისებულია მოპასუხე სამინისტროს მიერ, რაც ასევე გამორიცხავს მოსარჩელისათვის, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული (უსახლკაროდ დარჩენილ) პირისათვის, თავშესაფრის სანაცვლო ფულადი კომპენსაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალების შესაძლებლობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და დამატებით აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დავალდებულების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე, 326-ე და 412-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დგინდებოდა მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელისათვის რაიმე სახის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და მათი ბრალი ზიანის დადგომაში. მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა, თუ რა სახის მატერიალური ზიანი მიაყენეს მას მოპასუხეებმა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ჩარიცხული კომპენსაციის სხვა ოჯახისათვის გადარიცხვა, თუნდაც ეს უკანონოდ მომხდარიყო, შეიძლება საფუძვლად დადებოდა მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან ამ თანხის ანაზღაურების და არა დამატებით რაიმე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, ვინაიდან მოსარჩელეს მოპასუხეების ქმედებით არანაირი მატერიალური ზიანი არ მისდგომია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილი სასამართლოს მოსაზრებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებები, რომლებიც კომპენსაციის გაცემის საკითხს არეგულირებს, ითვალისწინებდა თუ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებას, თანხის მიმღები სუბიექტისათვის ჩარიცხული თანხის განკარგვაზე მოეხდინა კონტროლი. ამასთან, სასამართლოს არ დაუდგენია, რა ვადაში იყო ნ. პ-ი ვალდებული (თუკი ასეთი ვალდებულება მას საერთოდ ჰქონდა), განეკარგა კუთვნილი თანხა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, კერძოდ კი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაარღვია კანონი, როდესაც წერილი მისწერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ნ. პ-ის ოჯახისათვის ჩარიცხული თანხა სხვა დაზარალებული ოჯახისათვის გადაერიცხათ. აღნიშნული ქმედებით კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზიანი მიაყენა ნ. პ-ს და მის ოჯახს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაერკვია ნ. პ-ის ოჯახმა, რომელმაც მანამდე წერილობითი თანხმობა განაცხადა საკომპენსაციო თანხის მიღებაზე და უარი თქვა ფართით დაკმაყოფილებაზე, შეცვალა თუ არა აღნიშნული მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოები არასრულია, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის ოჯახის კუთვნილი საკომპენსაციო თანხა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში 2009 წლის 8 იანვარს ჩაირიცხა მამის - ნი. პ-ის მიმდინარე ანგარიშზე, საიდანაც მოგვიანებით, 2009 წლის 6 აპრილს თანხა ჩამოჭრილ იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 26 მარტის №888 წერილისა და მისგან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2009 წლის 3 აპრილის წერილის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 26 მარტის №888 წერილი, რომლის თანახმად, ნი. პ-ის მიერ კომპენსაციის თანხის მიუღებლობის მიზეზი გაურკვეველია. როგორც საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ისე სასამართლოში განხილვის არცერთ ეტაპზე დადგენილი არ ყოფილა ის გარემოება, რეალურად ცნობილი იყო თუ არა თანხის მიმღები პირისათვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ იმ პერიოდში, როდესაც თანხა ირიცხებოდა ნი. პ-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე. ამასთან, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დევნილის სახელზე საბანკო დაწესებულებაში იხსნებოდა სპეციალური ანგარიში სამინისტროს მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტული თანხის გადარიცხვის მიზნით. საქმის მასალები არ შეიცავს რაიმე მტკიცებულებას იმისა, რომ თუნდაც საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის გახსნა, ცნობილი იყო თუ არა ნ. პ-ის ოჯახისათვის, ანგარიშის მფლობელი პირი (ნი. პ-ი) მონაწილეობდა თუ არა ამ პროცედურაში. საქმის მასალები არ შეიცავს ასევე რაიმე მტკიცებულებას იმისა, რომ მუნიციპალიტეტიმა ან სამინისტრომ უზრუნველყვეს თანხის მიმღები პირის ინფორმირება თანხის ჩარიცხვის თაობაზე. ასევე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, რომ არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილი პირისათვის გამოყოფილი კომპენსაციის სხვა პირისათვის გადარიცხვამდე (უკან დაბრუნებამდე) არ გაურკვევია თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მხრიდან თანხის მიუღებლობის რეალური მიზეზი. გარდა ზოგადი ვალდებულებისა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლით არის დადგენილი - დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უზრუნველყოს დაინტერესებული პირის მოსაზრების წარდგენა გადასაწყვეტ საკითხთან მიმართებით, ასევე როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მიზანი, ისე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ემსახურება დევნილთა პრობლემების გადაჭრის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მათი ინტერესებისა და საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინებას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით არ არის დადგენილი ფაქტი, რეალურად (დოკუმენტალურად) იყო თუ არა განცხადებული უარი თანხის მიმღები პირის მხრიდან, ასევე არ არის დადგენილი, საერთოდ ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია თანხის დარიცხვის ან ანგარიშის გახსნის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოებს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინათ საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2009 წლის 26 მარტის №888 წერილში დაფიქსირებული ფაქტი და შედგომში სამინისტროს მხრიდან თანხის ჩამოსაჭრელად განხორციელებული მოქმედებები (ბანკისადმი გაგზავნილი მოთხოვნა) საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, რაც არ განხორციელებულა. თავის მხრივ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეფასების გარეშე დარჩა ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე უშუალოდ დაინტერესებული პირის მეშვეობით თანხის მიუღებლობის მიზეზის დაუდგენობის საკითხი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკომპანესაციო თანხის მიმღები ოჯახის მხრიდან თანხის აუთვისებლობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა ნ. პ-ის ოჯახისათვის ჩარიცხული თანხა გადაერიცხა სხვა დაზარალებული (დევნილი) ოჯახისათვის. სააპელაციო პალატის განჩინება არ შეიცავს რაიმე, თუნდაც პროცედურულ ნორმაზე მითითებას აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად. ამის საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ შეფასებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ნ. პ-ის ოჯახის მიერ საკომპენსაციო თანხის მიუღებლობასთან მიმართებით, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, მათ მოქმედებას რაიმე ზიანი არ გამოუწვევია. საკასაციო პალატა აღნიშნული მოსაზრების გასაბათილებლად მიუთითებს ნ. პ-ის მოთხოვნის კანონიერ ინტერესზე, იგი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იმ განკარგულებებით (2008 წლის 25 დეკემბრის №915, 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებებით) დადგენილ პირობებს და განხორციელებული აქვს საჭირო მოქმედება, კერძოდ გამოხატული აქვს თანხმობა კომპენსაციის მიღებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადო ნორმატიული საფუძვლის გარეშე თანხის აუთვისებლობის მოტივით საკომპენსაციო თანხის დევნილი პირის ანგარიშიდან ჩამოჭრის ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებაზე მითითება და თანხის მიუღებლობის მიზეზისადმი ფორმალური მიდგომა დევნილი პირის კანონიერი ინტერესისა და ნების გაუთვალისწინებლად, დაუსაბუთებელს ხდის სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას.

სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება მხოლოდ სასამართლოს მიერ არასრულად დადგენილი ფაქტების ერთობლიობისაგან და ნორმების ციტირებისაგან, რომლებიც დევნილ პირთა საცხოვრებელი ადგილის სანაცვლო კომპენსაციის გაცემის უზრუნველსაყოფად ადგენენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლება-მოვალეობებს. გასაჩივრებული განჩინებით ასევე დადგენილია, რომ ნ. პ-ის ოჯახის მიერ თანხის დროულად აუთვისებლობის გამო უკვე დარიცხული თანხის სხვა დევნილი ოჯახისათვის გადარიცხვით კანონით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა. აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებას რაიმე ნორმატიულ დანაწესზე, ასევე მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამგვარი უფლებამოსილების მართებულობის პირობებში დაადასტურებდა საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის ფაქტზე მიმღები პირის ინფორმირებულობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ნ. პ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა როგორც ბინის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის მოპასუხეთათვის დაკისრება, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ საკომპენსაციო თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად მიუთით ის, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებათა მოქმედების არიალი განსაზღვრული იყო საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხების ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებებით (2008 წლის 25 დეკემბრის №915, 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებებით) გამოყოფილი თანხები სადღეისოდ შესაძლოა ათვისებულ იქნეს სხვა დევნილ პრებზე კომპენსაციების გადახდის გზით, დღემდე ძალაშია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ. ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ითვლისწინებს დევნილთა ინტეგრაციის შესაბამის ღონისძიებებს. ამდენად, სათანადო ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში მათი დადასტურების პირობებში, შესაძლოა დადგეს სასარჩელო მოთხოვნის სწორად ფორმულირების აუცილებლობა. ამ მიზნით სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესთავაზოს მოსარჩელეს სარჩელის ტრანსფორმირება. აღნიშნული საპროცესო დანაწესი საშუალებას მისცემს სასამართლოს პროცესის ეკონომიის ფარგლებში, არსებული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ურთიერთშეჯერებით, მისცეს მხარეს ერთი პროცესის ფარგლებში უფლების რეალიზების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი), რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

Tavmjdomare ლ. მურუსიძე

mosamarTleebi: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე