Facebook Twitter

საქმე № ბს-818-802 (კ-12) 27 ივნისი , 2013წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კასატორი – ე.თ-ე, წარმომადგენელი რ. ფ-ე (№111378971 19.12.11 წ. მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წარმომადგენელი მ. ა-ე (№01-30/12, 05.03.12წ. მინდობილობა), ჯ. ა-ე (№01-29/35 მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, წარმომადგენელი მ. მ-ე (№01-25/2529 მინდობილობა)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.თ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე - შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 29.12.11წ. №1-136 ბრძანების მის ნაწილში ბათილად გამოცხადება, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა ანდა მოპასუხის დავალდებულება განახორციელოს შესაბამისი ქმედება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე დაბა შუახევი, ... ქ.№22 საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე. შემდგომში სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებით მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 09.03.12 წ. და 15.03.12წ. მიმართვების, შუახევის საკრებულოს 12.03.12 წ. №15 განკარგულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის კომისიის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის 01.12.11წ. №12 ოქმის თანახმად მოსარჩელე გამარჯვებულად გამოცხადდა, რომელმაც 01.12.11წ. №12 ოქმის საფუძველზე განცხადებით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა საკუთრების მოწმობის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა, რათა ორსართულიანი კაპიტალური არასაცხოვრებელი ფართი მისი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში. აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხემ 29.12.12წ. №1-136 ბრძანებით ბათილად გამოაცხადა 01.12.11წ. №12 ოქმი, ბრძანებას საფუძვლად დაედო აუქციონში მონაწილე და მისი შედეგებით უკმაყოფილო დ. დ-ის საჩივარი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 24.04.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე.თ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.09.12 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 24.04.12წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის 194 მუხლის თანახმად თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. სზაკ-ის 9.1 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის 01.12.11წ. №12 სხდომის ოქმით, რომლითაც აუქციონში ერთერთ გამარჯვებულად გამოცხადდა ე.თ-ე, არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ოქმი არ შეიცავს ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს, შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ოქმი არ წარმოადგენს „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს“ - ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, მის მიმართ პირს არ წარმოშობია კანონიერი ნდობა. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო არის აჭარის ა.რ. უფლებამოსილი ხელისუფლების ორგანო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ა.რ. სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას. ,,ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის 191 მუხლის 19 პუნქტის თანახმად, საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმარველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ა.რ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა შუახევის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, შესაბამისად იგი უფლებამოსილი იყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განეკარგა და უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. თავის მხრივ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იყო უფლებამოსილი, როგორც აჭარის ა.რ. ქონების განმკარგავი ორგანო, მიემართა თხოვნით გადაცემაზე და დაერეგისტრირებია საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.09.12წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.თ-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეზე უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის 01.12.11წ. №12 ოქმი არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გასაჩივრება შესაძლებელი იყო გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, რაც არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.09.2007წ. ბრძანებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება“, რომელიც დღესაც ძალაშია. სასამართლომ არ იმსჯელა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 25.4 მუხლის მოთხოვნებზე. მუდმივმოქმედი კომისიის 01.12.11 წ. №12 ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კასატორი არის კეთილსინდისიერი შემძენი. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა კანონმდებლობით დადგენილ იმ შემთხვევებზე, როდესაც შესაძლებელია აუქციონის შედეგების გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.03.12წ. №13 განკარგულების კანონიერების საკითხზე. ეს აქტი არის არაუფლებამოსილი პირის - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული აქტი, რაც მითითებული ბრძანების უკანონობას და არარაობას ადასტურებს. 01.12.11 წ. №12 ოქმი სრულად პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-19 პუნქტი, ვინაიდან აჭარის ა.რ. საკუთრებაში მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება წარმოადგენს უძრავ და არა მოძრავ ქონებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.02.13წ. განჩინებით ე.თ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარეების - შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 13.10.11წ. #1-093 ბრძანებით გამოცხადდა საჯარო აუქციონი. 31.10.11წ. ჩატარებულ საჯარო აუქციონზე ქონების ნაწილი არ გაიყიდა. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 14.11.11წ. #1-101 ბრძანებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის 193 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოცხადდა განმეორებითი საჯარო აუქციონი, დამტკიცდა აუქციონზე გასატანი უძრავი ქონების ნუსხა, საწყისი გასაყიდი ფასი და ბეს ოდენობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 01.12.11წ. საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ, სხვა უძრავ ქონებასთან ერთად, გატანილი იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი კაპიტალური არასაცხოვრებელი ფართი (მისამართი: დ.შუახევი, ... ქ.#22, სარეგისტრაციო კოდი ...), მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა: დ. დ-ემ და ე. თ-ემ. მესამე ბიჯზე ე. თ-ის მიერ შემოთავაზებულ იქნა 20 450 ლარი, ვაჭრობა შეწყდა. შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 01.12.11წ. #12 ოქმის მე-2 პუნქტით ორსართულიანი კაპიტალური არასაცხოვრებელი ფართზე აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ე. თ-ე, რომელმაც გადაიხადა ობიექტის შესყიდვის საფასური.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ, დ. დ-ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სადავოდ გამხდარი 29.12.11წ., #1-136 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 01.12.11წ. ჩატარებული აუქციონის შედეგები, ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე მისი მიღების დღიდან შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 01.12.11წ. #12 ოქმი. ბრძანებაში აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის #1-1/1487 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ“ დებულება საერთოდ არ ითვალისწინებს გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიის სხდომის ოქმის შედგენას, ხოლო თუ კომისია ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის #1-1/1417 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, რომელიც ითვალისწინებდა სხდომის ოქმის შედგენას, აღნიშნულ ბრძანებას იურიდიული ძალა აღარ გააჩნია, ვინაიდან ის საკანონმდებლო აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა აღნიშნული ბრძანება, კერძოდ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონი, ძალადაკარგულად არის გამოცხადებული. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 25.4 მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებულია აგრეთვე, რომ მოცემულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არ გამოცემულა, ხოლო მუდმივმოქმედი კომისიის 01.12.11წ. სხდომას არ ესწრებოდა და არც ხელი აქვს მოწერილი კომისიის თავმჯდომარეს. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა, რომ კომისიის ოქმი არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქმის მასალების მიხედვით, 09.03.12წ. #01-10/1205 წერილით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლითაც დაბა შუახევში, ... ქ.#22-ში მდებარე 505,72 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 743 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადმოცემა მოითხოვა. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.03.12წ. #15 განკარგულებით აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა შუახევში, ... ქ. #22-ში მდებარე 505,72 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 743 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სამინისტრომ 15.03.12წ. #01-10/1321 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც საკრებულოს 12.03.12წ. განკარგულების საფუძველზე მოითხოვა ობიექტის აჭარის ა.რ. საკუთრებად დარეგისტრირება. სამინისტროს 15.03.12წ. მიმართვისა და საკრებულოს 12.03.12წ. განკარგულების საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 743 კვ.მ. ნაკვეთი, მდებარე დაბა შუახევი, ... ქ.#22, აღირიცხა აჭარის ა.რ. საკუთრებად. საქმის მასალებით დასტურდება ასევე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 17.03.11წ. #1-1/379 ბრძანებით შუახევის მუნიციპალიტეტს დამატებით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის სადავო 743 კვ.მ. მიწის ფართი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით (505,72 კვ.მ.).

საკასაციო პალატა არ იზიარებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 29.12.11წ. #1-136 ბრძანებაში აღნიშნულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიის სხდომის ოქმის (ხელშეკრულების) შედგენას. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესში თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს და სხვა ნორმატიული აქტებით. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. ანალოგიურ დებულებას შეიცავს აგრეთვე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22.1-ე მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტი. თავის მხრივ დაპირება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის პირის კანონიერი ნდობის საფუძველი. კერძოდ, სზაკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ამდენად მოსარჩელის მიერ აუქციონში მონაწილეობის მიღება, მასში გამარჯვება, მის მიერ დადგენილ ვადაში ობიექტის ღირებულების თანხის გადახდა ცხადია უქმნიდა მას კანონიერ ნდობას ჩატარებული აუქციონის მიმართ, კანონიერ მოლოდინს იმისა, რომ აუქციონის პროცედურა შეჯამდებოდა. აუქციონის შედეგების შეჯამება აუქციონის პროცედურის დამაგვირგვინებელი სტადიაა, ჩატარებული აუქციონის შედეგების შეჯამება არის ადმინისტრაციული ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება და არა დისკრეციული უფლებამოსილება.

ვინაიდან აუქციონის შეჯამების ვალდებულება ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, აუქციონის შედეგების გაუქმების პირობას არ ქმნიდა ოქმზე კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის არარსებობა. კომისიის თავმჯდომარის მიერ ოქმზე ხელის მოწერის ვალდებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველს. რაც შეეხება აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული ე.თ-ის ოქმზე ხელმოწერის არარსებობას, საქმეში არ მოიპოვება ოქმზე, ე.თ-ის ხელმოწერაზე უარის თქმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მისთვის არავის შეუთავაზებია ოქმის ხელმოწერა, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია ე.თ-ის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვინაიდან „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყველა საჭირო პროცედურის, მათ შორის ოქმის კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმების კანონისმიერი ვალდებულება გააჩნდა თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება არ ქმნის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს. აუქციონი თავისი არსით არის საჯარო მოწვევა, ხელშეკრულების დასადებად მიცემული წინადადება, მიმართული პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, აუქციონი უქმნის მის მონაწილეებს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს, აუქციონის საჯარო გამოცხადება, აუქციონში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება ავალდებულებს აუქციონის ორგანიზატორს სათანადო წესით შეაჯამოს მისი შედეგები. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია კონკურენტულ გარემოში იმ მყიდველისათვის საკუთრების უფლების გაცემა, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ამდენად, აუქციონის ორგანიზატორს, პირის აუქციონში მონაწილეობის მიღებისა და გამარჯვების შემთხვევაში, წარმოეშობა ობიექტის მიყიდვის ვალდებულება. სადავო აქტში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგი, საერთოდ არ არის საუბარი მოსარჩელის მხრიდან აუქციონის წესების რაიმე დარღვევაზე, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის 193 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები უქმდება თუ აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა ქონების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. სააპელაციო პალატამ ისე მიიჩნია კანონიერად აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, რომ არ დაუსაბუთებია ზემოაღნიშნული აუქციონის შედეგების გაუქმების პირობებიდან რომელიმეს არსებობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული აგრეთვე შუახევის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.12წ. #15 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლოს არ გაურკვევია თვითმმართველი ერთეულის ქონების რომელ კატეგორიას - ძირითადს თუ დამატებითს ეკუთვნის სადავო აუქციონზე გატანილი ქონება, რასაც უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების წესი. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს საკრებულოს უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მხოლოდ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ (მე-191 მუხ. მე-19 პუნქტი). ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება მე-191 მუხლის მე-19 პუნქტზე საფუძველს არის მოკლებული. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16.2 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ, საკუთარ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის და განკარგვის შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სამინისტრო აჭარის ა.რ. სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას, არ ადასტურებს სადავო აქტის - მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.03.12წ. #15 განკარგულების კანონიერებას. მით უფრო, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 46-ე მუხლის, აგრეთვე ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულები საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან, დაუშვებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, მართვის და განკარგვის საკითხებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკრებულოს განკარგულება ორგანული კანონის 43.3 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე, 12.03.12წ. #15 განკარგულებასთან დაკავშირებით უნდა გაირკვეს მისი მიმღები (გამომცემი) პირი (საკრებულო თუ საკრებულოს თავმჯდომარე), აქტის გამოცემის წესი.

საკასაციო პალატას მიაჩნია აგრეთვე, რომ სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან საქმის განხილვაში არ არის ჩაბმული დაინტერესებული მხარე, რომლის საჩივრის საფუძველზე ჩატარებული წარმოების შედეგად გამოიცა სადავო აქტი (შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 29.12.11წ. #1-136 ბრძანება) აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის 01.12.11 წ. №12 ოქმის თანახმად დაბა შუახევში, ... ქ. №22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა: დ. დ-ემ და ე.თ-ემ. აუქციონში გამარჯებულად გამოცხადდა ე.თ-ე. შემდგომში სწორედ დ. დ-ის საჩივრის საფუძველზე გამოიცა გასაჩივრებული ბრძანება, რომლითაც მოხდა აუქციონის შედეგის ბათილად ცნობა. ამდენად სახეზეა დ. დ-ის კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული აქტების მიმართ, სადავო სამართალურთიერთობაში ის დაინტერესებულ პირს წარმოადგენს. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლოს არ ჩაუბია იგი საქმეში , რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასაამრთლოსათვის დაბრუნების პირობაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.09.2012წ. გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით da

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. მურუსიძე