საქმე #ბს-698-684(k-12) 06 ივნისი, 2013 წელი. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.
კასატორი (მოსარჩელე) – ი. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახური.
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.12წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ღ-ემ 02.09.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიმართ მშობლების შ. (ხ.) ღ-ისა და ფ. ღ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბაბუის შქ. ღ-ის ოჯახის ცამეტი წევრი 1952 - 1953 წლებში იმყოფებოდა გადასახლებაში ყაზახეთში. გადასახლება მოხდა გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15.07.11წ. №849682 ცნობა და ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხრეთ ყაზახეთის ოლქის შსს- სამმართველოს 03.10.1953წ. №9/17-3854 ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 16.01.12წ. გადაწყვეტილებით ი. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 11.12.97წ. კანონის მე-2, მე-4 მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიმართ გამოყენებული იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, გადასახლება უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივს, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევა-შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დადგინდა, რომ მოსარჩელის მამის და დედის სპეცგადასახლებაში ყოფნას საფუძლვად დაედო პოლიტიკური მოტივი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მშობლები სპეცდასახლებაში იმყოფებოდნენ პოლიტიკური მოტივით. სსკ-ის 102.1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბარ გადანაწილებას - ორივე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს წარდგენილი სარჩელის თუ შესაგებელის საფუძვლიანობა. მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მშობლების პოლიტიკური ნიშნით გადასახლებას, რაც თავისთავად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ღ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა შ. (ხ.) და ფ. ღ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.12წ. განჩინებით ი. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით სრულად გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ღ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.05.12წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, კერძოდ, ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კასატორმა მიუთითა, რომ რეპრესიების პოლიტიკური მოტივით განხორცილება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილ იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებითაც თავად მოსარჩელე, მოსარჩელის ძმა და ბიძა აღიარებულნი არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ამდენად, ოჯახის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესია დადგენილია სასამართლოს მიერ. მოსარჩელის განმარტებით, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-18, 42-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, სსკ-ის 393.2 “ა”, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.12წ. განჩინებით ი. ღ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს 29.05.12წ. განჩინება არის დაუსაბუთებელი, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისგან, სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების რაიმე არგუმენტაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც (სსკ-ის 377.1 მუხ.).
საქმის მასალების თანახმად საკასაციო საჩივრის ავტორი ი. ღ-ე მშობლების ფ. და შ. (ხ.) ღ-ეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ხსენებული კანონის მე-7 მუხლი ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიქტებს, ასეთად შეიძლება იყოს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონისმიერი მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. საქმის მასალებით (დაბადების მოწმობის ასლი - ს. ფ. 16) დასტურდება, რომ ი. ღ-ე არის ხ. (შ.) ღ-ის და ფ. ღ-ის შვილი. ამდენად, კასატორი სკ-ის 1336 მუხლის მიხედვით არის შ. (ხ.) ღ-ისა და ფ. ღ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შესაბამისად, კასატორი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილი სუბიექტი.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ შ. ღ-ე გადასახლებაში იმყოფებოდა ხილმო ღ-ის სახელით (ს.ფ. 59). საქმეში დაცული გარდაცვალების მოწმობებით დასტურდება აგრეთვე, რომ შ. შ. ღ-ე ………..წ., ხოლო ფ. ღ-ე ………..წ. გარდაიცვალა. საქმეში დაცულია აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს 15.07.11წ. №849682 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შ. (ხ.) ღ-ის მამის შქ. ღ-ის საქართველოდან გადასახლება მოხდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951 წ. №4893-2113 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე. შქ. ღ-ე მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 11.04.1953წ. №1007-430 დადგენილების საფუძველზე, ცნობის თანახმად მასთან ერთად გადასახლებულნი იყვნენ და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები (ოჯახის წევრთა საერთო რაოდენობა ცამეტი სული). ფ. და შ. (ხ.) ღ-ეების სპეც. დასახლებაში ყოფნის ფაქტი დასტურდება ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხრეთ-ყაზახეთის ოლქის შსს-ს სამმართველოს 03.10.1953წ. ცნობით, რომლის მიხედვით შქ. ღ-ე 1953 წლის 08 იანვრიდან 1953 წლის 02 ოქტომბრამდე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სპეც. დასახლებაში და სსრკ-ის შსს 13.05.1953წ. დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა სპეც. დასახლებიდან ყოფილ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, არჩეულ საცხოვრებელ ადგილზე გადავიდა ოჯახის ცამეტი წევრი, მათ შორის ვაჟი ხ. ღ-ე და ვაჟიშვილის ცოლი - ფ. ღ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა შ. (ხ.) და ფ. ღ-ეების გადასახლების პოლიტიკური მოტივი, თუმცა, თავის მხრივ არ დასტურდება ასეთი მოტივის არარსებობა, თავისი ნებით ყაზახეთში გადასახლება. საქმის მასალების თანახმად უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს შ. (ხ.) და ფ. ღ-ეების გადასახლება ყაზახეთის სს რესპუბლიკაში, რომელიც განხორციელდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. #4893-2113 დადგენილების საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს საარქივო ფონდში სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.11.1951წ. #4893-2113 დადგენილების არარსებობა და შესაბამისად მხარის მიერ ხსენებული დადგენილების ტექსტის წარმოუდგენლობა არ არის დაუსაბუთებლობის გამო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. გამოქვეყნებული პუბლიკაციების თანახმად, სსრ კავშირის კპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა, საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის წარდგინებით, 16.11.1951წ. მიიღო დადგენილება „საქართველოდან მტრული ელემენტების გასახლების შესახებ“. 29.11.1951წ. იმავე საკითხზე სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო №4893-2113 დადგენილება, რომელიც სსრკ უშიშროების სამინისტროს ნებას რთავდა აღესრულებინა 16.11.1951წ. აქტი. გადასახლება მოხდა ნაჩქარევად შედგენილი, შეუმოწმებელი სიებით. ამდენად, თავად დადგენილების სათაურში იკვეთება გადასახლების პოლიტიკური მოტივი. გადასახლების იძულებით ხასიათზე მიუთითებს ასევე გადასახლების მასშტაბები და მასიური ხასიათი. პალატა აღნიშნავს, რომ გადასახლების იძულებითი ხასიათი და უკანონობა აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ სსრ კავშირის ნორმატიული აქტებით (მაგ. სსრკ პრეზიდენტის 13.08.1990წ. №556 ბრძანებულება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა მოსარჩელის მიერ მტკიცებულებების სახით წარდგენილი კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებითაც შ. (ხ.) და ფ. ღ-ეების ოჯახის წევრები გადასახლების გამო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად იქნენ აღიარებული, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 13.07.1998წ, 16.07.1998წ. და 03.08.1998წ. გადაწყვეტილებებით შვილები ი., ნ. და ჯ. (ჟ.) ღ-ეები აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. საქმეში დაცულია აგრეთვე ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 19.02.1998წ. გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ იქნა აგრეთვე ხ. ღ-ის ძმა - ნ. შ. ღ-ე. ხსენებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახისტანის შსს-ს 03.10.1953წ. ცნობა იმის შესახებ, რომ ოჯახის უფროსი შქ. ღ-ე 1951 წლის 02 იანვრიდან 1953 წლის 02 ოქტომბრამდე ოჯახის ცამეტ წევრთან ერთად იმყოფებოდა სპეცდასახლებაში, საიდანაც სსრკ შსს 13.05.1953წ. დადგენილების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა ოჯახთან ერთად ძველ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით. განსახილველი დავის სწორი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ანალოგიურ ვითარებაში მყოფი ოჯახის წევრები აღიარებულ იქნენ რეპრესიის მსხვერპლად, ვინაიდან „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა არა მხოლოდ ის პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია, არამედ, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო თავისი ინიციატივით მიეღო ზომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე