Facebook Twitter

Nბს-849-831(კ-12) 25 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – სს ,,…“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს ,,…“ 2011 წლის 28 სექტემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა განეახლებინა N882011302718 სარეგისტრაციო წარმოება და საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაეტარებინა ქ. რუსთავში, ... ქ. N...-ში ს/ს „…“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 10000კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა დაუსაბუთებლად უთხრა უარი მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. მიუხედავად დადგენილი ხარვეზის შევსებისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა უფლების რეგისტრაცია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ს/ს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ს/ს „…“ მიერ 2011 წლის 24 ივნისს და 1 ივლისს წარდგენილ განცხადებებსა და სარეგისტრაციო წარმოების მასალებთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით;

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს კანონით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესახებ“.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახალხო დეპუტატთა რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 12 ოქტომბრის N23 ოქმით „ზ…“ სამმართველოს საწარმოო ბაზის მშენებლობისათვის ქ. რუსთავში, ... და მის პარალელურად მიმდებარე ქუჩას შორის გადაეცა 2 ჰა მიწის ნაკვეთი. ქ. კუიბიშევის სამშენებლო-სამონტაჟო და გასამართავი სამუშაოების ტრესტის „კ…“ მმართველის 1991 წლის 18 ოქტომბრის N124 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა მის შემადგენლობაში შემავალი კავკასიის სამმართველოს „ზ…“ უფლებამონაცვლე მცირე ერთობლივი საწარმო „ს…“. 1994 წლის რუსთავის მერიის N505-1 განკარგულების საფუძველზე განხორციელდა მცირე ერთობლივი საწარმოს „ს…“-ს რეორგანიზაცია სააქციო საზოგადოება მცირე საწარმო „…“, რომელმაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და დარეგისტრირდა როგორც ს/ს „…“.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ქ. რუსთავის მერიის 1999 წლის 27 აპრილის N 50-02 დადგენილებით დაკმაყოფილდა ს/ს „…“ ხელმძღვანელობის 1999 წლის 20 იანვრის წერილობითი მიმართვა და სარეზერვო ფონდს დაუბრუნდა გამოუყენებელი 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ს/ს „…“ დაუმაგრდა ქ. რუსთავში, ... ქუჩაზე ფაქტობრივად დაკავებული 10000კვ.მ მიწის ნაკვეთი. ს/ს „…“ N882011302718 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის - 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. რუსთავში, ... N… საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2011 წლის 28 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციუო სამსახურის მიერ N882011302718-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ 2011 წლის 24 ივნისის N882011302718 განცხადებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მოსარჩელეს დაევალა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტის (საარქივო ცნობა N12/162. 10.11.02005) დედნის წარდგენა, ვინაიდან დამოწმებულ ვერსიაში არ იკითხებოდა ტექსტის დიდი ნაწილი, მათ შორის გამოყოფილი ფართის ოდენობა, მოსარჩელეს ასევე დაევალა მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 1 ივლისს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ N882011302718-03 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით არ იქნა მიღებული რაიმე სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელე მხარის მიერ 2011 წლის 28 აგვისტოს საჩივარი იქნა შეტანილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის N882011302718 განცხადებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მოსარჩელის მიერ 2011 წლის 28 აგვისტოს წარდგენილ საჩივარზე კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გამოასწორა მოპასუხის მიერ მითითებული ხარვეზი, კერძოდ წარადგინა საარქივო ცნობის სათანადოდ დამოწმებული ასლი, სადაც უკვე გარკვევით იკითხებოდა ცნობის შინაარსი, ასევე წრადგენილ იქნა მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი განეკუთვნება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთა კატეგორიას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, მოსარჩელის 2011 წლის 24 ივნისის N882011302718 განცხადებაზე უარის თქმისას არ იქნა გამოკვლეული ჯეროვნად ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელთა გამოკვლევის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 1 ივლისს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 28 ივნისს მოსარჩელის N882011302718 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ 2011 წლის 24 ივნისს წარდგენილ N882011302718 განცხადებაზე, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადა, რაც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელისთვის უარის თქმად. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე „…“ მიერ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტში, კერძოდ N12/162. 10.11.02005 საარქივო ცნობის დამოწმებულ ვერსიაში არ იკითხება ტექსტის უდიდესი ნაწილი და ასევე არ ჩანს გამოყოფილი ფართის ოდენობა, რაც წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, კერძოდ ქ. რუსთავის მერიის 1999 წლის 27 აპრილის N50-02 დადგენილებიდან, რომლითაც დაკმაყოფილდა ს/ს „…“ ხელმძღვანელობის 1999 წლის 20 იანვრის წერილობითი მიმართვა და სარეზერვო ფონდს დაუბრუნდა გამოუყენებელი 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ს/ს „…“ დაუმაგრდა ქ. რუსთავში, ... ქუჩაზე ფაქტობრივად დაკავებული 10000კვ.მ მიწის ნაკვეთი, დასტურდება ს/ს „…“ მიერ ქ. რუსთავში, ... ქუჩაზე ფაქტობრივად დაკავებული 10000კვ.მ მიწის ნაკვეთის, მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიუღებელი გადაწყვეტილებით, რაც კანონის შესაბამისად ჩაითვალა უარის თქმად, არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა–შეფასება და შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, ს/ს „…“ მიერ, 2011 წლის 24 ივნისსა და 1 ივლისს წარდგენილ განცხადებებსა და სარეგისტრაციო წარმოების მასალებთან დაკავშირებით, მოპასუხისათვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ არ შეესაბამება სარჩელის განხილვის პროცესში მოქმედ კანონმდებლობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-74 მუხლზე, რომელიც ამოქმედდა 2011 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ზემოაღნიშნული მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა (7.12.2010. N3889 საქართველოს კანონი). