№ბს-821-805(კ-12) 25 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი _ შ. თ-ა
წარმომადგენელი – ი. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი – ვ. ბ-ი
2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი – ნ. მ-ა
მესამე პირები – 1. ს. ბ-ე; წარმომადგენელი – მ. ჯ-ი;
2. ბ. ფ-ე; 3. რ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 20 აპრილს შ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს №A11026510-009/001 და №A11026510-011/001 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. ფ-ე, რ. ჭ-ე და ს. ბ-ე.
2012 წლის 30 აპრილს შ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. ქუთაისში, ... ქ. მე-2 შეს. #10-ში მდებარე უძრავი ქონების ბ. ფ-ის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული საჯარო რეესტრის ყველა გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, ყადაღის აღდგენა და სადავო სახლის ს. ბ-ის საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა; ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 დეკემბრის №102011245364/3, №102011245351/3, №102011245358/3 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (რომლებითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ყადაღის რეგისტრაცია და ბ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. მე-2 შესახ. №10), აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ყადაღის აღდგენა და სადავო სახლის ს. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. ფ-ე და ს. ბ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო სახლი მის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს. ბ-ეს გადაეცა. იმის გამო, რომ მან ნასყიდობის თანხა - 50000 ლარი არ გადაიხადა, დავა სასამართლოში წარიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შ. თ-ას სასარგებლოდ ს. ბ-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 50000 ლარი დააკისრა. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. მე-2 შესახ. №10. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ კრედიტორ რ. ჭ-ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და სადავო ქონება აუქციონის გზით ბ. ფ-ემ შეიძინა. ხოლო ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით ბ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა აღნიშნული უძრავი ქონება და ამავე დროს ქონება განთავისუფლდა სასამართლოს მიერ დადებული ყადაღისგან. მოსარჩელის განმარტებით, დაუშვებელია ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ამასთან, სასამართლოს განჩინებით დადებული ყადაღა შეიძლება გაუქმებულიყო მხოლოდ სასამართლოს მიერ. აღმასრულებლის განკარგულება კი არ შეიძლება გამხდარიყო ყადაღის გაუქმების საფუძველი. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისი მოთხოვნის სასარგებლოდ გამოყენებული ყადაღა წარმოშობილია ჯერ კიდევ 2009 წელს, ხოლო რ. ჭ-ის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა 2011 წელს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შ. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ როგორც აპელანტი შ. თ-ა, ისე მესამე პირი რ. ჭ-ე წარმოადგენენ ს. ბ-ის კრედიტორებს; კერძოდ, შ. თ-ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით 50000 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო რ. ჭ-ის სასარგებლოდ ასევე კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით − 20000 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შ. თ-ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ს. ბ-ის საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. მე-2 შესახ. №10, რაც საჯარო რეესტრში 2009 წლის 24 დეკემბერს დარეგისტრირდა.
დადგენილია, რომ რ. ჭ-ის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 13 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც იმავე დღეს სხვა დოკუმენტებთან ერთად კრედიტორის წარმომადგენელმა აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში წარადგინა, ხოლო შ. თ-ას სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში არ წარუდგენია.
დადგენილია, რომ მიმდინარე იძულებითი აღსრულების პროცესში, 2011 წლის 13 ოქტომბერს შედგა მოვალე ს. ბ-ის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის მიხედვით ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... მე-2 შესახ. №10, რომელიც გასაყიდად გატანილ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს A11026510-009/001 განკარგულებით დანიშნულ აუქციონზე და 2011 წლის 2 ნოემბერს ჩატარებულ პირველივე აუქციონზე ბ. ფ-ემ 35 700 ლარად შეიძინა.
დადგენილია, რომ ს. ბ-ის საკუთრების უფლებით რიცხულ ქ. ქუთაისში, ... ქ. მე-2 შესახ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, მათ შორის შ. თ-ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ბ. ფ-ის საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 დეკემბრის №102011245364/3, №102011245351/3, №102011245358/3 გადაწყვეტილებებით, რის შემდეგაც უძრავ ნივთზე განხორციელდა ბ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებები და დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით სადავო გარემოებას მოვალის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ერთ-ერთი ღონისძიების − ყადაღის არსებობის პირობებში სხვა კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების პროცესში ჩატარებული აუქციონის გზით მისი გასხვისების და აუქციონში გამარჯვებული პირის სასარგებლოდ საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით უძრავ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული ყადაღის ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობა წარმოადგენს.
ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა ყადაღის, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივ ბუნებაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას (იპოთეკა და ა.შ.), სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იგი უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარანტიას წარმოადგენს და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის, როგორც ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი პირის ინტერესების დაცვას ემსახურება. ამასთან, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აუქციონზე რეალიზაციით მიღებული თანხის, ასევე ნივთის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფუნქციას მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია კი შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ანაცვლებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგად მიღებული აქტის − გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას, რომლის ნებაყოფლობით შეუსრულებლობა უკვე კრედიტორს აძლევს უფლებას ამ გადაწყვეტილების მიხედვით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოახდინოს მისი იძულებითი აღსრულება მოვალის უფლებებში (საკუთრების უფლება და სხვა) კანონისმიერი ჩარევის გზით, რასაც კრედიტორი ახორციელებს ამ მიმართებით შექმნილი აღსრულების ორგანოების მეშვეობით. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კრედიტორი თავადაა უფლებამოსილი სააღსრულებო ფურცლის მიღების და შემდგომში მისი აღსრულების ორგანოებში წარდგენის გზით უზრუნველყოს მისი მოთხოვნის დროულად აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება − ყადაღა არ წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და იგი მხოლოდ ყადაღადადებული ქონების მესაკუთრის მხრიდან განკარგვის აკრძალვას ემსახურება, შესაბამისად მას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით არ გააჩნია აქცესორული (მიმდევნებითი) ბუნება. შესაბამისად, სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით აპელანტის მოსაზრება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
იმ საკითხთან დაკავშირებით, შეეძლო თუ არა აღსრულების ორგანოს კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღადადებული ქონების აუქციონის გზით განკარგვა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ცალსახაა, რომ ყადაღა მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის შეზღუდვას ითვალისწინებს და არ მოქმედებს იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი პირის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღის რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობა სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ამავე მუხლის მე-19 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უძრავ ნივთზე არსებული ყადაღის ძალადაკარგულად გამოცხადების აკრძალვის შესახებ, რადგან მე-19 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და შეეხება სწორედ სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით ნივთის განკარგვის შემთხვევაში არსებული ყადაღის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 84.5 მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
კასატორის განმარტებით, ს. ბ-ის კუთვნილ სახლზე (რომელშიც მას ნასყიდობის თანხა (50000 ლარი) არ გადაუხდია) ყადაღის დადებით უზრუნველყოფილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ბ-ეს შ. თ-ას სასარგებლოდ სადავო სახლის შესაძენად გადაუხდელი თანხა - 50000 ლარი დაეკისრა. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ ყადაღა იმ მიზნით იქნა გამოყენებული, რომ ამ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება არ დარჩენილიყო აღუსრულებელი ან არ გაძნელებულიყო მისი აღსრულება.
კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ყადაღის დადებით სახლის მეპატრონეს - ს. ბ-ეს აეკრძალა სახლის რეალიზაცია, ხოლო სააღსრულებო ორგანოს ჰქონდა ამის უფლება. ყადაღის დადების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ ყადაღა მოქმედებს და მას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ს. ბ-ის მიმართ. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში იგნორირებულია სასამართლოს მიერ დადებული ყადაღა, როგორც სააღსრულებო ბიუროს, ასევე, საჯარო რეესტრის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. თ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შ. თ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 4 აპრილს 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. თ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. სააპელაციო სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება, სრულად გაიზიარა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით) დაკმაყოფილდა შ. თ-ას სარჩელი, ს. ბ-ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე; ს. ბ-ეს შ. თ-ას სასარგებლოდ 50000 ლარი დაეკისრა. ამასთან, ასევე კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს, რამდენად კანონიერად დაეკისრა ს. ბ-ეს შ. თ-ას სასარგებლოდ 50000 ლარის ანაზღაურება და იმასაც დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ესა და რ. ჭ-ეს შორის სახეზე იყო სესხის ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი - შ. თ-ა ერთი მხრივ სადავოდ ხდის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს №A11026510-009/001 და №A11026510-011/001 განკარგულებების კანონიერებას, ხოლო მეორე მხრივ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 დეკემბრის №102011245364/3, №102011245351/3, №102011245358/3 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას (რომლებითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ყადაღის რეგისტრაცია და ბ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. მე-2 შესახ. №10), აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ყადაღის აღდგენას და სადავო სახლის ს. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვას მოითხოვს. ამდენად, სასამართლომ, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას. კერძოდ, სასამართლოს შეფასების საგანია შეეძლო თუ არა სააღსრულებო ბიუროს ყადაღადადებული ქონების განკარგვა და კანონიერია თუ არა სარეგისტრაციო სამსახურის ქმედება სადავო უძრავ ნივთზე სასამართლოს განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების ქმედებებით, ისევე როგორც გასაჩივრებული განჩინებით და ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებით, შ. თ-ა ყოველგვარი სამართლებრივი დაცვის გარეშე დარჩა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თავად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მოპასუხის მიმართ, იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შ. თ-ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ს. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. მე-2 შესახ. №10. აღნიშნული ყადაღა რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით (რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას) განმარტა, რომ ყადაღა მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის შეზღუდვას ითვალისწინებს და შესაბამისად, კანონიერად მიიჩნია სააღსრულებო ორგანოს მიერ ყადაღადადებული, სადავო ქონების განკარგვა. საკასაციო სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მისი გამოყენება გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურება, უსაფუძვლოდ მიაჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ყადაღა მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის შეზღუდვას ითვალისწინებს. ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის არსსა და მიზნებთან და საფრთხეს უქმნის მოსარჩელის მხრიდან სასამართლოს მიერ დადასტურებული უფლებით სარგებლობას. სააპელაციო სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას ამოვიდა ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან და ყურადღება არ გაამახვილა თავად ყადაღის არსზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ ყადაღის გამოყენების მიზანი არა მოპასუხის შეზღუდვა, არამედ, მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებაა, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააღსრულებო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ნივთის განკარგვა აზრს არ უნდა უკარგავდეს სასამართლოს მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას და შესაძლებლობას აძლევს მას თავი აარიდოს უზრუნველყოფილი ქონებით პასუხისგებას. ამასთან, სადავო საკითხის ამგვარი განმარტება შესაძლებლობას აძლევს არაკეთილსინდისიერ მოვალეს სააღსრულებო ორგანოს მეშვეობით (მოჩვენებითი ხელშეკრულების საფუძველზე) მოახდინოს ქონების განკარგვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სარჩელის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს მოთხოვნის არსებობას, მაგრამ სასამართლო დავას აზრი არ უნდა დაეკარგოს და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მით უფრო სარჩელის უზრუნველყოფის არსებობის პირობებში, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს არა მხოლოდ სარჩელის არსებობასთან, არამედ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც ს. ბ-ეს შ. თ-ას სასარგებლოდ 50000 ლარის გადახდა დაეკისრა.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის აღძვრის პირობებში მოსარჩელე სარგებლობს ეფექტური დაცვის უფლებით და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტური დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას მოსარჩელე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ სანამ მას უფლება აღუდგება, უნდა არსებობდეს პრევენცია, რომ ეს უფლება არ გაუქმდება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კი ისე განმარტეს კანონი, რომ შ. თ-ასთვის პრევენციულმა დაცვამ აზრი დაკარგა, მან პრევენციული დაცვის უფლებით ვერ ისარგებლა. ფაქტობრივად შ. თ-ა სამართლებრივი დაცვის გარეშე დარჩა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. თ-ას დაუდასტურა ს. ბ-ის მიმართ 50000 ლარის მოთხოვნის უფლება, რომლის უზრუნველსაყოფადაც სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ყადაღა. სასამართლომ კი ყადაღა იმ მიზნით გამოიყენა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა განმარტებით, ს. ბ-ის სახელზე სხვა უძრავი ქონება არ ირიცხებოდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადი წესის მიხედვით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმიდან ცალსახად არ გამომდინარეობს სააღსრულებო ორგანოს უფლებამოსილება ყადაღადადებული ქონების განკარგვის თაობაზე. აღნიშნული ნორმა ადგენს საგამონაკლისო წესს და სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიუხედავად ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა, მოახდინოს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაცია. ამდენად, აღნიშნული ნორმა რეგისტრაციის საგამონაკლისო წესს ეხება და სააღსრულებო ორგანოს ქმედების კანონიერებას მასზე დაყრდნობით ვერ შევაფასებთ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავის მხრივ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა გასაჩივრებული 2011 წლის 26 დეკემბრის №102011245364/3, №102011245351/3, №102011245358/3 გადაწყვეტილებებით გააუქმა ს. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქ. ქუთაისში, ... ქ. მე-2 შესახ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა - სასამართლოს მიერ შ. თ-ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა, რის შემდეგაც უძრავ ქონებაზე განხორციელდა მესამე პირის - ბ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შ. თ-ას სასარგებლოდ ს. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დაედო და უდავოა ის გარემოება, რომ სასამართლოს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება არ გაუუქმებია. სარეგისტრაციო სამსახურმა კი სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) იგნორირებით გააუქმა სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღა. საყურადღებოა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა სარეგისტრაციო სამსახურს სასამართლოს განჩინებით გამოყენებული ყადაღის საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაუქმების უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის გამოყენებას, თუ იგი დაბრკოლებას არც ქონების განკარგვას უქმნის და მას აზრი არც სარეგისტრაციო სამსახურისთვის აქვს; ხოლო მოსარჩელე სამართლებრივი დაცვის გარეშე რჩება. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება როგორც ყადაღის მიზნებს, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინებს) სავალდებულო ხასიათს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საკასაციო სასამართლოს სხდომებზე სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებებზე. კერძოდ, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს ქონების რეალიზაციის დროს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის შემთხვევაში ყადაღის გადაყოლის საკითხს. ამასთან, წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ყადაღის გაუქმების თაობაზე არც ერთ განკარგულებაში არ არის პირდაპირი მითითება.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოს მიერ შ. თ-ას სასარგებლოდ გამოყენებული ყადაღა წინ უსწრებდა მესამე პირის - რ. ჭ-ის მოთხოვნას. კასატორის განმარტებით კი უძრავი ქონების შემძენმა - ბ. ფ-ემ იცოდა ნაკლიანი ნივთის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ თავის მხრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსისა და მიზნების გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს სადავო სამართალურთიერთობას და საქმის ხელახლა განხილვისას, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე