1959აპ ქ. თბილისი
14 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ შ. გ-სა და ს. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ რ. დ-სა და ვ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენით შ. გ-ი, _ დაბადებული ..... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და ს. გ-ი, _ დაბადებული ....... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 10 აგვისტოს ს. გ-ი დაუკავშირდა შ. გ-ს და განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ გურამიშვილის გამზირზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს „ნუკოილის”. ამისათვის ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო მასალით, 2005 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 18.15 საათზე, მივიდნენ ბენზინგასამართ სადგურ „ნუკოილთან”, შევიდნენ ოპერატორ გ. გ-ს სამუშაო ოთახში და ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მას გასტაცეს თანხა 210 ლარის ოდენობით და შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, მაგრამ იქვე, ავტოსამრეცხაოზე მომუშავე ბ. ძ-ს მითითებით, რომელიც შეესწრო ყაჩაღობის ფაქტს, ს. გ-ი და შ. გ-ი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული დანაშაულისათვის შ. გ-სა და ს. გ-ს საბოლოოდ მიესაჯათ თითოეულს _ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 10 აგვისტოდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. დ-მ. მან სააპელაციო საჩივრებით ითხოვა გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და ორივე მსჯავრდებულის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატები _ რ. დ-ძე და ვ. ქ-ძე საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ ს. გ-ი და შ. გ-ნი ერთმანეთს არ იცნობდნენ; მათი დაკავება მოხდა სხვადასხვა დროსა და ადგილზე; გ. გ-მ ისინი ამოიცნო პოლიციაში, როდესაც ბორკილდადებულები იქ მიიყვანეს; ცოლ-ქმარმა ბ-ებმა საერთოდ უარყვეს შემთხვევის ადგილზე ჩატარებულ დათვალიერებაში თავიანთი მონაწილეობის ფაქტი; სასამართლო პროცესზე მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ შეესაბამება ოქმში დაფიქსირებულ ჩვენებებს; ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ტელეფონით შეტყობინების დრო წინ უსწრებს ეჭვმიტანილთა დაკავებას; შემთხვევის ადგილად მიჩნეული თემქის დასახლება, მე-4 მ\რ-ნი, მე-4 კორპუსი „ნუკოილის” ბენზინგასამართი სადგურიდან 7-8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს; დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მაგრამ მოსამართლემ უარყო შუამდგომლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები _ რ. დ-ძე და ვ. ქ-ძე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების გამართლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა გ. გ-მ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას დამაჯერებლად ამხილა შ. გ-ი და ს. გ-ი. მან კატეგირულად განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა ყაჩაღურად გასტაცეს ფული, რა დროსაც ს. გ-ს ხელთ ჰქონდა ,,ნაგანი", ხოლო შ. გ-ს იარაღი ,,მაკაროვს" მიამსგავსა (35-36; 65-66; 264-267).
მოწმე ტ. ბ-მა განმარტა, რომ უცნობი პირები ბინაში შეშვებას ითხოვდნენ. პოლიციელები ყვიროდნენ, რომ კარი არ გაეღოთ, რის შემდეგ რამდენიმე პირი დააკავეს (ს.ფ. 222-223; 231).
მოწმე ბ. ძ-მა განაცხადა, რომ დაზარალებულის მითითებით დაედევნენ ბოროტმოქმედებს, რა დროსაც შეუერთდნენ პოლიციელებიც და დააკავეს სწორედ ის პირები, რომლებიც ყაჩაღურად თავს დაესხნენ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს (ს.ფ. 37-38).
მოწმეების _ ლ. ა-ს, დ. მ-ს და რ. ჯ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ თავდამსხმელებს დაედევნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები და ისინი დააკავეს დაზარალებულ გ. გ-სა და მოწმე ბ. ძ-ს მითითებით (ს.ფ. 254-256; 267-272).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რაც ჩატარდა დამსწრეთა მონაწილეობით, პოლიციელებმა სადარბაზოში აღმოაჩინეს და ამოიღეს 210 ლარი, ,,ნაგანის" სისტემის იარაღი და 16 ვაზნა. სწორედ ამ სადარბაზოსთან დააკავეს ს. გ-ი და შ. გ-ი (ს.ფ. 29-31).
აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 16 ვაზნა განკუთვნილია ,,ნაგანის" სისტემის რევოლვერებისათვის და წარმოადგენს საბრძოლო მასალას (ს.ფ. 55-57).
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეშია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა საფუძველზე უდავოდ დადგენილია, რომ ს. გ-მა და შ. გ-მა ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა. ასევე ეჭვს არ იწვევს, რომ ს. გ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ამოღებულია მხოლოდ ,,ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრალდებო დასკვნით ს. გ-ს სწორად ამ იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის ედებოდა ბრალი. რაც შეეხება შ. გ-ს, მას ბრალი დაედო იმაში, რომ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, რომლებსაც ინახავდა და ატარებდა. იარაღი, რომლის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებისათვის მსჯავრდებულია შ. გ-ი, ვერ იქნა ამოღებული, შესაბამისად, არ გარკვეულა მისი ვარგისიანობის საკითხი და არც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი იკვეთება. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი შ. გ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შ. გ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს შ. გ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, შეუმსუბუქდეს სასჯელი.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ს. გ-სა და შ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ რ. დ-სა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენიდან შ. გ-ს მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში შ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
შ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ ს. გ-ს მსჯავრდების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.