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სს „…“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირს (ტ.1; ს.ფ.176). ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, იხელმძღვანელოს უკვე გაუქმებული ნორმით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების, სადავო ურთიერთობისთვის კანონის ნორმის არასწორი შეფარდების საფუძველზე, რაც იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „…“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება არაკანონიერია, რადგან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს შეფასება არ მიეცა. შესაბამისად, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, მისი მართლზომიერი უფლების რეალიზება ვერ მოესწრო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო და ბრალეული ქმედების შედეგად. კასატორის განმარტებით, მისი უფლებრივი საკითხი საკანონმდებლო ნორმის იმ რედაქციით უნდა გადაწყდეს, რომელიც მოქმედებდა განცხადების განხილვის ეტაპზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით სს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „…“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ს/ს „…“ მიერ 2011 წლის 24 ივნისს და 1 ივლისს წარდგენილ განცხადებებსა და სარეგისტრაციო წარმოების მასალებთან დაკავშირებით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს სს „…“ მიერ პირველ და საკასაციო ინსტანციებში ბაჟის სახით გადახდილი – 400 (ოთხასი) ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება განაახლოს N882011302718 სარეგისტრაციო წარმოება და საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატაროს ქ. რუსთავში, ... ქ. N…ს/ს „…“ მართლზომიერ მფლობელობაში არებული 10000კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2-ე მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ს/ს „…“ N882011302718 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის - 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. რუსთავში, ... N… საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2011 წლის 28 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ N882011302718-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ 2011 წლის 24 ივნისის N882011302718 განცხადებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მოსარჩელეს დაევალა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტის (საარქივო ცნობა N12/162. 10.11.02005) დედნის წარდგენა, ვინაიდან დამოწმებულ ვერსიაში არ იკითხებოდა ტექსტის დიდი ნაწილი, მათ შორის გამოყოფილი ფართის ოდენობა, მოსარჩელეს ასევე დაევალა მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2011 წლის 1 ივლისს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ N882011302718-03 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით არ იქნა მიღებული რაიმე სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელე მხარის მიერ 2011 წლის 28 აგვისტოს საჩივარი იქნა წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის N882011302718 განცხადებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მოსარჩელის მიერ 2011 წლის 28 აგვისტოს წარდგენილ საჩივარზე კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა ეს არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი განეკუთვნება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთა კატეგორიას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, მოსარჩელის 2011 წლის 24 ივნისის N882011302718 განცხადებაზე უარის თქმისას არ იქნა გამოკვლეული ჯეროვნად ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელთა გამოკვლევის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, კერძოდ: ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შესახებ, თუ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ საბუთისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვილი რეგისტრაციისათვის. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენჯერმე შეჩერება დამატებითი საბუთის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ახალი საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის 1 ივლისს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 28 ივნისს მოსარჩელის N882011302718 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ 2011 წლის 24 ივნისს წარდგენილ N882011302718 განცხადებაზე, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადა, რაც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელისთვის უარის თქმად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე „…“ მიერ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტში, კერძოდ N12/162. 10.11.02005 საარქივო ცნობის დამოწმებულ ვერსიაში არ იკითხება ტექსტის უდიდესი ნაწილი და ასევე არ ჩანს გამოყოფილი ფართის ოდენობა, რაც წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, კერძოდ ქ. რუსთავის მერიის 1999 წლის 27 აპრილის N50-02 დადგენილებიდან, რომლითაც დაკმაყოფილდა ს/ს „…“ ხელმძღვანელობის 1999 წლის 20 იანვრის წერილობითი მიმართვა და სარეზერვო ფონდს დაუბრუნდა გამოუყენებელი 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ს/ს „…“ დაუმაგრდა ქ. რუსთავში, ... ქუჩაზე ფაქტობრივად დაკავებული 10000კვ.მ მიწის ნაკვეთი, დასტურდება ს/ს „…“ მიერ ქ. რუსთავში, ... ქუჩაზე ფაქტობრივად დაკავებული 10000კვ.მ მიწის ნაკვეთის, მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს და აქვე აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-74 მუხლთან დაკავშირებით (2010 წლის 7 ოქტომბრის კანონი), რომელიც ამოქმედდა 2011 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადას, კერძოდ, დასახელებული მუხლით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „…“ არ შეიძლება გავრცელდეს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-74 მუხლი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიუღებელი გადაწყვეტილებით, რაც კანონის შესაბამისად ჩაითვალა უარის თქმად, არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სს „…“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაეკისროს სს „…“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

სს „…“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ს/ს „…“ მიერ 2011 წლის 24 ივნისს და 1 ივლისს წარდგენილ განცხადებებსა და სარეგისტრაციო წარმოების მასალებთან დაკავშირებით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს სს „…“ მიერ პირველ და საკასაციო ინსტანციებში ბაჟის სახით გადახდილი – 400 (ოთხასი) ლარის გადახდა; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე