Nბს-618-606(კ-12) 16 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ს/ს „…“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „…“ 2012 წლის 28 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 8 ნოემბრის, ასევე 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №38481 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის ერთთვიანი ვადის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და 14105 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში) საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით სს „…“ სარჩელზე მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 8 ნოემბრის №882011179468-03 ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 15 აპრილს სს „…“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 08 ნოემბრის №882011179468-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტებისა და მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენამდე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. 2012 წლის 1 მარტს სს „…“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №38481 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით რეგლამენტირებულია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამავე მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის- www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულის მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას (შესაბამისად, აქტის კანონიერ ძალაში შესვლას), თუ გადაწყვეტილება ქვეყნდება, უკავშირებს გამოქვეყნების მომენტს. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 სადავო გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნით, ოფიციალურად გამოქვეყნებულია 2011 წლის 14 დეკემბერს. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივარი სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა წარდგენილიყო არაუგვიანეს 2012 წლის 13 იანვრისა. საქმის მასალების მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასაჩივრებულ იქნა 2012 წლის 1 მარტს, ანუ კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სწორად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცული იყო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი დანაწესი, რის გამოც არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იგი არსებითად ვერ იმსჯელებდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან სასამართლომ შეაფასა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №38481 გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს უარი სს „…“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №38481 გადაწყვეტილებისა და შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კანონშესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის ერთთვიანი ვადის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და 14105 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 05 ივლისის განჩინებით სს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები, და დამატებით აღნიშნა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 08 ნოემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №882011179468-03 გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (№882011179468; 15 აპრ.2011; განმცხადებელი: სს „…“) განმცხადებით მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-4 შესახვევი №12 (ზონა: თბილისი, სექტორი: ...). განცხადებაზე თანდართული იყო: წარმომადგენელის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების საფუძველს, რისთვისაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.1.,,გ“ მუხლის თანახმად, დაწესებული საფასური შეადგენს 300 ლარს. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანახმად, დაინტერესებულ პირს წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1.,,ა“ მუხლის შესაბამისად, დამატებით წარსადგენი გახლდათ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე წარსადგენი იყო მართლზომიერებისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. განიმარტა შეჩერების ვადა (30 კალენდარული დღე), დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შედეგები, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, გასაჩივრების წესი, ვადა. (იხ.ს.ფ. 83; ტ–I).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში კანონიერ ძალაშია შესული წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მაისის განჩინება, რომლის თანახმადაც სს „…“ სარჩელზე მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 8 ნოემბრის №882011179468-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. (იხ.ს.ფ. 299-302; ტ I).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ~ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებულ მართლზომიერ მფლობელობაში, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე, კერძოდ დაინტერესებული პირებისათვის განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში (მფლობელობა, თვითნებურად დაკავება) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დადგენილია განსხვავებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება. პალატამ ასევე მიუთითა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნისას ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის პროცედურულ ნორმებზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აპელანტ სს „…“ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემული დავის საგანი არ ყოფილა ის გარემოება, დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო ორგანოში ჰქონდა თუ არა წარდგენილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი სადავოდ ხდიდა მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი განცხადების განხილვისას დაშვებულ პროცედურულ დარღვევებს. კერძოდ, რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე კანონით დადგენილი ვადის დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილება მისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ უცნობებია, არც სატელეფონო შეტყობინება არ მიუღია. მას ასევე არ მიუღია პასუხი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი 2011 წლის 10 ივნისს წარდგენილ საჩივარზე. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით წარმოების შეჩერების შემდეგ 30 დღიანი დადგენილი ვადის გასვლის მოტივით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა, ხოლო ზემდგომი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის მოტივით მის განხილვაზე უარის თქმა კასატორს უკანონოდ მიაჩნია, ვინაიდან მისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს კანონის შესაბამისად ასევე არ უცნობებია 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით სს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განსახილველად ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „…“საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №38481 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ სს „…“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სს „…“ მიმართ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №38481 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სს „…“ სასარგებლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, რომელიც სს „…“მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-4 შესახვევი №12 (ზონა: თბილისი, სექტორი: ...) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას შეეხება.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2-ე მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2011 წლის 15 აპრილს განცხადებით (№882011179468) მიმართა სს „…“ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-4 შესახვევი №12 (ზონა: თბილისი, სექტორი: ...). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 08 ნოემბრის №882011179468-03 გადაწყვეტილების თნახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწაზე საკუთრების აღიარების საფუძველს, რისთვისაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.1.,,გ“ მუხლის თანახმად, დაწესებული საფასური შეადგენს 300 ლარს. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანახმად, დაინტერესებულ პირს წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1.,,ა“ მუხლის შესაბამისად, დამატებით წარსადგენი იყო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე წარსადგენი იყო მართლზომიერებისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება 30 კალენდარული დღით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882011179468-04 გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №38481 გადაწყვეტილებით სს „…“ წარმომადგენლის ჟ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივარს განხილვაზე ეთქვა უარი, ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1. მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნით, ოფიციალურად გამოქვეყნდა 2012 წლის 14 დეკემბერს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში გასაჩივრდა 2012 წლის 01 მარტს ანუ გაშვებული იყო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის- www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულის მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სს „…“ მიერ 2011 წლის 15 აპრილის განცხადებაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო 2011 წლის 8 ნოემბერს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, ისე, რომ ვადის გაგრძელების თაობაზე დაინტერესებული პირისათვის არ უცნობებია. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე გამოქვეყნდა www.napr.gov.ge ვებგვერდის მეშვეობით. აღნიშნული დოკუმენტის მხარისათვის პირადად გადაცემის, ან ფოსტის მეშვეობით არ გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება მარეგისტრირებელ ორგანოს არ წარმოუდგენია, რაც მან სასამართლოს მიერ დავის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციულ ორგანოს ვადის ათვლისათვის მხედველობაში მიეღო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან დაინტერესებული მხარე არ არის ვალდებული უსასრულოდ ჰქონდეს სარეგისტრაციო განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნების მოლოდინი. მითუმეტეს, რომ სს „…“ 2011 წლის 15 აპრილის განცხადებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან უმოქმედობის ფაქტზე 2011 წლის 10 ივლისს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ორგანოში და დაინტერესებულ პირს გააჩნდა ვარაუდი, რომ ამ უკანასკნელზე გამოტანილი გადაწყვეტილება გამოიწვევდა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაძლო მოქმედებების განხორციელებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოუხდენია დაინტერესებული პირის ინფორმირება საჩივრის თაობაზე მიღებული იქნა თუ არა რაიმე გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის ვალდებულება, დროულად გაეცნოს მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებაზე დამდგარ შედეგს, რათა კანონით დადგენილ ვადაში შეძლოს მისი გასაჩივრება, დაუშვებელია არ შეიზღუდოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებით კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში უზრუნველყოს დაინტერესებული პირის სათანადოდ ინფორმირება - მიღებული გადაწყვეტილების უშუალოდ გაცნობა. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა სს „…“ 2011 წლის 15 აპრილს წარდგენილ განცხადებაზე, ეწინააღმდეგება საკანონმდებლო დანაწესს, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის ინტერესების დაცულობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოების შეჩერების თაობაზე 2011 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების, ასევე 2011 წლის 14 დეკემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882011179468-04 გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნება ვერ მიიჩნევა დაინტერესებული მხარისათვის ოფიციალურ გაცნობად. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.3 მუხლის მიხედვით, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილება გამოსცა სს „…“ მიერ 2011 წლის 15 აპრილს წარდგენილ განცხადებაზე კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩრების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 30 დღიანი ვადის გათვალისწინებით. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო დაედგინა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა უზრუნველყო თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის ოფიციალურად გაცნობა, კერძოდ განცხადების წარდგენიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე გასული დროის მონაკვეთი შესაძლებელს ხდიდა თუ არა დაინტერესებული პირის დავალდებულებას უწყვეტად ეკონტროლებინა ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდი მის განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის მიზნით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილება მიღებულია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება უნდა შეფასებულიყო მთლიანობაში, განცხადების წარდგენიდან მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უგულვებელყოფილი იქნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-74 მუხლთან დაკავშირებით (2010 წლის 7 ოქტომბრის კანონი), რომელიც ამოქმედდა 2011 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადას, კერძოდ, დასახელებული მუხლით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „…“ არ შეიძლება გავრცელდეს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-74 მუხლი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით დასაყრდნობია ის კანონი, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია განიხილოს განცხადება და საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს და იმსჯელოს სს „…“ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსხურში წარდგენილი აქვს თუ არა 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, აგრეთვე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ექვემდებარება თუ არა განცხადება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ... მე-4 შესახვევი №12 (ზონა: თბილისი, სექტორი: ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, დაკმაყოფილებას ან პირიქით დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სს „…“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს „…“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სს „…“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №882011179468-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №38481 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ სს „…“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე