Facebook Twitter

№ბს-699-685(კ-12) 6 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი _ ნ. დ-ე

წარმომადგენელი – ს. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. ქ. ბათუმის მერია; 2. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური; წარმომადგენელი – მ. კ-ე

მესამე პირები – ტ. ქ-ე; რ. ჯ-ე

წარმომადგენელი – ლ. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 1 დეკემბერს ნ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ტ. ქ-ე.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 24 ივნისს მან ქ. ბათუმი, ... ქ. №22-ში, მე-2 სართულზე შეიძინა 37.20 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა. 2007 წელს მან მესამე სართულის დაშენება განახორიელა, რომლის პროექტშიც შედის სადავო 8 კვ.მ., რაზეც ყველა მეზობლის, მათ შორის ტ. ქ-ის თანხმობა ჰქონდა. მოსარჩელის მითითებით, ტ. ქ-ემ მას მანამდე აშენებული საერთო სადარბაზოს ღირებულების ნახევარი - 1850 აშშ დოლარი გადაახდევინა; ასევე, დამატებით გადაახდევინა სადავო სათავსოს ღირებულება 706 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, მან დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მისაღებად მიმართა ქ. ბათუმის მერიას, რაშიც ხელი შეუშალა მეზობლად მცხოვრებმა ტ. ქ-ემ, რომელმაც შეცვალა თავდაპირველი შეთანხმება, თუმცა შემდეგ ისევ მოილაპარაკეს. ტ. ქ-ემ მოსარჩელეს 2550 აშშ დოლარის ოდენობით ვალის აღიარება მოსთხოვა და მოსარჩელეს მის მეუღლესთან - გ. დ-ესთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმებინა, თითქოსდა გ. დ-ემ ნ. დ-ეს 2550 აშშ დოლარი ასესხა.

2011 წლის 14 ივნისს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, კანონის შესაბამისად დაათვალიერა ჩასაბარებელი ობიექტი, ვარგისად აღიარა იგი და იმავე დღეს გამოსცა №18 ბრძანება, რომელიც ერთი თვის ვადაში არ გასაჩივრებულა. აღნიშნულის შემდეგ კი, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2011 წლის 18 აგვისტოს გამოცემული №32 ბრძანებით უკანონოდ გააუქმა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანება. 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანება ძალაში დარჩა ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №368 ბრძანებით. ხოლო აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში გაუქმდა მისი საკუთრების უფლება.

ამდენად, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსხურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანების, ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №368 ბრძანების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ საერთო კრების №4 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა და ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ის მე-3 სართულზე მდებარე 93.5 კვ.მ. ბინაზე ნ. დ-ის საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვა.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსხურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანებისა და ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №368 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 „გ“ მუხლის საფუძველზე დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა: ნ. დ-ემ 2003 წლის 24 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. კ-ისგან შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქ.№22-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით 37.2 კვ.მ. და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამ ფართის მესაკუთრედ.

2007 წლის 13 აგვისტოს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, ნ. დ-ის სახელზე გაიცა №139 მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის - სართულის დაშენების შესახებ. 2008 წლის 18 ივლისს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, სამსახურის უფროსთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, ნ. დ-ის სახელზე გაიცა №158 მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის თაობაზე და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2008 წლის 18 აგვისტომდე.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანებით ვარგისად იქნა აღიარებული ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლი, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში ნ. დ-ეს საკუთრებად აღირიცხა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში მდებარე 93.5. კვ.მ. ფართი.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლის ვარგისად აღიარების შესახებ ამავე სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანება, იმ მოტივით, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ იყო დასრულებული. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანება ნ. დ-ემ ქ. ბათუმის მერიაში გაასაჩივრა. ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №368 ბრძანებით ნ. დ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს. ექსპლუატაციაში მიღება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრულია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს ჩასატარებელი მთელი რიგი პროცედურები. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით, კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოიტანოს მისთვის მისაღები გადაწყვეტილება კანონით გასაზღვრული შებოჭვის ფარგლებში, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს კანონშესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის შესაბამის სახელმწიფო ზედამხედველს შეუძლია მოახდინოს ობიექტის დათვალიერება ან/და აზომვა მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რისთვისაც დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ზედამხედველი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 ნაწილით, შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ კანონით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით, მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს ობიექტის დათვალიერება ან/და აზომვა მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ნ. დ-ის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესაძლებლობა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებული იყო თუ არა.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მშენებლობა არ არის დასრულებული. კერძოდ, შენობის წინა ფასადი არ იყო შეღებილი, ხოლო უკანა მხარე არ იყო მოპირკეთებული ბათქაშით და ნ. დ-ე გაფრთხილებულ იქნა კიდევაც დაესრულებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხეს სადავო აქტის ბათილად ცნობის უფლება და საფუძველი არ ჰქონდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაში ადგილი აქვს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლების კანონიერების შემოწმებას, რომლის სათანადო კომპეტენცია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თავისი ინიციატივით გააჩნია აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში კი - ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს, ხოლო, ამგვარი შემოწმების პირობებში აქტის უკანონობის დადგენისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I-ე მუხლის IV-VII ნაწილები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა რა მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერება, სათანადო საფუძველების არსებობის გამო ბათილად ცნო იგი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ტ. ქ-ის საჩივარი უნდა განეხილა ბათუმის მერიას და არა ზედამხედველობის სამსახურს. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, 2008 წლის 28 სექტემბერს ტ. ქ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერს, თუმცა მისივე მოთხოვნით განცხადება დაუბრუნდა უკან, მასზე დართული მასალებით; ხოლო 2011 წლის 9 აგვისტოს მან კვლავ მიმართა განცხადებით ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით შეამოწმა ადრე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის არგუმენტები ტ. ქ-ის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის გაშვებასთან დაკავშირებით, რადგან საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაინტერესებული პირის განცხადება მიიღო ცნობად და საკუთარი ინიციატივით შეამოწმა თავისივე გადაწყვეტილების კანონიერება. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანების გასაჩივრებას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადგილი არ ჰქონია და მასზე არ უმსჯელია ქ. ბათუმის მერიას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკითხი განიხილა პროცესუალური და მატერიალური ნორმების დაცვით და მიღებული გადაწყვეტილებით კანონიერად ცნო ბათილად თავისივე 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანება, რაც მართებულად დარჩა ძალაში ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №368 ბრძანებით.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულად მიიჩნია და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპები. მას არ მიეცა საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 14 მარტს, 13:00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება რ. ჯ-ე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2003 წლის 24 ივნისს ნ. დ-ემ ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. კ-სგან შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით 37.2 კვ.მ. და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აღნიშნული ფართის მესაკუთრედ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2007 წლის 13 აგვისტოს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, ნ. დ-ის სახელზე გაიცა №139 მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის - სართულის დაშენების შესახებ. ამასთან, 2008 წლის 18 ივლისს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, სამსახურის უფროსთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, ნ. დ-ის სახელზე გაიცა №158 მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის თაობაზე და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2008 წლის 18 აგვისტომდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანებაზე, რომლითაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 97-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 პუნქტების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „უ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ვარგისად იქნა აღიარებული ქ. ბათუმში, … ქ. №22-ში რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით - 93.5 კვ.მ. მოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების V1 თავის 201 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ობიექტის დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ მშენებლობადამთავრებულ ობიექტზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების 82-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სანებართვო პირობების შესაბამისად შესრულებულია ამავე მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში ნ. დ-ის საკუთრებად აღირიცხა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში მდებარე 93.5. კვ.მ. ფართი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლის ვარგისად აღიარების შესახებ ამავე სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანება, იმ მოტივით, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ იყო დასრულებული; ხოლო ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №368 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები არასწორად მიუდგნენ სადავო საკითხს და სრულყოფილად არ იმსჯელეს დავის საგანზე; ისე გაიზიარეს ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, რომ ყურადღება არ გამახვილებულა მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა თუ სხვა გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა თვით მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც, თუმცა ეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური ხასიათის და ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს მისივე გადაწყვეტილებების საკუთარი ინიციატივით გაუქმების შესაძლებლობა. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ბათილად ცნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ფუნდამენტური პრინციპით _ კანონიერი ნდობის პრინციპით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლის ვარგისად აღიარების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სწორედ აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში ნ. დ-ის საკუთრებად აღირიცხა ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში მდებარე 93.5. კვ.მ. ფართი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ და განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის პრინციპი უშუალოდ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობით დაპირებას – აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტს, მოცემულ შემთხვევაში, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანებას. საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უდავოდ მიიჩნევს აღნიშნული აქტის მიმართ ნ. დ-ის კანონიერი ნდობის არსებობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ კანონმდებლობა იმ შემთხვევაში ითვალისწინებს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოება მესამე პირის - ტ. ქ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლითაც იგი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ტ. ქ-ე იმ საფუძვლით ითხოვდა მითითებული ბრძანების ბათილად ცნობას, რომ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ნ. დ-ეს დაურეგისტრირა 93.5. კვ.მ. ფართი საიდანაც 8 კვ.მ. მისი საკუთრება იყო.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოს მხოლოდ 8 კვ.მ. ფართი წარმოადგენს, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანებაც სწორედ 8 კვ.მ. ფართის ნაწილში გახდა სადავო ტ. ქ-ის მიერ, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება მხოლოდ 8 კვ.მ. ფართის ნაწილში შეეხო მესამე პირთა ინტერესებს, ხოლო დანარჩენი 85.5 კვ.მ. ფართის (93.5. კვ.მ - 8 კვ.მ.) კანონიერება სადავოდ არ გამხდარა; ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანებას 85.5 კვ.მ. ფართის ნაწილში არ დაურღვევია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი თავისი ქმედებით ფაქტობრივად წაართვა ნ. დ-ეს საკუთრება 85.5 კვ.მ. ფართზე, როდესაც ამის ინტერესი არავის ქონდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გასცდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებს და მაშინ, როდესაც ეჭვს ქვეშ იდგა მოსარჩელის უფლება მხოლოდ 8 კვ. მეტრზე, ზედამხედველობის სამსახურმა მთლიანად – 93.5 კვ. მეტრზე გააუქმა მის მიერ 2011 წლის 14 ივნისს გაცემული №18 ბრძანება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა (მიუხედავად დავის საგნისა) გასაჩივრებული აქტების კანონიერება დაასაბუთეს იმ საფუძვლით, რომ მშენებლობა არ იყო დასრულებული. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანების უკანონობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა მისი (85.5 კვ. მეტრის ნაწილში) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასებისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მხედველობაში უნდა მიეღო ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის საერთო პრინციპი _ კანონიერი ნდობის პრინციპი და გამოერკვია, განსახილველ შემთხვევაში უფლებამოსილი იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ეცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა და რომლის ბათილად ცნობითაც მას მიადგა ზიანი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ ტ. ქ-ის მიერ დაცული იყო თუ არა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი 1 თვიანი ვადა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული ბრძანების კანონიერებაზე ტ. ქ-ის განცხადების საფუძველზე თავად ზედამხედველობის სამსახურმა იმსჯელა; 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანებით კი განიმარტა, რომ იგი შეიძლება გასაჩივრებულიყო ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. ბათუმის მერიაში და შემდგომ სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავას მხოლოდ 8 კვ.მ. ფართი წარმოადგენს. ამასთან, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო ფართის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის დადგენას. გასათვალისწინებელია აღნიშნული ფართი რომელიმე პირის კერძო საკუთრებაშია მოქცეული თუ საერთო საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო ზედამხედველობის სამსახურს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებაზე (საქმე №ას-583-551-2012) მიუთითებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №386 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. ქ. ბათუმის მერიამ კი ისე უთხრა უარი ნ. დ-ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ უმსჯელია საჩივრის ავტორის არგუმენტებზე და არ გაუკეთებია დასაბუთებული სამართლებრივი შეფასება ზედამხედველობის სამსახურის მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. №22-ში რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლის ვარგისად აღიარების შესახებ 2011 წლის 14 ივნისის №18 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ წარმოების ფარგლებში ქ. ბათუმის მერია ახორციელებს შიდა კონტროლს და ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მან უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №386 ბრძანების ბათილად ცნობის მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეებს - ქ. ბათუმის მერიას და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ნ. დ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 550 ლარის ოდენობით (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; სააპელაციო სასამართლოში – 150 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით; სულ – 550 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 24 ოქტომბრის №386 ბრძანება;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 18 აგვისტოს №32 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

6. ქ. ბათუმის მერიას და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ნ. დ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე